ნინო ჩაკვეტაძე ქართველი ფერმწერი და ილუსტრატორია. დაიბადა 1971 წელს.
1986-1990 წლებში სწავლობდა ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში. 1990-1996 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის განყოფილებაზე. 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
მისი ნამუშევრები არაერთხელ გამოიფინა ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებზე. მუშაობს საბავშვო წიგნების ილუსტრაციებზე.
ნინო ჩაკვეტაძე: “რაც თავი მახსოვს, ვხატავ და მიყვარს ხატვა. პირველი ნამუშევარი არ მაგონდება, თუმცა სახლში შენახულია ჩემი ნახატები, რომლებიც 4 -5 წლის ასაკში დავხატე. განსაკუთრებულად არ გამოირჩევა, ჩვეულებრივი ბავშვური ნახატებია. საწყისი ეტაპისა და დღევანდელ ნამუშევრებს თუ შევადარებთ, თემა თითქმის იგივეა, თუმცა შესრულების მხრივ სხვადასხვა პერიოდის ნახატები განსხვავებულია. მიმაჩნია, რომ ამ ბოლო პერიოდში რაღაც ჩემსას მივაგენი, თუმცა ძიების პროცესი არ სრულდება და იმედი მაქვს, მომავალში უფრო საინტერესო ნახატებს შევქმნი.”
"რაც შეეხება ნახატების შინაარსს, ძალიან ბევრს ვფიქრობ, თითქმის განუწყვეტლივ. ვცდილობ, ისეთი თემა იყოს, რომ ადამიანის სულს შეეხოს, ოღონდ იმასაც ვითვალისწინებ, რომ ზედმეტად ბანალური, ან ზედმეტად სენტიმენტალური არ გამოვიდეს.
ნინო ჩაკვეტაძის ნახატიმაგრამ ვგრძნობ, ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ. არის ისეც, რომ ნახატის სიუჟეტი თავისით გამიელვებს თვალწინ. ხანდახან ქუჩაში დანახული ბავშვის მოძრაობა, ან რამე სიტუაცია ჩამებეჭდება თავში და ამაზე ვაგებ მთელ ნახატს.
მშვიდი და ბუნებრივი ფერები მირჩევნია ზედმეტად მყვირალა და მკვეთრ ფერებს. მაქვს რამდენიმე ჩემთვის საყვარელი ნახატი, რომლებსაც, ალბათ, ვერასოდეს შეველევი.
ხშირად მომიხსენიებენ, როგორც საბავშვო მხატვარს, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ეს ასეა. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, თუ ჩემი ნახატები ბავშვსაც მოსწონს და აღელვებს, მაგრამ მე ყველასთვის ვხატავ, ამ შემთხვევაში ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია ადამიანი როგორ დაინახავს და შეიგრძნობს ჩემს შემოქმედებას, განურჩევლად იმისა, ბავშვია ის თუ მოზრდილი."
If you remember me, then I don't care if everyone else forgets.