სატელეფონო ინტერვიუ რეზონანსს:საქართველოში სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღსადგენად "ყველაზე ხელსაყრელი მომენტი" დადგა
ეკატერინე ბასილაია 20.11.2017
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები შავი ზღვის აკვატორიაში უფრო და უფრო ძლიერდება და როგორ უნდა დაუპირისპირდეს ნატო რუსეთს ამ ფრონტზე, ალიანსის ანალიტიკოსები ამაზე აქტიურად მუშაობენ. რუსულ მედიაში კი უკვე პროპაგანდისტული სტატიებიც გაჩნდა იმაზე, რომ ნატო შავ ზღვაზე გემების რაოდენობის გაზრდას, ასევე სპეციალური სამხედრო-საზღვაო სარდლობის შექმნას გეგმავს, რაშიც არა მარტო ნატო-ს წევრი ქვეყნების, არამედ მოკავშირე უკრაინა-საქართველოს ჩართულობაც შეიძლება განიხილებოდეს და რომ ეს რუსეთის ყველა მხრიდან შევიწროებას და რეგიონში სიტუაციის დაძაბვას გამოიწვევს.
ქართველი სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, შავ ზღვაზე რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით სახიფათოდ გაძლიერებულია, ამიტომაც ნატო-ს სხვა გამოსავალი არ აქვს, სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება აუცილებლად უნდა შექმნას და ამ მომენტში საქართველო რომ სამხედრო ფლოტის გარეშეა, ეს პროცესებს მიღმა გვაყენებს.
როგორც ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, ზუსტად ახლა არის მომენტი, რომ საქართველომ სამხედრო ფლოტი ხელმეორედ ჩამოაყალიბოს, ამაში ჩვენ ნატო-ს წევრებიც დაგვეხმარებიან, მაგრამ ჩვენი მხრიდან ამის მზადყოფნა არ ჩანს, რაც უდიდესი შეცდომა და სრული უცოდინრობაა.
"არ შეიძლება, ჩვენ მხოლოდ პასიურ ფორმატში ვიყოთ წარმოდგენილი. არ შეიძლება, არ გაგაჩნდეს შავ ზღვაზე არაფერი და საქართველოს მნიშვნელობაზე საუბრობდე. ასე არ ხდება. არავინ არ გაფასებს, თუ ზღვაზე შესაბამისი სამხედრო კომპონენტი არ გაგაჩნია," - ამბობს სალუქვაძე.
აღსანიშნავია, რომ რუსული მედია აქტიურად განიხილავს ანგარიშს, რომელიც ნატოს თავდაცვის კოლეჯმა გამოუშვა იმაზე, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს ნატო რუსეთს შავი ზღვის რეგიონში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსკოვს აქვს სურვილი, ცივი ომი "გადაითამაშოს" და თავის ორბიტაზე დააბრუნოს უკრაინა და საქართველო, ისევე როგორც რუმინეთი და ბულგარეთი, რომლებიც ახლა ნატო-ს წევრები არიან, არამედ იმის გამოც, რომ აქ რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტები გადის.
ამ სიტუაციაში ნატოს ანალიტიკოსები ალიანსს სთავაზობენ, 2011 წლის სამხედრო-საზღვაო სტრატეგიაში დაამატონ დებულება ერთობლივი რეაგირების ძალების შექმნაზე, რომლის პრიორიტეტი შავ ზღვაზე რუსეთთან დაპირისპირება უნდა იყოს. რუსული მედიის მტკიცებით, ასევე გეგმაა, შეიქმნას ნატო-ს შავი ზღვის სპეციალური სარდლობა, რომელშიც ვარაუდია, რომ ჩართონ რეგიონის ნატო-ს წევრი ქვეყნები (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი) და ასევე მოკავშირეების - უკრაინისა და საქართველოს ძალებიც კი.
ანგარიში, ასევე, შეიცავს რეკომენდაციას, რომ თურქეთი აიძულონ, თავისი სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილი ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში გადაიტანოს, რათა ნატომ შეძლოს მონტრეს კონვენციით დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლა, რომლის თანახმადაც, არა შავის ზღვის აუზის ქვეყნების გემებს შავ ზღვაში ყოფნის უფლება მხოლოდ 21 დღით აქვთ და თან ხომალდები არაუმეტეს 30 000 ტონა წყალწყვისა უნდა იყოს.
თუმცა რუსეთში იმედოვნებენ, რომ ნატო-ს თურქეთის დარწმუნება გაუჭირდება, რადგან თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გაფუჭებულია ფეთჰულა გიულენისა და სირიაში ქურთების საკითხის გამო. ანკარა კი რუსეთთან ბოლო დროს თანამშრომლობს და საჰაერო თავდაცვისთვის სისტემების - "ეს 400"-ის გადაცემაზე შეთანხმებაც უკვე მიღწეულია.
გარდა ამისა, გასულ კვირას ნორვეგიაში ნატოს წვრთნებში მომხდარი ფაქტის გამო ნატო-თურქეთის ურთიერთობაც დაიძაბა. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიაში წვრთნებზე თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანისა და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელ ქემალ ათათურქის ფოტოები "პირობი მოწინააღმდეგეებად" იყო გამოყენებული, რასაც თურქების პროტესტი და წვრთნებში მონაწილე თურქი სამხედროების მიერ ნორვეგიის დატოვება მოჰყვა.
რუსული მედიის შეფასებით, ნატო-ს სპეციალური სამხედრო სარდლობის შექმნა იმის მანიშნებელია, რომ შავ ზღვაში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდება და დნესტრისპირეთში, ამ გაყინული კონფლიქტის ზონაში, ნატოს ბრიგადებსა და იქ განლაგებულ რუსულ სამშვიდობოებს შორის შეტაკების საფრთხეც შეიქმნება.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელსაც ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი აქვს დამთავრებული, აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედება ყოველგვარ საზღვარს სცილდება, შავ ზღვაზე აძლიერებს მთელ სამხედრო-საზღვაო ფლოტს, მათ შორისაა აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო კომუნიკაციების განთავსება და ყირიმში შავი ზღვის ფლოტის კიდევ უფრო გაძლიერება, ამიტომაც ნატო-მ ის უნდა შეაჩეროს.
"შავი ზღვის მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების შექმნის გეგმა ალიანსში არსებობს. ბრიუსელის სამიტზე ეს ინიციატივა ჩავარდა, ახლა კი ჩანს, რომ უახლოეს სამიტზე ინიციატივა აუცილებლად დადგება. ეს აშინებთ რუსებს. ამიტომ ტეხენ ახლა ამ ამბავს და პროპაგანდისტულ ომს," - მიიჩნევს მაისაია.
ექსპერტის თქმით, ნატო-ს შავი ზღვის ფლოტში უკრაინისა და საქართველოს ჩართვა ვერ მოხდება, რადგან, ჯერ ერთი, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები არ არიან და მეორე - ჩვენ სამხედრო-საზღვაო ფლოტი არ გაგვაჩნია. ერთადერთი, საქართველო შეიძლება განიხილონ, თუკი ერთობლივი სწავლება იქნება ასიმეტრიული საფრთხეების მოგვარებასთან დაკავშირებით.
ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ დღეს შავ ზღვაზე რუსეთის სამხედრო პოტენციალი ყველა სხვა ქვეყნის პოტენციალს აღემატება. ამიტომაც შავი ზღვის აკვატორიის დაცვა ნატოს-თვის სასიცოცხლო მნიშვნელობისა, თუმცა ამ ყველაზე მნიშვნელოვან ფრონტზე საქართველო, სამწუხაროდ, სუსტადაა წარმოდგენილი - სამხედრო ფლოტი არ გააჩნია და მიუხედავად მისი და მისი კოლეგების არაერთი განცხადებისა, რატომღაც ამ მიმართულებით საქართველო ნაბიჯებს არ დგამს.
"უფლება არ გვაქვს, შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტით წარმოდგენილი არ ვიყოთ. საქართველომ უნდა ისარგებლოს მომენტით. ის მიდგომა, რომ ჩვენ სამხედრო ფლოტი არ გვჭირდება, რომ ძვირია და ვერ შევინახავთ, ძალიან მცდარია და ყველანაირ გათვლას მოკლებულია. ასეთი შესაძლებლობა, რომელიც ახლა დგას საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება წლების შემდეგ აღარ გვქონდეს.
"ახლა გვაქვს შესაძლებლობა, აქტიურად ვესაუბროთ ნატო-ს წამყვან ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ს, რომელთანაც გაფორმებული გვაქვს შესაბამისი მემორანდუმი და შეგვიძლია, ჩვენი პოტენციალი გავაძლიეროთ. ნატო-ს წევრი ქვეყნები როგორც ადრე გვეხმარებოდნენ და გადმოგვცემდნენ ხოლმე სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ხომალდებს, კატარღებს, ანალოგიურად შეუძლიათ, ახლაც დაგვეხმარონ.
"წლებია, ამ კუთხით არაფერს ვაკეთებთ, შავ ზღვაზე ყველანაირი პოზიცია დავთმეთ. არ შეიძლება, თითო-ოროლა ადამიანის ახირებით წყდებოდეს ყველაფერი. ფლოტის გაუქმება 2008 წლის ომის შემდეგ ერთ-ერთი ძალიან დიდი შეცდომა იყო. რატომღაც ყოველთვის საუბრობენ, რომ რუსეთის ფლოტს ვერ დავუპირისპირდებით. არც უნდა დავუპირისპირდეთ. ამ შავი ზღვის სარდლობაში, რომელიც წლების განმავლობაში შეიძლება ჩამოყალიბდეს, წარმოდგენილები უნდა ვიყოთ და ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ.
"სამხედრო კუთხით ჩვენი ჩართვა აუცილებელია, სხვაგვარად არანაირი პატივისცემა შავ ზღვაზე არ გვექნება. შეცდომაა, რომ ამ პროცესში მხოლოდ ტერიტორიულად იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პროცესის არსი არ გვესმის. ამ პროცესში მხოლოდ საზღვაო აკვატორიის საზღვრებით ვიყოთ წარმოდგენილი, ეს არასწორი პოზიციაა და სრული უცოდინარობაა იმისა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რაც შავ ზღვაზე ხდება და რაზეც ჩვენი პარტნიორები საუბრობენ, - ამბობს სალუქვაძე.
http://www.resonancedaily.com/index.php… * * *
მეორე მსოფლიო ომში ბრიტანეთის ხმელთაშუა ზღვის ფლოტის სარდალი ადმირალი კანინგჰემი ამბობდა: "ხომალდის შესაქმნელად 3 წელია საჭირო. ტრადიციის შესაქმნელად - 300".