marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23275
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13
|
#45634978 · 10 Sep 2015, 01:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფროიდი თვლიდა, რომ სწორედ იდი წარმოადგენს ფსიქიკური ენერგიის წყაროს, რომელსაც ის ლიბიდოს უწოდებდა. ლიბიდო თავისი ბუნებით სექსუალურია და ადამიანის აქტივობას აძლევს ენერგიას . პიროვნების ყველანაირი მოტივაცია ამ ენერგიიდან მომდინარეობს, რომელსაც სოციალიზაციის გზით საწყისი ინსტინქტური ფორმიდან ტრანსფორმაცია შეუძლია. მთელი ენერგია, რომელიც კულტურული მიღწევებისთვის, ხელოვნების ნიმუშების შექმნისთვის, პოლიტიკისა და განათლებისთვის იხარჯება, ტრანსფორმირებული სექსუალური ენერგიაა. ამ ტრანსფორმაციის საპირისპირო პროცესია განდევნა, რომელის ზღუდავს ენერგიას და შეუძლებელი ხდება მისი დიდი მიღწევებისთვის გამოყენება. ფროიდი თავდაპირველად ფიქრობდა, რომ მხოლოდ ერთგვაროვანი ლიბიდო არსებობდა, რომელიც სექსუალური ბუნების იყო, თუმცა, მოგვიანებით შემოიტანა ფსიქიკური ენერგიის მეორე ფორმაც, რომელიც, მისი მიხედვით, ასევე, თანდაყოლილი და შინაგანია. ამრიგად, მის საბოლოო მოდელში ფსიქიკური ენერგია ორი სახისაა: (1) ეროსი ანუ „სიცოცხლის ინსტინქტი,“ რომელიც ცხოვრების შენარჩუნების ქცევასა და სიყვარულს ბადებს და ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს და (2) თანატოსი ანუ „სიკვდილის ინსტინქტი,“ რომელიც დამანგრეველი ძალაა და გარდაუვლად მიგვმართავს სიკვდილისკენ, სიცოცხლის დაძაბულობისგან საბოლოოდ თავის დაღწევისკენ. ეს ინსტინქტი ყველანაირი აგრესიის მოტივაციას ახდენს, ომებისა და თვითმკვლელობების ჩათვლით. ფროიდი განსაკუთრებით აღნიშნავდა ეროტიული, სექსუალური ენერგიისა და მის გამოხატვასთან დაკავშირებული კონფლიქტების მნიშვნელოვნებას. თუმცა, ზოგიერთი ავტორის მიხედვით, სიკვდილი და მასთან დაკავშირებული კონფლიქტი გაცილებით მეტი ყურადღების ღირსია კატექსისი არის საშუალება, რომლითაც არსებული ლიბიდოიზური, ფსიქიკური ენერგია მიემაგრება ანუ ჩაიდება რომელიმე ადამიანში, იდეასა ან საგანში (Фрейджер, Р. Фейдимен Дж., 2001). ლიბიდო კატექსისის მდგომარეობაში უკვე აღარ არის მობილური და ვეღარ გადაინაცვლებს ახალ ობიექტებზე. ამის მიზეზი ფსიქიკის იმ სფეროშია, რომელიც მიიზიდავს და აკავებს, აჩერებს მას. გერმანული სიტყვა “Besetzung”, რომელსაც ფროიდი ამ ცნების აღსანიშნად იყენებს, „ჩადებას”-აც ნიშნავს და „მიტაცება”-საც. თუ ლიბიდოს მარაგს ფულის მოცემულ რაოდენობას შევადარებთ, კატექსისი ამ ფულის დაბანდების ანალოგიური პროცესი იქნება. მაგალითად, ახლობელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული დარდის შემთხვევების ფსიქოანალიტური ინტერპრეტაცია გულისხმობს, რომ ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა და მოჭარბებული კონცენტრირებულობა გარდაცვლილ ადამიანზე ჩვეული ურთიერთობების სფეროდან ლიბიდოს გადანაცვლების შედეგია და გარდაცვლილისადმი უკიდურესი ზომის კატექსისად განიხილება. კატექსირებული ობიექტის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ადამიანი, რომელიც გვიყვარს. ამ დროს ჩვენი ფსიქიკური ენერგია ამ ადამიანთან დაკავშირებულ აზრებსა და მოქმედებებშია ჩადებული (Nye, R. D., 2000). ფსიქოანალიტური თეორია იმის გარკვევას უკავშირდება, სად „მიემაგრა“ ლიბიდო არასათანადო სახით. როდესაც ეს ენერგია გამონთავისუფლდება და სხვა მიმართულებით წარიმართება, მაშინ ის შეიძლება სხვა არსებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იქნეს გამოყენებულ. „მიბმული“ ენერგიის გამონთავისუფლების აუცილებლობის იდეა მოცემულია კარლ როჯერსისა და აბრაჰამ მასლოუს შრომებში, ასევე, ბუდიზმსა და სუფიზმში * * * სუბლიმაცია სუბლიმაცია არის არასასურველ და მიუღებელ იმპულსებთან გამკლავების ყველაზე სასურველი და ჯანმრთელი გზა, როდესაც თავდაპირველად სექსუალურ ან აგრესიულ მიზნებზე მიმართული ენერგია ახალი, ხშირად მხატვრული, ინტელექტუალური ან კულტურული ხასიათის მქონე მიზნებისკენ მიემართება. სუბლიმაცია „წარმატებული დაცვის“ სახელით არის ცნობილი. სუბლიმაცია მაშინ ხდება, როდესაც ინდივიდი იმპულსების გამოხატვის სოციალურად მისაღებ მიზანს ან ობიექტს პოულობს. ეს მას იმპულსის გაშუალებულად, არაპირდაპირ განმუხტვის საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც მცირდება ზეწოლა. სუბლიმაციის მაგალითია შემოქმედის მიერ პრიმიტიული სწრაფვების ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნა. ფროიდიანელებისთვის დედა ტერეზას მიერ განხორციელებული „ღარიბთა შორის უღარიბესთა“ სიყვარულის, განბანვისა და გამოკვების აქტებიც კი სექსუალური მოტივაციის მოდიფიკაციას წარმოადგენს (Gonzalez-Balado & Playfoot, 1985, წყაროში Cloninger, S. C., 2004). თუ თავდაპირველ ენერგიას მდინარეს შევადარებთ, რომელიც პერიოდულად დიდდება, გადმოდის ნაპირებიდან და ზარალის მეტი არაფერი მოაქვს, მაშინ სუბლიმაცია ჯებირის მშენებლობა და დამხმარე არხების გაყვანაა. ეს უკანასკნელნი, თავის მხრივ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს, ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, დამშრალი მიწების ირიგაციისთვის, პარკების გაშენებისთვის და სხვა რეკრეაციული შესაძლებლობების შექმნისთვის. მდინარის საწყისი ენერგიის მიმართვა სოციალურად დაშვებულ ან კულტურულად მისაღებ არხებში ხერხდება. დაცვის სხვა მექანიზმებისგან განსხვავებით, სუბლიმაცია რეალურად ხსნის და მთლიანად აქრობს დაძაბულობას. ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა, რომ ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი უდიდესი ენერგია და გართულებულობა დათრგუნული ენერგიისთვის მისაღები და საკმარისი გამოსავლის პოვნის სურვილის არსებობის შედეგია. ცივილიზაცია ხელს უწყობს პირველადი ლტოლვების ტრანსცენდენტულობას (სხვა ხარისხობრივ დონეზე გადასვლას) და, ზოგ შემთხვევაში, ქმნის ალტერნატიულ მიზნებს, რომლებმაც შეიძლება გაცილებით მეტი სიამოვნება მიანიჭონ იდს, ვიდრე პირველადი მისწრაფებების დაკმაყოფილებამ. ეს ტრანსფორმაცია ცივილიზაციას ძალთა უდიდეს მარაგს აძლევს და ამას იმ შესანიშნავი უნარის ხარჯზე აკეთებს, რასაც ჰქვია მიზნის შეცვლა მისი ინტენსივობის შემცირების გარეშე. დაცვის მექანიზმთა უმრავლესობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფუნქციონირებაზე. თუმცა, ფროიდის თეორია უშვებს, რომ ორი მათგანი, კერძოდ, იდენტიფიკაცია და სუბლიმაცია, დადებითად ზემოქმდებს. იდენტიფიკაცია საზოგადოების ღირებულებებისა და სტანდარტების თაობიდან თაობაზე გადაცემის საშუალებას იძლევა და ქცევის ნორმების გარკვეულ კონსისტენტურობას უზრუნველყოფს. სუბლიმაცია მოიცავს აქტივობებს, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ საზოგადოებისთვის და ამით ხელს უწყობს ცივილიზაციის განვითარებას. 35
--------------------
მაკონდოში წვიმს
.
|