mahamba
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 142071
რეგისტრ.: 23-January 12
|
#30944577 · 30 Apr 2012, 16:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა რაოდენობით ითესება დასად შეიძლება ყიდვა? * * * მრავალწლიანი პარკოსანი ბალახების წარმოების ტექნოლოგია (მომზადებულია RDRL პროექტის ფარგლებში)
იონჯა. საქართველოში სამრეწველო მიზნისათვის იონჯის რამდენიმე სახეობიდან გამოყენებულია ლურჯი და ყვითელი. ლურჯი იონჯა, ჩვეულებრივ, სარწყავ მიწებზე მოჰყავთ, ხოლო ყვითელი, რომელიც შედარებით გვალვაგამძლეა, ძირითადად, ურწყავ მიწათმოქმედებაშია გამოყენებული. ლურჯი იონჯის ფართობების მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება მეცხოველეობის დაბლობ და მთისწინა ზონებში, ძირითადად იქ სადაც სარწყავებია, თუმცა მაღალნალექიან პირობებში მისი წარმოება ურწყავადაც შეიძლება. უნდა გვახსოვდეს, რომ მის პროდუქტიულობას განაპირობებს ხარისხინი, აბრეშუმასაგან გაწმენდილი თესლის თესვა, ღრმად მოხნულ და სათანადოდ დამუშავებულ ნიადაგში, რომელიც განოყიერებული უნდა იყოს ორგანულ-მინერალური სასუქების სამი წლის ნორმით. თესვის წინა კულტივაციაში უნდა შევიტანოთ ე.წ. აზოტის სასტარტო ნორმა 50-75 კგ/ჰა ამონიუმის გვარჯილა, ხოლო გათიბვებს შორის სასურველია, გამოკვებოს აზოტის იგივე რაოდენობით. გამოკვება ტარდება გათიბვისთანავე, მცენარის წამოზრდის დაწყებამდე. ამის შემდეგ სარწყავ პირობებში იგი დაუყოვნებლივ უნდა მოირწყას. ამ შემთხვევაში დაბლობ ზონებში იგი შეიძლება 5-6-ჯერ გაითიბოს და მივიღოთ 800-1000 ც/ჰა მწვანე მასა. ასევე ხდება იმ შემთხვევაშიც, როცა ნათესი საძოვრად გამოიყენება, მხოლოდ ამ დროს ნაკვეთზე პირუტყვი უნდა გაუშვათ სასუქების შეტანიდან 3-4 კვირის შემდეგ. ადგილი თესლბრუნვაში. იონჯისათვის კარგი წინამორბედებია სათოხნი კულტურები: სიმინდი, კარტოფილი, ჭარხალი, თამბაქო, ბაღჩეული, რომლებიც მინდორს სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში ტოვებენ, აგრეთვე თავთავიანი პურეულებისაგან განთავისუფლებული მინდორი. ნიადაგის დამუშავება. საფარი კულტურის ქვეშ თესვის შემთხვევაში ნიადაგი უნდა მომზადდეს საფარი კულტურის მოთხოვნების შესაბამისად. უსაფროდ გაზაფხულზე თესვისათვის ნიადაგი უნდა მოიხნას მზრალად და დამუშავდეს მზრალის სისტემის შესაბამისად. თუ თესვის წინ ნიადაგის ზედაპირი ზედმეტად ფხვიერია, საჭიროა თესვამდე მისი მოტკეპნა საგორავებით. ზაფხულში და ადრე შემოდგომაზე თესვის შემთხვევაში ხნული თუ ბელტიანია, უნდა დამუშავდეს საჭიროების მიხედვით დისკოებიანი იარაღით ბელტის სრულ დაშლამდე. ფერდობებზე ნიადაგის დამუშავება ტარდება დახრილობის გარდიგარდმო მიმართულებით. თესლის მომზადება დასათესად და თესვა. გაზაფხულზე იონჯა უნდა დაითესოს 10 აპრილიდან 30 აპრილამდე, ხოლო შემოდგომით 20 აგვისტოდან 25 სექტემბრამდე. იონჯა ითესება როგორც სუფთად, ისე მრავალწლიან მარცვლოვან საკვებ ბალახებთან ნარევში, საფარქვეშ ან უსაფროდ. უპირატესობა უნდა მიეცეს ნარევად თესვას, რადგან ამ შემთხვევაში მიიღება მაღალყუათიანი, ცილებითა და ნახშირწყლებით დაბალანსებული საკვები. სუფთად ითესება სათესლე ნათესები. იონჯასთან ნარევში შეიძლება დაითესოს ერთი ან ორი მარცვლოვანი კომპონენტი: კოინდარი, სათითურა, მდელოს წივანა, მდელოს ტიმოთელა. საფარი კულტურის ქვეშ იონჯა, როგორც წესი ითესება გაზაფხულზე, ხოლო საფარი კულტურა (საშემოდგომო ხორბალი, ჭვავი, ქერი) მისთვის დადგენილ ვადაში 10-15 %-ით შემცირებული ნორმით. თესვა უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში, საფარი კულტურის მწკრივების გარდიგარდმო მიმართულებით. თუ საფარ კულტურად გამოიყენება შვრია ან საგაზაფხულო ქერი, ამ შემთხვევაში იონჯა და საფარი კულტურა ითესება ერთდროულად, ერთ ვადაში – ჯერ საფარი კულტურა, შემდეგ იონჯა. სათივედ ბალახნარევი უნდა დაითესოს ჩვეულებრივ მწკრივად, ხოლო სამარცვლედ უპირატესობა ფართო მწკრივად თესვას ეძლევა. სუფთად იონჯა უნდა დაითესოს თივად 14-16 კგ/ჰა-ზე. სათესლედ 6-8 კგ; ორკომპონენტიან ნარევში: იონჯა 9-11 კგ, კოინდარი 12-14 კგ, სათითურა 10-12 კგ, მდელოს წივანა 10-12 კგ, მდელოს ტიმოთელა 5-7 კგ; სამკოპონენტიან ნარევში: იონჯა 6-8 კგ, კოინდარი 5-7 კგ, სათითურა 5-7 კგ, მდელოს წივანა 6-8 კგ, მდელოს ტიმოთელა 4-5 კგ. თესლის ჩათესვის სიღრმე 2-3 სმ-ია. უფრო ღრმად (4-5 სმ) თესვა დასაშვებია მსუბუქი შედგენილობის ნიადაგზე. თესვა უნდა ჩატარდეს სზტნ-31, სზტნ-47, სზტნ – 19 მარკის სათესებით, ან თუ ეს სათესები არ არის სზნ-24-ით. თესვის წინ და თესვის შემდეგ ნიადაგი უნდა დაიტკეპნოს. იონჯას წვრილი თესლი აქვს. ამიტომ სუფთა სახით ხორბლის სათესით თესვის დროს ნორმის დაცვის მიზნით, თესლს უნდა შეერიოს ბალასტი (გრანურილებული სუპერფოსფატი, გაცრილი მშრალი ქვიშა, გადამწვარი ფხვიერი ნაკელი). ერთ ჰექტარზე დასათესი თესლი უნდა აირიოს 20-25 კგ ბალასტში. თესლი ისე უნდა მოვაბნიოთ, რომ მობნევის შემდეგ რაღაც რაოდენობა დაგვრჩეს. დარჩენილი თესლი ისევ თანაბრად უნდა განაწილდეს მთელ ფართობზე და ა.შ. თესვის დამთავრების შემდეგ ნათესზე მსუბუქი ზიგზაგი ან დაწნული ფარცხი უნდა გადატარდეს და შემდეგ დაიტკეპნოს. საფარი კულტურების ქვეშ თესვა უნდა ჩატარდეს ჯეჯილის დაფარცხვის წინ. ნათესის მოვლა. იონჯის საფარის გარეშე წარმოებისას დასაშვებია თესვამდე ან აღმოცენებამდე ნიადაგის 24 %-იანი გერბიტრეფით (პროდატე) 6 ლ/ჰა შესხურება, დაუყოვნებლივ ჩაკეთებით ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ. ძველ სათესლე ან ვეგეტაციის პირველი წლის ნათესებში ერთწლიანი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ შესაძლებელია 48 %-იანი ბაზაგრანის 2 კგ/ჰა გამოყენება კულტურის 1-2 ფოთლის (შერეულში თავთავიანების ბარტყობაში). იონჯის სათესლე ნაკვეთებში ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვნების, ზოგიერთი ორლებნიანი სარეველებისა და რაც მთავარია აბრეშუმას კერების მოსასპობად გამოიყენება 50 %-იანი კერბი ვ 4-5 კგ/ჰა, ოღონდ 3-4 ფოთლის ფაზაში. ჰერბიციდების გამოყენების თავის არიდების შემთხვევაში კი ახლადაღმოცენებული ნათესის დასარევლიანების შემთხვევაში იგი უნდა გაიმარგლოს ან გაითიბოს და ეს მასა დაუყოვნებლივ გაიზიდოს ნაკვეთიდან. ყოველი გათიბვის შემდეგ მოსავალი ოპტიმალურ ვადაში უნდა გაიზიდოს, ჩატარდეს ნათესის გამოკვება, დაფარცხვა და სარწყავებში მორწყვა. საფარქვეშ თესვისას იონჯის უკეთესად განვითარებისა და გადაზამთრებისათვის საფარი კულტურების მოსავალი აღებულ უნდა იქნეს მაღალ ჭრაზე (15-20 სმ). ნამჯა მინდვრიდან გატანილ უნდა იქნას იმავე ან მეორე დღეს. მეორე წელს, ადრე გაზაფხულზე, ბალახის წამოზრდამდე, ნაწვერალი უნდა გაითიბოს დაბალ ჭრაზე და გატანილ იქნას მინდვრიდან. მოსავლის აღება. იონჯა სათივედ უნდა გაითიბოს ყვავილობის დაწყების ფაზაში, ხოლო მწვანე საკვებად ადრე დაკოკრების დროს. ბალახნარი უნდა გაითიბოს ნიადაგის ზედაპირიდან 6-8 სმ სიმაღლეზე. ამ შემთხვევაში მცენარეები უფრო ძლიერ იტოტებიან შემდეგ გათიბვისათვის და იძლევიან უფრო მაღალ მოსავალს. შემოდგომაზე ბოლო გათიბვა უნდა ჩატარდეს 10-12 სმ სიმაღლეზე, რადგან დარჩენილი ნაწვერალი კარგად აკავებს თოვლს და იცავს ნიადაგს ეროზიისაგან. ფოთლების მეტი რაოდენობით შენარჩუნების მიზნით გათიბული ბალახი მოუგროვებლად უნდა დავტოვოთ რამდენიმე დღე, შემდეგ კი მოვფოცხოთ ღვარეულებად და საბოლოოდ გაშრობის შემდეგ გავიტანოთ ნაკვეთიდან, რომ ახალი წამონაზარდის განვითარებას ხელი არ შეეშალოს. კარგი ხარისხის თივა უნდა იყოს მწვანე ფერის, სასიამოვნო სუნით და ტენიანობით არაუმეტეს 20 %-ისა. ესპარცეტი. ურწყავი მიწათმოქმედების პირობებში იგი შეუცვლელი კულტურაა მისი აგრობიოლოგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე. ადგილი თესლბრუნვაში. ესპარცეტი თესლბრუნვაში ჩერდება არა უმეტეს 2-3 წელიწადს. მისთვის სასურველი წინამორბედია სათოხნი კულტურები და თავთავიანები. თვით ესპარცეტი კარგი წინამორბედია თითქმის ყველა კულტურისათვის. ნიადაგის დამუშავება. საფარქვეშ თესვის შემთხვევაში ესპარცეტისათვის ნიადაგის დამუშავება ისეთივეა, როგორიც საფარი კულტურებისათვის. ესპარცეტის შემოდგომაზე თესვისათვის ნიადაგი უნდა მოიხნას წინამორბედი კულტურის მოსავლის აღებისთანავე წინმვხნელიანი გუთნით. ნიადაგის თესვისწინა დამუშავება ტარდება ხნულის მდგომარეობის გათვალისწინებით. გაზაფხულზე დასათესად იქ, სადაც ამის საშუალებაა, ნიადაგი უნდა დამუშავდეს მზრალის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან და ძლიერ დახრილობის ფერდობებზე ნიადაგი უნდა მოიხნას ადრე გაზაფხულზე და დამუშავდეს ხნულის მდგომარეობის გათვალისწინებით. თესლის მომზადება დასათესად და თესვა. სხვა მრავალწლიანი ბალახების მსგავსად ესპარცეტი ითესება როგორც შემოდგომაზე (აგვისტოს მეორე ნახევარი, სექტემბრის პირველი ნახევარი), ისე ადრე გაზაფხულზე. იგი ძირითადად ითესება გვალვიან, ურწყავ პირობებში. ამიტომ მისი თესვის დრო უნდა განისაზღვროს კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებულებით - თუ არსებობს დროული და თანაბარი აღმონაცენის მიღების გარანტია, იგი შეიძლება დაითესოს შემოდგომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თესვა გადატანილ უნდა იქნას გაზაფხულზე. ესპარცეტი შეიძლება დაითესოს როგორც საფარი კულტურის გარეშე, ისე საფარქვეშ, სუფთად ან მრავალწლიან მარცვლოვან საკვებ ბალახებთან ნარევში. საშემოდგომო თავთავიანი კულტურების საფარქვეშ ესპარცეტი უნდა დაითესოს ადრე გაზაფხულზე ხორბლის სათესი მანქანით, საფარი კულტურის მწკრივების გარდიგარდმო, ხოლო თუ საფარი კულტურის და ესპარცეტის თესვა ერთდროულად ტარდება გაზაფხულზე, ჯერ უნდა დაითესოს საფარი კულტურა ნიადაგის დატკეპნით და შემდეგ ესპარცეტი საფარი კულტურის ნათესის გარდიგარდმო მიმართულებით, ან მის დიაგონალზე (სათესის გამოთესვის ნორმაზე დაყენების წესი იხილეთ თავთავიანი პურეული კულტურების რეკომენდაციაში). ესპარცეტის თესვის ნორმებია: სუფთად თესვის დროს 100-120 კგ, ორკომპონენტიან ნარევში: ესპარცეტი 70-75კგ, სათითურა 10-12 კგ, მდელოს წივანა 10-12 კგ, კაპუეტა 6-10 კგ; სამკომპონენტიან ნარევში: ესპარცეტი 40-75კგ, სათითურა 5-7 კგ, მდელოს წივანა 6-8 კგ, კაპუეტა 6-8 კგ. თესლის ჩათესვის სიღრმე მძიმე ნიადაგზე 2-3 სმ, მშრალ და მსუბუქ ნიადაგზე 4-6 სმ. ძლიერ დაქანებულ და მცირე ზომის ნაკვეთებზე ესპარცეტი ხელით უნდა დაითესოს, რისთვისაც წინასწარ უნდა განისაზღვროს საჭირო თესლის რაოდენობა, თანაბრად განაწილდეს ნაკვეთზე და ჩაკეთდეს ნიადაგში ოპტიმალურ სიღრმეზე, თესვის შემდეგ ნათესი უნდა მოიტკეპნოს (ხელით თესვის წესი იხილეთ იონჯის რეკომენდაციაში). საფარი კულტურის ქვეშ თესვა უნდა დაემთხვეს საფარი კულტურის ჯეჯილის საგაზაფხულო დაფარცხვას. ნათესის მოვლა. ესპარცეტი მეტად მგრძნობიარეა სარეველების მიმართ, ამიტომ მისი ახალი ნათესი საჭიროების შემთხვევაში უნდა გაიმარგლოს ან წაითიბოს და განათიბი მასა სასწრაფოდ გამოტანილ იქნეს ნათესიდან. დიდი მნიშვნელობა აქვს საფარი კულტურის დროზე და შემჭიდროებულ ვადაში აღებას და მინდვრის დროზე განთავისუფლებას ნამჯისა და სხვა ანარჩენებისაგან. საფარი კულტურების მოსავლის აღება უნდა ჩატარდეს მაღალ ჭრაზე (15-18 სმ), რაც უზრუნველყოფს ნათესის ნორმალურ გადაზამთრებას. კარგ შედეგს იძლევა გათიბვის შემდეგ ნათესის გამოკვება და დაფარცხვა. მოსავლის აღება. ესპარცეტი თივად უნდა ავიღოთ დაკოკრების ფაზაში. სრულ ყვავილობამდე დაგვიანება ბევრ დანაკარგებთან არის დაკავშირებული - თივა უხეშდება, კარგავს კვებით ღირებულებას. გათიბვა უნდა მოხდეს 6-8 სმ სიმაღლეზე. ბალახი ერთი ან ორი დღე გაშლილი ან ღვარეულად შეგროვილი უნდა დარჩეს. თუ მასა დიდია, იგი მეორე ან მესამე დღეს უნდა გადაბრუნდეს, ამის შემდეგ თივა უნდა დაბულულდეს, ნაკვეთიდან მალე გაიზიდოს და დაიზვინოს, რადგან 3-4 დღით დაგვიანების შემთხვევაშიც კი ბულულების ქვეშ ნათესი ზიანდება. თივა მზადაა დასადგმელად, როცა ბულულიდან აღებული თივის კონა გადაგრეხისას ტყდება. განოყიერება. სასუქის დოზები და შეტანის ვადები იგივეა, როგორც იონჯისთვის. პარკოსანი ბალახების მავნებელ-დავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებები. პარკოსან ბალახებს აზიანებენ ნაირჭამია მავნებლები - კალიები, მავთულა და ცრუმავთულა ჭიები, ხვატრები, მდელოს ფარვანა, კარადრინა და სპეციალიზირებული მავნებლები - ბუგრები, ბაღლინჯოები, ფიტონომუსები, კოღონები, ტიხუსები, სქელფეხიანები, მემარცვლიები, მეგალეები და ა. შ. დავადებებიდან კი ფესვის სიდამპლეები, ასკოხიტოზი, ცერკოსპოროზი და სხვა ლაქიანობები, პერონოსპოროზი, ჟანგა, ნაცარი, რიზოკტონიოზი, სხვადასხვა ჭკნობები, ბაქტერიული და ვირუსული დავადებები. მრავალწლიანი პარკოსანი ბალახების მავნებელ-დავადებებისა და სარეველების საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება წინამორბედი კულტურის აღებისთანავე, ნიადაგის აოშვით სარეველებისა და ძირითადი კულტურის თესლის ნაცვენის პროვოცირებისა და მოსპობისათვის. ბალახების თესლი შეიძლება დამუშავდეს ინდაზოლით (1-1.5კგ/ტ) ან სხვა რომელიმე თესლის დასამუშავებელი პრეპარატით, მაგრამ არა უადრეს 1 თვისა მის ნიტროგენიზაციამდე. მომღრღნელი ხვატრებისა და ნიდაგის სხვა მავნებლების წინააღმდეგ საჭიროა გრანულირებული 5 ან 10%-იანი ბაზუდინის, ანდა დურსბანის (50 კგ/ჰა) ნიადაგში შეტანა. აღმონაცენის ფაზაში ებრძვიან კალიებს, გამოჩენის შემთხვევაში და კოჟრის ცხვირგრძელებს, შემდეგ კი ფიტონომუსის, ბაღლინჯოების და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ტარდება პერიდულად წამლობა სინთეზური პირეტროიდებით (მაგ., 0,24 ლ/ჰა შერპა (არივო), ან 0,15 ლ/ჰა დეცისი, 0,1 ლ/ჰა კარატე) ან ფოსფორგანული პრეპარატებით (მაგ., 2-2,5 ლ/ჰა ბაზუდინი კგ/ჰა), რომელთაც ფუზარიოზების და სხვა ფესვის სიდსმპლეების, ან ნაცრების და ასკოხიტოზის თავიდან ასაცილებლად ემატება 0,3 კგ/ჰა ვექტრა ან 1,5-2,0 კგ/ჰა; ტილტი ან 3,0 კგ/ჰა ფუნდაზოლი. ვეგეტაციის პერიოდში ანთრაქნოზის, პერონოსპოროზის წინააღმდეგ შესაძლებელია 5-7 კგ/ჰა სპილენძის ქლორჟანგის, ან 10-15 კგ/ჰა შაბიამანის (ბორდოს სითხე) გამოყენება. თაგვისებრი მღრღნელების წინააღმდეგ კი დაღერღილ სიმინდზე, ან ხორბალზე დამზადებული (3%-იანი მცენარეული ზეთის დამატებით) 5%-იან თუთიის ფოსფიდის მისატყუარი მასალის უშუალოდ სოროებში შეტანა, გვიანშემოდგომასა და ადრეგაზაფხულზე. ასეთივე სქემის გამოყენება შეიძლება ცულისპირას, ხანჭკოლის, ცერცველისა და ზოგიერთი სხვა პარკოსანი კულტურების მავნებელ-დავადებათა და სარეველების საწინააღმდეგოდ.
ცერცველასა და მისი ნარევების (ჭვავთან და ქერთან) წარმოება. ცერცველა ერთწლიანი პარკოსანი ბალახია და მას ფართოდ იყენებენ ჯავახეთის ზეგანზე, თუმცა მისი გამოყენება რაჭა-ლეჩხუმის პირობებშიცაა შესაძლებელი. საქართველოში გავრცელებულია ამ კულტურის საგაზაფხულო ფორმა და სამწუხაროდ საშემოდგომო- ბანჯგვლიანმა ცერცველამ გავრცელება ვერ ჰპოვა. თუმცა მას აქვს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა იმ ზონებში, რომლებიც არ ხასიათდება ხანგრძლივი და ძალიან ცივი ზამთრით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საშემოდგომო ფორმის შუალედურ კულტურად გამოყენება ნიადაგის ეროზისაგან დაცვისა და მისი ნაყოფიერების ასამაღლებლად, ამასთან ერთად იგი ძვირფასი საკვები კულტურაცაა მესაქონლეობისათვის. ადგილი თესლბრუნვაში. როგორც საგაზაფხულო, ისე საშემოდგომო ცერცველის კარგი წინამორბედებია თავთავიანი პურეული და სათოხნი კულტურები - კარტოფილი, სიმინდი, ჭარხალი. თვით ცერცველა საუკეთესო წინამორბედია ყველა მინდვრის კულტურისათვის. ნიადაგის დამუშავება. გაზაფხულზე თესვისათვის ნიადაგი უნდა დამუშავდეს მზრალად. დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან პირობებში და დიდი დახრილობის ფერდობებზე ნიადაგი იხვნება გაზაფხულზე დახრილობის გარდიგარდმო მიმართულებით და მუშავდება დიფერენცირებულად, ხნულის მდგომარეობის გათვალისწინებით. შუალედურ კულტურად თესვის დროს ნიადაგი უნდა დამუშავდეს წინამორბედი (ძირითადი) კულტურის მოსავლის აღებისთანავე. თუ ნიადაგი ფხვიერ მდგომარეობაშია და სუფთაა სარეველებისაგან, შეიძლება მოიხნას ზერელედ - 16-18 სმ სიღრმეზე ან დამუშავდეს მინიმალური დამუშავების წესით - დაიდისკოს დისკოებიანი იარაღით თანმიყოლებული ზიგზაგით. დარაიონებული ჯიშები. საქართველოში გვხდება ცერცველას შემდეგი ჯიშები: საგაზაფხულო - ახალქალაქის ცერცველა, მცხეთა; საშემოდგომო - ბანჯგვლიანი ანუ შავი ცერცველა და პანონსკაია. თესლის დასათესად მომზადება და თესვა. თესვის წინ, ფესვის ფუზარიოზული და ნაცრისფერი სიდამპლეების წინააღმდეგ, თესლი უნდა შეიწამლოს ინდაზოლით 1-1,5 კგ პრეპარატის ანგარიშით ერთ ტონა თესლზე. საგაზაფხულო ცერცველა ძირითად კულტურად ადრე გაზაფხულზე ითესება, მაგრამ მისი თესვა შეიძლება შემოდგომაზეც შუალედური კულტურის სახით როგორც სუფთად, ისე შვრიასთან, ჭვავთან და ქერთან ნარევში. საშემოდგომო ცერცველა შემოდგომით ჭვავთან ერთად უნდა დაითესოს, ხოლო გაზაფხულზე შვრიასთან, საგაზაფხულო ქერთან და მზესუმზირასთან ერთად. საშემოდგომო ცერცველა პირველ პერიოდში უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე ჭვავი, ამიტომ ცერცველა 10-15 დღით ადრე უნდა დაითესოს და შემდეგ მის მწკრივებს შორის ჩაითესოს ჭვავი. სუფთა სახით 1 ჰა-ზე უნდა დაითესოს საგაზაფხულო ცერცველა 130-150 კგ, საშემოდგომო 100-120 კგ, ნარევში კი 70-80 კგ/ჰა-ზე. ჭარბტენიან პირობებში და მობნევით თესვის დროს თესვის ნორმა უნდა გაიზარდოს 10-15%-ით. თესვა უნდა ჩატარდეს ჩვეულებრივ მწკრივად 3-4 სმ-ის სიღრმეზე ხორბლის სათესით (სათესის გამოთესვის ნორმაზე დაყენების წესი იხილეთ თავთავიანი პურეული კულტურების რეკომენდაციაში). პატარა ზომისა და ძლიერ დაქანებულ ნაკვეთებზე ცერცველისა და მისი მარცვლოვნებთან ნარევის ხელით თესვის დროს ზუსტად უნდა განისაზღვროს დასათესი თესლის რაოდენობა, თანაბრად განაწილდეს ნაკვეთზე და ჩაკეთდეს ნიადაგში ოპტიმალურ სიღრმეზე (ხელით თესვის წესი მოცემულია თავთავიანი პურეული კულტურების რეკომენდაციაში). ნათესის მოვლა. თესვის დამთავრების შემდეგ ნათესი უნდა მოიტკეპნოს საგორავებით. თესვის შემდეგ აღმონაცენის გამოჩენამდე ნიადაგის ქერქის გაჩენის შემთხვევაში ტარდება დაფარცხვა მსუბუქი ფარცხით. კარგ შედეგს იძლევა აგრეთვე აღმონაცენის დაფარცხვაც. იგი ტარდება მწკრივების გარდიგარდმო მიმართულებით ან დიაგონალზე, მცენარის 2-3 ფოთლის განვითარების ფაზაში. მოსავლის აღება. მწვანე საკვებად ცერცველა და მისი ნარევები უნდა გაითიბოს ყვავილობის დასაწყისში, ხოლო თივის დასამზადებლად - სრულ ყვავილობაში, სასილოსედ და სენაჟად - დაპარკების ფაზაში. ცერცველის აქვიტიანობა დამოკიდებულია გათიბვის დროზე და მოჭრის სიმაღლეზე. იგი დამაკმაყოფილებელ აქვიტს იძლევა მხოლოდ ყვავილობამდე გათიბვის შემთხვევაში და არანაკლებ 6 სმ-ზე გადაჭრისას. გათიბული მწვანე მასა ღვარეულებში უნდა გაშრეს. ცერცველას მარცვლად იღებენ პარკების 60-70% მომწიფებისას. ცერცველას ახასიათებს პარკების გახანგრძლივებულად მომწიფება და უნდა გაითიბოს დილით ან საღამოს. მოუმწიფებელი პარკები კარგად მწიფდება ღვარეულებში. გათიბული მასა გაშრობის შემდეგ უნდა გამოილეწოს. განოყიერება. ცერცველა და მისი მარცვლოვნებთან ნარევები მაღალ მოსავალს იძლევა სასუქების ფონზე. ძირითად კულტურად (სუფთად) თესვის შემთხვევაში ცერცველას გასანოყიერებლად საჭიროა ამონიუმის გვარჯილა 45-60 კგ, სუპერფოსფატი 350-500 კგ, კალიუმის მარილი 150-200 კგ/ჰა-ზე, ხოლო მარცვლოვნებთან ნარევებისათვის _ ნაკელი 10-15 ტონა, ამონიუმის გვარჯილა 100-150 კგ, სუპერფოსფატი 350-500 კგ, კალიუმის მარილი 150-200 150-200 კგ/ჰა-ზე. ფოსფორ-კალიუმიანი მინერალური სასუქები შეაქვთ ხვნის წინ, აზოტიანი - თესვის წინ.
გოდერძი გოდერძიშვილი, ქეა საერთაშორისო კავკასიაში
|