პანიკური აშლილობა (panic disorder) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს განმეორებადი პანიკის შეტევები, ხოლო პანიკის შეტევებს შორის მუდმივად აქვს მოსალოდნელი პანიკის შეტევის შიში.
პანიკის შეტევა ხასიათდება მრავალი ნიშნებით, რომელთაგან არ არის სავალდებულო ყველას არსებობა. ესენია ტახიკარდია, სუნთქვის გახშირება, ჰაერის უკმარისობა (ჰიპერვენტილაცია, დისპნეა), გულისრევის შეგრძნება, ტკივილი მკერდის არეში, თავის ტკივილი, სიკვდილის ან/და გაგიჟების გაძლიერებული შიში, დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია, კიდურების და/ან სახის დაბუჟება, პირის სიმშრალე და სხვ.
პანიკური აშლილობის ეტიოლოგია (წარმოშობის მიზეზი) უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე განსხვავებული თეორია მათ შესახებ. წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიურიც. დადგენილია გენეტიკის დიდი როლი პანიკური აშლილობის განვითარებაში, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე ისეთი გარემო ფაქტორი, როგორიცაა ფსიქოლოგიური ტრავმები.
პანიკური აშლილობა შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად ან თან ახლდეს რომელიმე ფსიქოლოგიურ პათოლოგიას. ერთი რიგი მეცნიერებისა თვლის, რომ პანიკის შეტევებს იწვევს გარკვეული ნივთიერებების დისბალანსი ტვინში, ხოლო მეორე რიგი მეცნიერებისა (ფროიდის ჩათვლით) თვლის, რომ პანიკის შეტევის მიზეზი ფსიქიური ტრავმაა ან რეპრესირებული სურვილები, უფრო მეტად კი ისინი, რომლებიც ბავშვობის პერიოდში იქნა გადატანილი.
მკურნალობა მრავალი სახისაა, მედიკამენტური (ბენზოდიაზეპინები, ანტიდეპრესანტები), ფსიქოთერაპია (უმრავლეს შემთხვევებში ესაა კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, ცხოვრების სტილის მნიშვნელოვანი შეცვლა, ნატურალური საშუალებები და სხვ.
ყველაფერი რაც ზევით დავწერე არის საყოველთაოდ აღიარებული აზრი.
რაც შეეხება ჩემს აღმოჩენებს და აზრს...
1. პანიკის შეტევები 2 სახისაა: სიტუაციური და სპონტანური. ადამიანი შეიძლება განიცდიდეს ორივესაც. სიტუაციურია, როდესაც პანიკის სიმპტომები იწყება გარკვეული ტრიგერის არსებობის შემთხვევაში, მაგ.: თუ ადრე ადამიანს გადატანილი აქვს ცუდი ინციდენტი ძაღლთან დაკავშირებით, შესაძლოა მას ძაღლის დანახვისას, სუნის შეგრძნებისას ან რაიმე სახით ინტერპრეტირებისას განუვითარდეს პანიკის შეტევის სიმპტომები, რამაც შეიძლება მიიყვანოს პანიკამდე. სპონტანური შეტევის დროს ადამიანი შესაძლოა საერთოდ სხვა რამეზე ფიქრობდეს და ამ დროს უცაბედად და მოულოდნელად განვითარდეს პანიკის შეტევა.
2. პანიკური აშლილობის განვითარება მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული კანაბის (პლანის) მოხმარებასთან.
3. პანიკის შეტევა არის ბუნებრივი ნორმალური მოვლენა, როცა ის დაკავშირებულია გარკვეულ შიშის წყაროსთან, მაგ.: ლომის ახლოდან დანახვის დროს (თუ ის გალიაში არ არის) დიდი ალბათობაა, რომ ადამიანს გაუჩნდეს პანიკა. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანს ბუნებრივად განუვითარდა ეს დაცვითი მექანიზმი, პანიკის დროს გული ჩქარდება, რომ სისხლის მეტი რაოდენობა მიეწოდოს ორგანოებს, იმატებს ოფლიანობა, რომ გააგრილოს ორგანიზმი და ამზადებს ადამიანს 1 წამში გასაქცევად ან საბრძოლველად. ანუ პანიკის შეტევა არის ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი ნორმალური მოვლენა, რომელიც ასახავს მის დაცვით ფუნქციას - რეალური საფრთხის არსებობისას უმოკლეს დროში გადაიყვანოს ადამიანის ორგანიზმი გაქცევა/შებრძოლების რეჟიმში.
4. როდესაც არ არსებობს რეალური გარე საფრთხე და ადამიანი მაინც განიცდის პანიკის შეტევას, ამას ფსიქოლოგიაში ეძახიან ფსიქოპათოლოგიას. თუმცა, ჩემი აზრით, ამგვარი მიდგომა არასწორია. პანიკის შეტევის დროს მხოლოდ გარე საფრთხის არსებობა არ არის აუცილებელი. პანიკური აშლილობის დროსაც საფრთხე ადამიანისათვის რეალურია, ვინაიდან პანიკის სიმპტომების გამოვლენის დროს ადამიანს ჰგონია, რომ კვდება და/ან გიჟდება, ხოლო ეს მისთვის წარმოადგენს საფრთხეს, რასაც მიჰყავს იგი ბუნებრივ მექანიზმამდე - პანიკის შეტევამდე.
5. პანიკის შეტევა ადამიანისათვის არის ყოვლად უსაფრთხო. მისგან სიკვდილი შეუძლებელია, რადგან ამ დროს ორგანიზმი ყველაზე უფრო დაცულია, ყველაზე უფრო მომზადებულია.
6. პანიკური აშლილობა არის წრედი, რომლის დროსაც პანიკის შეტევის შიშით ადამიანს ემართება შემდეგი პანიკის შეტევა. პანიკური აშლილობა ეს არის შიშის შიში, ეს შიში შემდეგ იწვევს უფრო მეტ შიშს, რომლის დროსაც გამოიყოფა ადრენალინი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ პანიკის შეტევის სიმპტომებს, ხოლო ეს სიმპტომები თავის მხრივ, იწვევენ უფრო მეტ შიშს. თუ ადამიანი მოახერხებს ამ წრედის ნებისმიერ საფეხურზე შიშის შეჩერებას, შეჩერდება პანიკის შეტევაც.
7. მართალია პანიკის შეტევის დროს იზღუდება რაციონალური აზროვნება, მაგრამ დამიჯერეთ, რაციონალური აზროვნება ერთადერთია, რაც აგარიდებთ მომავალ პანიკის შეტევას. პანიკის შეტევის სიმპტომის გაჩენისთანავე აუცილებელია, რომ არ ავყვეთ შიშს და მიღებულ იქნას ეს სიმპტომი ისე როგორც არის. მას არ შეუძლია რაიმე ზიანის მოყენება და თუ არ შეგვეშინდება ის მალევე გაივლის.
ამდენად, თავად პანიკის შეტევის აცილება შეიძლება მარტივად, რაციონალური აზროვნებით, თუკი ნებისმიერ ცუდ აზრს ან შეგრძნებას მივანიჭებთ "უბრალოდ შიშის" სტატუსს და მისი არ შეგვეშინდება.
რაც შეეხება განკურნებას, ასეთ დროს უნდა ვისაუბროთ იმ სიმპტომების აღმოფხვრაზე, რომლებიც იწვევენ შიშს და შედეგად - პანიკის შეტევას. ერთი-ორი პანიკის შეტევა კი უკვე გადაიზრდება პანიკურ აშლილობაში, რაც თავის მხრივ, მალე იწყებს აგორაფობიას - ყველაზე ცუდ შემთხვევაში სახლში ჩაკეტვასა და გაუსვლელობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პანიკის შეტევის გადატანის შიშის გამო.
ანუ სქემა ასეთია:
პანიკის სიმპტომი >>>> შიში >>>> უფრო მეტი ან/და ძლიერი სიმპტომი >>>> პანიკის შეტევა>>> პანიკის შეტევის შემდგომი შიში >>>>განმეორებითი პანიკის შეტევა >>> პანიკური აშლილობა >>>> აგორაფობია ან/და დეპრესია
ახლა მთავარია კითხვა, რა არის პანიკის სიმპტომი და რატომ გვიჩნდება ის იმთავითვე?
პასუხი არც ისე მარტივი და ცალსახაა, თუმცა ისევ ჩემი აღმოჩენებითა და დაკვირვებებით დავადგინე მნიშვნელოვანი რამ:
პანიკური სიმპტომი ეს არის იმ სიმპტომთაგან ერთ-ერთი, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, თუმცა ყველა მათგანის ცალკეულად არსებობა არ იწვევს პანიკის შეტევას, არამედ მხოლოდ რამდენიმე. ესენია: გულისმხრივი ან სუნთქვისმხრივი სიმპტომები, დეპერსონალიზაცია/დერეალიზაცია, სიკვდილის/ცუდად გახდომის შიში.
რატომ გაგვიჩნდა ეს სიმპტომი იმთავითვე?
პასუხი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ყველა შემთხვევაში კომპლექსური მიდგომაა საჭირო. შესაძლებელია ეს ძლიერმა ან/და ხანგრძლივმა სტრესმა გამოიწვია. ეს სიმპტომები ასევე სტრესის სიმპტომებიცაა, მაგრამ თუ თქვენ ვერ უკავშირებთ რაიმე ტრავმატულ მოვლენას თქვენს შეტევებს, მაშინ საქმე სწორედ თქვენს არაცნობიერშია, ბავშვობაში გადატანილ ფსიქიურ ტრავმებსა ან რეპრესირებულ სურვილებშია. იმისათვის, რომ განიკურნოთ, აუცილებელია მიაკვლიოთ სიმპტომების წარმოშობის მიზეზს თქვენს არაცნობიერში. არაცნობიერი გესაუბრებათ სწორედ ასეთი სახით. არსებობს ასეთი გამოთქმაც "what mind represses, body expresses". ჩვენი არაცნობიერი ისეა მოწყობილი, რომ დისკომფორტის ჟამს არასასიამოვნო ენაზე გვესაუბრება, ესაა ფსიქოსომატური დაავადებები, ალერგიები, წყლული, პანიკის შეტევის სიმპტომები და სხვ.
გამოიცანი და გაარკვიე რა აწუხებს შენს არაცნობიერს და შენ იპოვი ჯადოსნურ წამალს პანიკური აშლილობისაგან განკურნებისათვის.
იმისათვის, რომ გაიგო რა უნდა არაცნობიერს, ჩაერთე რომელიმე ფსიქოთერაპიაში, ესაუბრე პროფესიონალს, გაარკვიე ჰიპნოზის მეშვეობით, ან უბრალოდ მოუსმინე შენს გონებას.
კარლ იუნგის თანახმად არაცნობიერი ჩვენ გვესაუბრება ჩვენი სიზმრების მეშვეობით, ხოლო სიზმრების სწორი ახსნით შესაძლებელია გავიგოთ რა გვინდა სინამდვილეში, რა გვაწუხებს და შესაბამისად ვიმოქმედოთ.
ჩემი დაკვირვებით, ეს არის პანიკის შეტევის გადალახვის ქვაკუთხედი: გადალახე სიკვდილის შიში და დაამარცხებ პანიკურ აშლილობას.
დაელოდეთ ჩემს შემდომ ინფორმაციას.
იმედი მაქვს თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო.
ამასთანავე გაცნობებთ, რომ მე მინდა გამოვიკვლიო ეს საკითხი, რომ აღმოვაჩინო საუკეთესო საშუალება პანიკური აშლილობის წინააღმდეგ. ამისათვის გთხოვთ, ჩაერთოთ ჩემს გამოკვლევებში და გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება.
დაწერეთ თქვენი მდგომარეობის შესახებ, რით დაიწყო, როდის, როგორ განვითარდა, რა იღონეთ და თუ დაამარცხეთ, რა დროში და როგორ, ასევე დაწერეთ, პანიკის განკურნებიდან რა დრო გავიდა.
© medhelp
გირჩევდით ასევე ჯანი ფრანცესეტის შესანიშნავ წიგნს -
პანიკური შეტევები