Gianniმუხლი 21. იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები კუთვნილი სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის დროს.
მუხლი 22. იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი
1. იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვის მისაღებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარედგინოს:
ა) საექსპორტო ან საიმპორტო კონტრაქტი (ხელშეკრულება);
ბ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
გ) ხელმოწერილი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ასლი ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმი;
დ) იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა, გაცემული იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზედაც არის რეგისტრირებული კონტრაქტის (ხელშეკრულების) ან გაფორმებული განზრახულობათა ოქმის მონაწილე მხარე;
ე) საბოლოო მოხმარების სერტიფიკატი, თუ ნებართვის მაძიებელი არ არის მომხმარებელი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ასლებს.
3. სანადირო გლუვლულიანი, სასპორტო, ჯილდოდ მიღებული, გაზის, საფანტის, საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის გარეშე.
4. ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საქართველოს საბაჟო ორგანოებს.
მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება
იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა და კულტურის სამინისტროების დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.
მუხლი 24. იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა
1. ფიზიკური პირების მიერ იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა (გარდა ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
2. უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.
მუხლი 25. იარაღის გამოყენება
1. იარაღის გამოყენება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი და სხვა პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
2. სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიღებულ იქნეს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისა-თვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
4. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.
მუხლი 26. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენა, შემოტანა და საქართველოდან გატანა
1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შეიძინოს იარაღი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული ნებართვით. შესყიდვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო და სასპორტო იარაღი, თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილ უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ხდება იარაღის დროებითი ამოღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკითხის გადაწყვეტამდე.
მუხლი 27. ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმება ან გაუცემლობა
1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) უქმდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიაზე (ნებართვაზე) ნებაყოფლობით უარის თქმისას;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ მიერ ლიცენზიის (ნებართვის) პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;
გ) უვარგისი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში დადგენილი წესით ჩაბარებისას;
დ) იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისას;
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ:
ა) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დაავადებულია ფსიქიკურად;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს აქვს ფიზიკური ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) მიღებას;
გ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;
დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი არის ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი;
ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა განზრახ ჩადენილი ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე და 116-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულისათვის;
ვ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში;
ზ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს 18 წელი არ შესრულებია.
მუხლი 28. იარაღის ჩამორთმევა
1. იარაღის ჩამორთმევა ხდება:
ა) ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) არარსებობისას;
ბ) ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებისას;
გ) იარაღის ბრუნვის წესების დარღვევის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
დ) სამოქალაქო იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო ქონების საკითხის გარკვევამდე, თუ მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განაცხადებს მემკვიდრეობით მიღებული იარაღის შესახებ.
2. იარაღის ჩამორთმევის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.
მუხლი 29. იარაღის ბრუნვის კონტროლი
სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით ვაჭრობაზე, იარაღის დამზადებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გამოყენებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო უწყებრივ კონტროლს - ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები.
მთლიანად კანონი იხილე აქ და ყურადღება მიაქციე ცვლილებებს http://www.parliament.ge/index.php?lang_id...=det&kan_id=286 This post has been edited by Human Rights on 12 Jul 2006, 00:05