* * *
მარტვილში გამარჯვების გოლი მე-100 წუთზე აკაკი შულაიამ გაიტანა
* * *
* * *
ერთი ნაბიჯი ფინალამდე! "მერანი" ნახევარფინალშია!
"მერანი" 1 - 0 "კოლხეთი 1913"
მარტვილის "მერანი" დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში ითამაშებს. მარტვილელებმა ნახევარფინალამდე ბათუმის "დინამო", გორის "დილა", დღეს კი ფოთის "კოლხეთი 1913" გამოთიშეს და დამსახურებულად მოიპოვეს ნახევარფინალში თამაშის უფლება.
1/4 ფინალურ მატჩში კი "მერანის" მეტოქე უმაღლეს ლიგაში ჩინებულად ათამაშებული ფოთის "კოლხეთი 1913" გახლდათ, რომელმაც წინა ტურში ბათუმის "დინამო" დაამარცხა სტუმრად და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა. ფოთელები თასის დაპირისპირებაზეც საბრძოლო განწყობით ჩავიდნენ, მაგრამ მარტვილში დიდი წინააღმდეგობა დახვდათ და მეგრული დერბი მასპინძლების უპირატესობით, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
ისევე, როგორც დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური სხვა მატჩები, "მერანი" - "კოლხეთი 1913" ის შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე განხორციელდა.
შეხვედრის საწყისი წუთები უფრო დაზვერვითი ხასიათის გამოდგა და გუნდები ფრთხილობდნენ, თუმცა "მერანის" უპირატესობა მალე გამოიკვეთა. 25-ე და 34-ე წუთებზე გუნდებმა სახიფათო ეპიზოდები გაცვალეს, პირველ ეპიზოდში ფოთელთაგან კორობკას დარტყმულ ბურთს დაეუფლა კუპატაძე დამაჯერებლად, რადგან პოზიცია კარგად ჰქონდა შერჩეული "მერანის" კიპერს, მოგვიანებით კი მარტვილელების კომბინაციური შეტევა შოთა ჯიქიამ დაასრულა შორეული დარტყმით, მაგრამ არაზუსტად.
მეორე ტაიმის დასაწყისში კიჭი მელიავას მიერ მეტოქე გუნდის კარში გასროლილი ბურთი მცირე რიკოშეტის მერე საბანაძეს მიუვიდა "კოლხეთის" საჯარიმოში და ეფექტურად დაარტყა "მერანის" ფორვარდმა, მაგრამ მეკარე უშეცდომო იყო, მომდევნო ეპიზოდში კი წყაროზიამ გაითამაშა კედელი საბანაძესთან და დაარტყა, მაგრამ ძაგანიამ კუთხურზე მოიგერია ბურთი.
დღევანდელ შეხვედრაში თერთმეტმეტრიანის დანიშვნასაც ითხოვდნენ მარტვილელები, ნიკოლოზ საბანაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და კიპერის მოატყუება შეძლო, შემდეგ კი საეჭვოდ წაიქცა, მსაჯის გადაწყვეტილებით ძაგანიას თამაშის წესი არ დაურღვევია და "მერანელი" ყვითელი ბარათით გააფრთხილა ნინუამ.
სტუმრებს, დასაწინაურებლად ყველაზე რეალური მომენტი მატჩის 76-ე წუთზე ჰქონდათ, როცა "ექს-მერანელი" ლაშა ჯღამაიას ფლანგიდან ზუსტი ჩაწოდებული ბურთი თავით კორობკამ გადაგზავნა კარში, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი კუპატაძემ ივარგა. ფოთელების სხვა კონტრიერიშების დროს კი "მერანის" დაცვის ხაზი იყო შეუვალი, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მარტვილელი გიორგი გეგია, რომელიც თამაშიდან თამაშზე უმატებს და დღევანდელი შეხვედრაც უშეცდომოდ და საიმედოდ ჩაატარა.
გამარჯვებულის გამოსავლენად ძირითადი დრო არ იქნა საკმარისი და დამატებითი ტაიმები დაინიშნა, თამაში კი ისევ "მერანს" მიჰყავდა. მე-100 წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ზვიად ქანთარიამ იაქტიურა, როცა მისავე საჯარიმოსთან აართვა მეურვეს ბურთი, შეტევა ასევე შეცვლაზე შემოსულმა ვაჟა ლომაშვილმა გააგრძელა და ფოთელთა საჯარიმოში გააკეთა გამჭოლი გადაცემა, სადაც აკაკი შულაია დატოვეს სტუმრებმა უმეთვალყურეოდ, "მერანელმა" ახლო მანძილიდან გახსნა ანგრაიში, მ. ხურცილავას სახელობის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნები კი სიხარულის ემოციებისგან "დაინგრა".
დარჩენილ დროში საკმაოდ უხეში თამაში წავიდა და ისედაც "მკაცრ" ნინუას, რამდენჯერმე მოუწია ფებურთელების გაფრთხილება, ჯერ, ორი ყვითელი ბარათის გამო, "კოლხეთის" კაპიტანს - ლაშა გოგონაიას მოუწია მოედნის დატოვება, ცოტახანში კი მსაჯთან შელაპარაკების გამო ბოლქვაძეც გააძევა მოედნიდან მთავარმა არბიტრმა.
მეორე დამატებით ტაიმში მარტვილელებს უფრო მეტი სივრცე მიეცათ და 5 წუთიან მონაკვეთში, სამი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ მასპინძლებს, ჯერ შულაიამ და ქანთარიამ ვერ გამოიყენეს იდელაური შანსი, როცა მეკარესთან პირისპირ გავიდნენ, მესამე ეპიზოდში კი ბენჟამინ ტეიდი გაიყვანეს თანაგუნდელებმა ძაგანიასთან პირისპირ, თუმცა ამ შემთხვევაშიც მეკარე დაუფლა ბურთს.
საბოლოოდ, მატჩი გიორგი მიქაძის გუნდის გამარჯვებით 1-0 დასრულდა. დღევანდელი გამარჯვებით, მარტვილის "მერანმა" 6 წლის წინ მიღწეული საუკეთესო შედეგი გაიმეორა, მაშინაც პირველ ლიგაში იმყოფებოდა ჩვენი გუნდი, როცა თასის ნახევარფინალში გავიდა. იმედი ვიქონიოთ "მეორე ცდა" უფრო წარმატებული იქნება და ღირსეულად მიაღწევს "მერანი" მთავარ მიზანს ორივე ფრონტზე!
თუ ვის შეხვდება ჩვენი გუნდი ნახევარფინალში, უახლოეს დღეებში გაირკვევა წილისყრის შედეგად. თასის ნახევარფინალი კი 2 ნოემბერს გაიმართება მარტვილში და ფინალისტის ვინაობა ერთი შეხვედრის შედეგით გამოვლინდება.
19 ოქტომბერი. 15:00 მარტვილი. დ. ყიფიანის თასი. 1/4 ფინალი
"მერანი" (მარტვილი) - "კოლხეთი 1913" (ფოთი) 1-0 (0-0)
გოლი: შულაია (100')
"მერანი": კუპატაძე, ორბელაძე ©, ციმაკურიძე, მელიავა, გეგია, ტეიდი, წყაროზია (ქანთარია 106'), ჯიქია (ლომაშვილი 78'), ჩალაძე, შულაია, საბანაძე (წოწონავა 124').
სათადარიგო: მამალაძე, ჯიჯელავა, თოლორდავა, ლუკავა,
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
"კოლხეთი 1913": ძაგანია, კილასონია, რამალდანოვი, კერძევაძე, ქებურია, ჯღამაია, კაკულია, კორობკა, ბოლქვაძე, გოგონაია ©, ოზარკივ.
სათადარიგო: თებიძე, ტუღუში, ლუკავა, ჩაკვეტაძე, ქვარცხავა, შალიკაშილი, კოკაია.
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.
გაფრთხილება: რამალდანოვი, ჯღამაია, კაკულია, გოგონაია, ჩაკვეტაძე (კოლხეთი 1913)
ორბელაძე, წყაროზია, მელიავა, საბანაძე, ჩალაძე (მერანი)
გაძევება: გოგონაია, ბოლქვაძე (კოლხეთი 1913)
მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა...............................................