Kublicha
ip conflict
ჯგუფი: Members
წერილები: 37360
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05
|
#37451265 · 31 Jul 2013, 01:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lilu777 საბუღალტრო-სასაწყობო კომპიუტერული პროგრამა "ინფო ბუღალტერი" 11 წლის წინ შეიქმნა მოსკოვში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინფორმატიკის პრობლემების ინსტიტუტის ბაზაზე დაარსებული ფირმის - "Информатик"-ის მიერ. მის შექმნას და შემდგომ განვითარებას საფუძვლად დაედო კარგად მოფიქრებული კონცეფცია. გამოცდილი მეცნიერებისა და ახალგაზრდა ნიჭიერი პროგრამისტებისაგან შემდგარმა კოლექტივმა შეძლო მსოფლიოს წამყვანი კომპიუტერული ფირმების სტანდარტების დონის და ხარისხის პროგრამული პროდუქტის შექმნა.
პროგრამის გაყიდვა დაიწყო 1992 წლის 12 ოქტომბერს. იმ დროისათვის რუსეთის ბაზარზე უკვე ასზე მეტი საბუღალტრო პროგრამა იყო წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, "ინფო ბუღალტერმა" გამოჩენისთანავე მიიპყრო სპეციალისტების ყურადღება და მოკლე დროში საბუღალტრო პროგრამების აღიარებულ ლიდერადôდა ეტალონად იქცა. "ინფო ბუღალტერი" ორჯერ - 1994 და 1996 წლებში სპეციალისტების გამოკითხვის შედეგად დასახელდა წლის საუკეთესო პროგრამად. საბუღალტრო პროგრამების ტრადიციულ, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში "Бизнес-Софт" მან ზედიზედ სამჯერ, 1995, 1997 და 1999 წლებში დაიკავა I ადგილი 2000 წელს "ინფო ბუღალტერმა" გაიმარჯვა კონკურსში "КомпьюЛог-Экономика 2000" და მიენიჭა ხარისხის სერტიფიკატი. დღეისათვის მას ჰყავს მომხმარებლები დსთ-სა და ბალტიის თითქმის ყველა ქვეყანაში, რომელთა საერთო რიცხვი 200 ათასს აღწევს. სადილერო ქსელი მოიცავს 650 ორგანიზაციას და 230 ქალაქს. პროგრამა დანერგილია 370 სასწავლო ცენტრში. მწარმოებელი ფირმა "Информатик" აღიარებულია რუსეთის კომპიუტერული ბიზნესის ერთ-ერთ ლიდერად. პროგრამის ასეთი პოპულარობა განაპირობა მისმა ისეთმა თვისებებმა, როგორიცაა: 1. გააზრებულობა; 2. უნივერსალურობა; 3. მოქნილობა; 4. საიმედოობა; 5. მოხერხებულობა. ბოლო თვისებას განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი - გარეშე თვალისათვის შეუმჩნეველი უამრავი ნიუანსი ბუღალტრის მუშაობას პროგრამასთან ძალდაუტანებელს და კომფორტულს ხდის. უნდა აღინიშნოს აგრეთვე ის გარემოება, რომ გაყიდული პროგრამების დიდი ტირაჟი მწარმოებელ ფირმას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს მასზე ზომიერი ფასები.
საქართველოში ეს პროგრამა ჯერ კიდევ მისი ქართული ვერსიის შექმნამდე, 1997 წელს გამოჩნდა. საქართველოს ბაზარზე რუსული პროგრამის გამოჩენა განაპირობა იმან, რომ ადგილობრივი პროგრამები, რომლებიც DOS ოპერაციული გარემოსთვის იყვნენ დაწერილი, ვერ პასუხობდნენ მომხმარებელთა გაზრდილ მოთხოვნილებებს. ჩვენთვის ცნობილია მინიმუმ 6 ფირმა თბილისში, რომელიც 1997 წლის ბოლოსათვის რუსული "ინფო ბუღალტერით" სარგებლობდა. შეიძლება ითქვას, რომ "იბერ-ინფო"-მ კი არ შემოიტანა "ინფო ბუღალტერი" საქართველოში, არამედ ქართულ ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ ამ პროგრამაზე "დაბადა" შპს "იბერ-ინფო".
პროგრამის შესაძლებლობები
"ინფო ბუღალტერი" - 11 წლის მანძილზე აპრობირებული თანამედროვე პროგრამაა, რომელიც თანაბრად კარგია ბუღალტრებისათვის, აუდიტორებისათვის და ფინანსური მენეჯერებისათვის. მას გააჩნია პრაქტიკულად ამოუწურავი შესაძლებლობები, რომელთაგან ძირითადია:
ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშის ავტომატური შევსება; ნებისმიერი საგადასახადო დეკლარაციისა და პირველადი დოკუმენტის ავტომატური ან ნახევრადავტომატური მომზადება და დაბეჭდვა; ბუღალტრული გატარებების შეყვანის რამდენიმე ალტერნატიული შესაძლებლობა, მათ შორის ავტომატური ფორმირება პირველადი დოკუმენტების შევსებისას ან არჩევა ტიპიური ოპერაციებიდან; სამეურნეო ოპერაციების მრავალმხრივი ფილტრაცია ჟურნალში; ნებისმიერ ანგარიშზე მთავარი წიგნის, ბრუნვითი, ნაშთთა და ჭადრაკული უწყისების, მატერიალური ანგარიშისა და ჟურნალ-ორდერების ავტომატური შედგენა დროის ნებისმიერი პერიოდისათვის და ნებისმიერი დეტალიზაციით, მრავალდონიანი ანალიზური აღრიცხვით; სრული სასაწყობო აღრიცხვა; მულტისავალუტო აღრიცხვა ნაშთების ავტომატური გადაფასებით; ხელფასის დარიცხვა; ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვა ფინანსური აღრიცხვის ნებისმიერი მეთოდით; ერთდროულად რამდენიმე ფირმის ბუღალტერიის წარმოება და მაღალი სწრაფქმედება; ფაილების გაერთიანება და ბალანსების კონსოლიდაცია; მომუშავეთა უფლებებისა და ფუნქციების განსაზღვრა (ქსელურ ვერსიაში); ინფორმაციის ფერადი გრაფიკებისა და დიაგრამების სახით წარმოდგენა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ პროგრამა მარტივად ექვემდებარება გარდაქმნებს და გააჩნია მოქნილი და დახვეწილი შიდა პროგრამირების ენა. მას თან მოყვება კარგად შედგენილი ორი სახელმძღვანელო (მომხმარებლისა და პროგრამისტისათვის).
ქართული "ინფო ბუღალტერი" იყო პირველი კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამა საქართველოში, რომელშიც დაინერგა აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები. პროგრამის ბუღალტრული ნაწილის მხარდაჭერა უზრუნველყოფილია შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს სპეციალისტების მიერ, ამიტომაც მას უწოდებენ "ყველაზე უფრო ბუღალტრულს" საბუღალტრო პროგრამებს შორის.
თუ ყველაფერ ამას დავამატებთ იმასაც, რომ პროგრამა იოლია ასათვისებლად და კომფორტული სამუშაოდ, უკვე გასაგები ხდება მისი პოპულარობის მიზეზი.
ინფორმაციის დამუშავება
ანგარიშთა გეგმა. პროგრამის ინსტალაციის შემდეგ მანქანაში ჩაიტვირთება სტანდარტული ანგარიშთა გეგმა (შესაძლებელია როგორც ძველი, ასევე ახალი ანგარიშთა გეგმის არჩევა), რომელიც მომხმარებელმა უნდა მოაწყოს საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე. მოწყობაში ალბათ პირველ რიგში უნდა ვიგულისხმოთ შესაბამისი ქვეანგარიშების დამატება. ნებისმიერი ანგარიშისათვის შესაძლებელია პრაქტიკულად განუსაზღვრელი რაოდენობა ქვეანგარიშების შექმნა. მაგალითად, ანგარიშისათვის 1610 (საქონელი), შესაძლებელია ქვეანგარიშების შექმნა 1610/1, 1610/2, 1610/3 ... თავის მხრივ, ყოველ მეორე დონის ქვეანგარიშს შეიძლება გაეხსნას აგრეთვე განუსაზღვრელი რაოდენობა ქვეანგარიშებისა (ანალიზური კოდებისა). სულ შესაძლებელია გაიხსნას ქვეანგარიშების 10 დონე.
ყოველი ახალი ქვეანგარიშის შექმნისას აუცილებელია მიეთითოს მისი დასახელება (არაუმეტეს 50 სიმბოლოსი) და კოდი (არაუმეტეს 20 სიმბოლოსი), აქვე შეიძლება აღინიშნოს რაოდენობრივ-თანხობრივი აღრიცხვის აუცილებლობა და ქვეანგარიშის სხვა პარამეტრები.
საწყისი ნაშთები. იმისათვის, რომ პროგრამამ ჭეშმარიტი შედეგები მოგვცეს, აუცილებელია გადავიტანოთ საწყისი ნაშთები. "ინფო ბუღალტერს" ნაშთები გამოაქვს ანგარიშებისა და ქვეანაგარიშების დეტალიზაციის ყოველ დონეზე. ნაშთების შეტანა შეიძლება პირდაპირ ანგარიშთა გეგმიდან. არითმეტიკული შეცდომის შემთხვევაში პროგრამა იძლევა შესაბამის შეტყობინებას.
პირველადი ინფორმაცია. პირველადი ინფორმაცია თავს იყრის სამეურნეო ოპერაციების ჟურნალში. სამეურნეო ოპერაციების ჟურნალში ოპერაციები ლაგდება ავტომატურად ოპერაციის თარიღის მიხედვით. თითოეულ ოპერაციაზე მიეთითება თარიღი, დოკუმენტი, სამუშაო ადგილის ნომერი, ოპერაციის შინაარსი, სადებეტო და საკრედიტო ანგარიშები და თანხა. რაოდენობრივ-თანხობრივი აღრიცხვის დროს აგრეთვე მიეთითება საქონლის რაოდენობა და ერთეულის ფასი. სამეურნეო ოპერაციების ჟურნალში ნებისმიერ დროს შესაძლებელია ცვლილებების შეტანა ოპერაციის წაშლის ჩათვლით. შესაძლებელია აგრეთვე ოპერაციების კოპირება, ამოჭრა და შემდგომ მათი ჩასმა (რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან მოსახერხებელია).
ოპერაციების დიდი რაოდენობის დროს შესაძლებელია ახალი სამეურნეო ოპერაციების ჟურნალის გახსნა. ამ დროს ნაშთები ძველი ჟურნალიდან ახალ ჟურნალში გადმოდის ავტომატურად, თუმცა ერთი წლის განმავლობაში არაა რეკომენდირებული მეორე ახალი ჟურნალის გახსნა. შესაძლებელია აგრეთვე სამეურნეო ოპერაციების ჟურნალების გაერთიანება. ამ დროს შესაძლებელია როგორც ოპერაციების მექანიკური დამატება, ასევე შემოწმება თანხვდენაზე გაერთიანებულ ჟურნალში. თითოეულ ჟურნალს შესაძლებელია დაუყენდეს დაცვა მასზე არალეგალური მიმართვისაგან თავის ასარიდებლად.
სამეურნეო ოპერაციების ჟურნალში მონაცემები შედის ტიპიური ოპერაციებით, "ხელით" გატარების ფორმით და პირველადი დოკუმენტების შევსების გზით. შესაძლებელია აგრეთვე მსგავსი ოპერაციის კოპირება მისი შემდგომი რედაქტირებით.
ტიპიური ოპერაციები. ქართულ "ინფო ბუღალტერში" 200-ზე მეტი ტიპიური ოპერაციაა თავმოყრილი. შესაბამისი ქვეჯგუფიდან საჭირო ოპერაციის შერჩევის შემდეგ მხოლოდ რამოდენიმე მონაცემის შეტანით პროგრამა თვითონ გვთავაზობს გატარებას. უნდა აღინიშნოს პროგრამული ინტერფეისის მაღალი დონე.
ბუღალტრული გატარება. თუ რაიმე მიზეზის გამო ტიპიური ოპერაციები გამოუსადეგარია, პროგრამა საშუალებას გვაძლევს გატარება გავაკეთოთ "ხელით".
პირველადი დოკუმენტები. პირველადი დოკუმენტები წარმოადგენენ იმ ფორმებს, რომლებიც ივსება ოპერაციის უშუალო შესრულების დროს, მაგალითად, საგადახდო დავალება, სალაროს შემოსავლის ორდერი, შემოსავლისა და გასავლის ზედდებულები და ა.შ. ამ დოკუმენტების სრულყოფილად შევსების შემთხვევაში შესაძლებელი ხდება გატარების ავტომატური გენერაცია. ამ დროს პროგრამა გვაჩვენებს გატარებას მასში შესაძლო ცვლილებების შეტანის შესაძლებლობით. თითოეული დოკუმენტი მომხმარებლის სურვილისამებრ შეიძლება შენახული იქნეს არქივში ან/და დაიბეჭდოს.
ხელფასი ქართულ "ინფო ბუღალტერში" რეალიზებულია ხელფასის ავტომატური დარიცხვის ორი ვერსია: სტატიკურ რეჟიმში მომუშავე ანუ თანამშრომელთა ფიქსირებული რაოდენობის (10-კაციანი, 20-კაციანი და ა.შ. 80 კაცამდე) შესაბამისი უწყისები და დინამიურ რეჟიმში მომუშავე უწყისი, რომლისთვისაც თანამშრომელთა რიცხვს არა აქვს მნიშვნელობა. ხელფასის დათვლის შემდეგ მომხმარებელი თვითონ ირჩევს ერთ გვერდზე ამოსაბეჭდ თანამშრომელთა რაოდენობას. რაც მთავარია, ხელფასის დარიცხვასთან ერთად ავტომატურად ხდება შესაბამისი საბუღალტრო გატარებების ფორმირება, რომელიც, სურვილისამებრ, მაშინვე შეიძლება იქნენ შეტანილნი ჟურნალში. მომხმარებელს შეუძლია მოახდინოს ერთ თანამშრომელზე ხელფასის დარიცხვა რამდენიმე განსხვავებულ ხარჯების ანგარიშზე თანხების მიკუთვნებით. უნდა აღინიშნოს აგრეთვე ხელფასის ე.წ. "უკუდარიცხვის" უწყისები, რომლებიც ითვლიან დასარიცხ ხელფასს ხელზე გასაცემი თანხის მიხედვით.
ძირითადი საშუალებების ცვეთა. ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვა ბასს-ების მიხედვით ხორციელდება უწყისით, რომელიც ფორმირდება ძირითადი საშუალებების მონაცემთა ბაზის საფუძველზე. აღნიშნულ ბაზაში სათანადო მონაცემების შეტანის შემდეგ, რომლებიც აუცილებელია ცვეთის დარიცხვისათვის (ძირითადი საშუალების დასახელება, სალიკვიდაციო ღირებულება, ძს და მისი ცვეთის ბუღალტრული ანგარიშები, ცვეთის დარიცხვის მეთოდი და წლიური ნორმა), მომხმარებელს ეძლევა საშუალება მოახდინოს ძს ცვეთის დარიცხვა ნებისმიერი მეთოდით (წრფივი, შემცირებულ ნაშთთა, წელთა შეკრების, მწარმოებლურობის) და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიაკუთვნოს მიმდინარე თვის (ან წლის) ცვეთა ხარჯების სხვადასხვა ანგარიშზე თითოეული ძირითადი საშუალებისათვის. შევსებული ბაზის გადათვლის შემდეგ ავტომატურად ფორმირდება ძს ცვეთის უწყისი და იგზავნება შესაბამისი ბუღალტრული გატარებები სამეურნეო ოპერაციების ჟურნალისათვის.
საანგარიშგებო დოკუმენტები. პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით პროგრამა ახდენს საანგარიშგებო დოკუმენტების ავტომატურ ფორმირებას.
წინასწარ უნდა მიეთითოს საანგარიშგებო დოკუმენტების ზოგადი პარამეტრები, ხოლო შემდეგ, რაც მნიშვნელოვანია, უნდა განისაზღვროს საანგარიშგებო პერიოდი. ამ დროს შესაძლებელია მიეთითოს დროის ნებისმიერი ინტერვალი.
"ინფო ბუღალტერი" ახდენს შემდეგი საანგარიშგებო დოკუმენტების ავტომატურ ფორმირებას: ბრუნვითი უწყისი; ნაშთთა უწყისი; ანგარიშზე მოძრაობის ბარათი; ჭადრაკული უწყისი; მთავარი წიგნი; მატერიალური ანგარიში; ჟურნალ-ორდერები და მემორიალურ-ორდერები. ავტომატურად ივსება აგრეთვე საწარმოს ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში.
ამ დოკუმენტებთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა აგრეთვე აღჭურვილია ყველა იმ ძირითადი საანგარიშგებო ფორმით (დღგ-ის, აქციზის, მოგების, ქონების, სოციალური გადასახადების, ადგილობრივი და საგზაო ფონდის გადასახადების დეკლარაციები და ა.შ.), რომლებსაც ითხოვენ საგადასახადო სამსახურები და არასაბიუჯეტო ფონდები ყოველი საწარმოსაგან. საანგარიშგებო ფორმების შეცვლის შემთხვევაში მომხმარებელს ახალი ფორმები უფასოდ მიეწოდება. "ინფო ბუღალტერში" შესაძლებელია ნებისმიერი საგადასახადო დეკლარაციის სრული ავტომატიზაცია (ანუ შევსება და გაანგარიშება "ღილაკზე" ერთი დაჭერით).
ფილტრი. პროგრამა აღჭურვილია ფილტრით რომელიც მოქმედებს სამეურნეო ოპერაციების ჟურნალზე. შესაძლებელია ფილტრის მოქმედება საანგარიშგებო დოკუმენტებზეც. სამეურნეო ოპერაციების ჟურნალის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი პარამეტრებით ან მათი ნებისმიერი კომბინაციით: 1. დოკუმენტი; 2. სამუშაო ადგილი; 3. თარიღი; 4. ოპერაციის შინაარსი; 5. ანგარიშთა კორესპონდენცია; 6. სადებეტო ანგარიში; 7. საკრედიტო ანგარიში; 8. პერიოდი; 9. ოპერაციების ნომრები; 10. თანხის დიაპაზონი. აქვე შეიძლება მიეთითოს, იმოქმედოს თუ არა ფილტრმა საანგარიშგებო დოკუმენტებზე.
"ინფო ბუღალტერის" ქსელური ვერსია. ქსელური ვერსია განკუთვნილია რანდენიმე კომპიუტერზე ბუღალტრული აღრიცხვის ერთდროული წარმოებისათვის. არსებობს ამ ვერსიის 5, 10, 15 და 25-მომხმარებლიანი ვერსიები. ქსელური ვერსია აძლევს საშუალებას რამდენიმე მომხმარებელს ერთდროულად იმუშაონ ერთსა და იმავე მონაცემებთან ინფორმაციის მყისიერი განახლებით ქსელში ჩართული ყველა კომპიუტერის ეკრანზე. თავისი ინტერფეისითა და მუშაობის ძირითადი პრინციპებით იგი არ განსხვავდება ლოკალური ვერსიისაგან, ამასთან საკმაოდ კარგად არის მოწყობილი მომხმარებლის ადმინისტრირების შესაძლებლობები, კერძოდ, ადმინისტრატორს შეუძლია განუსაზღვროს თითოეულ მომხმარებელს, თუ რომელ ბუღალტრულ ანგარიშებთან იმუშაოს მან, ანუ რომელი ანგარიშები "დაინახოს" და რომელი არა, ხოლო "დანახული" ანგარიშებიდან - რომელი ჩაასწოროს და რომელი არა. თითოეულ მომხმარებელს და მის მიერ შეტანილ ოპერაციებს ენიჭება სამუშაო ადგილის ნომერი.
სხვა საშუალებები. შიდა პროგრამირების ენა, რომელიც რეალიზებულია "ინფო ბუღალტერში", შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ ნებისმიერი სირთულის პირველადი და საანგარიშგებო ფორმები და ბლანკები, ტიპიური ოპერაციები და გრაფიკები. აღნიშნული შესაძლებლობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიტანოს პროგრამაში ცვლილებები საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც პროგრამას კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს ხდის. აღსანიშნავია, რომ "ინფო ბუღალტერის" პროგრამირების ენაზე სხვადასხვა ფირმებისთვის დაიწერა სპეციალური პროგრამები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია, მაგალითად, წარმოებისათვის საჭირო მასალების სრული კალკულაცია და ოპტიმალური ვარიანტის არჩევა ავტომატურ რეჟიმში. მაგალითად, ფირმა "მიმოსის" დაკვეთით, რომლის ერთ-ერთ საქმიანობას ჟალუზების წარმოება წარმოადგენს, შპს "იბერ-ინფო"-ს პროგრამისტის ბადრი მაცაბერიძის მიერ დაიწერა პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა მხოლოდ ფანჯრის ზომების საფუძველზე გამოთვალოს ყველა საჭირო მასალის ოპტიმალური რაოდენობა და მოახდინოს შესაბამისი ბუღალტრული გატარებები. მომხმარებელთა დაკვეთით ქართული "ინფო ბუღალტერის" ბაზაზე შესრულებული სხვა სპეციალური პროგრამებიდან ავღნიშნავთ შპს "კარაპს მედლაინი"-სათვის დაწერილ სამედიცინო ოპერაციის თვითღირებულებისა და მედპერსონალის ხელფასის საკალკულაციო პროგრამებს, შპს "სიესტა"-სათვის შექმნილ სავაჭრო საწყობის სპეცბლოკს, სალომბარდო მომსახურებისა და საკომისიო ვაჭრობის პროგრამას ანტიკვარიატის სალონი "უტა"-სთვის და სხვა.
|