საქართველოში ბუნებრივი ტერიტორიების დაცვის ისტორია საუკუნეების წინ იწყება. ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში თამარ მეფემ (1160-1213) გამოსცა სამეფო ბრძანება ზოგიერთი ტერიტორიის დასაცავად. ხუთასი წლის შემდეგ კი ვახტანგ მე-6 -ის (1675-1737) ”კანონთა კრებული” მოიხსენიებს ყორუღის ტერიტორიას, როგორც დაცვის ობიექტს - იქ აკრძალული იყო ხეების მოჭრა და სეირნობა, ტერიტორიას კი მცველები იცავდნენ. მთიან რეგიონებში არსებობდა ეგრეთ წოდებული ”ხატის ტყეები” რომლებიც მკაცრ დაცვას ექვემდებარებოდა და ტიპიურ ნაკრძალებს წარმოადგენდა. პირველი ოფიციალური ნაკრძალი კი მოგვიანებით, 1912 წელს, კახეთში შეიქმნა და მას ლაგოდეხის ნაკრძალი ეწოდა. მე-20 საუკუნის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თანდათან სხვა ნაკრძალები და დაცული ტერიტორიებიც დაფუძნდა..
1996 წელს საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა რა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადი და უნიკალური ბუნებრივ-კულტურული გარემოს მნიშვნელობა, მიიღო კანონი ”დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” ეს კანონი ქმნის იურიდიულ საფუძველს დაცული ტერიტორიების დასაარსებლად, რომელთა დანიშნულებაა, დაიცვას ქვეყნის ღირშესანიშნავი ბუნებრივი გარემო და ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, საქართველოში დაკანონდა საერთაშორისო კრიტერიუმებისა და ნორმების შესატყვისი დაცული ტერიტორიების კატეგორიები და მათი ჩამოყალიბების პროცედურა, რომელიც კონსერვაციის მსოფლიო კავშირის რეკომენდაციებს ემყარება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ქსელის სისტემურ დაგეგმვას, დაცული ტერიტორიების დაარსებასა და მართვას. დეპარტამენტი ახორციელებს ზედამხედველობას დაცული ტერიტორიების მთელს სისტემაზე, რათა დაიცვას ცოცხალი ორგანიზმების თანაარსებობისთვის საჭირო ეკოსისტემები, ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსები და ხელი შეუწყოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კვლევებსა და ტურიზმის განვითარებას
დეპარტამენტის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www..dpa. gov.ge
-----------
ზღაპრული რეალობა, რომელიც საკუთარი თვალით უნდა ნახოთ!
”ამ მომენტში სრული საერთაშორისო სტანდარტებით გვაქვს მთელი ტურისტული ინფარასტრუქტურა კოლხეთის ეროვნულ პარკსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, რამდენიმე დღეში გაიხსნება ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, რამდენიმე კვირაში ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ასევე, თუშეთის ეროვნული პარკი... ლაპარაკია სრული ტურისტული ინფრასტრუქტურით მოწყობილ ტერიტორიებზე, რომელთაც აქვთ ადმინისტრაციის შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, კომფორტული სასტუმროს ნომრები, კეთილმოწყობილი, მარკირებული ბილიკები, აგრეთვე საპიკნიკე და საკემპინგე, საცეცხე ადგილები...”
და ეს ყველაფერი საქართველოში!..
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი შონვაძემ აგვიხსნა, საქართველოში, ერთი-მეორის მიყოლებით ერთმანეთზე ლამაზი, საერთაშორისო სტანდარტებით კეთილმოწყობილი პარკები, ბაღები და ნაკრძალები იხსნება.
ქართული დაცული ტერიტორიების ისტორია ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში იღებს სათავეს. პირველი სამეფო ბრძანება, ზოგიერთი ტერიტორიის დაცულად გამოცხადების შესახებ, თამარ მეფეს ეკუთვნის. იგივე ცნება, უფრო მოგვიანებით, ვახტანგ მეექვსის "კანონთა კრებულშიც” გვხვდება.
დღეს, საქართველოში, სულ 32 დაცული ტერიტორიაა. მათ ჩვენი ქვეყნის სრული ფართობის დაახლოებით 8% უჭირავთ. დაცული ტერიტორიები სულ რამდენიმე კატეგორიად იყოფა, ესენია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი, ბუნების ძაგლი და დაცული ლანდშაფტი, ასევე, სავარაუდო დაცული ტერიტორია, რომელიც შემდგომში, დაცულ ტერიტორიად იქცევა. კატეგორიებად დაყოფა ხდება იმის მიხედვით, თუ რა ხარისხით არის დაშვებული ბუნებაში ადამიანის "ჩარევა”.
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, განახლებულ ეროვნულ პარკებსა თუ ნაკძალებში შესვლა და დასვენება, დღეს უკვე, ფასანი სერვისია. ტარიფები წელს მიღებულია. თუმცა უცხოელებისთვის და ქართველებისთვის ფასები განსხვავებულია: საქართველოს მოქალაქისთვის შედარებით დაბალი ტარიფია, ხოლო უცხოეთის მოქალაქისთვის _ შედარებით მაღალი. ამასთან, პარკის ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობისთვის ყველაფერი უფასოა! სერვისი უფასოა, ასევე, ქართველი ბავშვებისთვის 7 წლამდე.. ანალოგიური ტარიფების სისტემა მოქმედებს მსოფლიოს ყველა დიდ ეროვნულ პარკში.
სულ მალე! აღმოსავლეთ საქართველოში!..
თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობილი ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციის შენობა, კომფორტული სასტუმროები, ტურისტული ბილიკები, საპიკნიკე, საკემპინგე, საცეცხლე ადგილები... ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში ლაგოდეხში ჩასულ ტურისტებს დახვდებათ. თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურით მთლიანად აღჭურვილი ლაგოდეხის დაცული ტერიტორია უახლოეს მომავალში ქართველ და უცხოელ ტურისტებს ღირსეულად უმასპინძლებს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს და თავისი იშვიათი ფლორა-ფაუნითა და გასაოცრად მრავალფეროვანი რელიეფით არამარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით გამოირჩევა. დაცული ტერიტორიის შემადგენლობაშია ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და ლაგოდეხის აღკვეთილი. ამასთან, ლაგოდეხის ნაკრძალი შეტანილია იუნესკოს ბუნების იშვიათ ძეგლთა დაცვის სიაში და დატანილია მსოფლიო ნაკრძალების რუკაზე.
ტურისტებს ლაგოდეხში 4 საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტს შესთავაზებენ, რომლის განმავლობაშიც მათ შეუძლიათ მოინახულონ რამდენიმე ულამაზესი ჩანჩქერი და ტბა, დატკბნენ მრავალფეროვანი ბუნებით. ლაგოდეხში ასევე, შეგიძლიათ მოინახულოთ ძველი ციხე-ქალაქი, გალავნით, პატარა ეკლესიით, და მიწისქვეშა გასასვლელებით. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გადაადგილდნენ ცხენებით და ღამე გაათენონ კარვებში. მარშრუტების ხანგრძლივობა ერთიდან სამ დღემდეა.
მისამართი: ლაგოდეხი, ვაშლოვანის 197. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მისამართზე: www.lagodekhipa.ge
ტურისტული ინფრასტრუქტურით მთიანად კეთილმოწყობილი ვაშლოვანის ეროვნული პარკიც ასევე, რამდენიმე კვირაში იხსნება.
ვაშლოვანის ეროვნული პარკი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ- აღმოსავლეთში, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს და მდინარე ალაზნით და ივრით არის შემოსაზღვრული. საქართველოს ეს ყველაზე მშრალი და უწყლო რეგიონი, განსაკუთრებით, თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა. სახელმწიფო ნაკრძალი აქ ჯერ კიდევ 1935 წელს შეიქმნა, ორი დიდი ქართველი მეცნიერისა და ბუნების ქომაგის, ნიკო კეცხოველისა და ვასილ გულისაშვილის ინიციატივით.
ქართველ და უცხოელ ტურისტებს სულ მალე აქ დახვდებათ კეთილმოწყობილი ადმინისტრაციის შენობა და ვიზიტორთა ცენტრი, ასევე კომფორტული სასტუმროები,Mმარკირებული ტურისტული ბილიკები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. პარკში შესვლა 10 ლარი ღირს, 7 წლამდე ბავშვებისთვის _ უფასოა, ხოლო 16 წლამდე _ 5 ლარი ღირს.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ქალაქ დედოფლისწყაროში, კოსტავას #44-შე, ან დაურეკოთ ტელეფონზე საკონტაქტო პირს ვაჟა ჩერქეზიშვილს _ 899 536 544. ასევე მისამართზე www.vashlovanipa.ge.
თუშეთში ტურისტებს საშემოდგომოდ ელიან!
როგორც დაცული ტერიტორიების დეპრარტამენტში აგვიხსნეს, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი და ეროვნული პარკი შემოდგომამდე აუცილებლად გაიხსნება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საშემოდგომოდ აქ ჩასულ ტურისტებს ულამაზესი თუშური ბუნების და ცხოველთა სამყაროს დათველიერება სპეციალური ტურისტული მარშრუტების გავლისას შეეძლებათ. მარშრუტების ნაწილი საფეხმავლოა, ხოლო ნაწილი საცხენოსნო.
თუშეთში მოგზაურობისას გაივლით მშვენიერ თუშურ სოფლებს, საფეხმავლო ხიდით გადაკვეთთ მდინარე ალაზანს, გაეცნობით თუში მეცხვარეების საქმიანობას, მთიდან გადმოხედავთ თუშეთის ოთხივე ულამაზეს ხეობას და სხვა.
მგზავრობის ღირებულება ერთ ადამიანზე 40 ლარია. სასტუმროში ღამის თევა სამჯერადი კვებით _ 40-დან 60 ლარამდე.
მისამართი: ახმეტის რაიონი სოფელი თუშეთის ომალო. ტელეფონი _ 899 982 417 ან 899 293 756.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე www.tushetipa.ge.
საინტერესოა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს დაცული ტერიტორიების განახლება-კეთილმოწყობა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და ამ საქმისთვის დაახლოებით 9 მილიონ დოლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტი, 1999 წლიდან მიმდინარეობს _ ეს არის მსოფლიოს გარემოს დაცვის ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს, ალბათ, საბოლოოდ დასრულდება კიდევაც.
ეს ყველაფერი უკვე გვაქვს!
ცხენით გასეირნება გნებავთ? იმოგზაურეთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში! საქართველოს ეს უნიკალური დაცული ტერიტორია, თავისი ულამაზესი სუბ-ალპური და ალპური მდელოებით, ერთ-ერთი უმდიდრესი პარკიცაა მთელს ევროპაში, რომელიც ველური ტყეების დაცვის მიზნით შეიქმნა. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ უამრავი ულამაზესი მცენარე და განსაცვიფრებელი ხედები. პარკი 9 ტურისტულ ბილიკს გთავაზობთ, რომელთა ხანგძლივობაც ერთი დღიდან ერთ კვირამდე მერყეობს. შესაძლებელია ადგილობრივი გიდების მომსახურებით სარგებლობაც. ბილიკების ირგვლივ არსებობს ელემენტარული პირობებით აღჭურვილი თავშესაფრები, მაგრამ საჭიროა სპეციალური საძილე ტომრების წაღება. თავშესაფრებში შეგიძლიათ საკვების მომზადება. ყველა დამატებითი ტურისტული მომსახურება ხდება პარკის დამხმარე ზონიდან _ ტრანსპორტით და ცხენებით. სასტუმროები და რესტორნები მოქმედებს: ბორჯომში, ბაკურიანში აბასთუმანსა და ნუნისში. ხარაგაულის რაინში ღამის გათავა შეგილიათ კერძოდ ან ეროვნული პარკის სატუმროში, სოფელ მარელისში.
საინტერესო მარშრუტები: ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი, ზეკარის უღელტეხილის ბილიკი, ხელუხლებელი ტყის ბილიკი, ნაკვალევის ბილიკი, მეღრუკის ხეობა, მწყემსების ბილიკი და სხვა.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2006 წლის ბოლოს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გახდა PAN Park-ების წევრი. ეს გახლავთ დაცული ტერიტორიების ქსელი ევროპაში. პროფესიონალების აზრით, ბორჯომ-ხარაგაულის პარკი, ერთ-ერთი საუკეთესო დაცული ტერიტორიაა მთელს ევროპაში.
მისამართი, ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. 23, ტელეფონი (8267) 2 21 17/ 899 233 449. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მისამართზე: www.nationalpark.ge
გსურთ ფრინველებზე დაკვირვება? ამის საშუალება თქვენ კოლხეთის ეროვნული პარკში, სპეციალური სათვალთვალო კოშკებიდან მოგეცემათ!
კოლხეთის ეროვნული პარკი ის უნიკალური ადგილია, სადაც გადამფრენ ფრინველთა ევრაზიააფრიკის საიმიგრაციო მარშრუტი გადის. აქ ჩასულ ტურისტებს სულ ხუთი ტიპის მარშრუტს სთავაზობენ, რომელთა გავლისას, თქვენ უამრავი სახეობის ფრინველსა და ცხოველს შეხვდებით, იმოგზაურებთ ნავით, დაათველიერებთ პალიასტომის ტბას, მოაწყობთ პიკნიკს, ვიწრო სანაპირო ზოლში დაუმაგრებელ და ნახევრადდამაგრაებულ ქვიშებზე მრავალი სახეობის ულამაზეს მცენარეს იხილავთ... მარშრუტების ღირებულება, ერთი ადამიანისთვის 10-დან 50 ლარამდე მერყეობს.
მისამართი: ქ. ფოთი, გურიის ქუჩა #222
ტელეფონი: 829323065, 23055
მობილური: 877 520 402
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: www.knp.ge
გეგმები, გეგმები, გეგმები...
როგორც დაცული ტერიტორიების დეპარტამენტში აგვიხსნეს, მომავალში იგეგმება ალგეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება, სათაფლიის მღვიმის რეკონტრუქცია და ამ საკითხებზე სხვადასხვა დონორებთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა. გარდა ამისა, დაცული ტერიტორის შექმნა მოხდება რაჭა-სვანეთში, სადაც შეიქმნება ორი ეროვნული პარკი და ორი აღკვეთილი, ასევე რამდენიმე ბუნების ძეგლი. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 2008 წლიდან დაიწყება სრული ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენა-განვითარება, იგივე სტანდარტებით, რაც სხვა ეროვნულ პარკებში გვაქვს. თუმცა დონორი ჯერ არ არსებობსMდა მის მოძიებაზე ჯერჯერობით მუშაობა მიმდინარეობს.
სავარაუდო დაცული ტერიტორია არსებობს სამხრეთ საქართველოშიც, სადაც მომავალში შეიქმნება ჯავახეთის ეროვნული პარკი. ამ საქმისთვის უკვე გამოყოფილია 2 მლნ 500 ათასი ევრო და, დაახლოებით, 2010 წლისათვის, აქ ნავარაუდევია ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
სიახლეა თბილესელებისთვისაც! გაინერესებთ, რა?
თბილისის გარშემო ახალი ეროვნული პარკი იქმნება!
"თბილისის გარშემო იქმნება სპეციალური ტერიტორია, სადაც თბილისელებისთვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი, სრული ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება! წარმოიდგინეთ, ქალაქიდან სულ რაღაც ნახევარი, მაქსიმუმ 1 საათის სავალ მანძილზე, ჩვენ საშუალება მოგვეცემა მართლაც უნიკალური ბუნების წიაღში დავისვენოთ.” _ გვითხრა გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი შონვაძემ. საუბარია თბილისის გარშემო, ახალი ეროვნული პარკის შექმნაზე, რომელიც დღევანდელი საგურამოს ნაკრძალის, ასევე, მის მიმდებარე, მცხეთისა და თიანეთის ტერიტორიაზე, დაიდებს ბინას.
თბილისის ეროვნული პარკი, პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 5000 ჰექტარის ოდენობის ფართზე განთავსდება, რომელიც შემდგომში კიდევ გაფართოვდება და 25 000 ჰექტარი მას შემდეგ გახდება, რაც მას თბილისის ირგვლივ მდებარე სხვა ტერიტორიებიც შეუერთდება. ეროვნული პარკის შექმნა სპეციალური კანონპროექტით მოხდება, რომელსაც პარლამენტი შემოდგომაზე მიიღებს.
ვინ არიან რეინჯერები?
შემთხვევით, ტყის მცველები არ გეგონოთ!
დაცულ ტერიტორიებზე დღეს უკვე მოქმედებს რეინჯერების სამსახური. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სპეციალურ მომზადებას გადიან, ანუ "ისეთები კი არ არიან, რამდენიმე წლის წინ რომ იყვნენ _ უბრალოდ ტყის მცველები. რეინჯერის მოვალეობაა, ეროვნული პარკის დაცვა, ტურისტების უსაფრთოხოების უზრუნველყოფა და მათთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, ასევე გიდის მომსახურების გაწევაც...” _ ზუსტად ასე გვითხრეს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტში.
სულ, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაცულ ტერიტორიებზე, დაახლოებით 500 მოქმედი თანამშრომელია. ლაგოდეხში, დაახლოებით 35, ბორჯომში, 90 და ა.შ. მათი რაოდენობა დამოკიდებულია პარკის სიდიდეზე.
დაბოლოს, დღეს უკვე არსებობს საქართველოს დაცული ტერიტორიების ინტერაქტიული რუკა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს და საქართველოს დაცული ტერიტორიები, სრულად და დაწვრილებით დაათვალიეროს, მისამართზე www.dpa.gov.ge
მიმაგრებული სურათი
შ ე რ ი გ დ ი თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!