ოღონდ, შევეცადოთ ცოტა მხატვრული სახე მივცეთ ჩვენს ფიქრებსა და განცდებს. იქნებ, რამე ნოველა, მინიატურა ან რაიმე სახის ლიტერატურული ნაწარმოებიც კი გამოვიდეს... თუ არა და უბრალოდ გავთავისუფლდებით დაგროვილი ტვირთისგან (სასიამოვნოსგან თუ უსიამოვნოსგან) და ეგ არის!
აი, მეც რამეს "დავჯღაბნი" ახლა...
ჩემს ქალაქში სამი ადგილი მიყვარს: ძველი ციხე-სიმაგრე, სასაფლაო და რკინიგზისლიანდაგიანი ხიდი მდინარეზე, განსაკუთრებით - ეს უკანასკნელი.
ლიანდაგის ბოლოს მთა არის, მთის წვერში ერთი ციცქნა ეკლესია დგას.ერთხელაც არ შევსწრებივარ ლიანდაგზე მატარებლის გადასვლას. საათების განმავლობაში სამი-ოთხი კაცი თუ გაიჭაჭანებს ამ მიდამოებში. ირგვლივ რკინიგზის ნაგებობათა ნანგრევებია... სადღაც აგურის მომზღვლეული სახლი დგას, რომლის მეორე სართულზე რაღაც ხე ამოზრდილა.
ლიანდაგებთან ახლოს მრავალსართულიანი უსახურავო აგურის შენობა დგას, აძვრები სახანძრო კიბეზე და გადახედავ უსაზღვრო სივრცეს.
სად არ ვყოფილვარ თბილისში: აბანოთუბანში, ბოტანიკურ ბაღში... მაგრამ ყველგან ავტომობილების გრუხუნი ან შორიდან მომავალი ზუზუნი ისმის, სრული სიწყნარე, თითქმის, არსადაა მაშინ, როცა თბილისი ათჯერ და ოცჯერ დიდია ჩემს ქალაქზე.
რამდენი ღირსშესანიშნაობა არსებობს მსოფლიოში, რამდენი მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ციხე-კოშკი, მაგრამ ყველა ქალაქს აქვს ნაწილი, რომელიც ტურისტებისთვის არ არის განკუთვნილი, არადა, პირველ რიგში სანახავია...
ერთი საღამო მახსოვს. იმ ხიდზე ვიდექი. შორს, მთების კალთების თავზე თვითმფრინავის ზოლები იყო შემორჩენილი და რაღაც ანძები ჩანდა ლამის წერტილებივით, მეტი - არაფერი. არავითარი არქიტექტურა, არავითარი ტრადიციები, არავითარი ისტორია, წლები, თარიღები... რაც ასე იზიდავთ ტურისტებს, მეცნიერებს, ერუდიტებს... მხოლოდ სიწყნარე...
ჩემს ქალაქში ჩამოსულ უცხოელს აჩვენებენ, ალბათ, ბელადის სახლ-მუზეუმს, ციხე-სიმაგრეს და კიდევ ერთ მუზეუმს.
გადაიღებს ეს კაცი რამდენიმე ფოტოს, ჩაჯდება ავტობუსში, მონიშნავს რუკაზე კალმით ობიექტებს და დაიტრაბახებს, კიდევ ერთი ქალაქი ვნახეო, მაგრამ ეს იმას ჰგავს, წიგნის ყდას შეავლო თვალი და წიგნი წავიკითხეო, გეგონოს.
პიზისა და ეიფელის კოშკი, ეგვიპტის პირამიდები, თავისუფლების ქანდაკება, ბიგ ბენი ბრწყინავენ კაშკაშა რეკლამებში და ზიმზიმებენ ტურისტული ბროშურების ფერად-ფერად ფურცლებზე, სადღაც კი დუმს მინგრეული რკინიგზის სადგური... ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს, უზარმაზარი, გადაჭედილი მეტროპოლიტენის შორ კუნჭულში, მატარებლების ფრუტუნში, ვიღაცამ გიტარის სიმს ოდნავ ჩამოჰკრა თითი...
This post has been edited by varisvincvar on 26 Apr 2013, 21:01