დღეს ფეისბუკზე ერთი ჩემი მეგობრის - პიანისტ ნინო ჟვანიას პოსტს წავაწყდი.
ის წერს:
ორი დღის წინ, დილით, ყავის სმისას, შემთხვევით შემომეყურა ფრაგმენტი "კუნგ-ფუ პანდიდან", რომელშიც ბრძენი კუ უგვეი ოსტატ შიფუს უმტკიცებდა, რომ შემთხვევითობა შემთხვევითი როდია ...
არ მკითხოთ, რატომ, მაგრამ იმავე დღეს, შუადღეს, ვიჯექი მათემატიკოსის წინ და ვთხოვდი, მარტივად აეხსნა ჩემთვის, რას წარმოადგენს ალბათობის თეორია...
ამიხსნა და მივხვდი, რომ ალბათობის თეორია სწავლობს შემთხვევითობასთან დაკავშირებულ კანონზომიერებებს... ოღონდ, ეს კანონზომიერებები იჩენს თავს მხოლოდ დიდ რიცხვებთან მიმართებაში... ანუ, თუ ააგდებ კამათელს (რაც შემთხვევითობის ყველაზე ტიპური გამოვლენაა) 10-ჯერ , ვერ დაადგენ კანონზომიერებას, მაგრამ თუ ააგდებ 40 ათასჯერ (თუ ცდათა რიცხვი არის დიდი და მიისწრაფვის უსასრულობიკენო, - ასე მითხრა მათემატიკოსმა), შესაძლებელი ხდება კანონზომიერების აღმოჩენა ...
ანუ, ჩემი სიტყვებით ახლა: ჩემს ცხოვრებაში მომხდარ შემთხვევითობებზე დაყრდნობით ვერაფერსაც ვერ მიხვდები, მაგრამ 40 000 ადამიანის ცხოვრებას თუ შეისწავლი, შემთხვევითობების კუთხით, მიდიხარ დასკვნამდე, რომ შემთხვევითობა შემთხვევითი როდია, და ის შეფასებადი და პროგნოზირებადია...
ეს რომ გავიგე, შეგრძნება გამიჩნდა, რომ მას ხელით შევეხე...
წერდა მე-20 საუკუნის გერმანელი კომპოზიტორი, კარლჰაინც შტოკჰაუზენი, რომ სამყაროში არსებობს იდეალური წყობა (Ordnung), და მუსიკის დანიშნულება ამ წყობის მუსიკაში განხორციელება არისო... ამიტომ პოულობდა "მუსიკის აწყობის" (და არა შექმნის) განსხვავებულ, ვიღაცეებისთვის ზედმეტად რაციონალურ გზებს... რომ დასცინოდნენ, მშვიდად პასუხობდა: ვინ ხედავს ატომებს? მაგრამ ყველამ იცის,
რომ მათ სტრუქტურაზეა დამოკიდებული ყოველგვარი მატერიაო... ჰოდა, ამ აწყობისას შემთხვევითობას თუ დაუშვებდა (მაგალითად, პიანისტს მიუთითებდა, წინასწარ 19 ფრაგმენტად დაშლილი საფორტეპიანო ნაწარმოები იმ ფრაგმენტით დაეწყო, რომელსაც თვალი შემთხვევით მოხვდებოდა, და ასე გაეგრძელებინა, სანამ პიანისტი ერთსა და იმავე ფრაგმენტს შემთხვევით მესამაჯერ შეავლებდა თვალს), მაშინაც იცოდა, ეტყობა, რომ ეს შემთხვევითობა იმ წყობის ნაწილი იყო....
არ ვიცი, რატომ არ ვიცოდი ზუსტად აქამდე, რას წარმოადენს ალბათობის თეორია... შემთხვევითი არც ესაა, ალბათ... მაგრამ ორი დღეა დავდივარ შეგრძნებით, რომ საყაროში არსებულ იდეალურ წყობას შევეხე ხელით.... და პირველად ჩემმა წარმოსახვამ დამიხატა ღმერთის შესაძლო სახე... სრულყოფილი, ყოვლისმომცველი წყობა, რომელიც მირევს გონებას შემთხვევითობებით, რათა...
აი რათა, უკვე აღარ ვიცი....
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)