სერგი მაკალათია ”თუშეთი” 1930 წ.
იმამ შამილის მიერ გამოგზავნილი 10 000 ჯარი ალდამის წინამძროლობით თავს დაესხა დაღესტნის მოსაზღვრე სოფელ დიკლოს.
თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის პირველ ხანებში შამილი თუშეთთან მეგობრული ურთიერთობის დამოკიდებულების დამყარებას ცდილობდა და ამ მიზნით თუშებთან კაბუჭის მთაზე დიპლომატიურ მოლაპარაკებასაც თურმე აწარმოებდა. მაგრამ მათ შორის შეთანხმება არ მომხდარა. მაშინ შამილს თუშეთის დასარბევად გაუგზავნია ხათილ მუხამა, რომელიც თავისი ლაშქრით ხისოს ლაცას მთაზე დაბანაკებულა. აქედან ხაილ მუხამას რაზმის ერთი ნაწილი სოფ. ხისოსკენ გაუგზავნია, მეორე კი ქუმელაურთაში. ამ ორ სოფელს მიშველებია პირიქითისა და გომეწრის თემის სოფლები, მტერზე იერიში მიუტანია და დამარცხებული ხათილ მუხამა დიდის ზარალით უკანვე გაბრუნებულა.
ამ გამარჯვებისათვის მეფის მთავრობას თუშები სამი წლით გაასახადისაგან გაუთავისუფლებია და ამაზეა ეს ლექსიც გამოთქმული:
ერთხელ თურმე იმამ შამილს მუქარა სთხოვეს პირითა:
შენ მგონია დაიკვეხნე, თუშეთს წავალ საომრათა,
თუ მოხვალ, კი გიმასპინძლებთ თუშები ვაჯკაცურადა,
თუ გახსომს ფარსმის თაობა, ან თუ იცნობდი მურთაზსა,
შენცა ეგრე გიმასპინძლებთ, ესრე გაგგზავნით მტირალსა.
ლაცას რომ დავეჯახენით მაღლა ხისოსა მთაზედა,
სამოცი ლეკი მოგიკალთ, ხმალნი გილეწენთ თავზედა,
ჩვენის თოგების ნაბეჭდით სისხლი აწვიმეთ გზაზედა,
ჩვენმა მთავრობამ შეიტყო, წიგნი დაწერა წამზედა,
ფოშტის ფული გვაპატია სამ წელიწადი კვამლზედა.
მაგრამ თუშების ამ გამარჯვებას ჩქარა მოჰყოლია ლეკების უფრო დიდი ჯარის ტავდასხმა და ალდამის მიერ 1838 წელს სოფ. დიკლოსა და შენაქოს აკლება. ადამი 10000 ჯარით პირველად დაღესტნის მოსაზღვრე სოფ. დიკლოს შესევია და ეს სოფელი გაუნადგურებია, აქ მოვიყვანთ ამ ბრძოლის გალექსილ მატიანეს:
ყური მომიგდეთ, მსმენელო, ლექსად გეტყვით ყველაფერსა,
უწინ ჩვენ მამაპაპანი სისხლით რწყავდეს მთის კალთებსა,
მტერსა მტრულად უხვდებოდეს, ხმლით იცავდენ ჩვენ საზრვრებსა,
დაღესტნის იმამს უთვლიდეს: ,,მოდით, გელოდებით ჩვენცა,
თუ მოხვალთ, კი გიმასპინძლებთ, სისხლსა გასმევთ თქვენვე თქვენსა,
თქვენ მოსოქელებს გვეძახით, ქართველები ¬- ჩვენ თუშებსა”.
ეგ რომ გაიგო შემილმა, თავსა თვისა გეიქნევსა:
,,ეს როგორი ამბავია, ეუბნება ნაიბებსა,
,,რატომ წმინდად არ გაჟღმენტავთ მაგ მამძაღლსა თუშებსა”.
შამილსა ჰყავს ერთი ლეკი, ცოტას იტყვის ბევრს იქმევსა:
,,ჩვენ თუშებს როგორ გავჟღმეტთ, გმირთა ლომსებრ მეომრებსა,
მათში ერთხელ ჯარათ გახლდით მოგვაფარეს სულ გოხებსა,
ტყვიას ხო არ გვაკმარებდეს, ელვა იდგა მათი ხმლისა.
თან დიაცნი დაჰკიოდნენ, ხელთ იხვევდნენ მანდილებსა:
-დახოცეთ, ნუღარ გაუშვებთ ჭაჭანებას მაგათ ძისა!
ბულათ ხანმა ბაგვაზელმა ყველა პირათ მოახსენა:
,,თუშებს ვერვინ ვერ დაიჭერს, ვერცა სხვა და ვერცა ჩვენა.
ერთხელ რომ ჯარათ გამგზავნე, ჯარიც მომე ყველა მხრისა,
ნარჩევ-ნარჩევი ბიჭები ამ შენ ნაქებ დაღესტნისა.
თუშურ მთებს რომ გადავდექით, მიწა გვექცეოდა ძირსა,
ერთ ალაგს დავბანაკდით, კარი სჭამდა ტკბილად პურსა,
ზაქარ, ეგა ჰავარელი, ფიქრთ გართული რათმე ძისა,
უთხარ: ,,ზაქარ, რათა ფიქრობ, რაზე იყურები ძირსა?”
ამოიოხრა და მითხრა ნიშანია ფინთი მხრისა.
გაიხედა, დაინახა, ვინმე იჯდა კლდისა პირსა,
მითხრა: ,,ნეტავ ის ვინ არის, თუ მზირია ჩვენი გზისა”.
უთხარ: ,,მწყემსი ვინმე არი, დაღალული ჩრდილში ზისა”.
თურმე ჩვენი მზვერავია, ოთხი კაციც გვერდს უსხედსა.
ხუთმა სროა აგვიტეხეს, ტყვია მოდის სეტყვასვითა,
ხუთმა თერთმეტი მოგვიკლა, იარაღი ვყარეთ ძირსა,
თურმე თუშებში წელია შერიგებას ნიშნავს ისა.
ახლა შოროთ დაგვიძახეს: ,, ჩვენ ხომ კიდევ ომი გვინდა.
იარაღი ხელთ აიღეთ, ახლა პირი ვცადოთ ხმლისა”.
,,იარაღს თავი ვანებეთ, ბილიკი ვნახეთ ტყისა.
ჯერ ტყეზე ვისირბილევით, მემრე გზებზე მარალ მთისა”.
ჰაჯი მურიმ ხუნზახელმა ყველა უთხრა იმამს პირსა:
,,მე იმათში ვერ გაავალ, არც ბილიკი ვიცი მთისა,
ალდამს ჰკითხეთ დიდოელსა, იმან იცის იმათ მხრისა,
ის არის მათში ნავალი, რა წესი აქვთ თუშთა შვილთა”.
ალდამს უთხრეს: ,,აბა გვითხარ, რა წესი აქვთ შუშთა შვილთა?”
ალდამ უთხრა: ,, მე ვყოფილვარ, დღენი იყვნეს ახალ წლისა,
პური, ალუდი, არაყი მეტად მიმღებნი სტუმრისა.
ცალი მხრივ ვაჟკაცნი ისხდნენ, ლუდსა სვამდნენ ჯიხვის რქითა,
სადღეგრძელოსაც მოსთქომდნენ მტრის მებრძოლი ვაჯკაცისას.
ცალი მხრით დიაცნი ისხდნენ, ღმერთსა სთხოვდნენ მანდილ ხდითა:
,,ღმერთო, უშველე თუშებსა, დაღესტნის იმამი ძირსა!”
ლუდისა მწდენი ქალები წვრილის ხმითა მღეროდიან,
და სიმღერაში მოსთქმიდენ: ,,მტრის გამქცევსა არა ვსტითა,
ჩვენ ყმა იგეთაი მოგვწინს, ვინც მტერს თავს აჭრიდეს ხმლითა,
მტრის მარჯვენებს მოიტანს ლაღი მოყმე კალთებითა,
მიაკრავს ციხის კედელზე, მუდამა ვხედოთ თვალითა”.
მიდგა და მოდგა იმამი, გუნებაში დაფიქრდისა:
,,მოდი, იქ ჯარი გავგზავნო, როს დღენია ახალ წლისა.”
ალდამს უთხრა: ,,შენც წახვალი, ჯარიც მოგცეთ დაღესტნისა,
ალდამ უთხრა: ,, მე კი წავალ, თუ დავბრუნდი ძვირფასს ღირსა”.
ალდამი ჯარს გამოუძღვა, არის მოსდევს დაღესტნისა,
პირველად დიკლოს დაეცნეს, ორღობეა ჩვენ საძღვრისა.
სიტყვობდეს დიკლოელები: ,,რისხვა დაგვეყარა ცისა,
დაღესტნის ჯარი დაგვეცა, აქ ჩვენ მასპინძლობა გვინდა.
თუშეთზე ნუ ვათარეშებთ, სირცხვილია ჩვენთვის ესა,
აქვე ჩვენ გავუმასპინძლდეტ, ვაჭამოთ სისხლის პურია,
თითომ თორმეტი მოუკლათ, მაშინ შენდობა გვეთქმისა”.
დიკლოში დიდი ომია და გრიალი თოფებისა,
თოფი ჭექს, კლდენი უხმობენ, დამღერიან ბუჩქნი ტყისა.
გიოი მოზაიძეი ბექურიძეს ეძახისა:
,,ბერო, ბერო, როგორა ხარ, ხმაი მომდის შენი თოფისა”!
ბერომ წყრომით დაუძახა: ,,გაჯავრებულ ვარ მე დღესა,
გუშინ თორმეტი მოვკალი, თვიდის მეტი ვერა დღესა”,
ახლა გიომ დაუძახა: ,, მაშ სახელი შენ დაგრჩესა”.
მე თორმეტისა მეტი ვერა და თოფიცა ახლა გამიწყდა,
თოფი განზე გაააგდო, ხმალზე გაიკრავდა ხელსა,
ხმალდახმალ გამოუვარდა, ორსავ თავი მოაჭრისა,
ახლა შორით თოფი დაჰკრეს, ლომი გიოც დეეცესა.
მისცვივდნენ და ხანჯლით სჭრიან: ,, შენით ბევრი დედა სტირსა”.
ომობდა ოსორაული, ვაჟი არ ზოგავს თავსაო,
ჯერ ხო ხმალითაც ეომა, მემრ ხელი გაჰკრა ხმალსაო,
ხმალდახმალ გამოუვარდა, უწყალოდ სჭრიდა თავსაო.
ერთსა ლეკსა ხელი სტაცა: მოდ, ძმობილო შენ აქაო”.
შინათკენ მიარბენინებს, როგორც რომ ლომი ცხვარსაო.
შინ შეიყვანა ციხეში, მიუსვა სათოფურსაო:
,,ლეკო, ესროლე ლეკებსა, თორო მოგაჭრი თავსაო”.
ლეკი ესროდა ლეკებსა, ცრემლები თვალთა სდისაო,
,,ოღონდ ნუ მამკლამ, თისოჯან, კიდევაც ვერვრი სხვასაო.
თოსომა ხმალი შემოკრა, თავი მოშორდა ტანსაო,
შენ ცოცხალს ვინღა გაგიშობს, შენ ურჯულოსა ძაღლსაო”.
ნეტავი მოყმე ვინ ომობს, კოშკების მოდის ძგერაო,
იქნება ძაგანაშვილი, აბჯრისა მოდის ჟღერანი.
თოფს ესვრის, თანაც დაჰკივის: ,,ლეკებ დაიცათ თქვენაო,
თუშეთზე ვერ ითარეშებთ, აქვე გეყოფით ჩვენაო,
მასპინძლობასაც გაგიწევთ, სისხლის პირს გაჭმევთ თქვენაო”.
უჯბაგიშვილიც ომობდა, მოყმე ლაღ თექიანიოო,
ქურაზაშვილიც ომობდა, მათზე სულ ბრაზიანიო.
უზომოდ ლეკთა ხოცვიდეს, ეზონ აქვ სისხლიანიო.
სიტყვობდა ვარდიძის შვილი: დაჰკარით ვინც ხართ გულოვანი,
უწინ ჩვენ მამაპაპანი ყოფილან სახელოვანი.
აწ ჩვენც მათ გავედარენით, ნუ მოვკვდებით სირცხვილიანი!
ზემო უბანში ომია, თოფების მოდის გრიალი,
ნოჯარივით მკვდარი ჰყარეს, ლეკები გულშხამიანი,
ერთმანეთს ეუბნებიან: ,,ვაჟკაცობის ეს დრო არი;
რაც სოფელში ჯარი გვიდგა, დღეს მეთვრამეტე დღე არი,
თუ ოცამდე ვიცოცხლევით, მერე სიკვდილი რა არი”.
აბულ მოტყუვდა, მიენდო ლეკსა ვერცხლითა ძმობილსა,
ადგა და მათთან მივიდა ძმობილისა იმედითა.
ყველანი ფეხზე აუდგეს, ჩვენებური მოგვივია,
იარაღი ჩამოართვეს, ჩვენთან შიში შენ არ გინდა,
გარშემო შემოეხვივნეს, ვისაც რომ მის ჯავრი სჭირდა,
ჰკითხვენ: ,,რამდენ მოგვიკალი”, ასე ეტყვის: ვინ დასთვლისა,
კოშკს გარშემო ბევრი ყრია თქვენისთანა ზაღლივითა.
მათ ჟიყჟიყი გააბევრეს, აბულ იცის, მათ რაც უნდათ,
უთხრა: ,,თქვენი ნება არი, მე #####უვდი სირეგვნითა,
იარაღი ჩაგაბარეთ, ხელში დაგრჩით ქალივითა”.
მოლვით თოკი მოიტანეს, გაავიეს ქამანდითა;
ხელფეხი მაგრა შეუკრეს, დააწვინეს ხარივითა,
უწყალოდ ყელი გამოსჭრეს, გაიბერტყა ვეფხვივითა.
ალდამ უთხრა: ,,ეგ აკმარეთ, ნუღარ დასჭრით ხანჯლებითა,
ეგებ ბეროც მოვიყვანოთ ამისთანა თათბირითა:.
ალდამი ბეროს ეძახის: ,,ბერო, შენა ხარ ჭკვიანი,
კაცო, მოდი და შევრიგდეთ, ნუ ხარ სულ ხმალსისხლიანი,
ნუც გვხოცავთ ნურც იხოცებით, კმარა ამდენი ზიანი”.
ბერომან ხმალი უელა: ,,არ მინდა თქვენი თქმანიო,
ამას წინადაც არ მსურდეს ჩემი ძმების მომკლავნიო,
აწაც ისეთი ბერო ვარ, რაც გინდოდეს ის ქენიო,
ახალ წლის დღეს შემოგვლახე, გაგვიმწარე სასმელიო,
უკაცობას დაგვიხედი, აქ არ გვყავდნენ მოძმენიო,
თექვსმეტი გეომებოდით, ვართ ორნიღა დამრჩალიო.
ჩვენ თქვენვე ხელად არ გამოვალთ, ხვთის ფიცი გვაქ ნათქვამიო,
ჩვენი ქართული ეს არის, რაც გინდა ისა ქენიო”.
ალდამმა თავი დაღუნა, გულში იფიქრა ბევრიო,
დიდი შეშა ააგროვა, თორმეტ საჭენზე მეტიო,
ციხეს გარშემო მიჰყარა, ცეცხლი მოადვა ცხელიო,
ციხის სათოფურებს ცეცხლი სცემს, მაღლა ავარდა ბოლიო,
ვეღარ ომობენ გმირები, შიგადან მეომრებიო,
ბერომ ხმალს უთხრა: ,,ტიალო, დღეს მოგვესწრაფა დღენიო,
ცეცხლისა ალით თვალ გვეწვის, ვერ გაჭრევინე მტერიო”.
კარში გამოდგა ბეროი, თვალის სინათლით ბნელიო,
ჯარმა ერთბაშად თოფ ისროლა, ალდამმა სთქვა: ,,აწ ვმღერითო,
გმირი ბერო რა მოვკალით, მთლად ჩვენ დაგვრჩა სოფელიო,
სავაჟეთო დავხოცენით, გამოვრეკეთ ქალ-რძლებიო”.
ღვთისოი ბექურიძეი მობრუნდა სათოფურთანა,
სათოფურებთან ცეცხლი სცემს, ვეღარ ომობდა ლეკთანა,
მობრუნდა გულბრაზიანი: ,, ბერო, აწ მეც მოვალ შენთანა”.
დაი მუხლთა მოეხვია: ,,ძმაო, მომკალით თქვენთანა.
ვერ ვივლი საბუსურმანოში, ძმებო თქვენ დამხოცვებთანა”.
-დაო, მამეცა იქითა, შე რაზე მოგკლა ჩემტანა,
შენ რო მოგკლა, დაო ჩემოროგორ წავიდე ღმერთსთანა”.
ახლა ცოლმა დაიკივლა: ,,მენაც მომკალით თქვენთანა!
თოფ ხმალსა ხელი უტაცეს :,, ორნივ დაგვხოცე ერთადა”.
იელა თისოს ხანჯალმა, დაი დაეცა ძმასთანა,
თვალცრემლიანი დაჰყურებს, ცოლ მიეფარა ბნელათა.
ნინო, შენ სად გაიქეც, აქ ახლოს მოდი ჩემთანა,
ღვიძლი დაი რომ მოვკალი, შენ ვინ გატარებს ლეკთანა.
იელა თისოს ხანჯალმა, ცოლიც მიაგდო დასთანა,
ახლა ლეკლმა თოფი დაკრა თისოს მარჯვენა ბეჭთანა.
სამნივ ერთად დაიხოცნეს და მტერს მაინც არ დანებნენ.
დიკლოჩი ქალნი ატირდეს, მოსთქვამდეს ცრემლთა ფრქვევითა:
ავაჰმე, ძმანო, დაღლილნო დიდისა ნისა ბრძოლითა,
დღე და ღამ დაუძინარნო კოშკს სათოფურთან ცქერითა,
პირშამურულნო წამლისგან, თოფის უწყვეტი სროლითა,
პურუჭმელებო, მშივრებო, წყურვილით პირგამომშალნია.
თუშნო, რად არ გვიშველეთა, დღენი შაგვექმნეს შავადა,
ძმები გვერდით დაგვიხოცეს, ტბები გვიბრუნეს სისხლისა.
მივყევართ საბუსურმანოში, აქ ტყვე ვართ დაღესტანისა,
უკან დიდი ჯარი მოგვდევს, წინ ალდამი მიგვიძღვისა,
მობრუნდებ ხმალსა გვიღერს, თქვენივ დიდი ჯავრი მჭირსა,
დაჭრილი მყავს უთვალავი, შვიდოცი ხომ მანდ დამრჩისა,
რით გადვიდე დაღესტანში, ან იმამს რა მოვახსენო.
ბაგვაზში ქალი ატირდა, ამბავი რომ უთხრეს ქმრისა,
შენი ქმარი დიკლოს მოკლედ, თუშმა თავი მოაჭრისა.
ქალმა თქვა არსტამ ფირილა: ,,ნეტავ ვინ იყო ისა,
ჩემ ხალითას რომ შაჰბედა, ვისა ქონდა გული ქვისა,
ან ხმალმან როგორ გაუჭრა ჩემ ხალითას თავი კლდისა.
აკი გითხარ, ხალითო, დადექ ნუ წახვალ იქაო,
შენ ბაირაღი რა უყავ, ნეტა ვის დარჩა ისაო,
რატომ არ გამომიგზავნეს, ნაჭერია ჩემი ქმრისა.
ნეტავ თუშნი რა ხალხია, რომ ამდენი დედა სტირსა,
ბევრი გულად ყმისა ცოლი დაღესტანსა ცრემლლით წვიმსა”.
თისო ბელადიშვილი, 71 წლისა. სოფ. დიკლო. 1931 წ.
http://mtavari.ge/ustari/431-bbbbb-bbbbbbbbb-vbbbyobbbv.html