პირველ ფოტოზე მესამეა, მეორე ფოტოზე ალბათ, მარცხნიდან პირველი
ლ+ — ბატონო დანტეს, გაიხსენეთ თქვენი საფეხბურთო გზის დასაწყისი და გზა, რომლითაც მოხვედით დღემდე.
— დავიბადე თბილისში, 1936 წელს, პლეხანოვზე გავიზარდე. 1948 წელს ჩავერიცხე თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში, ოტია ჟორდანიასთან. ჩემთან ერთად სწავლობდნენ მომავალი გამოჩენილი ფეხბურთელები მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, შალვა კაკაბაძე, თენგიზ მელაშვილი. ოტია ჟორდანიასთან ერთად ჩვენი მწვრთნელები იყვნენ სპარტაკ ჯეჯელავა, შოთა მერკვილაძე. სკოლის მთავარი მწვრთნელი იყო გაიოზ ჯეჯელავა. სკოლის დირექტორი — დიმიტრი შენგელაია.
1954 წელს შერჩევის პრინციპით მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, შალვა კაკაბაძე და მე მოვხვდით საქართველს ჭაბუკთა ნაკრებში საბჭოთა კავშირის პირველობაზე გუნდთან ერთად ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ.
1955 წელს ვთამაშობდი ქუთაისის „დინამოში”, 1956-57 წლებში — თბილისის „დინამოში”, 1958 წელს — ქუთაისი „ლოკომოტივში”, 1959-1962 წლებში „გურიაში”. 1968 წელს დავინიშნე ოსტატ ფეხბურთელთა მოსამზადებელი ჯგუფების მთავარ მწვრთნელად. 1988 წლიდან ვმუშაობ ლანჩხუთის სპორტული სკოლის მწვრთნელად.
ლ+ — როგორ აღმოჩნდით პლეხანოველი ბიჭი “გურიაში?
— 1959 წლის მარტში გურიის რეგიონში მიმდინარეობდა ფეხბურთელების შერჩევა, მე იმ დროს ქუთაისის „ტორპედოში” ვთამაშობდი, „გურიას” მწვრთნელი ჩემი კლასელი შალვა კაკაბაძე იყო, ასევე ნაცნობობა მაკავშირებდა ფეხბურთის დიდ მეცენატთან, ევგრაფ შევარდნაძესთან და მათი დაჟინებული თხოვნით, 22 წლის ასაკში, მოვხვდი გუნდში, იმ დროს „გურიაში” რვა ფეხბურთელი იყო თბილისიდან მოწვეული. შალვა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი იყო იმ პერიოდში საქართველოს საფეხბურთო სამყაროში, ერთ-ერთი ნიჭიერი დამრიგებელი. ვინც საუკეთესო ფეხბურთლი იყო საქართველოში, ყველას ლანჩხუთში მოუყარა თავი. რა თქმა უნდა, აქაც დიდი როლი იკისრა ბატონმა ევგრაფ შევარდნაძემ. მეკარე შალვა ბურჭულაძე, ნოშრე ნარიაშვილი, ტრისტან იოსელიანი, უშანგი უშანგიშვილი, კოკო დოლიძე...
ლ+ — ფეხბურთელები და მწვრთნელი თითქმის ერთი ასაკის ბრძანდებოდით.
— შალვა ძალიან ადრეულ ასაკში გამოირჩეოდა მწვრთნელობის ნიჭით, მთელი კოლექტივი ვუჭერდით მხარს, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ჩვენ ერთსულოვანი ვიყავით, ვუადვილებდით საქმეს...1959 წელი — „გურიას” აღმავლობის წლები იწყება, მესამე ადგილი, 1960 წელი — მეორე ადგილი, ხოლო 1961 წელს გავხდით საქართველოს ჩემპიონები.
ლ+ — გაიხსენეთ თქვენი საუკეთესო მატჩი.
— 1959 წლის 18 ნოემბერი, გადამწყვეტი შეხვედრა მესამე ადგილისათვის ბათუმის „დინამოსთან”. იმ პერიოდში „დინამო” ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო, ისიც კარგად მახსოვს, ძალიან ცუდი ამინდი იდგა. კოკისპირულად წვიმდა, თამაშის დაწყებამდე მაშინდელმა რაიკომის მდივანმა, დავით საბაშვილმა დაგვიბარა და მოგების შემთხვევაში პიჯაკებით დასაჩუქრებას შეგვპირდა. მატჩი მოვიგეთ და ბატონმა დავითმა სიტყვა აასრულა.
ლ+ — თქვენი საუკეთესო პარტნიორი მინდორზე და დღეს მინდვრის გარეთ.
— მინდორზე ყველაზე გამგებიანი, საუკეთესო თვით შალვა კაკაბაძე იყო და ნოშრევან ნარიაშვილი, ორთავესთან დღესაც საუკეთსო ურთიერთობა მაქვს, ასევე ჯემსუატ ურუშაძე, თამაზ კვირკველია, ვალიკო წილოსანი.
ლ+ — ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება...
— სანამ აქ ჩამოვიდოდი, მე ვთამაშობდიო ქუთაისის კლუბ „დინამოში”. იმ დროს ეს გუნდი ყველაზე ძლიერი იყო საქართველოში. 1955 წელს გაიმართა საკავშირო პირველობა ძირეულ კოლექტივებს შორის. საქართველოდან ჩემპიონი გახდა ქუთაისის „დინამო” და ბუნებრივია, ჩვენ წავედით, როგორც საქართველოს ჩემპიონები, იმართებოდა საზოგადოება „დინამოს” პირველობა საბჭოთა კავშირის მასშტაბით. მონაწილეობას ღებულობდნენ: კიევის “დინამო”, მოსკოვის „დინამო”, როსტოვის „დინამო”, ლენინგრადის „დინამო”. ფინალური ტურნირის მონაწილეებმა თავი ერთ ქალაქში — როსტოვში მოვიყარეთ. მე 19 წლის ვიყავი. გამარჯვებულ გუნდს ანიჭებდნენ სპორტის ოსტატობის კანდიდატის წოდებას, ფინალში დავუპირისპირდით მოსკოვის „დინამოს” და გავიმარჯვეთ 2:1, ეს იყო ერთ-ერთი ღირსეული მატჩი.
ლ+ — როგორ შემორჩით ლანჩხუთს?
— 23 წლის ასაკში დავქორწინდი, ლანჩხუთელ ქალბატონზე, ლამარა თვალავაძეზე. მყავს ერთი ვაჟი, რძალი, შვილიშვილები და შვილთაშვილები. გაუთავებელმა ტრამვებმა ხელი შემიშალა უფრო დიდხანს გავყოლოდი ფეხბურთს, ხუთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული მოსკოვში. გურიაში იმდენად თბილი და კარგი ადამიანები იყვნენ, რომ ეს თბილისელი კაცი დავრჩი სამუდამო საცხოვრებლად აქ. გურიას თავისებური „ნუსხა” აქვს.
...გარდაიცვალა 2014 წლის სექტემბერში
This post has been edited by guriaaa on 20 Oct 2018, 11:56