nino darbaiseli
Crazy member
ჯგუფი: Members
წერილები: 3442
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
|
#57440229 · 24 Jan 2021, 15:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნინო დარბაისელი
მედვეჟატნიკი - - - - - - - - - - -
ამერიკაში რას ვსაქმიანობ? არა, არ ვმუშაობ. უფრო სწორედ, ვმუშაობ, მაგრამ თავისებურად. ყოველდღე არ მიწევს სამსახურში სიარული, ხანდახან ერთი თვე ზედიზედ დატვირთული ვარ, ხანდახან ყოფილა, ხუთი თვეც არ გავხსენებივარ, თუმცა კონტრაქტის მიხედვით, ქალაქიდან გასვლამდე, რვა სააათით ადრე აუცილებლად უნდა გაგვაგზავნო ტექსტური შეტყობინება, როდის მივდივარ და ზუსტად როდის დავბრუნდები. ანაზღაურება ცუდი არაა, მაგრამ საათობრივ გამომუშავებაზე ვარ. სახლში მანქანით მაკითხავენ და მანქანით მოვყავარ, ლანჩზე და სადილზე თუ იქა ვარ, უფასო მაქვს ყავა, ჩაი, პატარ-პატარა ნამცხვრები და სენდვიჩები - რამდენიც გინდა, ჭამე. კიდევ რა პირობებია?! ხელი მაქვს მოწერილი, რომ ინფორმაცია ოჯახის წევრებსაც კი არ უნდა გავუზიარო, (ორი მყავს - ასაკოვანი ქმარი და პატარა ძაღლი და ორივე - ზუსტად ერთნაირად გულგრილია ჩემი სამუშაოს შინაარსისადმი, მთავარია, მეტწილად სახლში, გვერდით ვყავდე) არავითარ შემთხვევაში საქმესთან რამენაირად დაკავშირებულ პირთან პირადი კონტაქტი არ უნდა დავამყარო. წლის ბოლოს კარგი პრემიები გვაქვს, მე, მაგალითად, სამი დღე და ღამე ფლორიდაში, ‘’ჰამფთონ ინში’ ორი სულის უფასო გაჩერება მერგო, მთელი წლის მანძილზე როცა მინდოდა, გამოვიყენებდი, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე. ამერიკაში თუ ინგლისური და კომპიუტერი კარგად იცი, კიდევ მანქანის ტარება, როცა ჩამოდიხარ, ნამდვილად არ დაიკარგები. პრინციპში, ამ ცოდნით არც არსად და მით უმეტეს საქართველოში დაიკარგები, თან ახალგაზრდა და ცოტა შესახედი თუ ხარ. მე- საშუალოს გადაცილებული ვარ და ნაკლები შანსი მექნებოდა. აქ რომ წამოვედი, კიდევ არა მიშავდა. წლები გადის. იცით, რა მიკვირს?! ამხელა დედამიწას რომ უნდა გადმოუფრინო, ვიდრე აქ ჩამოხვალ, დაჯექი რა, შე დალოცვილო, ჯერ ცოტა ენა ისწავლე, რაღაცის აზრზე მოდი. ჩამოვლენ, ერთ კვირაში დახარაჯავენ თუ რამე ჩამოჰყვებათ და მერე არიან ღვთის ანაბარა. საქართველოში ასეთ რამეებს ალბათ არც იკადრებდნენ, მაგრამ აქ ქურდობისა და აფერისტობის მეტი ბევრს არაფერი რჩება. ქალები - კიდევ ხო, რაღაც მომვლელის სამსახურს იშოვნიან ან დამლაგებლისა, თუ როგორც არის, მაგრამ კაცებს - ესპანურენოვანებივით ფიზიკური შრომა არ გამოსდით. თუ ცოტა გარეგნობა უწყობთ ხელს, ვინმე საწყალ, ოჯახის ქალ ქართველს გამოიჭერენ, ჯერ ეტყვიან, შენი არაფერი მინდა, უბრალოდ შემიყვარდიო, მერე კოცნაობისას ან ინტიმისას ვინმეს ზედ დაიყენებენ, სურათს გადაააღებინებენ, ქალს ეტყვიან , დავიღუპეთ, ამდენსა და ამდენს გვთხოვს ის პაპარაციო და დაუწყებენ ნელ-ნელა ბოლო ცენტამდე წველას. ბევრს კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ძირითადად ქურდობის და ჩხუბის შემთხვევებია, მკვლელობა აქამდე არ მქონია. შევლენ, მაგალითად, მაღაზიაში, შეიტანენ ტუალეტში ახლებს, ჩაიცმევენ, ძველებს იქ არ ტოვებენ, საკიდრებზე დაკიდებენ და სხვების მოზომებულ საქონელში ურევენ, მოზომილები კი დღის ბოლოს ხარისხდება და ადგილზე ბრუნდება. მანამდე - არა. კამერები - ტუალეტის გარდა, ყველგან აყენია. ზედ აშკარად ჩანს, ადამიანი ერთი ტანსაცმლით როგორ შევიდა და მეორით გამოვიდა, ვურჩევ, აღიარეთ თქვენთვის უკეთესია- მეთქი და ის კი მეუბნება, ეგ - მე არა ვარო ან გამომძიებელს გადაუთარგმნე, ამდენს და ამდენს მივცემ, სუფთად გამიყვანოს აქედანო. ვეუბნები, მე არა მაქვს ამის გადათარგმნის უფლება-მეთქი და არა გრცხვენია, ქართველი არა ხარო? შენი რა მიდის, უთხარი, მე რასაც გეუბნები და შენ ცალკე გცემ პატივსო. ისიც არ ვიცი, ახლა მოვყვე თუ არა ის ბოლო ამბავი... მაგრამ ... ალბათ არ უნდა მოვყვე, მაგრამ... ახლა ჩემს საკუთარ დღიურში ვიწერ ქართულად და ირგვლივ ამის წამკითხავი მაინც არავინაა. დღიურში ჩაწერა კი კარგია, ჯერ ერთი, გულს გიმსუბუქებს, რაღაც შვებას გაძლევს და მეორეც, როცა მინდა, და საჭიროდ ჩავთვლი, მე თვითონ შემიძლია მივხედო ამ ნაწერს რამენაირად. (გაგრძეელება იქნება)
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|