JustAMinute
un poco en broma
ჯგუფი: Members
წერილები: 2723
წევრი No.: 3350
რეგისტრ.: 31-October 03
|
#4792046 · 11 Feb 2007, 23:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დნესტრისპირეთი (ტრანსდნისტრია, პრიდნესტროვიე) არის მოლდოვის რესპუბლიკის რეგიონი, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წლის 2 სექტემბერს. საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოფიციალური სახელია დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა. დედაქალაქია ტირასპოლი. ოფიციალური (მოქმედი) ენებია: რუსული, უკრაინული და მოლდავური. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტია იგორ სმირნოვი. დნესტრისპირეთის ტერიტორია მოიცავს 4,163 კვადრატულ კილომეტრს. მოსახლეობა დაახლოებით 500,000 კაცია. ფულის ერთეულია დნესტრისპირეთის რუბლი.
გეოგრაფია
დნესტრისპირეთი მდებარეობს მოლდოვის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის საზღვარზე. არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. დასავლეთით დნესტრისპირეთის საზღვარი მოლდოვასთან არის 411 კმ, ხოლო აღმოსავლეთით უკრაინასთან 405 კმ. დნესტრისპირეთი წარმოადგენს ვიწრო დაბლობს, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მდინარე დნესტრის გასწვრივ. დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვარიც მოლდოვასთან ძირითადად სწორედ დნესტრზე გადის.
საზღვრები
დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორია არ არის მთლიანად სეპარატისტების კონტროლქვეშ. ზოგიერთი სოფელი დუბასარის ოლქში, რომელიც გეოგრაფიულად დნესტრისპირეთს ეკუთვნის, მოლდოვის ცენტრალური მთავრობის კონტროლქვეშაა, ხოლო ზოგიერთი ადგილები, რომლებიც ტერიტორიულად ბესარაბიას და არა დნესტრისპირეთს ეკუთვნის ტირასპოლის კონტროლქვეშაა.
პოლიტიკური სტატუსი
საერთაშორისო სამართლის მიხედვით დნესტრისპირეთი მოლდოვის ნაწილია, თუმცა დღეს და-ფაქტო დამოუკიდებლობას ფლობს. რუსეთს დიდი წვლილი მიუძღვის (სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით) დნესტრისპირეთის სეპარატისტული მთავრობის შექმნაში. დღემდე დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეჟიმი ინარჩუნებს არსებობას რუსეთის მხრიდან სამხედრო, პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური მხარდაჭერის ხარჯზე. სტამბულის 1999 წლის შეთანხმების მიუხედავად, რუსეთი ინარჩუნებს რეგიონში თავის ჯარებს, თუმცა მათი რაოდენობა დაახლოებით 1500 კაცამდე შემცირდა. აქედან 360 სამმხრივი სამშვიდობო ძალების (მოლდოვა, დნესტრისპირეთი და რუსეთი) შემადგენლობაშია.
დნესტრისპირეთის ლიდერთა უმრავლესობა არ არის დნესტრისპირეთში დაბადებული. ევროკავშირმა აკრძალა მათი შეშვება თავის საზღვრებში. თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის პრეზიდენტია იგორ სმირნოვი 1991 წლიდან. იგი კამჩატკაზეა დაბადებული და გაზრდილი და პროფესიით მეტალურგია.
2006 წლის რეფერენდუმი
2006 წლის 17 სექტემბერს დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა მთავრობამ ჩაატარა რეფერენდუმი, რომელშიც სეპარატისტების მონაცემებით მოსახლეობის 78.6% მონაწილეობდა. მათმა 97.1%-მა მხარი დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას დაუჭირა.
ისტორია
დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე ათასწლეულების განმავლობაში ინდო-ევროპული ტომები მოსახლეობდნენ. დაახ. ჩვ. წ. აღ.–მდე 600 წელს ძველმა ბერძნებმა დღევანდელი ტირასპორის ადგილას დააფუძნეს ქალაქი ტირასი. ადრეულ შუასაუკუნეებში დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ სლავები და ვლახები. XI-XIII სს აქ მოიხსენიებენ თურქულ ტომებს: პეჩენეგებს და კუმანებს. XIII საუკუნეში დნესტრისპირეთი მონღოლთა კონტროლქვეშ მოექცა, მოგვიანებით კი ყირიმის სახანოს ფარგლებში შედიოდა. XV საუკუნიდან დნესტრისპირეთის ტერიტორია მცირე ხნით ლიტვის დიდ საჰერცოგოს ემორჩილებოდა, ხოლო 1700 წელს ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო. ამ პერიოდში მისი მოსახლეობა მოლდაველებისა და თათრებისგან შედგებოდა. 1792 წელს რეგიონი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა და დაიწყო კოლონიზაციის პროცესი.
XX საუკუნის დასაწყისში მოსახლეობის უმრავლესობას რუმინელები (მოლდაველები) შეადგენდნენ. 1924 წელს დნესტრისპირეთი გამოიყო ავტონომიურ პოლიტიკურ ერთეულად მოლდოვის ასსრ-ს შემადგენლობაში. 1940 წელს შეიქმნა მოლდოვის სსრ, რომლის შემადგელობაში შევიდა ბესარაბია (რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით ჩამოერთვა რუმინეთს) და მოლდოვის ასსრ დნესტრისპირეთითურთ.
მეორე მსოფლიო ომის დროს დნესტრისპირეთი მცირე ხნით დაიპყრეს გერმანელებმა და 185,000 უკრაინელი და რუმინელი ებრაელი დახოცეს ან გადაასახლეს. 1944 წელს ტერიტორია საბჭოთა კავშირმა დაიბრუნა და გაგრძელდა კოლონიზაციის პროცესი. გორბაჩოვის “პერესტროიკა”-მ გარკვეული პოლიტიკური თავისუფლება მოუტანა რეგიონს და 1990 წლის 2 სექტემბერს დნესტრისპირეთის სახალხო წარმომადგენლების II კონგრესმა დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა ცალკე საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადა. გორბაჩოვმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა ტირასპოლის ახალმა ხელმძღვანელობამ რეგიონზე ნელ-ნელა კონტროლი დაამყარა.
დნესტრისპირეთის ომი დაიწყო მცირე მასშტაბის შეტაკებებით სეპარატისტებსა და მოლდავურ პოლიციას შორის 1990 წლის ნოემბერში ქალაქ დუბასართან. 1992 წლის მარტში მოლდოვის პრეზიდენტმა ნირჩეა სნეგურმა გასცა სეპარატისტებზე შეტევის ბრძანება. ამ უკანასკნელებს რუს-კაზაკთა და მე-14 საბჭოთა არმიის ნაწილები ეხმარებოდნენ. ამ ომის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანმა იძულებით დატოვა საკუთარი მიწა-წყალი. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაიდო 1992 წლის 21 ივლისს.
ეუთო-ს ძალისხმევით 1997 წლის 8 მაისს გაფორმდა ე.წ. პრიმაკოვის მემორანდუმი კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის, თუმცა ვერ მოიტანა სასურველი შედეგი. 2003 წლის ნოემბერში რუსეთმა ახალი ე.წ. “კოზაკის” მემორანდუმი წამოაყენა, ასევე უშედეგოდ. 2005 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტმა იუშჩენკომ წამოაყენა ახალი შვიდ-პუნქტიანი კონფლიქტის მოგვარების გეგმა.
2006 წლის 3 მარტს უკრაინამ დნესტრისპირეთს ახალი საბაჟო რეჟიმი დაუწესა და მას შემდეგ საზღვარზე ატარებს მხოლოდ მოლდოვაში დარეგისტრირებულ ტვირთს, რაც სეპარატისტებმა და რუსეთმა ეკონომიკურ ბლოკადად მონათლეს.
შესავალი
ითვლება, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტა რეგიონის სხვა კონფლიქტებიდან ყველაზე იმედისმომცემია. მოლდავურ და დნესტრისპირულ ძალებს შორის შეიარაღებული შეჯახებები 1992 წელს მხოლოდ რამდენიმე ადგილას მოხდა, შედარებით მოკლე ხანს გაგრძელდა და გაცილებით ნაკლები სისხლისღვრა გამოიწვია ვიდრე ომებმა აფხაზეთსა და მთიან ყარაბახში. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი შეიცავს გარკვეულ ეთნიკურ და ლინგვისტურ ელემენტებს, ისინი საზოგადოების არც ისე მძლავრ დანაწევრებას იწვევს. დნესტრისპირეთის კონფლიქტი ასევე არ ხასიათდება ისტორიული ხასიათის დავებით. მიუხედავად ამისა, რუსეთის, უკრაინისა და ეუთოს ერთობლივმა შუამდგომლობამ, რომელიც 1993 წლის შემდეგ ხორციელდება, ვერ გამოიღო შედეგი და ვერ გადაწყვიტა კონფლიქტის საბოლოო დარეგულირების საკითხი.
მოლაპარაკებებმა ახალი ბიძგი მიიღეს 2002 წლის ივლისში, როცა მედიატორებმა წარმოადგინეს კონფლიქტის მოგვარების ახალი ხელშეკრულება ე. წ. “კიევის დოკუმენტი”. აღნიშნულმა დოკუმენტმა პირველად შემოიღო “ფედერალური სახელმწიფოს” ცნება. ეს მოხდა იმ დროს, როცა საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი მოლდოვის მიმართ იზრდებოდა. 2002 წელს ევროკავშირისა და რუსეთის სამიტზე მხარეებმა განაცხადეს, რომ ითანამშრომლებდნენ დნესტრისპირეთის კონფქლიტის მოგვარების საკითხებში. ნიდერლანდებმა კი, რომელიც 2003 წელს ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა იყო, დნესტრისპირეთის პრობლემის გადაწყვეტა თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.
დნესტრისპირეთის კონფლიქტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც. მოლდოვა ევროპის უღარიბესი ქვეყანაა, სადაც ორგანიზებული დანაშაული ყვავის. დაახლოებით 300,000-მა მოლდოვისა და დნესტრისპირეთის მოქალაქემ უკვე მიიღო რუმინეთის მოქალაქეობა, რაც ევროკავშირს, რომელსაც რუმინეთი 2007 წლის 1 იანვრიდან შეუერთდება, მეტად ურთულებს საზღვრების კონტროლს.
გეოგრაფია და ისტორია
მე-15 საუკუნეში მოლდოვის სამეფო კარპატებიდან დნესტრამდე იყო გადაჭიმული. 1812 წელს, მდინარე პრუტის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, ე. წ. ბესარაბია დაიპყრო რუსეთმა. 1859 წელს პრუტის დასავლეთით მდებარე ტერიტორია გახდა რუმინეთის სამეფოს ნაწილი. 1918 წლის 24 იანვარს ბესარაბიამ გამოაცხადა რუსეთისგან დამოუკიდებლობა და მცირე ხნით რუმინეთს შეუერთდა. ბესარაბიაზე თავისი პრეტენზიისთვის ხაზის გასასმელად მოსკოვმა 1924 წელს შექმნა მოლდოვის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (მასსრ) დნესტრის მარცხენა (აღმოსავლეთ) ნაპირზე და უკრაინის ტერიტორიაზე. 1940 წელს საბჭოთა კავშირმა დაიპყრო ბესარაბია და შექმნა მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (მსსრ).
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოლდოვა აღდგა თავის 1940 წლის ფარგლებში და დაიწყო ინდუსტრიალიზაციისა და რუსიფიკაციის პროცესი. 1944-49 წლებში აქ, ძირითადად დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე, ჩამოასახლეს 300,000-მდე რუსი. ამავე დროს 500,000-ზე მეტი მოლდაველი გადაასახლეს საბჭოთა კავშირის შორეულ აღმოსავლეთში. დაახლოებით 200,000 კაცი დაიღუპა 1946-47 წლების დიდი შიმშილობის დროს. დნესტრისპირეთი, რომელიც უკვე 1945 წელს უფრო განვითარებული იყო ვიდრე დანარჩენი მოლდოვა, გახდა მსსრ-ს ინდუსტრიული ცენტრი. დნესტრის მარჯვენა სანაპიროს ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობასა და მსუბუქ მრეწველობას ეფუძნებოდა, ხოლო დნესტრისპირეთის ეკონომიკა მძიმე მრეწველობასა და საბჭოთა კავშირის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსზე იყო ორიენტირებული. ამგვარად დნესტრისპირეთი უფრო ურბანიზებული და რუსიფიცირებული გახდა, ვიდრე ბესარაბია.
დნესტრისპირეთიდან იყო ქვეყნის ელიტის უმეტესი ნაწილი. რუსები და რუსიფიცირებული მოლდაველები დომინირებდნენ სახელმწიფოსა და პარტიის სტრუქტურებს და ეკონომიკას 1980-იან წლებამდე. რუსული იყო სახელმწიფო ენა, ხოლო მოლდავური ენა შევიწროებას განიცდიდა.
1980-იანი წლების ბოლოს გორბაჩოვის გლასნოსტის და პერესტროიკის პოლიტიკამ საშუალება მისცა პრო-რუმინელ ინტელექტუალებს ხმა აღემაღლებინათ რუსული მმართველობის წინააღმდეგ. ბალტიის ქვეყნებში გაშლილი მოძრაობებით წაქეზებულმა მოლდაველებმა 1989 წლის მაისში მოწყვეს პროტესტი, რომელიც მალე მასობრივ მოძრაობაში გადაიზარდა. მოლდაველები ითხოვდნენ, რუმინული ენის ლათინური დამწერლობით მათ სახელმწიფო ენად გამოცხადებას.
საპროტესტო გამოსვლების შედეგად 1989 წლის 31 აგვისტოს მსსრ-ს უმაღლესმა საბჭომ მოლდავური სახელმწიფო ენად გამოაცხადა. ამან გამოიწვია რუსულენოვანთა უკმაყოფილება, რადგან აღნიშნული კანონით სახელმწიფო მოხელეს ორივე რუსული და მოლდავური ენა უნდა სცოდნოდა. ახალმა კანონმა და პროტესტებმა გამოიწვია რუმინულენოვანთა უფრო მეტად დანიშვნა სახელმწიფო თანამდებობებზე. ქვეყანაში დაწყებულმა დემოკრატიზაციის პროცესმა და “პოპულარული ფრონტის” პირველ უზენაესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვებამ ძალოვანი სტრუქტურების “მოლდოვანიზაცია” და “დერუსიფიკაცია” გამოიწვია. 1991 წლისთვის ეთნიკურ მოლდაველებს მთავრობის თანამდებობათა 90 პროცენტი ეკავათ.
მოლდოვის ეროვნულ მოძრაობას თავიდანვე ჰყავდა მოწინააღმდეგეები სხვა ეთნიკური ჯგუფების სახით. სამხრეთ მოლდოვაში ცხოვრობს დაახ. 160,000-იანი გაგაუზთა უმცირესობა (ქრისტიანული საზოგადოება, რომელთა ენაც თურქულს ენათესავება) და 80,000 ეთნიკური ბულგარელი. 1990 წლის ოქტომბერში გაგაუზებსა და მოლდაველებს შორის დაპირისპირება კინაღამ შეიარაღებული კონფლიქტში გადაიზარდა. მზარდი ანტი-რუსული დამოკიდებულება და საუბრები მოლდოვის რუმინეთთან შესაძლო გაერთიანების შესახებ იწვევდა რუსულენოვანთა შეშფოთებას და მათში ე. წ. “რეაქციული ნაციონალიზმი” განვითარდა. მათ ასევე დაიწყეს მოლდაველთა საპასუხო დემონსტრაციების გამართვა. რუსულენოვანთა ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია იყო მშრომელთა კოლექტივების გაერთიანებული საბჭო (Объединенный Совет Трудовых Коллективов).
ყველაზე ნეტად სიტუაცია დნესტრისპირეთის ინდუსტრიულ ცენტრებში დაიძაბა, სადაც მუშები პირდაპირ ექვემდებარებოდნენ მუსკოვს და ეწინააღმდეგებოდნენ მოლდავეთის დამოკიდებლობისაკენ სწრაფვას. ზოგადად დნესტრისპირეთში საბჭოთა კავშირთან იდენტიფიკაცია უფრო მაღალი იყო ვიდრე დანარჩენ მოლდოვაში. ამ ფაქტორებმა განაპირობა დნესტრისპირეთის მოსახლეობაში ინტერესების და იდენტიფიკაციის ფაქტორების იმგვარი კომბინაცია, რომელიც დიამეტრულად განსხვავებული იყო მოლდაველ კომუნისტთა და პრო-რუმინელ ნაციონალთაგან.
1990 წლის 2 სექტემბერს გამოცხადდა “დნესტრისპირეთის მოლდავური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა”, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი. მოსკოვის 1991 წლის აგვისტოს პუტჩიდან მალე მოლდოვამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ხოლო 1991 წლის 2 სექტემბერს დნესტრისპირეთის უზენაესმა საბჭომ მიიღო დნესტრისპირეთის კონსტიტუცია და დაიწყო შეიარაღებული ძალების შექმნა. 1991 წლის 1 დეკემბერს იგორ სმირნოვი არჩეულ იქნა “დნესტრის მოლდავური რესპუბლიკის” პირველ პრეზიდენტად. იმავე დღეს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას ხალხმა რეფერენდუმზე დაუჭირა მხარი.
1991/92 წლების ზამთარში დნესტრისპირეთის სამხედრო და მილიციურმა ძალებმა დაიწყეს ე.წ. “მცოცავი პუტჩი” (ცრეეპინგ პუტსცჰ), რომლის დროსაც მათ შეტევები განახორციელეს რამდენიმე მოლდავური პოლიციის განყოფილებაზე დნესტრისპირეთში და შეეცადნენ გაეძევებინათ ადგილობრივი მთავრობის წევრები მოლდაველებით დასახლებული სასოფლო მიდამოებიდან, რომლებიც მოლდოვის მთავრობის ერთგული იყვნენ.
საბჭოთა მე-14 არმიამ, რომელიც დნესტრიპირეთში იყო განთავსებული ამ პერიოდში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მისმა ოფიცრებმა არ ცნეს მოლდოვის იურისდიქცია, ერთგულება გამოუცხადეს დნესტრისპირეთის მთავრობას და მზადყოფნა გამოთქვეს დაეცვათ დნესტრისპირეთის რეგიონი და გაეწვრთნათ და მოემარაგებინათ დნესტრისპირეთის ახლად შექმნილი თავდაცვის ჯარები. რეალურად მე-14 არმიის შემადგენლობის უმეტესი ნაწილი დნესტრისპირეთიდან იყო და პირდაპირ იყო დაინტერესებული თავისი სამშობლოს დაცვით. მოსკოვს არ ჰქონდა დნესტრისპირეთში განლაგებულ სამხედრო ძალებზე სრული კონტროლი.
1992 წლის გაზაფხულზე ეს ე.წ. “მცოცავი პუტჩი” ომში გადაიზარდა. ყველაზე მწვავე ბრძოლები იყო ბენდერისა და დუბასარის შემოგარენში. ამ ომის შედეგად, რომელშიც მე-14 არმიაც მონაწილეობდა, დნესტრისპირეთმა დე-ფაქტო დამოუკიდებლოდა მოიპოვა.
1992 წლის ივლისისთვის მე-14-ე არმია მოლდოვაში ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას წარმოადგენდა. მასში 9,250 ჯარისკაცი და მძიმე შეიარაღება (126 ტანკი, 198 ჯავშანტრანსპორტიორი და 127 საარტილერიო დანადგარი) შედიოდა.
1994 წლის 21 ოქტომბერს მოლდოვამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსული ჯარის გაყვანის შესახებ, მაგრამ რუსულმა დუმამ არ მოახდინა ამ დოკუმენტის რატიფიკაცია. რუსეთი თითქოსდა ეთანხმებოდა ეუთოს მოთხოვნებს. მან 1999 წლისთვის მე-14 არმიის რაოდენობა 2,600 კაცამდე შეამცირა და ეუთოს სტამბულის სამიტზე აიღო ვალდებულება 2002 წლის ბოლომდე გაეყვანა თავისი ჯარები მოლდოვიდან (დნესტრისპირეთიდან). ჯარების და აღჭურვილობის გატანა მართლაც დაიწყო, მაგრამ დნესტრისპირეთის წინააღმდეგობის შედეგად შეჩერდა. 2002 წლის ეუთოს პორტოს მინისტერიალმა დარჩენილი ჯარების გაყვანის ვადა 2003 წლის ბოლომდე გააგრძელა. თუმცა პორტოში მიღებულ დოკუმენტში რუსეთის მოთხოვნით ჩაიდო ასეთი დებულება, რომ ჯარების გაყვანა მოხდებოდა “საჭირო პირობების არსებობის შემთხვევაში” (“პროვიდედ ტჰე ნეცესსარყ ცონდიტიონს არე ინ პლაცე”). ამან რუსეთსა და დნესტრისპირეთს შეუქმნა ჯარების გაყვანის შემდგომი გაჭიანურების საშუალება.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარების რაოდენობა სამხედრო თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვანია, მათი დნესტრისპირეთში არსებობა სეპარატისტებისთვის იმედისმომცემია და კონფლიქტის გადაწყვეტას უშლის ხელს.
დნესტრისპირეთი დღეს
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დნესტრისპირეთმა შექმნა გარკვეული სახელმწიფოს მსგავსი სტრუქტურა. მას ჰყავს პრეზიდენტი, პარლამენტი, ეროვნული ბანკი, რომელიც უშვებს დნესტრისპირეთის ფულის ერთეულს, სასამართლოს სისტემა, არმია, პოლიცია, უშიშროების სამსახური და ა. შ. დნესტრისპირეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) მოლდოვისაზე ოდნავ დაბალია. ანუ მოლდოვის სიღარიბის გამო დნესტრიპირეთის მოსახლეობისთვის ნაკლებად მიმზიდველია.
დნესტრისპირეთის მთავრობის ეკონომიკური რესურსები მოიცავს ლეგალურ და არალეგალურ საქმიანობას. ლეგალური საქმიანობიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოლდოვის მეტალურგიული ქარხანა რიბნიტაში, რომლის დიდი ნაწილიც რუსულ იტერას ეკუთვნის და რომელიც დნესტრისპირეთის საგადასახადო შემოსავლების 2/3-ს შეადგენს. სხვა მნიშვნელოვანი საწარმოებია კუჩიურგანის ელექტრო სადგური, კვინტის კონიაკის ქარხანა და მსუბუქი იარაღის რამდენიმე ქარხანა.
სტატუს კვოს შენარჩუნება საშუალებას აძლევს დნესტრიპირეთის მთავრობას მოგება მიიღოს არა მარტო ვაჭრობიდან (ლეგალური და კონტრაბანდა), არამედ აგრეთვე იარაღის, ნარკოტიკების და ადამიანთა ტრეფიკინგისა და ფულის გათეთრებიდან.
დნესტრისპირეთი წარმოადგენს კრიმინალთა თავშესაფარს. მაგალითად, დნესტრისპირეთის უშიშროების სამსახურის გავლენიანი ფიგურები ინტერპოლის მიერ იძებნებიან და დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტის შემთხვევაში დაჭერის და პასუხისგებაში მიცემის საფრთხე დაემუქრებათ. ამგვარად, ისინი ყველანაირად წინააღმდეგი არიანი კონფლიქტის გადაწყვეტის და განაპირობებენ დნესტრისპირეთის მმართველი ელიტაში კონფლიქტის გადაწყვეტის პოლიტიკური ნების არ არსებობას.
კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობები, 1992-2002
1992 წლის 21 ივლისს მოლდოვისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მირჩეა სნეგურმა და ბორის ელცინმა მოსკოვში ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის შედეგადაც სამმხრივი სამშვიდობო ძალები (რუსეთი, მოლდოვა, დნესტრისპირეთი) განთავსდნენ მდინარე დნესტრის ორივე მხარეს. აქედან დაიწყო დნესტრისპირეთის სტატუსის განსაზღვრის შესახებ მოლაპარაკებები. 1993 წლის 27 აპრილიდან ამ პროცესში ჩაერთო ეუთომ.
1995 წლამდე მოლაპარაკებები ძირითადად უშედეგოდ მიმდინარეობდა. 1996 წელს ეუთოსა და რუსეთის მონაწილეობით მომზადდა “მემორანდუმი ურთიერთობების მოგვარების პრინციპების შესახებ”, რომელსაც ხელი მოეწერა 1997 წლის 8 მაისს. მემორანდუმის მიხედვით, მხარეებს ურთიერთობების უნდა მოეგვარებინათ 1990 წლის მოლდოვის სსრ-ს ფარგლებში, ხოლო რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები მოლდოვის ერთიანობის გარანტად გამოდიოდნენ. ამის შემდეგ ეუთომ მოამზადა კონფლიქტის საბოლოო მოგვარების შეთანხმების პროექტი, თუმცა მხარეთა პოზიციების განსხვავების გამო იგი ჩავარდა.
1998 წელს მოედიატორებმა ახალი შეთანხმების პროექტი მოამზადეს, თუმცა ისიც ჩავარდა. 2000 წელს პრიმაკოვმა, რომელიც რუსეთის დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების კომისიას ხელმძღვანელობმა, კვლავ ახალი შეთანხმების პროექტი წარუდგინა მხარეებს. ისიც ჩავარდა.
2001 წლის თებერვალში მოლდოვის სათავეში კომუნისტები მოვიდნენ ვლადიმერ ვორონინის ხელმძღვანელობით. 2001 წლის 16 მაისს მან დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების და კომპეტენციათა ცენტრსა და რეგიონს შორის განაწილების ახალი გეგმა წარმოადგინა. ტირასპოლმა ამის პასუხად საკუთარი გეგმა წარმოადგინა და პროცესი კვლავ შეფერხდა.
კიევის დოკუმენტი, 2002
კიევის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა შუამავლების მიერ ეუთოს დახმარებით და რომელიც 42 მუხლისაგან შედგებოდა, განსაზღვრავდა იმ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც უნდა ყოფილიყო დაფუძნებული ერთიანი მოლდოვის რესპუბლიკის მართვა. ყველაზე დიდი სიახლე და მნიშვნელობა ამ დოკუმენტისა იყო ის, რომ პირველივე მუხლით იგი განსაზღვრავდა მოლდოვის რესპუბლიკას, როგორც ფედერალურს. მანამდე არსებული არცერთი დოკუმენტი არ შეიცავდა მოლდოვის ფედერალურ მოწყობის პრინციპს.
კიევის დოკუმენტის საფუძველზე შემუშავდა მოლდოვასა და დნესტრისპირეთს შორის შეთანხმების ტექსტი, რომელიც ერთიანი მოლდოვის ფედერალურ მოწყობას ითვალისწინებდა. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, ერთერთი შეხვედრის დროს დნესტრისპირეთის მხარემ მოითხოვა შეთანხმების ტექსტში ცვლილებების შეტანა, რომელიც მოლდოვის ერთიან სახელმწიფოს კონფედერაციის და არა ფედერაციის პრინციპებზე დაფუძნებას ითვალისწინებდა. ეს მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო დნესტრისპირეთის ადრინდელი პოზიციიდან და საბოლოოდ შეთანხმება მაინც ვერ შედგა.
ვორონინის საკონსტიტუციო ინიციატივა
ჩიხში შესული პროცესის გამოცოცხლება მოლდოვის პრეზიდენტმა ვორონინმა სცადა. 2003 წლის თებერვალში მან დნესტრისპირეთს მოლდოვის ახალი კონსტიტუციის შექმნაში მონაწილეობა და თანაავტორობა შესთავაზა. ვორონინის ინიციატივა კიევის დოკუმენტის პრინციპებს ემყარებოდა, კერძოდ: ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატიული და რესპუბლიკური მმართველობის სისტემა ფედერალური ტერიტორიული მოწყობით.
ძირითადი პრინციპები ასევე მოიცავდა:
-ორ დონეზე არსებულ სახელმწიფო ორგანოებს, კანონმდებლობას და საბიუჯეტო განაწილებას ცენტრალურ და დნესტრისპირეთის მთავრობებს შორის კომპეტენციათა შესაბამისი გადანაწილებით;
-საგარანტიო მექანიზმები, რომლებიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კანონის აღსრულებას უზრუნველყოფდა;
-ერთიანი მოქალაქეობა, ერთიანი სავალუტო სისტემა და ერთიანი თავდაცვისა და საბაჟო სივრცე;
-დნესტრისპირეთის უფლება თვითონ განსაზღვროს ენის პოლიტიკა, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოლდოვური იქნება სახელმწიფო ენა, ხოლო რუსული ოფიციალური ენა;
-დნესტრისპირეთის თვითგამორკვევის უფლება იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის საერთაშორისო სტატუსი შეიცვლება.
ვორონინის ინიციატივა მნიშვნელოვანი იყო, რადგან არსებული კონსტიტუცია 1994 წელს იყო მიღებული და მასში დნესტრისპირეთს არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ვორონინის იდეა მოიწონა ეუთომ, რუსეთმა და უკრაინამ, თუმცა დაიწუნა დნესტრისპირეთმა, რომელიც კვლავას მოლდოვასთან ურთიერთობების კონტრაქტულ საფუძველზე დაფუძნებას მოითხოვდა.
დნესტრისპირეთის არაკონსტრუქციულობის გამო, ევროკავშირმა მის ლიდერ სმირნოვსა და 17 სხვა თანამდებობის პირებზე ვიზების გაცემა აკრძალა, რაც მალე აშშ-სა და სხვა ევროკავშირის მოკავშირე ქვეყნებმაც გაიმეორეს.
ამ ნაბიჯმა დნესტრისპირეთის ნაწილობრივი გამოფხიზლება მოახდინა. განახლდა რუსული ჯარების გაყვანის პროცესი ისეთი ტემპებით, რომ წლის ბოლომდე მთლიანად იქნებოდა ჯარები გაყვანილი. თუმცა, დნესტრისპირელმა მხარემ კვლავ დაბლოკა პროცესი, ვინაიდან მას არ უნდოდა რუსულ სამხედრო ტექნიკასთან განშორება.
ერთი სიტყვით, ვორონინის საკონსტიტუციო ინიციატივაც ჩიხში შევიდა.
გადაწყვეტის ხერხები
იმისათვის, რომ დნესტრისპირეთი დათანხმდეს კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესს, მისი მთავრობის მიერ სტატუს კვოდან მიღებული სარგებლის შემცირება ისევე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ხელისუფლების განაწილების მისაღები მოდელის შემუშავება. კონფლიქტის გადაწყვეტის წარმატებით დაგვირგვინებისთვის საჭიროა მოლდოვა დნესტრისპირეთისთვის მიმზიდველი გახდეს, ხოლო დნესტრისპირეთის ჩაკეტილი საზოგადოება თანდათან გაიხსნას.
სტატუს კვოს მოგებების შემცირება
იმისათვის, რომ სტატუს კვო უფრო ნაკლებად მიმზიდველი იყოს დნესტრისპირელი ხელისუფალთათვის საჭიროა არა მარტო არალეგალური საქმიანობების ალაგმვა, არამედ სეპარატისტ ლიდერთათვის შემოსავლის წყაროების გადაკეტვა. მოლდოვა-უკრაინის დნესტრისპირეთის საზღვრის გაკონტროლება (860 კმ) ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. აუცილებელია, მოლდოვამ გააკონტროლოს თავისი საბაჟო შემოსავლები, თუმცა დნესტრისპირულ საწარმოებს მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. აუცილებელია მოლდოვა-უკრაინის ერთობლივი საბაჟო პუნქტების შექმნა დნესტრისპირეთის საზღვრის უკრაინის მხარეს. ეს ხელს შეუწყობდა მოლდოვის შემოსავლების გაზრდას, არალეგალური ვაჭრობის ალაგმვას და მოლდოვის ეკონომიკურ სტაბილიზაციას.
დნესტრისპირეთის ლიდერთათვის ვიზების არ გაცემა, ანგარიშების გაყინვა და მათ კომპანიებთან არ თანამშრომლობა ის დამატებითი ზომებია, რომლებიც დნესტრისპირეთის ელიტას სტატუს კვოს ნაკლებად სასიამოვნოდ უქცევს.
დნესტრისპირეთის საზოგადოების გახსნა
დნესტრისპირეთი იმართება ავტორიტარული რეჟიმის მიერ, რომელსაც გააჩნია მკაცრი უშიშროების სამსახური, რომელიც ზღუდავს პოლიტიკურ პლურალიზმს ანტი-რეფორმისტულ, პრო-დნესტრისპირულ და საბჭოთა- ნოსტალგიურ მიმართულებებამდე. რამდენიმე პარტია, რომელიც ნაწილობრივ მაინც ოპოზიციაში უდგას დნესტრისპირეთის ხელისუფლებას დაპატიმრების ან შევიწროების მუდმივ შიშშია. არჩევნები, რომლებიც რეგიონში ჩატარდა არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი. მედია თითქმის მთლიანად მთავრობის კონტროლქვეშაა. მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები შეიძლება იცემონ და პასუხისგებაში მიეცენ მთავრობის მიერ კონტროლირებად სასამართლოებში. ამ ჩაკეტილი საზოგადოების გახსნა, ელიტის ძალაუფლების გარკვეულწილად შემცირებას გამოიწვევს.
მოლდოვა უნდა გახდეს უფრო მიმზიდველი
მოლდოვა, რომელიც ღარიბი და კორუმპირებული ქვეყანაა, სადაც მმართველ ელიტას ახასიათებს ტენდენცია აკონტროლოს ეკონომიკა, მედია და პოლიტიკური ინსტიტუტები არ არის მიმზიდველი დნესტრისპირეთისთვის. მოლდოვის მშპ 2002 წელს 417 ევრო იყო, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ 1,8%-ია. დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ადამიანთა უფლებების დაცვაც სუსტია, რაც დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის სანერვიულოა, თუკი მათ ექნებათ სურვილი მოლდოვასთან გაერთიანების. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მეტი ძალისხმევა გაიღოს, რათა მოლდოვა უფრო წარმატებული გახდეს და უფრო მიმზიდველი დნესტრისპირეთისთვის.
კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტა
მოლდოვამ დნესტრისპირეთს უნდა შესთავაზოს ასიმეტრიული ფედერაცია, რომელშიც დნესტრისპირეთს ექნება კონტროლი თავის ქონებასა და რესურსებზე და სადაც დაცული იქნება რუსულენოვანი მოსახლეობა.
This post has been edited by JustAMinute on 11 Feb 2007, 23:22
--------------------
Using No Way As Way : )
|