levan63
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 113
წევრი No.: 83785
რეგისტრ.: 2-February 09
|
#13137672 · 28 Mar 2009, 16:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, ბატონ გიორგი მახარაძის მცირე კვლევა როსტომ რაზმაძის შესახებ, რომელიც მეტად საყურადსაღებო ინფორმაციასა და წყაროებს შიცავს; ამასთან ვგონებ საკმაოდ დამაჯერებლად აქარწყლებს იმ მცდარ წარმოდგენას, რომ როსტომ რაზმაძე სომეხია, რასაც ასე დაჟინებით გვიკიჟინებენ სხვადასხვა ისტორიისა და ისტორიული პიროვნებების სომხურად მონათვლის მანიაკო სომეხი ე.წ. მეცნიერები. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გიორგი მახარაძე
და მაინც ვინ არის რუსტამი?
(ფიქრები ნაპოლეონის პირადი მცველის ვინაობასა და სადაურობაზე)
თვრამეტი წლის მამლუქი, არაბულ ბედაურთან ერთად ადგილობრივმა შეიხმა ეგვიპტეში ლაშქრობისას, ქაიროში მყოფ საფრანგეთის მომავალ იმპერატორს საჩუქრად მიჰგვარა. ნაპოლეონს მოსწონებია ჭაბუკი მამლუქი და მალე ის, პირად მცველად გაუხდია. ნაპოლეონმა, როდესაც საფრანგეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გადაწყვიტა არმია, გენერალ კლებერის სარდლობით, ეგვიპტეში დაეტოვებინა, ხოლო თვითონ სასწრაფოდ პარიზს დაბრუნებულიყო, რუსტამიც, ხუთასკაციან რაზმთან ერთად, თან გაიყოლა. მამლუქი ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა პატრონს, ყველგან მის გვერდით იყო – ბრძოლებში, საზეიმო შეხვედრებსა თუ ნადიმებზე. ზოგიერთი ცნობით, რუსტამს, ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე მისი პირველი გადასახლებისასაც არ მიუტოვებია, სხვა ცნობით კი რუსტამს, თითქოს, ოჯახური მდგომარეობის გამო (ნაპოლეონმა ხომ თავისი მეუღლის – ჟოზეფინას კამერდინერის ქალიშვილზე დააქორწინა), სწორედ ნაპოლეონის ამ პირველი გადასახლების წინ მიატოვა სამსახური და პარიზიდან ორმოცდაათ კილომეტრზე მდებარე პატარა ქალაქ დურდანში დასახლდა, სადაც დაიკრძალა კიდეც, თავის მეუღლესთან ერთად. სარწმუნო წყაროებით რუსტამი თბილისელი იყო. მის სადაურობაში, ჩემის აზრით, უმნიშვნელო კორექტივი შეაქვს მიხეილ ჯავახიშვილს, რომელიც თვლიდა, რომ რუსტამი დაბადებული იყო თბილისის ახლოს, კუმისის ტბის ნაპირას. ძირითადად, შეხედულებითი სხვადასხვაობაა “ნაპოლეონის მამლუქის” ეროვნულობის საკითხში. ერთსა და იმავე წყროზე დაყრდნობით ერთ შემთხვევაში რუსტამს ქართველად მიიჩნევენ, მეორე შემთხვევაში – სომხად. . . და იცით რომელ წყაროზეა ლაპარაკი? თვით რუსტამის. . . მემუარებზე (დღიურებზე). ამ ოცდაათი წლის წინათ ჟურნალ “დროშაში” გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში “მამლუქობა და საქართველო” ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატს შ. კურდღელაშვილს საეჭვოდ არ მიაჩნია რუსტამის ქართველობა. “ამჟამად ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ნაპოლეონის მიერ ეგვიპტიდან საფრანგეთში წაყვანილი მამლუქი, სახელად რუსტამი, - წერს იგი, - შემდგომში ნაპოლეონის ერთგული თანამებრძოლი, ტომით ქართველი და წარმოშობით თბილისელი იყო”. დ. ჯანელიძის ცნობით, რუსტამს, ქართველად იხსენიებს ფრანგი პიერ ლარუსის ცნობილი “დიდი მსოფლიო ენციკლოპედია”, რომელიც პარიზში 1931 წელს არის გამოცემული. ამ ცნობას რუსტამის ქართველობაზე არასწორად მიინევს გ. ჰეი-მამიკონიანი, ჟურნალ “მნათობში” 1957 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში “ქართველი მამელუკები ეგვიპტის სუვერენიტეტის აღდგენისათვის ბრძოლაში”. ავტორი წერს, რომ “ეგვიპტის შეიარაღებული ძალების წმინდა მემელუკური ნაწილის შემადგენლობაშიც ცოტანი როდის იყვნენ არაქართველნი. ცნობილია, მაგალითად, რომ ეგვიპტიდან წამოყვანილი მამელუკი რუსთამი სომეხი იყო” და თან შენიშნავს, თითქმის ოცი წლის შემდეგ რუსტამის მოგონებათა გამოქვეყნებიდან, ლარუსის ენციკლოპედიური ლექსიკონისთვის ის (ე.ი რუსტამი) მაინც ქართველად დარჩა. დ. ჯანელიძეს ანგარიშგასაწევ ფაქტად კი მრავალი ევროპელი ავტორის მიერ, რუსტამის, ქართველად მოხსენიება მიაჩნია, მაგრამ ამავე დროს ლარუსის ენციკლოპედიის ცნობას მაინცდამაინც სანდოდ არ მიიჩნევს. ჟურნალ “მნათობის” 1984 წლის მარტის ნომერში დაბეჭდილია მ. ხუხუნის წერილი სათაურით “მამლუქი რუსტამი”, რომელშიაც ავტორი ფრანგულ წყაროებზე დაყრდნობით, რუსტამთან დაკავშირებით, არაერთ საინტერესო ისტორიაზე მოგვითხრობს. ავტორი სხვათა შორის შენიშნავს, რომ ჩვენში ზოგადად არის ცნობილი ნაპოლეონის მამლუქის ქართული წარმომავლობის შესახებ. ამასთან მ. ხუხუნი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “ექვსი თუ შვიდი წლის რუსტამს (თვით რუსტამის განცხადებით ექვსი-შვიდი წლისა გაუტაცნიათ, გ.მ.) გადაავიწყდა თავის გვარი და სახელიც კი, რომელიც უნდა ვივარაუდოთ, ქართულად როსტომი იქნებოდა. . . შემდეგში ეს სახელიღა შერჩა ნაპოლეონის მამლუქს და მასვე ატარებდა გვარსახელად ცხოვრებაში. ასევე შემორჩა იგი მემუარებში, ოფიციალურ დოკუმენტებში”. გაზეთმა “სოფლის ცხოვრებამ” 1967 წლის 11 აგვსტოს ნომერში გამოქვეყნა წერილი “რუსტამ მამლუქის თავგადასავალი”. პუბლიკაციის ავტორი თბილისელი მხატვარი, ლიტერატორი და ჭადრაკის ისტორიის მკვლევარი მ. ვადბოლსკი გახლდათ. წერილში რუსტამის ხელნაწერი მოგონებების (დღიურების) შინაარსია გადმოცემული. Eს მოგონებები საფრანგეთში პოლ კოტენს, ფრედერიკ მასონის წინასტყვაობით გამოუცია. მოვიტან ორ ამონაწერს ამ მემუარებიდან: “წარმოშობით თბილისელი ქართველი ვარ, ვაჭრის როსტომაშვილის შვილი, დედაჩემიც (ვარია) თბილისელია. ჩემს მშობლებს ორი ქალიშვილი და ოთხი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან უფროსი მე ვიყავი”. წერილის დასასრულს, მ. ვადბოლსკი აღნიშნავს, რომ დღიურში განსაკუთრებით დაწვრილებით არის აღწერილი იმპერატორის შეხვედრები ტილზიტში. Gასაგებია, ავტორი აქ გულისხმობს საფრანგეთისა და რუსეთის იმპერატორების – ნაპოლეონის და ალექსანდრე პირველის შეხვედრას 1807 წლის ზავთან დაკავშირებით. იქნებ, საინტერესო იყოს მოვიგონოთ სათანადო ადგილი აკად. ე. ტარლეს “ნაპოლეონიდან”: “ალექსანდრე, რომ არ გადასულიყო ფრანგების მიერ დაპყრობილ ნემანის იმ ნაპირზე, რომელიც რუსებს ეჭირათ, - შუა მდინარეში ააგეს ტივი ორი საუცხოო პავილიონით. Fრანგების სანაპიროზე ჩამწკრივდა ნაპოლეონის მთელი გვარდია, რუსების სანაპიროზე – ალექსანდრეს მცირერიცხოვანი ძალა”. დავუბრუნდეთ დღიურებს ვადბოლსკის წერილიდან. “მეორე დღეს იმპერატორი ალექსანდრე, პრუსიის მეფე, დედოფალი და დიდი თავადი კონსტანტინე ნაპოლეონთან სადილობდნენ. Mე ნაპოლეონის გვერდით ვიყავი. Aლექსანდრე და დედოფალი ხშირად მიყურებდნენ და ერთმანეთს რაღაცას გადაულაპარაკებდნენ ხოლმე, ნაპოლეონმა ღიმილით უთხრა ალექსანდრეს: - ხელმწიდევ, რუსტამი ხომ თქვენი ხელქვეითი იყო? - ღოგორ? - ის ხომ ქართველია, საქართველო კი თქვენი იმპერიის ნაწილია”. ამ რამდენიმე ხნის წინათ, ერევანში ყოფნისას, წამიკითხეს ვ. მიქაელიანის და ვ. პოღოსიანის წერილი “ნაპოლეონის მამლუქი”, რომელიც რესპუბლიკური რუსულენოვანი გაზეთის “კომუნისტის” 1985 წლის ივლისის ერთ-ერთ ნომერში იყო დაბეჭდილი. - ნაპოლეონ ბონაპარტს ეგვიპტიდან საფრანგეთშ მიეჩქარებოდა. მასთან ერთად საფრანგეთში მიემგზავრებოდა მისი მცველი 19 წლის სომეხი რუსტამი, - წერენ ავტორები, - რუსტამი ამაყობდა სომეხი ერისადმი თავისი კუთვნილებით, პირად მოგონებებში, რომელიც ოთხჯერ გამოიცა (რაც მისი წარმატებების დასტურია) რუსტამი წერს: “სახლში შემოვიდა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჩემთან ეთად მყოფი ორი მანდილოსნისათვის რაღაც უნდა ეცნობებინა. Dიდხანს მიყურებდა და მკითხა, ვლაპარაკობ თუ არა სომხურად. ვუპასუხე, დიახ მეთქი და რომ თვითონაც სომეხი ვარ”. წერილის ავტორები შემდეგ აღნიშნავენ, რომ რუსტამი დაიბადა 1780 წელს ტფილისში, ყარაბახელი სომეხი კომერსანტის ოჯახში. ბავშვობაში იგი მშობლებს მოპარეს. ერთი პატრონიდან მეორეს გადსცემდნენ და ბოლოს, 1795 წელს რუსტამი კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა, ხოლო ნახევარი წლის შემდეგ ეგვიპტელ მამლუქებს მიჰყიდესო. ტილზიტში იმპერატორის სადილთან დაკავშირებით დასახელებული პუბლიკაციის ავტორები წერენ: “რუსტამი თავის პატრონს ემსახურებოდა. Nაპოლეონი ალექსანდრეს მიუბრუნდა და ხუმრობით შენიშნა, რომ რუსტამი რუსეთის მეფის ქვეშერდომიაო. Aლექსანდრეს გაკვირვებულ შეძახილზე ნაპოლეონმა განმარტა, რომ რუსტამი წარმოშობით ტფილისიდან არის და ამრიგად, იგი რუსეთის იმპერატორის ქვეშერდომად შეიძლება ჩაითვალოსო”. ღოგორც დავინახეთ, აქ საუბარია სადაურობაზე (“რუსტამი წარმოშობით ტფილისიდან არის”), ხოლო ეროვნულ კუთვნილებაზე (“ის ხომ ქართველია, საქართველო კი თქვენი იმპერიის ნაწილია” – მ. ვადბოლსკის მიხედვით) არაფერია ნათქვამი. სად არის სიზუსტე? რომელი ასახავს დღიურების ნამდვილ შინაარსს – ჩვენი “სოფლის ცხოვრება”, თუ სომხეთის “კომუნისტის” პუბლიკაცია? და კიდევ ერთი სტატიის შესახებ, რომელიც გაზეთ “თბილისის” 1986 წლის 12 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა პროფ. ი. ტაბაღუას განმარტებით. “რუსტამის მოუსვენარი ახალგაზრდობა ანუ როგორ გახდა იგი ნაპოლეონის მამლუქი”, - ასე ჰქვია ამ პუბლიკაციას, რომლის ავტორი, ფრანგი ისტორიკოსი, მორის დირებერეა. ეს სტატია გაზეთს პროფესორმა ი. ტაბაღუამ შესთავაზა და განმარტა, რომ ფრანგი ისტორიკოსი დაინტერესებული ყოფილა ეგვიპტე-საფრანგეთის ურთიერთობით, კერძოდ ეგვიპტეში ქართველ მამლუქთა მოღვაწეობის საკითხებით. ერთ-ერთ სტატიაში (“ქართველები იმპერიის მამლუქთა კორპუსში”) მ. დერიბერე რუსტამსაც ეხება და წერს: “ჩვენთვის ცნობილია, როგორ წამოიყვანა ეგვიპტიდან ნაპოლეონმა ჭაბუკი ქართველი რუსტამი და შემდეგ (1801 წელს) როგორ შექმნა მამლუქთა კორპუსი”, ე.ი. ფრანგი ისტორიკოსი თვლის, რომ რუსტამი ქართველია. რაც შეეხება რუსტამის დღიურებს (მოგონებებს), მ. დერიბერე აღნიშნავს, რომ ჟურნალმა “რევიუ რეტროსპექტივმა” 1883 წლის იანვარ-ივნისის ნომრებში გამოაქვეყნა რუსტამის მემუარები - “იმპერატორის მამლუქის მემუარები. ბატონ რ. რუსტამის პირადი ცხოვრება 1814 წლამდე”. დერიბერე შენიშნავს, რომ მემუარების დასაწყისი რუსტამის ხელითაა დაწერილი, შემდეგ კი ზოგიერთი ნაწილი ალბათ ნაკარნახევია, მემუარების ავტორი თავის თავზე მესამე პირით ლაპარაკობსო.
რამდენიმე ნაკვეთი თვით მემუარებიდან ფრანგი ისტორიკოსის წერილის მიხედვით - ზემოთ ჩემს მიერ მოტანილ შესაბამის ნაკვეთებთან შედარებისათვის: “ხის ჩრდილში ვიჯექი და ველოდი მოუთმენლად. ამ დროს ეზოში მოვიდა ერთი ყმაწვილი (ფოსტალიონი), რომელიც დამაცქერდა და მკითხა: სომხური თუ იციო, ვუპასუხე, რომ ცოტა ვიცი. მან მითხრა: აქ გასაყიდად მოგიყვანეს, სამუდამოდ დაიკარგები, ეცადე გაიქცეო’’. “ - მეოთხედ მყიდიან! - მწარედ გავიფიქრე. ცხენებზე ორ-ორი შეგვსვეს. კარგი მანძილი, რომ გავიარეთ, ჩვენ ქარავანს თათრები დაესხნენ, ბრძოლა გახურდა. შემდეგ მექარავნეებმა მომხდურთაგან ზავი ითხოვეს. შეთახმდნენ: სომეხი ბავშვები თათრების ხელში გადავლენ, ხოლო ქართველები თავის პატრონებთან. რუსტამი ქართველია, მაშასადამე, თავის საძაგელ და ყაჩაღ მამობილთან რჩება. . .” ბონაპარტი საფრანგეთში დასაბრუნებლად ემზადებოდა და სურდა ორი მამლუქი თან წაეყვანა. . . ალბაქირს უკვე შერჩეული ჰყავდა ორი მამლუქი. ბატონმა ელიასმა ისინი გენერალს მიჰგვარა, მაგრამ ერთმა მათგანმა ტირილი მორთო. ბონაპარტი ელიასს გაუწყრა, მტირალა მამლუქები არ მინდა, უკან წაიყვანეთო. მაშინ ბატონმა ელიასმა გენერალს მიმართა: “შეიხს მისწერეთ,Mმომცეს ის მამლუქი, რომელიც თან დაჰყვება. იგი კარგი მსახურია, ქართველია”. აღარ გავაგრძელებ. მართლაც საოცარია, ასეთი რა მოგონებები, დღიურები თუ მემუარები დაწერა ამდენ უბედურებათა გამოვლილმა მამლუქმა რუსტამმა, სხვადასხვაგვარ წაკითვას რომ იტანს. საკითხავი, ალბათ, ისიც არის, იდენტურია თუ არა ტექსტობრივად ჟურნალ “რევიუ რეტროსპექტივას” მიერ 1883 წელს გამოქვეყნებული და პოლ კოტენის მიერ გამოცემული მემუარები? ბოლოს ქართულ ენციკლოპედიას მივმართავ, სტატიაში, რომლის ავტორია პროფ. გ. ჟორდანია, რუსტამი ქართველ როსტომ რაზმაძედ არის გამოცხადებული. სამწუხაროდ, წყარო მითითებული არ არის, მაგრამ უსაფუძვლოდ არ იქნება ასეთი კატეგორიული დასკვნა, ჩემში ეჭვს არ იწვევს. და მაინც, როსტომ რაზმაძე, საიდან? ბოლოს და ბოლოს, ვინ არისე ს მამლუქი რუსტამი? გაზეთი “სოფლის ცხოვრება”, 1990 წლის მაისი მინაწერი: “ექვსიოდე წლის წინ გაზეთ “ალიაში” გამოქვეყნდა ბ. გეგეშიძის საინტერესო წერილი “ნაპოლეონის მეგობარი ქართველი”, რომელშიც კიდევ ერთი წყაროა მოხსენიებული! Nაპოლეონის 25 ტომად გამოცემული მემუარები. წერილში მოტანილია რუსტამზე ნაპოლეონის სიტყვები – “მე გარშემორტყმული ვარ ფრანგებით, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო გვეხმარებიან. ეს კაცი კი, ქართველი შორეული საქართველოდან გულწრფელად არის ჩემზე მონდობილი და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს”. გარდა ამისა, საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ რუსტამის სახელი შესულია საფრანგეთის ისტორიაში, ფრანგულ ენციკლოპედიაში, ხოლო პარიზიდან 50 კილომეტრზე მდებარე ქალაქ დურდანის პანთეონი, სადაც იგი 62 წლის ასაკში მეუღლის გვერდით 1845 წელს დაიკრძალა, შეტანილია საფრანგეთის ტურისტულ მარშრუტში.
|