საქართველოში გზების მშენებლობის ერთიანი სტანდარტი ამოქმედდება
საქართველოში გზების მშენებლობის ერთიანი სტანდარტი ამოქმედდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამჟამად საქართველოში გზის მშენებლობის სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტი მოქმედებს. მისი განმარტებით, არ არსებობს ერთი ჩამოყალიბებული სტანდარტი, რომელიც საერთო იქნება მთელი ქვეყნისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე დაწყებულია მუშაობა საკითხზე და ეტაპობრივად ქვეყანაში გზების მშენებლობის ერთიანი სტანდარტი ამოქმედდება.
"ქვეყანას უნდა გააჩნდეს საკუთარი სტანდარტი. არ არის საუბარი ახალი ველოსიპედის გამოგონებაზე - უნდა შეირჩეს ის სტანდარტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მისაღებია. პირობითად - გზის კატეგორიები, მისი პარამეტრები, სიგანე, დახრის მაქსიმალური კუთხე; საფარის ტიპი - არსებობს გზები სადაც დასაშვებია არამხოლოდ ცემენტო-ბეტონის საფარი, არამედ სხვა ტიპის გადაწყვეტებიც; გზის სიგანე - მთიან რელიეფში პირობითად შეუძლებელია 7-მეტრიანი გზის სიგანის მიღება და ა.შ.",- აცხადებს ქარსელაძე.
მისივე თქმით, ეს სტანდარტები ეტაპობრივად ამოქმედდება.
“2019 წელს დაგეგმილი გვაქვს, რომ დამუშავებული გვქონდეს თემები არამარტო საგზაო სტანდარტის, არამედ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით.
ვგეგმავთ, რომ ოქტომბერში მოვაწყოთ პირველი შეხვედრა, სადაც მოხდება სამოქმედო გეგმის გაზიარება და ამ ერთი საკითხის რამდენიმე თემად დაყოფა, რაზეც თემატური ჯგუფები გააგრძელებენ მუშაობას.
კონკრეტული თემების დამუშავების შემდეგ შეიძლება მოხდეს მათი ინტეგრაცია კანონში. არ დაველოდებით მთლიანი ახალი საგზაო კანონის დამუშავებას, რომ ავამოქმედოთ ახალი რეგულაციები, თუნდაც, საგზაო უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით“,- აცხადებს ქარსელაძე.
სტანდარტიზაციის არარსებობასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ თავად კომპანიებსაც. კომპანია „ბლექ სი გრუპის“ ხელმძღვანელი ამირან მამუჭაძე ამბობს, რომ სტანდარტიზაციის შემოღება მუშაობას გაუიოლებს როგორც კომპანიებს, ასევე სახელმწიფოსაც.
„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მოქმედებს 37-ზე მეტი ქვეყნის სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ არის არასწორი რეგულაციები რიგ საკითხებში, არის ორაზროვნება“,- აცხადებს ამირან მამუჭაძე.
ამავე აზრზეა "გორან ჯგუფის" ხელმძღვანელი ჯანიკო ყაფლანიშვილიც.
„რამდენიმე პროექტი ბრიტანული სტანდარტით ავაშენეთ, რამდენიმე სხვა სტანდარტით და ა.შ. თუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთიან სტანდარტს შემოიღებს, ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება. დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს“,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი
http://www.bm.ge/ka/article/saqartveloshi-...meddeba-/24925/იმედია მიხვდნენ რეალურ პრობლემებს