„ბიორაგი“ - ასე ჰქვია ქართველი მეცნიერის, პროფესორის, ამერიკისა და ევროპის სამეცნიერო საზოგადოებების წევრის, საქართველოსა და ამერიკის ღირსების ორდენების მფლობელის, 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორის რამაზ გახოკიძის გამოგონებას, რომელმაც სოფლის მეურნეობაში „რევოლუციური გარღვევა“ მოახდინა.
თუ რა დანიშნულება აქვს „ბიორაგს“, რა ეფექტის მოტანა შეუძლია და როგორ გაააცოცხლა თურქეთში ზეთისხილის გამხმარი მცენარეები, თავად მისი გამომგონებელი რამაზ გახოკიძე გვიამბობს, რომელიც კემბრიჯის ბიოგრაფიულმა საერთაშორისო ცენტრმა საუკუნის უდიდეს მოაზროვნეთა შორის დაასახელა.
-ბატონო რამაზ, გვიამბეთ როდის შეიქმნა „ბიორაგი“ ?
-“ბიორაგი“ 1979 წელს შევქმენი, რასაც წინ უსწრებდა ფუნდამენტური გამოკვლევები ბიოორგანულ ქიმიაში. ამ მრავალწლიანი კვლევების შედეგად შევქმენი ახალი თაობის რეგულატორები - ბიოენერგოაქტივატორები. ერთ-ერთი არის “ბიორაგი“, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია და გარემოს დაბინძურების გარეშე, ბიოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა. რაც მთავარია, ცნობილი ქიმიური პრეპარატებისგან პრინციპულად განსხვავდება. სახელი „ბიორაგი“ დავარქვი იმიტომ, რომ „ბიო“ სიცოცხლეს ნიშნავს. „რაგი“ კი ჩემს ფირმას ჰქვია. ასევე, შევქმენი სხვა მსგავსი პრეპარატებიც - „ემატონი“, “რაგოცინი“, „რაგილი“, „იმუნორაგი“ და სხვა. ჩემ მიერ შექმნილი ახალი აგრობიოორგანული ტექნოლოგია წარმოადგენს შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების პრობლემის მოგვარების პროგრესულ გზას. ამავდროულად იგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რაოდენობისა და ხარისხის გაზრდის საშუალებაა, ამცირებს გარემოზე ქიმიზაციის ნეგატიურ გავლენას, რაც დიდ ეკოლოგიურ და სოციალურ ეფექტს იძლევა. ჩემი შრომები საფუძვლად დაედო ახალი დისციპლინის - აგრობიოორგანული ქიმიის ჩამოყალიბებას.
-უფრო კონკრეტულად გვიამბეთ, რა ეფექტს ახდენს „ბიორაგი“ სოფლის მეურნეობაში?
-,,ბიორაგი’’ მიწის ეფექტიანად გამოყენების საშუალებას იძლევა. მას განსაკუთრებული ეფექტი აქვს ცუდ ნიადაგებზე და არასასურველ კლიმატურ პირობებზე. „ბიორაგის“ გამოყენების შედეგად, მოსავლიანობის ნამატი ბოლო ათ წელიწადში ასეთია: ხორბლის მოსავალი 2 ტონიდან 10 ტონამდე გაიზარდა, შაქრის ჭარხლისა 40 ტონიდან 140 ტონამდე და ა.შ. ჩემს გამოგონებას რამდენიმე დანიშნულება აქვს: გარემოს დაბინძურების გარეშე ბიოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღება; მოსავლიანობის მნიშვნელოვანი ზრდა; მცენარეთა ზრდა-განვითარების დაჩქარება; საადრეო მოსავლის მიღება; მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება და პროდუქციაში ცილის, ნახშირწყლების, ამინმჟავების და სხვა ბიოორგანული ნივთიერებების რაოდენობის გადიდება; მწვანე მასის გაზრდა; დაავადებებისა და გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; სასუქების ეფექტიანობის გადიდება, რაც მინერალური სასუქების ეკონომიის საშუალებას იძლევა; ნიტრატების, მძიმე ლითონებისა და რადიონუკლეიდების შემცირება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში; ძნელად დასაფესვიანებელ მცენარეთა ვეგეტაციური გამრავლება და ნაყოფმსხმოიარობის რამდენიმე წლით დაჩქარება; ცხოველთა იმუნიტეტისა და პროდუქტიულობის გაზრდა.
- საქართველოში მოთხოვნა „ბიორაგზე“ რამდენად დიდია?
- მოთხოვნა დიდია, მაგრამ ვერ ვაკმაყოფილებთ, რადგან წარმოება არ გვაქვს. „ბიორაგი“ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე (N2) ფირმა „აგროინვესტში“ იყიდება. ზოგადად ხელშეწყობა მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ქართული პროდუქციით არ ინტერესდებიან და უცხოური პრეპარატის შემოტანას ამჯობინებენ.
-რა კონკრეტული შედეგები მოიტანა „ბიორაგის“ გამოყენებამ?
-პირველად გურიაში დაიწყეს მისი გამოყენება და ყველაზე მეტი შედეგი იქ გვაქვს. გურულებმა აღმოჩენა გააკეთეს და „ბიორაგი“ მეფუტკრეობაშიც გამოიყენეს. ცნობილი ფაქტია, რომ მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკს იყენებენ, რათა ფუტკარი არ დაიღუპოს. ზოგჯერ შხამი თაფლში შედის და მას აღარავინ ყიდულობს. ერთმა ფერმერმა (გ. გობრონიძე) კი გურიაში „ბიორაგი“ გამოიყენა და ეფექტიც ჰქონდა. ფუტკრის ერთი ოჯახის ნაცვლად, სამოცი ოჯახი მიიღო. ასევე, გურიაში მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ „ბიორაგის“ გამოყენების შედეგად, ტყემალი ორჯერ აყვავდა. ერთხელ რომ მოილია, ზამთარში, თოვლში ნაყოფი მეორედ გამოისხა. მარტვილში კი ერთ-ერთ ოჯახში სიმინდი ორჯერ მოიყვანეს. ჩემი პრეპარატი ვეგეტაციიას აჩქარებს. „ბიორაგით“ მოყვანილი პროდუქტები მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში, მათ შორის მოსკოვის კვების ინსტიტუტში შეისწავლეს და მისი შედეგები აშკარაა.
-თქვენს პრეპარატს სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. ამაზე რას გვეტყვით?
-,,ბიორაგის“ გამოყენებით მკვეთრად მაღლდება მოსავლის ხარისხობრივი მაჩვენებლები. მაგალითად, სიმინდში შეუცვლელი ამინმჟავას - ლიზინის შემცველობა იზრდება 98%-ით, იოდის - 960%-ით, სელენის - 200%-ით. კარტოფილში C ვიტამინის შემცველობა იზრდება 50%-ით. ანალიზები ჩატარებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ლაბორატორიებში. ადრე თუ პროდუქტი ზედმეტი ქიმიზაციის გამო გვწამლავდა, ახლა მივირთმევთ და თან ვიკურნებით. მთიან რეგიონში ექიმები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მოსახლეობას, რომლებიც ,,ბიორაგით“ მოყვანილი პროდუქტებით იკვებებოდნენ. მიიღეს ასეთი შედეგი, რომ გახშირებული დაავადებები, როგორიცაა ინფარქტი, ინსულტი, ჩიყვი და იოდის და სელენის დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებები ნაკლებად ფიქსირდებოდა. დადასტურებულია, რომ „ბიორაგით“ მოყვანილი მცენარე ნიადაგიდან მძიმე მეტალებს არ ითვისებს. აღნიშნული ექსპერიმენტი ჩაატარა ჩემმა დოქტორანტმა გ. ავქოფაშვილმა აშშ-ში. ამ ცდებმა რუსები დააეჭვა და ექსპერიმენტი გაიმეორეს ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (ქ. დუბნა). მათაც იგივე შედეგები მიიღეს, რაც ცნობილ ჟურნალ ,,Агохимия“- ში გამოაქვეყნეს. როგორც ცნობილია, სასუქებს და პესტიციდებს ახასიათებთ მუტაგებური აქტიურობა, რაც კიბოს წარმოქმნის წინაპირობას წარმოადგენს. ახლახან აშშ-ში გამოქვეყნდა გენეტიკური გამოკვლევების შედეგები, სადაც ნაჩვენები იქნა, რომ ,,ბორაგის“ საშუალებით მიღებულ პროდუქტს (მიუხედავად ქიმიზაციის გამოყენებისა) ახასიათებს მაღალი ანტიმუტაგენური აქტიურობა და ლაბორატორიულ ცხოველებში პრაქტიკულად მინიმუმამდე ამცირებს მუტაციებს.
- ვიცით, რომ უცხოეთში, მათ შორის თურქეთში, „ბიორაგით“ დანტერესება დიდია...
-სამწუხაროდ, დაინტერესება უცხოეთში უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში. თურქეთში, ქალაქ ადანაში „ბიორაგი“ გამხმარი ზეთისხილის კულტურებზე გამოიყენეს და გახმობას გადაარჩინეს. ახლა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სურთ მისი გამოყენება. ასევე, იტალიაში, ქალაქ რომში “ბიორაგის“ საშუალებით ვერცხლისფერი ნაძვების ხეივანია გაშენებული.
-რა სამომავლო გეგმები გაქვთ წარმოებასთან და უცხოეთის სხვა ქვეყნებში პრეპარატის გატანასთან დაკავშირებით?
-ძალიან დიდია უცხოური ქვეყნების დაინტერესება აღნიშნული ტექნოლოგიით, რომლებთანაც მიმდინარეობს საქმიანი მოლაპარაკებები. ქვეყნებს ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებ.
ავტორი: თეონა კენჭიაშვილი
©
https://goo.gl/Ti2woXეს კაცი უნივერსიტეტში მიკითხავდა ლექციებს ძალიან განათლებული კაცია სანამ მოკვდება გამოვიყენოთ.