პირველად ისტორიაში, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველების ისტორიული დებიუტი ევროზე, 11 იანვარს, გერმანიის ქალაქ მანჰეიმში, SAP არენაზე შედგება - საქართველო პირველ შეხვედრას ნიდერლანდებთან გამართავს. მანჰაიმშივე ჩაატარებს ჩვენი გუნდი E ჯგუფის კიდევ ორ მატჩს: 13 იანვარს - ევროპის მოქმედ ჩემპიონ შვედეთთან და 15 იანვარს - ბოსნიასთან.
საქართველოს ნაკრების მატჩები ევრო-2024ზე
ევროპამდე საქართველომ ტესტ-მატჩებში დაამარცხა ბუქარესტის CSM 31:21, რუმინეთის მეორე ნაკრები 33:28, სლოვაკეთი 32:27, საუდის არაბეთი 31:26, ქუვეითი 34:30 და „კარპატების თასის“ ფინალი წააგო რუმინეთთან 25:31. ევროპაზე საქართველოს ტრავმის გამო დააკლდება ერთ-ერთი ლიდერი, საფრანგეთის „შამბერის“ წევრი ნიკოლოზ კალანდაძე, მას ნაკრებში გამართულ 41 მატჩში 209 გოლი აქვს გატანილი.
სლოვაკეთთან მოგებული ტესტი "კარპატების თასზე"
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაზე ევრო-2024-ზე
12. ზურაბ ცინცაძე (აზოტი პულავი, პოლონეთი)
87. დავით ნიქაბაძე (სარატოვი, რუსეთი)
3. გიორგი ლაპიაშვილი (ბათუმი)
7. ხაზეინ რუსტამოვი (ისკრა, ბოსნია-ჰერცეგოვინა)
9. გიორგი არეშიძე (სტუ-პეგასი)
10. ირაკლი კბილაშვილი (პოტაისა ტურდა, რუმინეთი)
11. გიორგი ცხოვრებაძე (გუმერსბახი, გერმანია)
14. თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი, ჩრდილოეთ მაკედონია)
15. ირაკლი გოგოლაძე (ბათუმი)
16. გიგი რუხაძე (ქუთაისი 2015)
18. ერეკლე არსენაშვილი (პუენტე ხენილი, ესპანეთი)
21. სანდრო დარსანია (ბელენენსეში, პორტუგალია)
24. ზურაბ გოგავა (კოტბუსი, გერმანია)
30. ზურაბ აბრამიშვილი (ბათუმი)
34. მირიან გავაშელიშვილი (მეტალოპლასტიკა, სერბეთი)
71. გიორგი დიხამინჯია (ლოვოშიცე, ჩეხეთი)
87. ზურიკო სიმონია (ქუთაისი 2015)
მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე
მწვრთნელი: შოთა თევზაძე
ევრო 2024-ის ყველა ჯგუფი
ქართველმა ხელბურთელებმა გერმანიაში, ევრო 2024-ზე თამაშის უფლება, 2023 წლის 30 აპრილს მოიპოვეს. საქართველომ სტუმრად, ტატაბანიაში სენსაციური მარცხი აგემა ფავორიტ უნგრეთს 31:30, მე-6 შესარჩევ ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და როგორც საუკეთესო მესამეადგილოსანი ევრო 2024-ის ფინალისტი გახდა. შესარჩევ ეტაპზე ნაკრებს ორი ლიდერი ჰყავდა მეკარე ზურაბ ცინცაძე და გიორგი ცხოვრებაძე, რომელიც ახლა გერმანიის „გუმერსბახის“ ღირსებას იცავს, გიორგი 42 გოლით საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია ტიტე კალანდაძე, მან ნაკრები 2022 წლის ოქტომბერში, შესარჩევი ციკლის დაწყების წინ ჩაიბარა, როცა რუმინელი სპეციალისტი ფლორინ სანდუ იაკობი შეცვალა.
ქართული ხელბურთის ისტორია
60-იანი წლების ვარსკვლავი ჯემალ ცერცვაძე
ხელბურთი, რომლის გამოგონებაც მე-19 საუკუნის ბოლოს დანიელი ოლიმპიელისა და ფიზკულტურის მასწავლებლის ჰოლმარ ნილსენის სახელს უკაშირდება, რუსეთის იმპერიაში თავდაპირველად, ქალაქ ხარკივში გავრცელდა. ეს 1908 წელს მოხდა. სწორედ უკრაინიდან შემოვიდა სპორტის ეს სახეობა საქართველოში, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში.
უკვე 60-იან წლებში, ჩვენს ქვეყანაში ხელბურთის ნამდვილი ბუმი დაიწყო. ამ პერიოდში თბილისის „ქარიშხალამ“ („ბურევესტნიკი“) ორჯერ მოიგო სსრკ-ს ჩემპიონობა (1962, 1964), სამჯერ ვერცხლის (1965, 1966, 1967) და ერთხელ ბრინჯაოს მედლებს (1963) დაეუფლა. 1964 წელს, ევროპის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში, „ქარიშხალას“ და ზაგრების „მედვეშჩაკის“ განმეორებით მატჩს, სპორტის სასახლეში, სარეკორდო 16 ათასი მაყურებელი დაესწრო.
60-იანების კიდევ ერთი ვარსკვლავი იმედო ფხაკაძე
1966 წლიდან, თბილისელი მაყურებელი განებივრებული იყო, უძლიერესი ევროპული ნაკრებების სტუმრობით, რომლებიც „ზარია ვოსტოკას“ პრიზის მოსაგებად, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჩამოდიოდნენ. ამ პერიოდში საქართველოს მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჰყავდა: პირველ რიგში ჯემალ ცერცვაძე, რომელმაც ფენომენალური შედეგი აჩვენა, კარიერის მანძილზე 7000 ბურთი გაიტანა, მათ შორის 276 გოლი ნაკრებში. 1961-1972 წლებში, იგი ზედიზედ 10-ჯერ გახდა სსრკ-ს საუკეთესო ბომბარდირი. ცერცვაძემ სამ მსოფლიოზე ითამაშა (1964, 1967, 1970). მსოფლიოზე ასევე ითამაშეს მეკარე ჯემალ აბაიშვილმა (1964, 1967), ანზორ ექსეულიძემ (1967) და იმედო ფხაკაძემ (1967, 1970). ამ პერიოდში, სსრკ-ს ნაკრები მთავარი მწვრთნელი იყო გიორგი შარაშიძე, თბილისის "ქარიშხალას" მთავარი მწვრთნელი
სსრკ-ს პირველი ჩემპიონი ხელბურთში თბილისის "ქარიშხალა", 1962
„ქარიშხალას“ შემდეგი წარმატება უკვე მთავარი მწვრთნელის გარი მაჭავარიანის და თბილისელთა ახალი ვარსკვლავის ალექსანდრე ანპილოგოვის სახელს უკავშირდება. 1978 წელს, „ქარიშხალამ“ პირველად სსრკ-ს თასი მოიგო, 1977, 1980 და 1981 წლებში კი ისევ ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. ალექსანდრე ანპილოგოვი ქართული ხელბურთის ლეგენდად იქცა. მან 1976 წელს, მონრეალის ზაფხულის ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიგო; 1978 წელს, დანიაში, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზეც - ვერცხლი და 1982 წელს, გერმანიაში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალში სსრკ-მ იუგოსლავია დაამარცხა, ანპილოგოვმა კი 5 ბურთი გაიტანა.
მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავი თბილისელი ალექსანდრე ანპილოგოვი
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ხელბურთი, ისევე, როგორც სპორტის სხვა სახეობები კრიზისმა მოიცვა. კონკურენციის არარსებობის გამო, თბილისის სტუ-შევარდენმა 22-ჯერ (1990-2008; 2012-2015) მოიგო საქართველოს ჩემპიონატი; ამის მიუხედავად, ხელბურთელთა ნიჭიერი თაობა მაინც წამოვიდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან, ყველაზე ახლოს, 1999 წელს იყო, როცა პლეი ოფი დანიასთან დავთმეთ (23:31, 25:32).
ამ თაობიდან ყველაზე შორს, „შევარდენის“ და ნაკრების მეკარე როლანდ ერაძე წავიდა. მან მოქალაქეობა შეიცვალა და 2004 წელს, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 2005 და 2007 წლების მსოფლიოზე, ასევე 2006 წლის ევროპაზე, ისლანდიის ღირსება დაიცვა. საკმაოდ წარმატებული საკლუბო კარიერა ჰქონდათ სერგო დათუკაშვილს, რომელმაც გერმანიის ბუნდესლიგაშიც ითამაშა და ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარ მწვთნელს, ტიტე „გოლი“ კალანდაძესაც.
საქართველოს და "სტუ-შევარდენის" ყოფილი მეკარე რონალდ ერაძე, ისლანდიის მაისურით, 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
„ხელბურთი საქართველოში ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო..სავსე დარბაზები და ეიფორია მთელ ქვეყანაში. როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ იყო რამდენიმე კარგი და იმედისმომცემი თაობა, მაგრამ არ ვიცი, როგორ ვთქვა, ჩვენ ყოველთვის რაღაცა გვაკლდებოდა. უნგრეთთან მატჩის წინ გმირობის ყველას ნაკლებად სჯეროდა, მაგრამ სპორტულმა ვაჟკაცობამ ეს გამარჯვება მოგვიტანა“ - ამბობს ვეტერანი ხელბურთელი რევაზ ჭანტურია, რომელიც ამჟამად მაკედონიაში მოთამაშე მწვრთნელია.
წინა თემები
ხელბურთი (post #3631567)ქართული ხელბურთი (post #29693961)