განათლების სამინისტრო სახელმწიფო სტრუქტურაა.
ჩვენი სახელმწიფო სეკულარულია. იგი აღიარებს რწმენის თავისუფლებას, მაგრამ ამითი არ ხდება რელიგიური. მას აქვს კონკორდატი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომლის პირველ პუნქტში წერია "1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ."
ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვითო, წერია. ეს ერთი.
ახლა მეორე - სკოლა სახელმწიფოსია. ერთმნიშვნელოვნად, ცალსახად, უეჭველად და უდავოდ. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას განათლების სტანდარტი ნებისმიერ სკოლაში, რომელსაც მოქალაქე ანდობს ბავშვს. ამ სტანდარტის დაუცველობა ნიშნავს განათლების კონსტიტუციური უფლების დარღვევას - სერიოზული დანაშაულია.
თავის ამ ვალდებულებას სახელმწიფო ადასტურებს ზოგადი კანათლების შესახებ კანონშიც. ამ კანონითვე შემოაქვს ვალდებულების აღსრულების ინსტრუმენტი - აკრედიტაცია.
"საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ. მუხლი 32. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაცია
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან და ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ახორციელებს აკრედიტაციას. სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემულ ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ამ მუხლითა და ექსტერნატის დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ დოკუმენტს.
2. აკრედიტაციის გავლა სავალდებულოა ყველა ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. "
ახლა მესამე - ქალბატონი დირექტორი ინტერვიუს ბოლოს ამაყად ჰპირდება მთელს საზოგადოებას, რომ ამას გააკეთებს - ქვეყნის მასშტაბით თუ არა, თავის სკოლაში მაინც. კითხვა - აქვს თუ არა ასეთი სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე სკოლას უფლება, გადაუხვიოს პროგრამას და ასწავლოს კრეაციონიზმი"
პასუხი - არა, არა აქვს. გააკეთებს და აკრედიტაციას დაემშვიდობება. თუ აკრედიტაცია არ ექნება, ბავშვებს ვერ მიიღებს - რადგან ამ ბავშვებს ვერ მისცემს განათლების საბუთს, ისინი უსწავლელები დარჩებიან, რაც კონსტიტუციური უფლების დარღვევაა.
მოკლედ, სახელმწიფოს (განათლების სამინისტროს სახით) ყველა უფლება და მიზეზი აქვს, რათა ქალბატონი დირექტორი და პედკოლექტივი მკაცრად დასაჯოს კანონის არა ერთი პუნქტის საფუძველზე.
დიდი იმედი მაქვს, რომ არ წაუყრუებენ. ბავშვების მომავალზეა საუბარი, მართლა სერიოზული ამბავია.
მოკლედ, უნდა მიიტისკონ. ბოვშების გულიზა, თვარა ამას რავა გაკადრებდით, ქალბატონოო - ჭიჭიკიას ფრაზა ზედგამოჭრილია ამ ამბავზე