Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2041
წევრი No.: 143440
რეგისტრ.: 22-February 12
|
#47539629 · 12 Apr 2016, 20:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავიბადე არგვეთში; არგვეთში და არა არგვეთაში (არგვეთა ზესტაფონის რაიონშია, არგვეთი, - საჩხერისაში).
"მუხრანი" დამარქვა დედამ.
ეს სახელი ერთობ იშვიათი იყო მაშინ.
(ახლაც არაა ხშირი).
დედაჩემი მაგარი და მართალი ქალი გახლდათ; პირდაპირი. ზედმიწევნით ობიექტური. აკაკის გარდა, პოეტად არავინ მიაჩნდა. ზეპირად იცოდა არაერთი, არამცთუ ლექსი, პოემაც კი, აკაკისი.
ერთხელ ჩემი დისთვის უკითხავს (ეს ახლახან გამიმხილა ჩემმა დამ): - შვილო, დოდო, მუხრანის ლექსები მოგწონსო? - მე კი არა, ქვეყანას მოსწონსო! - უპასუხია ჩემს დას. - მე არ მამწონს, შვილოო! - ჩაულაპარაკია თავისთვის.
მამაჩემი რბილი და კეთილი კაცი იყო. უაღრესად კაცთმოყვარე. იუმორით სავსე... ადრე წავიდა (54 წლისა იყო, რომ გარდაიცვალა). ნაყიდ მიწაში მყავს დამარხული, - ვაკეში; გვერდით მოხუცი ცოლი უწევს (დედაჩემი), - დედამ 80 წლამდე იცოცხლა.
ერთი წლისა ვყოფილვარ, როცა არგვეთიდან თბილისში გადმოვსულვართ საცხოვრებლად.
თბილისში არაგვის ქუჩაზე ვცხოვრობდით.
იქვე იყო (ახლაც იქვეა) ჩემი სკოლა, რომელსაც, მე რომ შევედი, 25-ე ერქვა, მერე ვაჟთა მე-7 ეწოდა, დღეს 53-ე ჰქვია.
ყოველ წელს, საზაფხულო არდადეგების დამდეგს, არგვეთიდან ჩემს წასაყვანად ჩამოდიოდა ზაფხული და მე სევდანარევი ნეტარებით ვტოვებდი თბილისს.
ცალკე საუბრის თემაა ის უზარმაზარი სიხარული, რასაც მე განვიცდიდი თბილისიდან არგვეთისკენ მიმქროლი; ეს სიხარული იწყებოდა შორაპნით; იზრდებოდა და იზრდებოდა გზადაგზა; მთისოდენა ხდებოდა საჩხერეში და მეცხრე ცამდე ადიოდა სავანის ბოლოს, - კიპაროიძეების კარებზე.
არგვეთი იყო ჩემი ყოველწლიური საზაფხულო აგარაკი.
აქ მე მეგულებოდა გულუხვი და ტკბილმოუბარი ბაბუა ვიქტორი, ჩემი ამყოლი მამიდა ცაგურა, ვეებერთელა კაკლის ხე - თვალუწვდენელ მწვანე ეზოში პაწია ღელეები; იზვარა და ლაშურა. ჩემი კბილა სოფლელი ბიჭები; გერონტი, ზურია, ლახტუა... და კიდევ ბევრი, ბევრი რამ, რასაც დღეს ამაოდ ვნატრობ.
ჩემი პირველი ლექსები იყო, - შაირები გამოთქმული შინაურებზე, - მამიდაზე, სოფლელ მეზობლებზე, ბაბუაზე... (ეს შაირნი ძირითადად სახუმარონი იყვნენ).
აი, ერთი სტროფი ერთ-ერთი მათგანიდან (ამ ლექსში ლაპარაკია ჩემი სოფლის საავადმყოფოზე); დღე არ გავა, რომ არ მოკვდეს ავადმყოფი რომელიმე; ვიქტორ მაჭავარიანი გაიძახის: - იმე, იმე!
საზოგადოების წინაშე პირველად ბარათაშვილზე დაწერილი ლექსით წარვდექი. იყო ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი. საღამო ჩატარდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში; ვიყავი მერვე კლასის მოსწავლე, მეცვა ნათხოვარი კოსტიუმი, ლექსი მთავრდებოდა ასე: შენმა მერანმა დატოვა კვალი, გზა არ წაშლილა შენგან თელილი, დღესაც ჭიხვინებს შენი მერანი, მრავალ ქარტეხილს გადარჩენილი.
არ ვიცი, ლექსი მოეწონათ, არ ვიცი, შემამჩნიეს, ნათხოვარი კოსტიუმი რომ მეცვა, ეს კია, რომ ჯილდოს სახით განათლების სამინისტრომ კოსტიუმის ორდერი მომცა.
ეს იყო ჩემი პირველი ჰონორარი.
მწერალთაგან ჩემი ლექსები ყველაზე ადრე გრიგოლ აბაშიძემ იცოდა (გრიგოლი ნათესავი იყო ჩემი, - მისი ბებია და მამაჩემის ბებია ღვიძლი დანი იყვნენ, - გვარად ლეჟავანი).
ჰოდა, გრიგოლმა (იმჟამად "ნიანგის" რედაქტორმა, ერთ მშვენიერ დღეს, თავის კაბინეტში გამაცნო გიორგი შატბერაშვილი ღვთისნიერი კაცი, ჩემი თანაქუჩელი) და მთხოვა წამეკითხა მისთვის ერთი-ორი ჩემი ლექსი.
მე წავიკითხე.
არ გასულა დიდი ხანი და გიორგი შემხვდა ქუჩაში და მთხოვა: მივსულიყავი მწერალთა კავშირში, სადაც ახალგაზრდა მწერალთა კონფერენცია ტარდებოდა.
მივედი.
კონფერენციის დამთავრების შემდეგ, დასკვნით საღამოზე, სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად, საკუთარი ლექსების კითხვით გამოვედი მეც (ყველაზე ბოლოს).
საღამოს ესწრებოდა დიდძალი ხალხი. ესწრებოდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები.
ჩემ მიერ წაკითხულმა ჩემმა ლექსებმა, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა: დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ამ დროს მე უნივერსიტეტიდან გამორიცხული ვიყავი. მწერლებმა რომ ეს ამბავი შეიტყვეს, - შეწუხდნენ.
ალ. გომიაშვილმა (მაშინ იგი მწერალთა კავშირის პარტორგანიზაციის მდივანი იყო) დაურეკა ნ. კეცხოველს: - გენიოსი პოეტი რამ გაგარიცხვინაო. - რომელიო. - მუხრან მაჭავარიანიო! - არ ვიცნობო! - ჰოდა, ახლა გაგაცნობთო!..
მტაცეს ხელი და გამაქანეს უნივერსიტეტში, ნ. კეცხოველთან (გ. ლეონიძემ, დ. შენგელაიამ, ს. კლდიაშვილმა, გ. შატბერაშვილმა, გ. აბაშიძემ, ალ. გომიაშვილმა...).
შევიდნენ ნიკოს კაბინეტში. მე მოსაცდელში დამტოვეს. ცოტა ხანში დამიძახეს, - შევედი.
- აბა წაგვიკითხე "საბაო" - შემომძახა გ. ლეონიძემ.
მე დავიწყე კითხვა: როცა წარმოვთქვი სტრიქონი: "მზე ეთხოვება, ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას", - გ. ლეონიძემ (რომელიც ნიკოს გვერდით იჯდა) ნიკოს გადაულაპარაკა: - ხედავო. (ჩანს, გოგლას, ეს სტრიქონი განსაკუთრებით მოსწონდა)...
ნიკომ, სხვებთან ერთად, მოისმინა ჩემი "საბა" და თქვა: - მეცა მყავს გენიოსი პოეტიო! - ვინაო. - ნოდარ დუმბაძეო!
სასწრაფოდ მოძებნეს ნოდარი, შემოიყვანეს იქ, სადაც ჩვენ ვიყავით და ნიკომ უთხრა: "წაიკითხე საქართველოზეო!"
ნოდარმა (ცოტათი დაბნეულმა) წაიკითხა თავისი მშვენიერი ლექსი, რომელიც მთავრდება სიტყვებით: "საქართველომ ამამღერა, დაილოცოს!"...
ასე იყო თუ ისე, - მე უნივერსიტეტში აღმდაგინეს (იდგა 1949 წ.).
1949 წლიდან 1952 წლამდე ჩემს ლექსებს დაბეჭდვა არავინ აღირსა; "ფორმალისტურიაო", "უიდეოაო".
პირველად, მხოლოდ 1952 წელს უნივერსიტეტქის ლიტ.-წრის ალმანახ "პირველ სხივში" დაიბეჭდა ჩემი სამი ლექსი: "ჭადარს ეტყვის ჭადარი", "საბა" და "კომუნიზმი".
სამივეს დიდი მოწონება ხვდა წილად; "ჭადარს ეტყვის ჭადარი" - განსაკუთრებით ნიკოს უყვარდა.
ამ ლექსზე მუსიკა დაწერა ანდრია ბალანჩივაძემ.
ამ ლექსს მღეროდნენ დები იშხნელები.
"საბას" ხშირად კითხულობდნენ სცენიდან.
კარგად კითხულობდა მსახიობი გიზო სიხარულიძე.
1958 წელს დავწერე "მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!" - დამაწერინა იმ ქართველი ბავშვების ხილვამ, - ქართული რომ არ იცოდნენ... ლექსი ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ საქართველოში... გადადიოდა ხელიდან ხელში... სცენიდან კითხულობდა ბუხუტი ზაქარიაძე...
გამომიძახეს ცეკაში: შემჯორეს, - ეს ლექსი არ უნდა დაგეწერაო!
...ქუჩა-ქუჩა, მარტოდმარტო, ყიალი მიყვარდა, - ღამღამობით, - ქუჩა როცა მდუმარებით იყო სავსე, როგორც ამომშრალი მდინარის კალაპოტი.
ერთ მშვენიერ დღეს, (კურთხეულ იყოს ის წუთი) გავიხედე, - რას შევხედე: სიყვარული... სიყვარული არ მეძგერა!
შორით ვკიდე თვალი: ორფერი კაბა ეცვა (თეთრი, - ლურჯი ზოლებით)...
და მე დილამდე ქუჩებში ვიარე, შინ რომ მოვედი, გულაღმა დავწექ, ხელები თავქვეშ ამოვილაგე.
სიყვარულის მეხუთე წელს, ოცდახუთი წლისამ შევირთე ქალი, - ლამარა ბოკერია.
ქორწილი გადავიხადე რესტორან "ევროპაში" (პლეხანოვზე იყო).
მყავს ორი შვილი: ნანა და ვანო.
ორივე დაოჯახებულია; ნანა ორი ასულის დედაა: ანასი და სოფოსი, ვანო - ორი ვაჟისა, - მუხრანისა და რატისი.
პირველი შვილიშვილისგან (ნანას ასულისგან) მყავს ორი შვილთაშვილი: თამარი და ლევანი.
ვანო მეთერთმეტე წელია, გადახვეწილია საქართველოდან. კანადაში ცხოვრობს (ტორონტოში).
ყოველ წელიწადს, ახლაც, როგორც უწინ, არგვეთიდან ჩამოდის ზაფხული და მე მთელი ჩემი ჯალაბით (ცოლით, შვილით, სიძით, შვილიშვილებით, სიძის სიძით, შვილთაშვილებით) მივყავარ არგვეთში.
იქ, ჩემს საყვარელ არგვეთში, იგივე მთებია, იგივე მინდვრები! - ხალხი კი (მე რომ ხალხი მიყვარდა) მიწაშია: ზოგი, - ლაშურის გაღმა, ზოგი, - გამოღმა.
რა გაეწყობა!
"სოფელი ასე მქნელია!"...
1964 წელს უნივერსიტეტში გამარათულ პოეზიის საღამოზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პოეტნი (ძველნიცა და ახალნიც), - მე წავიკითხე რამდენიმე ახალი ლექსი (უფრო სწორად, - მე ერთი წავიკითხე, - დანარჩენი წამაკითხეს), მათ შორის " საქართველოს მოთმინების ფიალაზე".
ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ კი არა, გაუმარჯოს, გაუმარჯოს მთლიანად: მიწიანა, კაციანა, ციანა, საქართველოს მოთმინების ფიალას!
იხუვლა ტაშმა.
ხალხი აღრთოვანდა.
იმ საღამოს წაკითხული ჩემი ლექსები მთელ საქართველოს მოედო. იწერდნენ, ამახინჯებდნენ და ავრცელებდნენ.
მოდიოდნენ ჩემთან სახლში, სასოებით შემომცქეროდნენ და მადლობის ნიშნად ხელს მაგრად მართმევდნენ.
იმჟამინდელ ხელისუფლებას, ცხადია, ეს არ მოეწონა" მწერალთა კავშირში სასწრაფოდ შეკრბა პარტაქტივი და სასტიკად შემაჩვენეს. კომკავშირის ცეკას ბიუროზე გამკიცხეს და სამსახურიდან გამომაბუზურეს (ჟურნალი, რომლის რედაქტორიც მაშინ მე ვიყავი, - კომკავშირის ცეკას ორგანო იყო).
დამიბარეს პარტიის ცეკაში, დამტუქსეს.
ერთი თვის შემდეგ ბულგარეთში გამიშვეს, ვითომ "შემოქმედებითი მივლინებით";
"ხარმა ხარს ურქინა და საძოვარზე მიაგდოო": გავიცანი შესანიშნავი ბულგარელი ხალხი; მოვიარე თითქმის მთელი ბულგარეთი. გადავწყვიტე, - ბულგარული პოეზიის თარგმნა. პირნათლად შევასრულე კიდეც ჩემი გადაწყვეტილება; გავაკეთე თანამედროვე ბულგარული პოეზიის ანთოლოგია, - შიგ შევიდა ორმოცდაათამდე პოეტი; წიგნი გამოიცა სამჯერ.
ბულგარეთის ხელისუფლებამ დამაჯილდოვა კირილესა და მეთოდეს ორდენით.
უნივერსიტეტში, 1964 წელს ჩემი გამოსვლის შემდეგ - საქართველოში ერთობ მომრავლდა ჯაბახანა, ანტისაბჭოთა ლექსები, რომელთაც მე მომაწერდნენ.
დღესაც ბევრს ჩემი ჰგონია არაერთი (არ ვიცი, - ვისი), - შინაარსით პატრიოტული, ფორმით ალთაბალთა ლექსი.
1976 წელს გამოვიდა ჩემი წიგნი, რომელშიც დაბეჭდილი იყო ლექსების ციკლი "1932".
წიგნს დიდი რეზონანსი ჰქონდა.
დახლის ქვემოდან იყიდებოდა.
ხელისუფლებამ წიგნის გაჩერება მოიწადინა, მაგრამ გვიანღა იყო.
ცენზორი (მაშინ "მთავლიტს" ეძახდნენ), რომელმაც ამ წიგნის დაბეჭდვაზე ნება დართო, სამსახურის დაკარგვას ძლივს გადაურჩა, პარტიული საყვედური აკმარეს.
1972 წელს, ჟურნალ "დილის" რედაქტორად ყოფნისას, გამოვეცი საყმაწვილო კალენდარი, - "მთიები".
კალენდარში შევიტანე მხოლოდ იგი, რაც კარგი იყო საქართველოს ისტორიაში.
"მთიებმა" მკითხველთა მოწონება დაიმსახურა (მკითხველთა და არა ხელისუფალთა).
მომდევნო წელს კალენდარი უფრო შევავსე და განვავრცე: შევიტანე ბევრი რამ, რაც წინა წლისაში არ იყო.
სხვათა შორის, ამ გამოცემაში (ჩემდა ჭირად), გადმოვბეჭდე ინფორმაცია "კავკაზიდან", რომლის თანახმად, - არსენას მკვლელი იყო არა ქართველი გიორგი კუჭატნელი, - არამედ რუსი გიორგი ივანოვი:
- როგორ თუ რუსიო.! - იტოშეს მწითურთ, -
არსენას რუსი რავა მოკლავდაო!
დარეკა დემიჩევმა.
ფერი დაკარგა საქართველოს ცეკას მდივანმა.
გადაწყდა ჩემი მოხსნა.
ბოლოს (არ ვიცი, - რატომ!) - მოხსნაზე თავი შეიკავეს.
რაიცა შეეხება "მთიებს": 50 ათასი ცალი დაკეპეს და მაკულატურაში დურთეს.
1988 წელს ამირჩიეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ; საქართველოში მე ვიყავი მეორე (არა დანიშნული, არამედ არჩეული) თავმჯდომარე (პირველი კ. მაყაშვილი იყო).
აზვირთდა ეროვნული მოძრაობა.
მე შეძლებისამებრ ხელს ვუწყობდი ზვიადს და მერაბს.
გამოქვეყნდა მრგვალი მაგიდის საარჩევნო სია; სიაში პირველი ზვიადი ეწერა, მეორე - მე.
გაიმარჯვა ბლოკმა, - "მრგვალი მაგიდა, - თავისუფალი საქართველო".
ზვიადი გახდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი.
საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
ვხარობდით.
ხანმოკლე გამოდგა ჩვენი სიხარული.
გავარდა თოფი.
საქართველო გაიყო ორად.
გაჩაღდა ძმაკალიობა.
ღამღამობით ავტომატებს უშენდნენ ჩემი სახლის ფანჯრებს ტუტუცნი (ნატყვიარნი დღესაც ატყვია კედელს)...
ეროვნული ხელისუფლების დამხობისთანავე ნიშნად პროტესტისა მე მწერალთა კავშირი დავტოვე (იძულებული შევიქენ, - დამეტოვებინა).
ჭადრაკის სასახლეში გამართულ მწერალთა ყრილობაზე გამოვედი და განვაცხადე: - ეს ყრილობა უკანონოა ისევე, როგორც ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოსი) - მე გავდივარ მწერალთა კავშირიდან! - ვინც ჩემი თანამოაზრეა, - გამომყვეს-მეთქი!.
ორმოცამდე კაცმა დატოვა ყრილობის დარბაზი.
ეს კი ცოტა როდია, მით უმეტეს, - თუ გავითვალისწინებთ, რომ, როგორც ცნობილია, კაცობრიობის 90 პროცენტი (მეტი თუ არა) ნაძირალაა.
გ. ძნელაძესთან ერთად ვთარგმნე პაბლო ნერუდა.
მე, გ. ძნელაძემ და შ. ჩანტლაძემ ვთარგმნეთ კარელურ-ფინური ეპოსი "კალევალა".
ჩემი ლექსები რუსულად თარგმნა ევ. ევტუშენკომ. თარგმანები რუსულად კია მშვენიერი, მაგრამ დედანს ძალიან დაშორებულია.
1989 წელს გამოვეცი ენათმეცნიერული ნაშრომი "რამდენიმე სიტყვა" (ხელნაწერი), რომელშიც დადგენილია, კერძოდ, - რომელი ფრინველია ასკატა, შხერო, ღრედი, ჩახრუხი, მწყერმარხილი, რომელი მცენარე, - ნაჟვი, რომელი ვარსკვლავი, - აგებარძი. განხილულია ყოველი მათგანის სპარსული, სომხური, არაბული, ბერძნული, ებრაული სახელწოდება.
შეიძლება ვინმემ თქვას: - ეგ, რა პოეტის საქმეაო.!
ვერ დავეთანხმები! -
სიტყვასთან დაკავშირებული რაცაა, პოეტის საქმეა ყველაფერი;
შემთხვევითი როდია "პოეტის" ძველქართული სახელწოდება "სიტყვისმოქმედი".
საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დამხობას მოჰყვა ქაოსი, შევარდნაძის რეჟიმი, განუკითხაობა...
აივსო ერის მოთმინების ფიალა.
აზვირთდა ხალხი, - ამერიცა და იმერიც.
შევარდნაძე იძულებული შეიქნა, - გადამდგარიყო.
ამოისუნთქა საქართველომ.
აირჩა ახალი პრეზიდენტი;
ქვეყანა იმედით შეჰყურებს მას.
- ვნახოთ, - რა გამოვა!
2004 წ.
This post has been edited by Menestrel on 12 Apr 2016, 20:43
|