Glekhi
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 210
წევრი No.: 8838
რეგისტრ.: 18-February 05
|
#30378855 · 24 Mar 2012, 22:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესო სტატიას წავაწყდი და ვიფიქრე დაგაინტერესებთ თქვენც : ქართული ლანდშაფტი მხატვარ ჯიბსონ ხუნდაძის შემოქმედებაში - ბატონო ჯიბსონ, ცნობილია, რომ საბჭოთა წნეხის გამო რეგლამენტირებული იყო სურათებში ფერი, სიუჟეტი, ბელადთა ჟესტები, სახის მიმიკები და სხვა, როდიდან მოახერხეთ თქვენ ასეთი იმპრესიონისტული ხალისით შეგექმნათ ნამუშევრები? - ვკითხე, აწ მხცოვან მხატვარ ჯიბსონ ხუნდაძეს და ჩასაწერად მოვემზადე. "მე სულ ასე ვხატავდიო!" – ღიმილით მოთხრა. აღმოჩნადა, რომ მისი მასწავლებელი ვალენტინ შერპილოვი, სტალინისტური რეჟიმის მძიმე პირობებშიც კი უჩიჩინებდა მოწაფეებს "ნამდვილი ფერწერა" შეექმნათ და თვითონაც ამ გზას ადგა მთელი ცხოვრების განმავლობაში, ასეთი სურათები საბჭოთა ესთეტიკური მოთხოვნებისგან განსხვავებით ცოცხალ, პასტოზურ მონასმს, უამრავ ტონს და სხვა მრავალ მხატვრულ ნიუანსს გულისხმობდა. თუმცა, მათი ექსპონირება ძალიან სახიფათო იყო და არც იფინებოდა, ვიდრე პოლიტიკურ დათბობამდე, რომელიც დიდი ბელადის გარდაცვალებას მოყვა თან. მკვლევარი გ.ხოშტარია სიამაყით აღნიშნავს თავის ნაშრომში, რომ ვ.შერპილოვი “40-50-იან წლებშიც კი ახერხებდა იმპრესიონისტების ფერწერისადმი ინტერესის შენარცუნებას. მეტწილად სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან ახალგაზრდა მხატვრებმა: ე. კალანდაძემ. ჯ. ხუნდაძემ, უ. მეძმარიაშვილმა და სხვებმა წამოიწყეს ახალი ძიებები მხატვრულ-ფერწერული ენის პლანში.” ეს სითამამე შერპილოვს ძვირად დაუჯდა, მას პედაგოგობა აუკრძალეს და ამაში ნაწილობრივ ჯ. ხუნდძის ბრალიც ერია. უკვე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტ ჯიბსონ ხუნდაძეს საკლასო ოთახიდან ნამუშევრები გარეთ გამოუყარეს და სასწავლებლიდან დაითხოვეს, იმ მიზეზით, რომ ის ე.წ. ფორმალისტ მხატვარს დავით კაკაბაძეს საჯაროდ იცავდა. ბიჭი იმწამსვე ვ. შერპილოვთან გაქცეულა, რომელსაც უთქვამს: მეც გამომაგდეს, როგორც ფორმალისტი მხატვარი და თავხედი სტუდენტის მასწავლებელი. შენ აღგადგენენ, მე კი არასოდესო. ასეც მოხდა, სტუდენტს მისცეს გამოსწორების შანსი. საკუთარ ინდივიდუალურ სტილზე უარის თქმის და სოც-რეალისტური ნამუშევრების დიდი რაოდენობით შექმნის შემთხვევაში ის შეძლებდა სამხატვრო აკადემიის დამთავრებას. მაშინ ჯ. ხუნდაძეს მხსნელად ერთი მეგობარი სტუდენტი ბიჭი, სახელად ვალიკ ხორენიანი გამოუჩნდა, რომელმაც შესთავაზა, სემესტრის ბოლოს, საკუთარის ნაცვლად მისი ნამუშევრები წარედგინა კომისიისთვის. იმ წელს ამ ხრიკით ადვილად გამოძვრა მხატვარი, შემდეგში კი ცდილობდა ძალიან სწრაფად დაეხატა ის რაც “აუცილებელი მოთხოვნა” იყო, დანარჩენი დრო კი სერიოზული მუშაობისთვის დაეთმო. ამაში, ნაწილობრივ, მას ხელს ლექტორები ალ. ციმაკურიძე და მ. თოიძე უწყობდნენ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ჯ. ხუნდაძემ 1951 წელს დაამთავრა. მისი სადიპლომო ნამუშევარი “სტალიანი ბათუმის დემონსტრაციაზე” ამბროლაურის მუზეუმში ინახება. უკვე 1956 წელს მოსკოვში “IV ახალგაზრდულ ფესტივალზე” ოქროს მედალს იღებს. 1985 წელს საქართველოს სახალხო მხატვარი ხდება, მოგვიანებით წარდგენილია რუსთაველის პრემიაზეც. 1998 წელს უკვე მხცოვან ოსტატს საქართველოს პრეზიდენტი ღირსების ორდენით აჯილდოვებს. ჯილდოები და მედლები რა თქმა უნდა ძალიან სიამოვნებს, მაგრამ მისთვის მთავარი საკუთარი შემოქმედებაა, რომელიც არ იქმნება სპონტანურად როგორც ეს ზოგადად მე-20-ე საუკუნის მეორე ნახევრის ნამუშევრების უმრავლესობას ახასიათებს. მისი აბსტრაქტული პეიზაჟები ღრმა ცოდნის, დიდი გამოცდილების და მაძიებელი გონების შედეგია. ის დღემდე იკვლევს და სწავლობს ქათული ხელოვნების თავისებურებებს, ექსპრესიონიზმს, პოსტიმპრესიონიზმის და სხვა თანამედროვე მიმდინარეობების საფუძვლებს. 60-იანი წლებიდან პეიჟაზი და აბსტრაქტული პეიზაჟი საბოლოოდ ხდება ჯიბსონ ხუნდაძის დიალოგის ფორმა. მანამდე კი მხატვარი მუდმივად ძიების პროცესშია. მის სახელოსნოში ინახება სამხატვრო სასწავლებლის დამთავრებისას შექმნილი სადიპლომო ნამუშევარი “გმირის ჩამოსვლა სოფლად” (1944წ.) სადაც უკვე ჩანს როგორ ფლობს ყმაწვილი ნახატის კულტურას, ამ სოც-რეალისტური ხასიათის სურათიდან აშკარაა ახალგაზრდა მხატვრის მიდრეკილებები ფერწერული ძიებებისკენ, გახსნილი, ფრაგმენტული კომპოზიციებისა და ლაღი თამამი მონასმის სიყვარული. 40-იან წლებში შექმნილ მის პეიზაჟებში ძირითადად კოროს გავლენა იგრძნობა, 1945 წელს დაწერილი ტილო “ზინკა” კი ტიციანისა და ველასკესის ვენერებთან იჩენენ სიახლოვეს. ამავე პრიოდში ქმნის ხუნდაძე “ბალერინების” სერიას, რომლებიც დეგასთან ასოციაციას მხოლოდ სიუჟეტითა და კომპოზიციური გადაწყვეტით იწვევენ, დეგას “ცისფერი” რომელიც მოცეკვავეებს თითქოს მეტ სიმსუბუქეს, გრაციოზულობასა და ჰაეროვნებს ანიჭებს აქ ოქროსფრით გაჯერებული ყავისფერითაა შეცვლილი, რაც მდიდრულობის და ზოგჯერ პომპეზურობის განცდას ბადებს მნახველში. საერთოდ ჯ. ხუნდაძის ამ პერიოდის ყველა სურათში მუქ, ფაქიზად და მდიდრულად ნიუანსირებულ კოლორიტში თბილი მოყავისფრო ტონები ჭარბობს. კომპოზიციები შესრულებულია თამამი, მოკლე, რბილი პასტოზური მონასმებით, მათი ფაქტურა ოქროსფრად ლივლივებს, ოდნავ მოგვიანებით ოქროსფრით გაჯერებული პალიტრა ვერცხლისფრის უმდიდრესი ნიუანსებით იცვლება. უკვე ქუჩების სერიაში (1945-1951 წწ.) და ორ “თიოვის ზვინში” (1946-1948 წწ.) ფერი ნათდება, მის კოლორიტში თითქმის თანაბრად ვხვდებით თბილი და ცივ ფერებს, ფორმის გაბუნდოვანებითა და ფერის ცხოველხატულობით ეს სურათები ასოციაციას იმპრესიონისტების შემოქმედებასთან იწვევნ. 50-იანი წლების ბოლოს მხატვარი პუანტელიზმითაც ინტერესდება, ამ მანერაში შესრულებული ორი ნატურმორტიდან ერთ-ერთი: “ნატურმორტი ბროწეულებით” 1956წ. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე პოპულარული ხდება, ის საკავშირო გამოფენებზე იფინება, პრიზითაც ჯილდოვდება და ვ. ბერიძე, ე. ეზერსკაიას წიგნში “XX საუკუნის ქართლი ხელოვნება” ჯ. ხუნდაძის ფერწერის “სახე” ხდება. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სურათი მხატვრის ერთ-ერთი რიგითი ნამუშევარია, სადაც, ისევე როგორც ყველა მის ფერწერულ ტილოში ფერით ფლობის და ტონის შეგრძნების საუკეთესო მონაცემები ვლინდება, ამ კომპოზიციაში “კარგადაა მოძებნილი შეთავსება სხვადასხვა ფერების ყვითელ მოზაიკასთან, ცისფერი ვაზის ბროწეულებით დახუნძლულ ყლორტთან, და თეთრის ვარდისფერ დრაპირებასთან, ეს სურათი გამოცდილი კოლორისტის დაწერილია” წერდა მხატვრის კოლორისტული შესაძლებლობებით მოხიბლული მკვლევარი ე. ეზერსკაია, მოგვინებით ხუნდაძის ტილოებში უფრო ვან-გოგთან შეხვედრის სიხარული ჩანს. "ვან-გოგი, დიადი სული და უტრაგიკულესი მოვლენა შემოქმედების (არა მარტო მხატვრობის) ისტორიაში, უდიდესი ძალით იზიდავდა ჯ. ხუნდაძეს. ეს ჩანს იმ სიმძაფრეში, მონასმთა ძაბვის იმ ურთულეს რიტმიკაში, რომელიც არა მარტო `გარე~ ფორმებს, არამედ სამყაროს შიდა სტრუქტურებს, მის `ენერგეტიკულ ძალხაზებს~ იმეცნებს, სწვდება და წარმოაჩენს.” ფერწერული ტილო “აივანზე” (1961 წ. 70X78 სმ.) ვან-გოგის ცნობილი სურათის “ოთახის” მიხედვითაა შექმნილი, აქ ფორმები ვანგოგისეულად დატეხილია, ფერი უკიდურესად მჟღერი და მონასმი დაძაბული. 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან გვხვდება ხუნდაძის შემოქმედებაში მთიანი პეიზაჟები (“დილა მთაში” 1958 წ, “საქართველოს მთები” 1957 წ.) მთაგრეხილებით გაჭედილი ამ პერიოდის ტილოების ცქერისას ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს მხატვარს უჩქარია მათი შექმნისას, მაგრამ ისე, რომ ყველა მონასმი ზუსტად და გემოვნებით დაუსვამს. ხუნდაძეს სურს მთა გვაჩენოს არა მხოლოდ მონუმენტური და გრანდიოზული წარმონაქმნი, არამედ როგორც მფეთქავი ცოცოხალი ორგანიზმი. მისთვის ბუნება ხელოვნების ნიმუშია, ყველა ხელოვნების ნიმუშს აღსაქმელად დისტანცია სჭირდება, ეს დისტანცია კი ხუნდაძის პეიზაჟებში ყოველთვის დაცულია, ამგვარი მაშტაბური ხედვით, უკვე პირველივე პეიზაჟებიდან ცდილობს მხატვარი დააფიქსიროს კონკრეტული გარემოს ხასიათი და არა რაიმე დეტალი ან ნიშანი, რითაც ის უკვე აბსტრაქტულობისკენაა მიდრეკილი. მართალია, აქა-იქ წყაროზეც არის მინიშნება, შეიძლება მდინარე და ხიდიც ჩანდეს სადმე, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად შერწყმულია ლადშაფტთან, რომ კომპოზიციის ერთიანად, მაშტაბურად აღქმაში ხელს არ გვიშლის. 60-იანი წლების ბოლოდან მხატვრის პეიზაჟები უკიდურესად განზოგადებულ ხასიათს იძენენ, ისე რომ მათ თავისუფლად შეიძლება "აბსტრაქციები" ეწოდოთ. მნიშვნელოვანია, რომ ხუნდაძე თავს აბსტრაქციონისტად არ მიიჩნევს, ის თვლის: ხელოვნება მიდის სინთეზისკენ და მისი ფერწერაც სინთეზურია. ჯ. ხუნდაძის აბტრაქციები, აბსტრაქციონიზმის, იმპრესიონიზმისა და ექსპრესიონიზმის ნაზავს წარმოადგენს, უფრო კონკრეტულად კი ეს არ ის იმპრესიონისტული განწყობით და ექსპრესიული მანერით შექმნილი აბსტრაქციები. მისი ტილოები "მარღანდვალეთის უღელტეხილი", "მიწის მეტამორფოზები", "ხევში" და სხვა ბუნების წვდომის და შეცნობის სურვილს გამოხატავენ. ხუნდაძის პეიზაჟები ვაჟას ნაწარმოებებში ამოკითხულ ლანდშაფტსაც ჰგავს, სადაც: “ბუნება მტაცებელია, იგივ მონაა თავისა, საცა სიცოცხლეს ატარებს, იქვე მქნელია ზვავისა.” მხატვრის აბსტრაქციები დავით კაკაბაძის პეიზაჟებსაც ენათესავება, მაგრამ თუ კაკაბაძე კომპოზიციაში აღმოსავლური და დასავლური ხასიათის ფერწერას უპირისპირებს ერთმანეთს და ყურადღებას მათ ჰარმონიულ თანხვედრაზე ამახვილებს, ხუნდაძის შემოქმედების მხატვრულ სახეს პიროვნული ემოცია და ტემპერამენტი განსაზღვრავს. თუ დ.კაკაბაძე ეროვნულობას დასავლური და აღმოსავლური კულტურების შერწყმაში ხედავს, ჯ. ხუნდაძე მას ქართულ პოეზიაში, ზღაპარში და ცეკვაში ეძებს. საინტერესო ინტერპრეტაცია აქვს მხატვარს ქართული ზღაპრის შესავალთან “იყო და არა იყო რა”-სთან დაკავშირებით. მისი აზრით ამ ფრაზაში უკვე ჩადებულია აბსტრაქციის საფუძველი. ეს არის რაღაც, რომელიც თან არის და თან არა, ილუზორული, მოგონილი, მაგრამ ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოს მყოფი. ასევე ხალხურ ლექსს “მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი, წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ძემი”, მხატვარი იაზრებს როგორც ქართველური ბუნების გამოვლინებას, რომელსაც ძალუცს ერთ მთლიან განუყოფელ ორგანიზმად აღიქვას მთელი კოსმოსი. ეს მთლიანობა, უფრო სწორედ “იყო და არა იყო რა-თი” განყენებული მთლიანობა სურდა ეჩვენებინა მხატვარს თავის აბსტრაქციებში, რომელიც დიდი პოეტის ვაჟას ბუნებისადმი განწყობით იქნებოდა ხელდასხმული. ბუნების ბობოქარი სული ჯ. ხუნდაძის აბსტრაქტული პეიზაჟების მთავარი თემაა. ის მაშტაბურად ხედავს ლანდშაფტს, რომელიც სურს, ერთ მთლიან "ფერწერულ შენადნობად" აქციოს. ლანდშაფტურ აბსტრაქციაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჯ. ხუნდაძის ხელწერა, სტილი და მიდრეკილებები. მხცოვანი მხატვარი დღემდე ამ მანერაში განაგრძობს მუშაობას. დროთა განმავლობაში გაიზარდა სასურათე სიბრტყის ზომები. ბოლო პერიოდის ნამუშევრები საკმაოდ დიდ ტილოებზეა შესრულებული, რის გამოც უფრო მძაფრად მოქმედებენ მაყურებლის ემოციაზე. რა თქმა უნდა ზომით არ განისაზღვრება ნამუშევრის ფასეულობა, მაგრამ ამ შემთხვევაში გაბარიტები მეტად წარმოაჩენენ ფერის ინტენსივობას, მონასმის ხასიათს და სურათის განწყობას. რაც უფრო დიდია მაშტაბი მით უფრო გვეჩვენება, რომ სურათში ნანახის თანამონაწილე ხარ, რომ ბუნების ევოლუციის პროცეში შენც მონაწილეობ, რომ ვეებერთელა, მშვენიერ დედამიწასთან ერთად შენც ბრუნავ და მისი რიტმებით სუნთქავ.
|