anthropod
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 24962
წევრი No.: 19410
რეგისტრ.: 20-April 06
|
#55397335 · 23 Oct 2019, 08:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Choncxis mzera @ 22 Oct 2019, 15:09 ) | დაგვკარგეს უკვე ფაქტიურად
ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი „პორტერი“ შევიდა
11:33, 22.10.2019 ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურს ესტუმრა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი ემსახურება აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. საელჩოს ცნობით, ეს გემის მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას.
USS Porter (DDG 78) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები, მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.
USS Porter-ის ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან.
აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.
USS Porter-ის მეთაურია კაპიტანი ქრეგ ტრენტი. ხომალდზე იმყოფება 39 ოფიცერი და 282-კაციანი პერსონალი. ხომალდის ზომებია: სიგრძე – 154 მეტრი, სიგანე – 20 მეტრი, წყალწყვა – 11 მეტრი.
ხომალდი USS Porter წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და „ნატო“-ს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.
მე-6 ფლოტი, რომლის სათაო ოფისი ნეაპოლშია, ახორციელებს ერთობლივ და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს. ხშირად ეს ოპერაციები ტარდება მოკავშირე და უწყებათაშორის პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროპასა და აფრიკაში.
https://1tv.ge/news/batumis-portshi-ashsh-i...Bt3j8_98DHTU8yU |
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი ერთხმად დაამტკიცა 02:22, 23.10.2019 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს. კანონპროექტს 31-მდე თანასპონსორი ჰყავდა, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად დამტკიცებამდე, იგი კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა ერთხმად მიიღეს.
როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია.
ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.
საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას; კერძოდ, კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალისმიერი გზით ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთი ოსეთი მიმდინარე დაკავების, გატაცებისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს.
კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, და მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთი ოსეთი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.
კონგრესი აშშ-ში შესვლის აკრძალვის, ქვეყნიდან გაძევების, ვიზისა, თუ აშშ-ში შესასვლელად საჭირო სხვა შესაბამისი დოკუმენტების არგაცემის/გაუქმების, შესაბამისი ტრანზაქციების დაბლოკვის/აკრძალვის და ფინანსური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით, ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში და 180 დღიან პერიოდში მინიმუმ ერთხელ, ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე კონგრესისთვის დეტალური ანგარიშის წარდგენას.
კანონპროექტით აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას გამოხატავს და ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციულ ძალისხმევას.
კონგრესმენები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან. კანონპროექტი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად განსაზღვრონ მომავალი და დამოუკიდებლად აირჩიონ ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის სხვა ქვეყნებთან, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სხვა ქვეყნის მიერ ჩარევის, დაშინებისა თუ ძალადობის გარეშე.
კანონპროექტის მიხედვით, აშშ-ის პოლიტიკა უნდა იყოს – საქართველოსთან კონსულტაციის გზით, გააძლიეროს საქართველოს მიერ საფრთხის თავიდან აცილების, წინააღმდეგობის გაწევისა და თვითდაცვის შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ქვეყნისადმი აშშ-ის შესაბამისი დახმარების გზით. საკანონმდებლო აქტით კონგრესი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის გზით, მოამზადოს და აშშ-ის კონგრესს წარუდგინოს აშშ-ის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში 2008 წლიდან გაწეული დახმარების, საქართველოს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების შეფასების ანგარიში და ასევე საქართველოს მიერ საფრთხის თავიდან აცილების, წინააღმდეგობის გაწევისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მომავალი ხუთი წლის სტრატეგია. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული, საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. ამ კანონპროექტის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აშშ-ის სხვა შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის გზით, კონგრესს უნდა წარუდგინოს საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე ანგარიში.
კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ამ კანონპროექტის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აშშ-ის სხვა შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის გზით, ზემოხსენებულ საკითხზე აშშ-ის კონგრესს უნდა წარუდგინოს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თაობაზე ანგარიში.
როგორც შემდგომი ნაბიჯი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. სენატის შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, იგი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში იგი კანონის ძალას შეიძენს.
* * * ნიუ-იორკის შტატის კონგრესმენი - მხარი უნდა დავუჭიროთ შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს დაიცავს 01:38, 23.10.2019 ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს მტრული წინააღმდეგობის გამკლავება შეეძლოთ. ეს სინამდვილეს შეესაბამება განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევაში, სადაც პრეზიდენტ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვიან, – ამის შესახებ ნიუ-იორკის შტატის კონგრესმენმა, ელიოტ ელ-ენჯელმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის განხილვისას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა დოკუმენტის წარდგენისთვის ვირჯინიის შტატის კონგრესმენ ჯერალდ კონოლს და საქართველოს მხარდამჭერ აქტს „შეუდარებელი კანონპროექტი“ უწოდა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ჯერალდ კონოლს ამ შეუდარებელი კანონპროექტის წარდგენის გამო. აღნიშნულ ზომას საკმაოდ გადამწყვეტ მომენტში ვიღებთ, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი პარტნიორებთან ურთიერთობებს აძლიერებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს მტრული წინააღმდეგობის გამკლავება შეეძლოთ. ეს სინამდვილეს შეესაბამება განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევაში, სადაც პრეზიდენტ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვიან“, – განაცხადა ნიუ-იორკის შტატის კონგრესმენმა.
ელიოტ ელ-ენჯელმა დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრისას 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია.
„2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მისი გარკვეული ნაწილის ოკუპაცია მოხდინა. ამით რუსეთმა საერთაშორისო სამართალი, ასევე საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია. ახლა, ათწლეულის შემდეგ რუსეთი ამას კვლავ განაგრძობს – კიბერთავდასხმები, დეზინფორმაციის კამპანია, ადამიანის უფლებების დარღვევა. ამიტომ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს დაიცავს. აღნიშნული აქტი მოუწოდებს აშშ-ს, რომ გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ამასთან ერთად აქტი საქართველოს ეხმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ასევე ითვალისწინებს სანქციებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევებში“, – განაცხადა კონგრესმენმა. * * * კონგრესმენი უილიამ კიტინგი - საქართველო რუსეთის აგრესიის წინა ხაზზეა უკრაინასთან ერთად, ამიტომ, აუცილებელია, აშშ-მა მას მხარი დაუჭიროს 01:49, 23.10.2019 დღეს საქართველო რუსეთის აგრესიის წინა ხაზზეა უკრაინასთან ერთად, ამიტომ, აუცილებელია, რომ აშშ-მა დაუჭიროს მხარი საქართველოს, რომ ის წინ აღუდგეს რუსეთს, – ამის შესახებ მასაჩუსეტსის შტატის კონგრესმენმა, უილიამ კიტინგმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აშშ-თან პარტნიორობის ხანგრძლივი და ნაყოფიერი ისტორია აქვს და ის არის რეგიონში მთავარი მოთამაშე.
„ის არის რეგიონში მთავარი მოთამაშე. სამწუხაროდ, საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დრამატული მოვლენების გამო აღმოჩნდა; რუსეთი შეიჭრა საქართველში და მოახდინა ამ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. ამ დროიდან მოყოლებული რუსეთი განაგრძობს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას.
დღეს საქართველო რუსეთის აგრესიის წინა ხაზზეა უკრაინასთან ერთად, ამიტომ, აუცილებელია, რომ აშშ-მა დაუჭიროს მხარი საქართველოს, რომ ის წინ აღუდგეს რუსეთს – როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესების, ასევე რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიებთან ბრძოლით, რათა საქართველომ განაგრძოს გზა მიზნისკენ, იქცეს ძლიერ და სუვერენულ დემოკრატიად.
ამაყი ვარ დღეს მხარი დავუჭირო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო მუდამ იყო მტკიცე პარტნიორი აშშ-ისთვის და ამაყი ვარ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ საქართველოს ჩვენს მხარდაჭერას ამ კანონით“, – განაცხადა მასაჩუსეტსის შტატის კონგრესმენმა. * * * ჯერალდ კონოლი - საქართველოს მხარდამჭერი აქტით აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას 01:23, 23.10.2019 ვირჯინიის შტატის კონგრესმენ ჯერალდ კონოლის განცხადებით, საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტით აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას და მხარს უჭერს ქვეყნის განვითარებას.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დოკუმენტის განხილვისას ჯერალდ კონოლმა მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორპარტიული აქტით აშშ ეწინააღმდეგება რეგიონში რუსეთის აგრესიას.
„კანონპროექტის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ის მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, მათ შორისაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება რეგიონში რუსეთის აგრესიას, რომელიც ნამდვილად არ არის მხოლოდ თეორია. რუს სამხედრო მოსამსახურეებს ოკუპირებული აქვთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთის მხრიდან ფიქსირდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შემთხვევები. მათ შორისაა მიმდინარე დაკავებები და მკვლელობები. რუსი სამხედრო მოსამსახურეები განაგრძობენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაწევას“, – განაცხადა კონოლმა.
დოკუმენტის წარმდგენმა სიტყვით გამოსვლისას ასევე საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ნატო-ს საკვანძო პარტნიორია.
„მინდა, ხაზი გავუსვა ფაქტს, რომ საქართველო არის ნატო-ს კონტრიბუტორი ქვეყანა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში სამჯერ ვარ ნამყოფი და მჯერა, რომ ის ნატო-ს საკვანძო პარტნიორია“, – განაცხადა კონოლმა. * * * კონგრესმენი ადამ კინზინგერი - ვუგზავნით მტკიცე სიგნალს პუტინს, კარგად დაფიქრდეს, სანამ საქართველოს საქმეებში კიდევ ჩაერევა 02:09, 23.10.2019 საქართველო არის აშშ-ის ძლიერი მოკავშირე და მისი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა არის გადამწყვეტი ევროპის უსაფრთხოებისა და აშშ-ის ინტერესებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის განხილვისას კანონპროექტის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ილინოისის შტატის კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა განაცხადა.
როგორც რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დოკუმენტის წარდგენისას აღნიშნა, რუსეთი განაგრძობს ჩარევას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში და მოსახლეობაში ქაოსს ქმნის.
„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ, ეს ქვეყანა ჩართულია ბრძოლაში არსებობისთვის, პუტინის ღია აგრესიის გამო. უკვე ათ წელზე მეტია რუსეთი განაგრძობს საქართველოს ნაწილების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, რაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს წარმოადგენს. პუტინმა ააგო სამხედრო ბაზები, დაამონტაჟა ღობეები მშვიდობიანი მოქალაქეებს მიწებზე და ოკუპირებულ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილება შეზღუდა. ოკუპაციის გამო ათასობით ქართველი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, მათ ვინც უარი თქვა საკუთარი სახლის მიტოვებაზე, ახლა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებთან უწევს შეგუება. მეტიც, რუსეთი აგრძელებს ჩარევას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში და თესავს ქაოსს მოსახლეობაში“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.
მისივე თქმით, საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„ასევე ვაგრძელებთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების მხარდაჭერას. ამ კანონში მოვითხოვთ საქართველოსთვის უსაფრთხოების დაცვაში დახმარების გაძლიერებას, კიბერუსაფრთხოების სფეროში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და საქართველოს შესაძლებლობების განვითარებას, რათა ის უკეთ დაუპირისპირდეს რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს კანონი აძლევს უფლებას პრეზიდენტს სანქციები დააწესოს იმ ფიზიკური პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე. ამ კანონის მიღება არის შესაძლებლობა, ვაჩვენოთ საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს აშშ-ის მისიაში ავღანეთში. ჩვენ ვუგზავნით მტკიცე სიგნალს პუტინს, რომ კარგად დაფიქრდეს, სანამ საქართველოს საქმეებში კიდევ ჩაერევა“, – განაცხადა კონგრესმენმა.
--------------------
Hovercraft - Anthropod https://youtu.be/cNvEJD1OYbY via @YouTube
|