”ჩვენ ვართ ღმერთიდან და ღმერთს უნდა დავუბრუნდეთ”
მე მინდა, შევატყობინო მსოფლიოს ყველა მამაც მუსლიმს, რომ ”სატანური ლექსები”, მისი ავტორი, გამომცემელი, ყოველი მათგანი არის ისლამის მტერი, წინასწარმეტყველის მტერი, ყურანის მტერი. ყველა ის ადამიანი, რომელიც შეგნებულად იღებდა მონაწილეობას მის შექმნაში, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
მე მოვუწოდებ ყველა გულად მუსლიმს, სადაც არ უნდა იყვნენ, რომ მოკლან ისინი დაფიქრების გარეშე, რათა ამიერიდან აღარავინ გაბედოს მუსლიმების წმინდა რწმენის შეურაცხყოფა.
ყველა, რომელიც ამ წმინდა საქმისთვის მოკვდება, მარტვილია, ღმერთის რჩეულია.
ასევე, თუ ვინმე ახლოსაა სალმან რუშდისთან, მაგრამ არ ძალუძს მისი მოკვლა, ვალდებულია, შეატყობინოს ხალხს, რათა რუშდი დაისაჯოს საკუთარი ქმედებებისთვის.
ზუსტად 22 წლის წინ, 1989 წლის 14 თებერვალს ირანის სულიერმა ლიდერმა ალ-მოსავი ალ-ჰომეინიმ ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს სალმან რუშდის სიკვდილი მიუსაჯა. ფატვა “სატანური ლექსების” თარგმნა-გავრცელებაში მონაწილე ყველა პირს ეხება. რომანი, საკუთრივ ირანის გარდა, მსოფლიოს 14 სახელმწიფოში ოფიციალურად აკრძალულია. საბედნიეროდ, განაჩენი დღემდე არ აღსრულებულა. ჩანს, სამყარო ჯერ ისევ მოაზროვნე ადამიანებით არის დასახლებული.
რელიგიური რეპრესიები „განსხვავებული“ ლიტერატურის მიმართ, როგორც ნეტარხსენებული რუსთველი იტყოდა, “არ ახალია, ძველია” - ღმერთის სახელით წიგნებს უხსოვარი დროიდან ებრძვიან. ებრაელები აპოკრიფულ თალმუდებს სპობდნენ, ქრისტიანები – არაკანონიკურად მიჩნეულ თეოლოგიურ თხზულებებს. მრავლისმეტყველია ფრაზა, რომელსაც ლეგენდა ანტიკური სამყაროს საოცრების – ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელყოფაში ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილს ხალიფა უმარს მიაწერს – “თუ ეს წიგნები იგივეს ამბობს, რაც ყურანში წერია, ისინი საჭირო არ არის და თუ ყურანს ეწინააღმდეგება – მათი განადგურება, მითუმეტეს, აუცილებელიაო”.
სახელგანთქმული Index Librorum Prohibitorum - კათოლიკური ეკლესიის მიერ აკრძალული წიგნების სია კანონის სტატუსს 1966 წლამდე ინარჩუნებდა, დღეს კი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ეკლესია ყველა ლოიალურ კათოლიკეს ბალზაკის, დეფოს, ვოლტერის, უნამუნოს, ფლობერის, სტენდალის წაკითხვისგან თავის შეკავებას ურჩევს. გადაავლეთ სახელებს თვალი და თავად განსაჯეთ, რა უფრო საზიანოა – ამ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა თუ – პირიქით.
არ იფიქროთ, 14 თებერვლის რომანტიკული განწყობისათვის შეუფერებელ პოსტს მხოლოდ ისტორიული ექსკურსისთვის ვწერდე. ჯვაროსნული ლაშქრობები ქართული რეალობისთვისაც აქტუალურია. ღმერთის სახელით წიგნებს ჩვენთან დღესაც ებრძვიან.
ბევრს, ალბათ, არც ახსოვს, რა აურზაური მოჰყვა ლაშა ბუღაძის “პირველი რუსის” ერთ-ერთ ქართულ გაზეთში დაბეჭდვას. აურზაური რბილად ნათქვამია – ლაშას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ და საჯარო მონანიებას მოითხოვდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთი რიგითი ქართული მოთხრობის და მისი ავტორის საკითხი პარლამენტის სხდომაზე განიხილეს. რელიგიურ-ექსტრემისტული ყაიდის გაერთიანება-კავშირები დღესაც შესაშური გულმოდგინებით ებრძვიან “ჰარი პოტერს” - ვითომ სამოთხისაკენ მიმავალ გზაზე სხვა არაფერი გვეღობებოდეს. არაკეთილხმოვან ეპითეტებს და მუქარას ვერც ზაზა ბურჭულაძე გადაურჩა, რელიგიურ-ლიტერატურული ვულკანის ბოლო ამოფრქვევას კი საერთოდ არ ვახსენებ – ისედაც ყველას პირზე აკერია…
საინტერესო ის არის, რომ ამგვარ რელიგიურ ისტერიებს სტაბილური უკუშედეგი მოაქვს – „დაწყევლილი“ წიგნების პოპულარობა განუხრელად იზრდება. სალმან რუშდის 2007 წელს ბრიტანეთის დედოფალმა რაინდის ტიტული მიანიჭა, ხოლო 2008 წელს, მკითხველების ინტერნეტ-გამოკითხვის საფუძველზე, ბუკერის პრემიის ლაურეატთა შორის საუკეთესოდ აღიარეს. პოტერიადის შვიდი წიგნის ქართულად თარგმნა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გამოდგა. ლაშა ბუღაძე და ზაზა ბურჭულაძე თანამედროვე პროზის ჰედლაინერებად მოიაზრებიან, ერეკლე დეისაძე კი თავისუფალი აზრის მოტრფიალე ახალგაზრობის კერპად იქცა… თუმცა, „საიდუმლო სირობის“ ლიტერატურულ ღირსებებს ყველაზე ზუსტ ეპითეტად, ვფიქრობ, მისივე სათაურის მეორე ნაწილი შეეფერება.
დასკვნა ერთია და უალტერნატივო – წიგნსა დ უწიგნურობას შორის ბრძოლაში ეს უკანასკნელი, აპრიორი, დამარცხებულია.
პოსტი აიათოლა ჰომეინის ფატვათი დავიწყე და იმ ქალის სიტყვებით დავასრულებ, რომელმაც, სასტიკი და აბსოლუტურად რეალური მუქარის მიუხედავად, რუშდის “სატანური ლექსები” ინგლისურ ენაზე თარგმნა. ამ მცირე მონოლოგს ინტერნეტში ხეტიალისას გადავაწყდი და სახელდახელოდ გადმოვაქართულე. სათქმელის უფრო ზუსტად, მკაფიოდ და ლაკონურად გადმოცემა, დამეთანხმებით, შეუძლებელია.
მე ანა ნენსი ოუენი მქვია.
ეს, რა თქმა უნდა, ფსევდონიმია (მსურველი იოლად მიხვდება, საიდან გაჩნდა და რას ნიშნავს).
ის, რაც გავაკეთე, გავაკეთე იმიტომ, რომ მძულს ყველა ინკვიზიტორი რწმენის და სამოსის მიუხედავად.
მე არ შემიძლია, გულგრილი ვიყო კათოლიკეების მიმართ, “ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას” რომ კრძალავენ და ფაშისტების მიმართ, ჰემინგუეის რომ წვავენ.
არ შემიძლია გულგრილი ვიყო მუსლიმების მიმართ, რომლებიც რეჟისორებს და მთარგმნელებს ხოცავენ და “ერთად მიმავალთა” მიმართ, რომლებიც “არასწორ” წიგნებს სიმბოლურ უნიტაზში რეცხავენ.
არ შემიძლია, გულგრილად ვუცქირო სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც აკრძალული წიგნების სიას ადგენენ და ტირაჟების დაბრუნებას ითხოვენ, მართლმადიდებელ კლერიკალებს, რომლებიც დარვინიზმის აკრძალვას ცდილობენ.
და ჩემი დამოკიდებულება იმათ მიმართ, ვინც ცდილობს, საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს ყურანი – არაფრით არის უკეთესი.
ადამიანს უფლება აქვს, გაეცნოს ნებისმიერ წყაროს საკუთარი აზრის შესაქმნელად… ის არც ისეთი გონებაჩლუნგი პირუტყვია, როგორც ხელისუფლების სათავეში მყოფნი ფიქრობენ და არც ისეთი, როგორადაც ცდილობს თავის მოჩვენებას ისტორიის გაკვეთილების მუდმივი იგნორირებით. ის – მოაზროვნე ადამიანია. რეი ბრედბერის გაფრთხილება სამეცნიერო ფანტასტიკად უნდა რჩებოდეს და არ იჭრებოდეს ჩვენს ყოველდღიურობაში ”სატანური ლექსების” მთავარი პერსონაჟის – ჯაბრაილ ფარიშტას კოშმარების მსგავსად.
http://mollybloomsday.com/2011/02/14/%E1%8...83%91%E1%83%98/