ზუსტად წუხელ ვკითხულობდი და ეს თემა რომ ვნახე გამიკვირდა კიდევაც
.
რეზო გაბრიაძექუთაისი ქალაქია
რომანი
(გთავაზობთ ფრაგმენტს)
გასვენებაოციოდე ნათესავი ჩამოვიდა ბაბუას გასვენებაზე ქუთაისიდან, ბანოჯიდან, გეგუთიდან და საყულიიდან, უმთავრესად გურეშიძეები, ბალანჩივაძეები და ბრეგვაძეები.
აღარ წვიმდა. ქვენა ქარი უბერავდა. ეზო უკვე მშრალი იყო.
ბებიას ბოტები ეცვა.
ზოგმა კილო პური ჩამოიტანა, ზოგმა ორი–სამი კილო სიმინდის ფქვილი, ბაქოსი ბალანჩივაძემ კი ლეღვის ფოთოლში გახვეული წველა ყველი მოიტანა. მოსაკითხს სკივრზე დებდნენ დიდი ბოდიშით.
კაცები ცალკე იდგნენ, ქალები ცალკე. ლაპარაკობდნენ ცოტას, ჩუმად და რადიოსავით ზრდილობიანად.
სახლის უკნიდან ბოლი ამოდიოდა – ლობიო იხარშებოდა. გორებზე ყეფდნენ შინაური ძაღლები.
– სუნი მიუვიდათ ალბათ. – თქვეს კაცებმა. ქალებმა თავი დაუკრეს თანხმობის ნიშნად.
უცებ ჭიშკარმა გაიჭრიალა, ყველამ იქეთ ქნა პირი.
ეს გახლდათ ერმონია!
ერმონიას ამჯერად ავიატორის ტყავის პალტო ეცვა, თავზე თეთრი შლაპა ეხურა, კისერზე თეთრი აბრეშუმის კაშნე ეკეთა. ცალ ფეხზე შიგრიმის ჩექმა ეცვა, მეორე, დაბინტული კი ფოსტლში წაეყო. ხელში დერმატინის შავი ჩანთა ეჭირა.
უკან შულცი მოჰყვებოდა რკინის ურიკით. ურიკაზე კუბო იდო გვერდულად. შულცს კანვოი მოჰყვებოდა პპშ ავტომატით.
ერმონიამ შლაპა მოიხადა და შულცს რაღაც უთხრა გერმანულად. ტყვემ პილოტკა იღლიაში ამოიდო და ურიკა კაკლის ხესთან მიაგორა. ჯერ კუბოს თავი მიაყუდა ხეს, შემდეგ კუბო. წუღებში ჩაცმული ფეხები ერთმანეთს მიადო მიადო მხედრულად, ადგილზე მოტრიალდა, ეზოდან გავიდა და პილოტკა დაიხურა. კანვოიმ გვერდით ბორცვზე ჯაგნარში გადაიყვანა.
ერმონიამ ბებიას პადრუჩკ–ხელკავი გაუკეთა და სათუთად შეიყვანა სახლში. მაგიდასთან ჩანთა გახსნა, ახალთახალი წუღები ამოიღო და თავით აჩვენა, ეს მიცვალებულსო. ამერიკული მზესუმზირის ზეთის ერთლიტრიანი ბოთლი და ნახევარი კილო შავი მორგვი საწინდე ძაფი სკივრზე დადო, ჯიბიდან ფული ამოიღო, ბებიას გადაუთვალა 17 მანეთი, თავისთვის სამი დაიტოვა.
– ვინაწილებთ შენს მწუხარებას – უთხრა დომნას, ხელი ჩამოართვა და გარეთ გამოვიდა.
ამოვარდა ქარი.
კუბომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ქალი, კაცი, ჩამოსული და ალაგობრივი ყველა ხელს უსვამდა, თავს აქნევდა და „ნწ–ნწ“–ს ამბობდა. მართლაც შესანიშნავი რამ იყო, გაშალაშინებული და შეკრული.
ნაომარმა ერმილე ბალანჩივაძემ კუბოს წაღმა შემოუარა, ხელი გადაუსვა და თქვა:
– ამათ რაფრა მოვუგეთ ჩვენ ომი?
პორფილემ კი თქვა:
– ლურსმანი არ უხმარია?
– ლურსმანი ალპობს ხეს. – თქვა კალენიკემ. კოლონიაში ჩამოკრეს რელსრკინა.
– აუჰ! – ერმილემ საათს დახედა, შეარხია, ყური დაუგდო და თქვა – აუჰ! ოთხი გამხდარა! აბა, დევიწყოთ!
დატირებაბაბუა სახლიდან გამოასვენეს, სამჯერ წაღმა დაატრიალეს, კუბო კარებზე სამჯერ მიარტყეს და გზას დაადგნენ.
ჯაგნარიდან ორი ქალი გამოვარდა, მძიმედ სუნთქავდნენ ნარბენები.
ერმილემ ორ–ორი მანეთი მისცა. ქალებმა ფული ძუძუებში შეინახეს, თმები გაიშალეს და იკითხეს:
– რა ჰქვიოდა უბედურს?
– ვარლამი.
– ისთე რა ჰქვიოდა, ცოლისთვის?
– ვატაია.
– რა მიქენი ვატაია? – ხმამაღლა, გაშლით თქვა ერთმა მოტირალმა.
ქალებმა ერთად იკივლეს:
– სად მიდიხარ ვარლამ!?
შემდეგ რიგრიგობით და ხმამაღლა ეკითხებოდნენ ცას, მიწას, ხალხს, მთებს, ხეებს და ღრუბლებს:
– ვინ დადიოდა შენზე კარგი ამ ქვეყანაზე?
– რატო წადი?!
– რატო მიგვატოვე, არ გრცხვენია?!
ბებია თეთრი იყო, უცრემლო თვალებით შეჰყურებდა ცას.
მეორე მოტირალმა მოჭუტული თვალებით არემარეს შეხედა და გულშიჩამწვდომი ხმით განაგრძო:
– ვაღარ მეიტანს ნიავი შენ ხმას სატურიადან!
პირველმა ბებიას ბოტებს შეხედა და განაგრძო:
– ვინ წეიღებს ფიჩხს ქუთეისში და, ვინ ჩამომიტანს ბოტებს ქუთეისიდან?
– ატმის ჩამონათალო, – განაგრძო მეორემ და პირველს გადახედა, განაგრძეო.
– ჩემო მზეო, ჩემო მთვარეო, ჩემო გულის კაპლო...
– შენ რომ შემომხედავდი ალერსით, საყვედურს არ მეტყოდი...
– ხმა ამეიღე ვატაია, ბიჭო, რა ვქნა აწი უშენოდ?! – იწივლა პირველმა.
– ვინ მეტყვის ხვალ დილას, ადექი დომნა, საყულიაში გათენებულაო!
ბებიამ სახეზე შალი ჩამოიწია და უხმოდ ატირდა. ატირდნენ სხვებიც.
უმატა ქარმა, ჯაგნარში ფსტვენა იყო.
... ნელა მიჰყვება პროცესია კოლონიის მავთულხლართებს.
კოხტად ნაშენი სართულნახევრიანი სახლები, გაკრეჭილი გაზონები, შეღებილი ბაღის სკამები, თეთრი საკონცერტო ნიჟარა, ყვავილები, ყვავილები, ყვავილები...
– ვინაა ახლა პლენში, ჩვენ თუ იგინი? – თავისთვის ჩაიბურდღუნა ერმილემ. ცოლმა ხელი ააფარა პირზე.
მართლაც ძნელი სათქმელი იყო, ვინ ცხოვრობდა შემოღობილში: ბალანჩივაძეები, გურეშიძეები და ბრეგვაძეები თავისი გატიალებული ეზო–კარით თუ ყვავილებში ჩაფლული გერმანელი პლენები?
პროცესიის გამოჩენისთანავე იასამნის ბუჩქიდან მუსიკა გაისმა – პლენები შუმანის „ავე მარიას“ უკრავდნენ.
მოტირალები გაჩუმდნენ. ასე, ამ მუსიკით ჩაატარეს ბაბუა კოლონიასთან და აღმართს შეუდგნენ.
ვარლამი დანგრეულ საკირესთან დატოვეს, ტვინის ფსიქოლოგიაზე არ იმოქმედოსო, პატარააო, განსვენებული ნამეტანი უყვარდაო, თუთუნს უგროვებდა ქუჩა–ქუჩაო, ქუთაისშიო, ქალაქკომის წინო, ნარსიას ბიჩოკებსო...
– ნარსია არ ეწეოდაო.
იკამათეს ამაზეც.
დაბრუნდნენ იმ ქვეყნიდან ამ ქვეყანაში, საქარტველოს სსრ–ში, ქელეხზე.
ლობიოს საკითხიკოლონიასთან კაცებმა შეხედეს შულცს, ითათბირეს, ერთი დააწინაურეს დელეგატად და კანვოის ჰკითხეს:
– შეიძლება თუ არა რომ ადამიანმა, კარგი სასახლე რომ გაუკეთა მიცვალებულს, მიუხედავად თავის გერმანელობისა, ერთი ჭიქაც წოუქციოს მას? ხომ არ იქნება ეს, ბოდიში მომიხდია ამ სიტყვისთვის, მიმდინარე პოლიტიკური ხაზის დარღვევა?
კანვოიმ ერმონიას გადახედა.
ერმონიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.
კიდევ ერთი დელეგატი ფრთხილად, გვერდულად მიუახლოვდა ერმონიას:
– რა მაგის პასუხია და, ორი თუ ერთი კლასის უსწავლელობის გამო ხომ არ ისმის ეს კითხვა, არ ჭამენ თუ ჭამენ გერმანელები ლობიოს? თუ არ ჭამენ და...
– ლობიოსაც ჭამენ და დედიმისისასაც! – ამ სიტყვებით ფეხზე წამოიჭრა ერმონია, ზედმეტი ყურადღებით დააკვირდა ქვედა ფერდს, მერე უცებ ადგილს მოსწყდა და თავქვე დაეშვა...
ქელეხიმოკრძალებულ ქელეხზე შულცი ავტომატიან კანვოის და ვარლამს შორის იჯდა.
ჭიქა ერთი იყო, დალია და ისიც წრუპვით.
ჭადზე თავი ვერ შეიკავა და მთელი ნატეხი შეჭამა.
საულიამ პაპიროსის სოროკი დაუტოვა, ისეთი ნაფასი დაარტყა, რომ სოროკისგან არაფერი დარჩა.
ციალა გურეშიძემ, ჩვიდმეტი წლის ბანოჯელმა გოგომ, დედას წასჩურჩულა:
– ამნაირ პირსახიანი და ზრდილობიანი რად უნდა იყოს გერმანელი?
სამაგიეროდ კანვოიმ კარგად ჭამა და დალია კიდევაც. მერე თავით ანიშნა შულცს, წავედითო. გერმანელი წამოდგა, ბებიასთან მივიდა, გასწორდა, თავი დაუკრა, შემდეგ თავის დაკვრით სხვებსაც დაემშვიდობა და ჭიშკრისკენ წავიდა. ზურგში კანვოი ჩაუდგა.
ბილიკს რომ დაადგნენ, მთვრალმა კანვოიმ შულცს უთხრა:
– ისთე რამე რო იყვეს, არ შემიძლია ამ ჯაგნარში მიგახვრიტო ზაკონით? მარა სტალინის ზეპირსიტყვიერი ბრძანება რო არი? იარონ პლენებმა თავისუფლათო, ეგების რამე ხელობა ასწავლონ ამ შტერ ჩვენ ხალხსო...
შულცი ზრდილობისთვის უღიმოდა და თავს უქნევდა.
This post has been edited by Gvalva on 24 Nov 2006, 22:03