ტაუ
ტაუს ახალგაზრდა მოაზროვნე ტექნოლოგიურად განვითარებული ჰუმანოიდური რასაა. ტაუელები გალაქტიკის აღმოსავლეთ ნაწილში, სეგმენტუმ ულტიმაში ბინადრობენ და თავიანთ იმპერიას ნელ-ნელა აფართოებენ.
ტაუს რასის ფილოსოფია უდიდეს სიკეთეში (The greater good) მდგომარეობს, რომლის მიხედვითაც იმპერიის თითოეულმა წევრმა, იქნება ის ტაუ, თუ სხვა რასის წარმომადგენელი, უნდა იშრომოს კოლექტივის საკეთილდღეოდ.
ტაუ, სხვებთან შედარებით, მშვიდობიანი რასაა და ყველაფრის მოგვარებას დიპლომატიური ხერხებით ცდილობს, თუმცა საჭიროებისას ის მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების დახმარებით ყველაზე სასტიკ მტრებსაც კი აცამტვერებს.
ტაუს იმპერია:
ისტორია
ტაუს იმპერიის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა იმპერიუმის არქივებში მოიძებნება 35-ე ათასწლეულში მექანიკუმების ფლოტის მიერ აღმოჩენილი პლანეტა ტაუ (T’au), რომელზე ბინადარი ქსენოსებიც ქვის ხანის განვითარების დონეზე იმყოფებოდნენ.
თავისი არსებობის ადრეულ წლებში ტაუ მოწინააღმდეგე კასტებად დაყოფილ საზოგადოებას წარმოადგენდა. ისინი ციხე-ქალაქი ფიოტაუნის ალყის დროს (Fio’taun) გაერთიანდნენ:
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქალაქს ტაუს ცეცხლის კასტის მეომრები გარს შემოერტყნენ. ფიოტაუნის მცხოვრებებს მოლაპარაკება უნდოდათ, მაგრამ სასტიკი მეომრები ქალაქის სრული განადგურების მეტს არაფერს დასჯერდებოდნენ. 5 გრძელი წელიწადი ფიოტაუნი სქელი კედლებისა და შემზარავი ქვემეხების მეშვეობით ალყას უძლებდა, მაგრამ შიმშილმა და ავადმყოფობებმა თავი იჩინა. ზუსტად ამ კრიზისის დროს გამოჩნდა ორი უცნობი ტაუ, რომლებიც თავს ეთერეალებს უწოდებდნენ. ერთი მათგანი ცეცხლის კასტის ბანაკში შევიდა, მეორე-ქალაქში. რამდენიმე საათის შემდეგ ფიოტაუნის კარიბჭე გაიღო და კასტებს შორის მშვიდობა დამყარდა.
ამის შემდეგ ტაუს მთელ ტერიტორიაზე, თითქოს არსაიდან, ჩნდებოდნენ ეთერეალები. ისინი საუბრობდნენ ყველა ტაუს შორის მშვიდობისა და მეგობრობის არსებობაზე, უხსნიდნენ მათ უდიდესი სიკეთის მიზნებს. მალე მთელი რასა გაერთიანდა და არნახული სისწრაფით დაიწყო განვითარება.
41-ე ათასწლეულის ბოლოსთვის ტაუს იმპერიამ მოაწყო სამი ე.წ. სფერული ექსპანსია, რომელთა დროსაც დაიპყრო ან მშვიდობიანად შემოიერთა უამრავი პლანეტა და ქსენოსური რასაც კი. მათი იმპერიის ზუსტი ზომები უცნობია, მაგრამ ცნობილია ოცდაერთი სეპტა(ტაუს კონტროლის ქვეშ მყოფი მზის სისტემა) და ასამდე დასახლებული პლანეტა მის შემადგენლობაში.
41-ე ათასწლეულის 936-ე წელში პლანეტა მალბრედზე ტაუს საექსპედიციო არმია ულტრამარინების ორდენის კოსმოსურ მედესანტეებს შეებრძოლა. ბრძოლამ პლანეტაზე მძინარე ნეკრონები გამოაღვიძა. ტაუ და ულტრამარინები იძულებული გახდნენ ერთიანი ძალებით შებრძოლებოდნენ საერთო მტერს და გამარჯვებაც კი მოიპოვეს. ამის შემდეგ, მარნეუს კალგარმა უფლება მისცა ტაუს მეომრებს თავისუფლად დაეტოვებინათ მალბრედი, რის შემდეგაც პლანეტა ექსტერმინატუსით გაანადგურა.
იმავე ათასწლეულის 966 წელს კვარიუმ ალფას პლანეტა-ოკეანეზე ტაუს ძალები დაუპირისპირდნენ კოსმოსური მგლების ორდენს. ასტარტესების სადესანტო კაბსულები ოკეანეში დაეშვნენ, სადაც მაღალი წნევისთვის გამაგრებულ ჯავშნებში გამოწყობილმა მგლებმა ტაუს პოზიციებს შეუტიეს. პლანეტის ზედაპირზე ბრძოლა არანაკლებ სასტიკი იყო: ორივე მხარის საფრენი აპარატები და გრავიტანკები შეუბრალებლად ანადგურებდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ, ასობით მედესანტის სიცოცხლის საფასურად, კოსმოსურმა მგლებმა გაიმარჯვეს.
ტაროსის კომპანიაში იმპერიული გვარდია და კოსმოსური მედესანტეების შენაერთი თავს დაესხმა ტაუს და მათი მოკავშირეების მიერ გამაგრებულ პლანეტა ტაროსს. გრძელი და სასტიკი ომის შემდეგ იმპერიუმი დამარცხდა.
დემოკლეს ყურის ჯვაროსნული ლაშქრობა
დემოკლეს ერთ-ერთი ბრძოლა:
ტაუს წყლის კასტის წევრებმა სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმეს დემოკლეს ყურეში მყოფ რამოდენიმე იმპერიულ პლანეტასთან. ადმინისტრატიუმმა ამაში ქსენოსური საფრთხე დაინახა და ახალგაზრდა რასას სათანადო პასუხი მოუმზადა. იმპერიუმის არმადამ მიწასთან გაასწორა დემოკლეს ყურესთან მდებარე ტაუს პლანეტები და ქსენოსური იმპერიის ტერიტორიაში ღრმად შეიჭრა. ლაშქრობა სისხლიან დასასრულთან ტაუს სეპტა-პლანეტა Dal’yth-თან მივიდა, სადაც იმპერიული გვარდიის და კოსმოსური მედესანტეების ძალებს ტაუს გაერთიანებული არმია შეებრძოლა. დაუნდობელი ომის მრავალმა თვემ ორივე მხარეს არაფერი მოუტანა, თანაც იმპერიუმს ტირანიდების სკა-ფლოტი ემუქრებოდა, ამიტომ ტაუსთან მშვიდობიანი მოლაპარაკება გაიმართა. დემოკლეს ჯვაროსნული ლაშქრობა 41-ე ათასწლეულის 988 წელს დასრულდა.
სკა-ფლოტი გორგონი
41-ე ათასწლეულის 899 წელს ტაუს ტერიტორიას სკა-ფლოტი გორგონი, უფრო დიდი ფლოტი ბეჰემოტის ნაწილი, მიუახლოვდა. გორგონის ტირანიდები იმით იყვნენ ცნობილნი, რომ ძალიან სწრაფად ეგუებოდნენ ბრძოლის ცვლად პირობებს, მაგალითად მათ გამოიმუშავეს იმუნიტეტი ტაუს ენერგიული იარაღების წინააღმდეგ, რამაც მათ დიდი უპირატესობა მიანიჭა. საბედნიეროდ, იმავე ათასწლეულის 903 წელს ტაუს და იმპერიუმის გაერთიანებულმა ძალებმა სკა-ფლოტი გაანადგურეს.
ტაუს მეომრები ტირანიდების წინააღმდეგ:
ტაუს ფიზიოლოგია
ტაუელები ჰუმანოიდები არიან, თუმცა ჩლიქიანი ფეხები და ოთხთითა ხელები აქვთ. მათი კანი მოლურჯო-რუხი და ტყავივით უხეშია, რის გამოც თითქმის არ კარგავენ წყალს. ტაუელების სახეები ბრტყელია, ‘I’-ს მაგვარი ჩაღრმავებით იქ, სადაც ადამიანს ცხვირი ექნებოდა. მათი ხედვა ადამიანისაზე ცოტათი უკეთესია, ხოლო რეფლექსები შედარებით ნელი.
ფიზიკურად ტაუელები ადამიანებზე სუსტები არიან, ამიტომ ახლო ბრძოლაში ნაკლებად გამოსადეგნი არიან. ამისთვის ისინი კრუტების დაქირავებულ ჯარისკაცებს იყენებენ, თვითონ კი მტრებს შორსმსროლელი პლაზმური იარაღებით ანადგურებენ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ტაუს კასტებს შორის სისხლის შერევა ეთერეალების მიერაა აკრძალული.
იმპერიუმის მიერ აღმოჩენილია მხოლოდ ორი მდედრობითი სქესის ტაუ. ერთ-ერთ მათგანს ადამიანის მსგავსი სახე ჰქონდა, ხოლო მეორე ცოტათი თუ განსხვავდებოდა მამრი ტაუსგან.
ტაუს საერთოდ არ ჰყავთ ფსაიკერები (მათი სულები ვარპში თითქმის არ ჩანან), ამიტომაც იმატერიუმზე ცოტა ცოდნა გააჩნიათ. ერთი მხრივ ეს ფსიქიკური ზემოქმედებისგან თავდაცვის კარგი საშუალებაა, ხოლო მეორე მხრივ მათ ვარპში ხანგრძლივი მოგზაურო არ შეუძლიათ. მედუზა მეხუთეზე ტაუს მეცნიერებმა ვარპის შესწავლა სცადეს, მაგრამ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ‘იმატერიუმში უდიდეს სიკეთეს არაფერი ესაქმება’.
მინაწერი: ზოგიერთ იმპერიუმის სწავლული თვლის, რომ ეთერეალებს გააჩნიათ ძლიერი ლატენტური ფსაიკერული შესაძლებლობები და მათ ტაუს მართვაში იყენებენ. თუმცა, ამ აზრის სიმართლეს არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ აქვს.
ტაუელები სხვა რასის წარმომადგენლებს მოტყუებულებად და დაბნეულებად თვლიან, ამიტომ თითოეული კონფლიქტის მოგვარებას მშვიდობიანი გზით ცდილობენ. გამონაკლისი მხოლოდ მწვანეკანიანების (ორკების) და ქაოსის ძალებია.
ტაუს კასტები
ცეცხლი (Shas)-ცეცხლი კასტა ტაუს არმიის უდიდეს ნაწილს შეადგენს. ისინი, სხვებთან შედარებით ფიზიკურად უფრო განვითარებული არიან, რადგან საუკუნეების განმავლობაში ომით და ნადირობით ირჩენდნენ თავს.
მიწა (Fio)- მეცნიერები, ტექნიკოსები, გამომგონებლები და ინჟინრები. ტაუს მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების არსებობა ზუსტად მათი დამსახურებაა. ფიზიკურად ისინი დაბლები და ჩაფსკვნილები არიან.
ცეცხლის მეომარი:
წყალი (Por)- წყლის კასტის წარმომადგენლები ტაუს ვაჭრები და დიპლომატები არიან. ისინი მაღალი, სუსტი აღნაგობით გამოირჩევიან და ბევრ ტაუელთან შედარებით უკეთ საუბრობენ სხვა რასების ენებზე. იმპერიუმის საიდუმლო არქივებში ინახება რამოდენიმე პლანეტის ისტორია, რომელიც წყლის კასტის წარმომადგენლებმა ბრძოლის გარეშე მოაქციეს ‘დიდი სიკეთის’ მხარეზე.
ჰაერი (Kor)- ჰაერის კასტის წარმომადგენლები დიდ სიკეთეს შიკრიკებად და მფრინავებად მსახურობენ. უგრავიტაციო კოსმოსურ ხომალდებზე გატარებული წლების გამო ისინი წყლის კასტის წარმომადგენლებზე უფრო მაღლები და სუსტები არიან. ასევე, ისინი არადროს ჩამოდიან პლანეტებზე, რომ უწონობას შეჩვეული ძვლები მიზიდულობის ძალამ არ დალეწოს.
მინაწერი: შორეულ წარსულში წყლის კასტის წარმომადგენლების კიდურებს კანის თხელი ფენა აკავშირებდა, რისი დახმარებითაც მათ ფრენა შეეძლოთ.
ეთერეალები (Aun)- ეთერეალები ტაუს პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები არიან. ფიზიკურად ისინი ცეცხლის და მიწის კასტების წევრებს გვანან, მაგრამ შუბლზე ბრილიანტის ფორმის ძვლის გამონაზარდი აქვთ. დადის ხმები, რომ ეთერეალები სხვა ტაუელებს ფსიქიკური ძალებით აკონტროლებენ.
ეთერეალი:
დიდი სიკეთე (დამპალი კომუნიზმი)
დიდი სიკეთე ტაუს რასის მთავარი მამოძრავებელი ფილოსოფიაა, რომლის შემქმნელებად ეთერეალები ითვლებიან. ეს მიმდინარეობა Warhammer 40 000-ის სამყაროში იმით გამოირჩევა, რომ ყველა სხვა რასის განადგურებას არ მოითხოვს და მორჩილების შემთხვევაში, მათ სიცოცხლის ნებას რთავს.
* * *
ტაუ, როგორც იქნა, მოვამთავრე(რამეს თუ დაწერთ, კარგი იქნება. თემა უნდა გამომცოცხლდეს). რისი თარგმანი გინდათ იხილოთ მომავალში?