„ნაცმოძრაობის“ შემომწირველების ნაწილი სოციალურად დაუცველია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველების ნაწილი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და ხელისუფლებისგან 30-ლარიან დახმარებას ითხოვს, ნაწილს კი საცხოვრებელი სახლი და სხვა ქონება იპოთეკით აქვთ დატვირთული.
ამის შესახებ „ბი-ტი-ვი სტუდიოს“ მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი.
„შემომწირველთაგან 27 პირი, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებულები მმართველ პარტიას სულ 651 440 ლარი გადაურიცხეს, ხოლო 25 პირი, რომელთა სახლი და სხვა ქონება იპოთეკით აქვთ დატვირთული „ნაცმოძრაობას“ საერთო ჯამში 760 935 ლარი გადაურიცხეს. გარდა ამისა, შემომწირველთაგან 7 პირის ქონება დაყადაღებულია, მათ კი ჯამში 283 956 ლარით დააფინანსეს მმართველი პარტია,“ - ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.
„ბი-ტი-ვი სტუდიოს“ ჟურნალისტები „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ შემომწირველს ჰამლეტ ამისულაშვილსაც ესტუმრნენ. როგორც აღმოჩნდა მას ერთ-ერთ სააქციო საზოგადოებაში აქვს წილი, თუმცა აღნიშნული კომპანია 2003 წლიდან არ ფუნქციონირებს. მას არც ხელფასი აქვს.
როგორც თავად ჰამლეტ ამისულაშვილი განმარტავს, იგი კომუნისტობის დროიდან თანამდებობაზე მუშაობდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ის დანაზოგი შესწირა.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 19 ივნისიდან 9 აგვისტომდე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 652-მა ადამიანმა გადაურიცხა თანხა. მათი შემოწირულობა ჯამში 14 414 134.1 ლარს შეადგენს.
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...=11371&Itemid=1