სტატია ქართული სამოსის შესახებ
"ისევე როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველებიც უძველესი დროიდანვე, ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ. რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებდა. მკვლევართა აზრით, სხეულის ხელოვნური საფარის, ტანსაცმლის ფორმებს განსაზღვრავს ეთნიკური ნორმები და ეკოლოგიური პირობები, სამეურნეო მდგომარეობა და ხალხთა შორის კულტურულ-ისტორიული კავშირი. ადამიანმა ქვის ხანაში ისწავლა ტყავის დამუშავება, ნაჭრების ერთმანეთზე გადაბმის ხერხი. უფრო მოგვიანებით კი აითვისა ქსოვის ტექნიკა.
ტანსაცმლის პირველყოფილი სახეა შეუკერავი მოსასხამები და სხეულის გარკვეული ნაწილების დასაფარავი ნაჭრები. პირველიდან განვითარდა სამხრე, მეორიდან წელსქვედა სამოსელი. ფეხის უმარტივესი საფარავი საფუძვლად დაედო ფეხსაცმლის ფორმებს. ტანსაცმლის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა კლიმატურმა პირობებმა. ტროპიკულ ქვეყნებში დამკვიდრდა თეძოზე შემოსახვევი სამოსელი, ცივსა და არქტიკულ ქვეყნებში - ბეწვის ტანსაცმელი.
საზოგადოების განვითრების გარკვეულ ეტაპზე ერთმანეთს გაემიჯნა ქალის და მამაკაცის, გათხოვილი და გასათხოვარი ქალის, ყოველდღიური და სადღესასწაულო, რიტუალური, საქორწილო და სამგლოვიარო და სხვა ტანსაცმელი. გაჩნდა ტანსაცმლის პროფესიული და კლასობრივი სახეები.
ძველი ხალხებიდან სიშიშვლეს მხოლოდ ბერძნები არ ერიდებოდნენ, მაგრამ ბერძნულ გემოვნებას და ტრადიციებს ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობამ, ბიზანტიაში დაიწყეს მძიმე ქსაოვილისგან შეკერილი სამოსის ტარება, რაშიც ადამიანის სხეული გაუჩინარდა. სხეულის წარმომჩენი სამოსი უფრო მოგვიანებით გაჩნდა ევროპის ხალხებში, რასაც საფუძვლად დაედო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსული ელემენტები-შარვალი და ხალათი.
მრავალი საერთო ელემენტი აქვს კავკასიელ ხალხთა სამოსელს. განსაკუთრებით მამაკაცის ტანსაცმელს, რომელიც ჩოხა-ახალუხით, შარვლით, ტყავის ფეხსაცმლითა და ქუდით არის დაკომპლექტებული და ვერცხლის იარაღით გაწყობილი. ქალის ტანსაცმელი უფრო რეგიონალური იყო, მაგრამ ყაბარდოელების, ჩერქეზების, ოსების და ქართველების კოსტიუმთა შორის სიახლოვე აქაც შეიმჩნევა. კავკასიას, კერძოდ საქართველოს, თავისი მდგომარეობისა და მდებარეობის გამო ურთიერთობა ჰქონდა ძველი და ახალი სამყაროს ქვეყნებთან. საბერძნეთი, რომი, ბიზანტია, ირანი, ოსმალეთი, დასავლეთ ევროპა, რუსეთი.) ამ კონტაქტების შედეგად ქართველმა ხალხმა აითვისა და შემოქმედებითად გაითავისა, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ცივილიზაციათა მიღწევები. ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფადი კულტურა, კერძოდ ტანსაცმელი. საერთო კავკასიურ ტრადიციებთან ერთად ამ ფართო კავშირების კვალსაც ატარებს.
საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ სამოსელის დასამზადებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილებს. დასამაგრებლად და მოსართავად ხმარობდნენ ღილებს, ხრიკებს, ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს და ა.შ.
ქართული ტანსაცმლის ისტორიას არქეოლოგიურ მასალებთან ერთად ავსებს უცხოელ მოგზაურთა ცნობები, სადაც ქართველთა წინაპარი ტომების სამოსელზეა საუბარი. ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამოსელის ნიმუშების აღდგენა ხდება ძირითადად სტელებისა და ტაძრების ფასადების მიხედვით. ამ მასალას ემატება ფრესკების, ჭედური ხელოვნების ნიმუშების, საფლავის ქვების, ნუმიზმატიკის, მინიატურების, ისტორიული წყაროების, ლიტერატურული ძეგლების მონაცემები და უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები. დადგენილია ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამოსელის სხვადასხვა სახეობები. სამეფო-სადედოფლო, საერისკაცო, სამოხელეო, სამღვდელთმოძღვრო, ბერული, ვაჭრული, სამხედრო, სამგზავრო ანუ საღარიბო, სადიაცო, სამამაცო. ასევე დანიშნულებით განსხვავებული ფორმები: საშინაო და საგარეო, საქორწინო, სამგლოვიარო. შესწავლილია ე.წ. სამოსელი ქუეშეთი და სამოსელი ზეითი. ხერხდება ტანსაცმლის ფორმათა მონაცვლეობის დადგენა სხვადასხვა ისტორიული ეპოქისთვის. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დამოწმებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელებული ტანსაცმლის სხვადასხვა კომპლექსი, რომლებიც ხანგრძლივად გამოყენების გამო საგრძნობლად დაშორდნენ თავდაპირველ სახეს.
უძველესი ფორმები შემოინახა მთამ, სადაც განსაკუთრებით საინტრესოა ქალის ტანსაცმელი. აქ გამოყენებული ორიგინალური ელემენტებისა და გაწყობის ხერხების მრავალფეროვნება ქართული ხალხური ჩაცმულობის განუმეორებელ კოლორიტს ქმნის. ასეთია ხევსურული, რაჭული, თუშური, მოხევური, აჭარული, ინგილოური და სხვა კომპლექსები. ქალის ხევსურული ტალავარი შედგება კვართისებრი თარგის კაბისგან. - სადიაცოსგან. რასაც ახლავს ზემოდან შემოსაცმელი ქართული გახსნილ სახელოებიანი ფაფანაგი, ან მოკლესახელოებიანი "ქოქოლო", ჩიხტისმაგვარი თავსაბურავი სათაურა და თავზე შემოსახვევი მანდილი. ფეხზე იცვამენ ყელიანი წინდის მსგავს თათებს. ან წინდა პაჭიჭს. ამ კომპლექსის ძირითადი ნიშანია ყველა ელემენტის ფერადი ნაქარგითა და ვერცხლის სამკაულით შემკობა.
თუში ქალის სამოსი სისადავით გამოირჩევა. ერთმანეთს ენაცვლება შავი, ლურჯი და თეთრი ფერები. ძირითადი ელემენტია შალის ერთიანი კაბა - ჯუბა პერანგისებური თარგით, დეკორაციული სახელოებით შედგენილი ტყავის სამოსელი სახელჩაქნეულა, თავზე დასადგომი კუჭურა, და მოსახური მანდილი. ფეხზე ნაქსოვი ჩითები. მოხევე ქალის ჩასაცმელი შეიცავს ისეთ ელემენტებს (კაბა, საგულე, რომელბიც წერილობით წყაროებში მოწმდება და წინ უსწრებს სარტყელ-გულისპირიან ქართულ კაბას. მამაკაცის ჩამულობაში მიუხედავად საგრძნობი ერთგვაროვნებისა, მაინც ხერხდება ზოგიერთი თავისებური კომპლექსის გამოყოფა. ასეთია ხევსურული ტალავარი, რომელშიც შედის ზედატანი, პერანგი, და შარვალ-ნიფხავი, ჩოხა, მრგვლად შეკერილი ნაბდის ქუდი, შიბით ნაქსოვი ფეხსაცმელი, თათები ან ქალამანი ჯღანი და სხვა.
ჩაქურა გავრცელებული იყო აჭარაში. გურიაში და ნაწილობრივ სამეგრელოში. აჭარული კომპლექსის ელემენტებია შალის მოკლე ზედატანი, კვატუჯა ჩოხაჭონია, შალისავე ფართოუბიანი და ხვანჯრით შეკრული შარვალი ჩაქურა, ორჯიბიანი და საყელოიანი ახალუხი ზუბუნი, განიერი და გრძელი კუბოკრული აბრეშუმის სარტყელი თოლა ბულუსი, ყაბალახი, ფეხსაცმელი ლაფჩინი და წინდა პაჭიჭები.
თარგის ორიგინალობითა და შესრუელბის ხელოვნებით კავკასიაში ბადალი არ მოეპოვება ხევსურულ ტალავარს, რომლის შემქმნელთაც იშვიათი ოსტატობით მოუნახავთა ორნამენტის შერჩევის, ფერთა შეხამებისა და სამკაულის მორთვის ხერხები. ქართლის და კახეთის ტანსაცმლის ტიპების მსგავსებას აღნიშავს ისტორიული წყაროები. ეს ტრადიცია მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშიც გრძელდება. აქ დამოწმებულია ტანსაცმლლის კომპლექსი, რომელიც კაბა-ახალუხის ერთიანობას ეფუძნება. ჩაცმულობის ამ ტიპმა მეცხრამეტე საუკუნისთვის უნიფიცირებული ფორმა მიიღო და ფართოდ გავრცელდა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, შედარებით ნაკლებად გურია-სამეგრელოში. ასევე გამონაკლისს შეადგენს მთის ზოგიერთი რეგიონი. ქართული ჩაცმულობა მეცხრამეტე საუკუნეში საქორწინო სამოსლის ერთადერთ სასურველ ფორმად იყო მიჩნეული და მას როგორც საზეიმო სამოსელს კავკასიაში მრავალრიცხოვანი მომხმარებელი ჰყავდა.
მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გაძლიერდა ევროპული გავლენა. ეს პროცესი პირველად ქალის სამოსელს დაეტყო ( გაქრა შეიდიში, ახალუხი, ქოშები.) 60 - იან წლებში ქალის კაბა ხაბარდიანი გახდა. 80 - იან წლებში კი გაჩნდა ქალის ახალი ტიპის კაბა, ახალი ტიპი პრინცესა, ანუ კუდინაი კაბა გარკვეული სახეცვლილებითურთ. მამაკაცის ჩასაცმელიდან მოკლე სამოსელი, ყურთმაჯიანი კაბა და ნაოჭიანი ახალუხი შეცვალა გრძელმა ჩოხა-ახალუხმა, ე.წ. ჩერქეზკამ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გლეხობაში დაცული "ქართული ჩაცმულობა" აერთიანებდა "საქალო" ტანსაცმელში (საცვლების გარდა) კაბას, ქათიბს, თავსაბურავს-ჩიხტას თავსაკრავებითა და კოპით. ლეჩაქ-ბაღდადს, წინდებსა და ფეხსაცმელს. ქართული სარტყელიან-გულისპირიან კაბას ჰქონდა განსხვავებული მოქარგული და მძივებით შემკული გულისპირი და სარტყელი, რომლის დეკორი მცენარეული მოტივებისგან შედგებოდა.
საკაცო ტანსაცმელში შედიოდა საცვლები, შარვალ-ახალუხი, ჩოხა, ქამარი, ნაბდის პატარა ქუდი, ან ცხვრის ტყავის მრგვალი ქუდი. ტყავისავე ქალამანი და წუღა-მესტი, შალის წინდები და პაჭიჭები. ამ კომპლექსის ძირითადი ელემენტი იყო ჩოხა-ახალუხი. ქამარი ვერცხლის ნაწილებით იყო შემკული და ზედ ხანჯალი ეკიდა. ამ კომპლექსების გარდა არსებობდა ტანსაცმლის პროფესიული და სოციალური ნიშნით განსხვავებული სახეობანი. ასევე საგარეო, სადღესასწაულო, თუ სამგლოვიარო სამოსელი. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მკელის სპეციალური ტანსაცმელი - სამკდილი. სახელოსნო ცენტრებში გავრცელებული მოქალაქის ტანსაცმელი, თბილისელი ყარაჩოხელების ტანსაცმელი, დასავლეთ საქართველოში დადასტურებული სამგლოვიარო სამოსელი-გაქა და სხვა. ხშირად დამოუკიდებელი მნიშვნელობით გამოიყოფა არა მხოლოდ კომპლექსები, არამედ ცალკეული ემენეტებიც, როგორიცაა მაგალითად სვანური ქუდი, (ნაბდის, მრგვალი), იმერული ფაფანაკი (მრგვალი ან ოვალური, კუთხეებამაღლებული და ოქრომკედით ნაქარგი, რომელიც თმაზე აფენია კაცებს), ხელოსნის ვერცხლის მთლიანი ქამარი (მსხვილგობაკებიანი), მონადირის ბანდულები (თასმებდახიდულძირიანი ქალამანი), მწყემსის გვაბანაკი (ნაბდის წამოსაცმელი, მოკლესახელოებიანი და თავზე წამოსადები), ზამთარში ჩასაცმელი გლეხური ქუდები ან საბეჭურები (ტყავი-გრძელი ქურქი, ტყაპუჭი-მოკლე ქურქი, ტყავკაბა-ტყავზე ქსოვილგადაკრული ქურქი. და ა.შ. ) ნაბადი და მრავალი სხვა. ქართული ჩაცმულობის ელემენტთა სიმრავლე მოწმობს დასამზადებელი მასალის ნაირფეროვნებას, გამოჭრის, კერვის, ქარგვისა და ა.შ. ოსტატობის მაღალ დონეს.
ევროპულმა ტანსაცმელმა რომელმაც საქართველოში მეცხრამტე საუკუნის მეორე ნახევარში მოიკიდა ფეხი, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გაბატონებულ მდგომარეობას მიაღწია. დღეს ქართველები ჩაცმულობის მხრივ ორიგინალური და ინდივიდუალური სტილის მიმდევართა რიცხვში ითვლებიან."
იყო ადრე თემაც გახსნილი, მაგრამ რატომღაც არ აღმოჩნდა აქტუალური
ჩვენი წინაპრები და ტრადიციული ქართული სამოსი