თავისი სახელოვნებო კარიერის გარიჟრაჟზე, ლეგენდარული იტალიელი რეჟისორი, პიერ პაოლო პაზოლინი ავანგარდში ჩააყენებს სოციოურბანულ მარგინალებს ჯერ პროზაში, „ქუჩის ბიჭებისა“ (1955) თუ “მხეცური ცხოვრების“ (1959) სახით, შემდეგ კი კინემატოგრაფში, „დედა რომასა“ (1962) თუ ლუმპენპროლეტარიატისთვის მიძღვნილ დაუოკებელ ელეგიაში, „აკატონე“ (1961). ის ცენტრში მოაქცევს უიმედო ადამიანებს – ღარიბულ უბნებში დასახლებულ ახალგაზრდებს, ხოლო მათ კრიმინალურ და სექსუალურ წადილებს, გამოცდილებებსა და ურთიერთობებს მათსავე საცხოვრებელ ადგილებთან დააკავშირებს, სადაც შეგრძნებადსა და მეტაფიზიკურს, მარქსისტულსა და ქრისტიანულ მოძღვრებებს ონტოლოგიურად აურევს ერთმანეთში. 1965 წელს „Film Quarterly“-სთან მიცემულ ინტერვიუში, პაზოლინი შენიშნავს, “რომ ურბანული ლუმპენების კლასი აღარ არსებობდა. რა უნდა გამეკეთებინა ამ კლასის ოც მილიონ წევრთან მიმართებით? საკონცენტრაციო ბანაკებში გამომეკეტა თუ გაზის კამერებში შემეყარა? ადამიანების ზოგადი დამოკიდებულება ურბანული ლუმპენების კლასის მიმართ თითქმის რასისტული იყო, თითქოს ეს ხალხი სამყაროს იმ ნაწილს ეკუთვნოდა, რომელიც აღარ არსებობდა.”
პაზოლინიმ „აკატონეთი“ (ქართ. მათხოვარი), ფაქტობრივად, ნეორეალიზმის ახალი ფორმა დაამკვიდრა, სრულიად განსხვავებული 1961 წლამდე კინოასპარეზზე წარმოჩენილი ავტორებისგან, როგორებიც იყვნენ: დე სიკა, ვისკონტი, ანტონიონი თუ ფელინი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ავტორები ღელავდნენ კლასობრივ კონფლიქტებზე და უთანაგრძნობდნენ მუშათა თუ უმუშევართა კლასს, პაზოლინის გმირებისგან განსხვავებით, „რომის ლამაზ ქუჩებში“ დადიოდნენ და არსობრივად ბურჟუაზიას წარმოადგენდნენ.[iii] პაზოლინიმ კი ეკრანზე გამოაჩინა ის, რასაც ბაზენი „იმიჯ-ფაქტებს“ უწოდებდა; ნამდვილი ლუმპენები, ვისი საცხოვრებელი ადგილებიც (რასაც პაზოლინი ხან ჯოჯოხეთს და ხანაც საკონცენტრაციო ბანაკებს ადარებდა) განძარცვულია კეთილდღეობისა თუ სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ნიშნებისგან. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ „აკატონემდე“ 11 წლით ადრე, 1950 წელს ლუის ბუნუელი აირეკლავს იმავე დამოკიდებულებებს და გარემოს მექსიკაში, „დავიწყებულების“ სახით.
https://cinexpress.ge/2022/07/20/banakisfor...qUPTtN0sNVkxwQg ბანაკის ფორმა თანამედროვე ურბანულ სხეულზე -
პაზოლინის თემაში უნდა იყოს ეს ძალიან კარგი ტექსტი
This post has been edited by mayi on 28 Jul 2022, 12:00