Chkoni --ძალიან სერიოზული და საინტერესო ინფორმაციაა, მადლობა
ღვინის ეტიმოლოგიისათვის
ღვინო (ღჳნოჲ) გვხვდება უძველეს ქართულ ძეგლებში. მისი ვარიანტებია ღუნოჲ, ღჳნაჲ. დასტურდება ყველა ქართველურ ენაში:
* ქართული: ღვინ-ო
* მეგრულ-ლაზური: ღვინ-ი
* სვანური: ღვინ-ალ
ძველქართულ ძეგლებში ღვინის ხსენება:
* “განურისხნა... ღვინის-მნესა მას და მეპურეთ-მოძღუარსა“ [შესაქმ. 40.2, ოშკური ბიბლია]
* “ღვინისა სუმასა შინა ღვინითა ნუ აყუედრებ მოყვასსა” [ზირ. 34.40, ოშკური ბიბლია]
* და არა ვინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი იგი, და ღჳნოჲ იგი დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. [ლუკა 5.37, ოთხთავის წინაათონური ნუსხები]
* არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ. [ლუკა 5.38 ოთხთავის წინაათონური ნუსხები]
* და არავინ სუამნ ძუელსა ღჳნოსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქჳს: ძუელი უტკბილეს არს. [ლუკა 5.39 ოთხთავის წინაათონური ნუსხები]
* და მოკლებასა ღჳნისასა ჰრქუა დედამან იესუს: ღჳნოჲ არა აქუნს. [იოანე 2.3 ოთხთავის წინაათონური ნუსხები]
* და ვითარცა გემოჲ იხილა მთავარმან მან _ წყალი იგი ღჳნოდ გარდაქცეული, და არა უწყოდა, ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ ხოლო უწყოდეს, მიუგო სიძესა მას მთავარმან მან მის ტაძრისამან [იოანე 2.3 ოთხთავის წინაათონური ნუსხები]
* და ჰქუა: ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ პირველ ამსახურის და, რაჟამს დაითრვნიან, მაშინ ჯერკუალიცა. შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი მოაქამდე. [იოანე 2.10 ოთხთავის წინაათონური ნუსხები]
და სხვ.
ეს ძირი დასტურდება ინდოევროპულ და სემიტურ ენებშიც.
* ლუვიური: wa/i-ya-na-
* ხეთური: wiyan(a): ღვინო. wini(ya)- ღვინ-ისა
* ძვ. ბერძნული: Οíνος
* ლათინური: vinum
* სომხური: gini
* ძველი და საშუალო ზემოგერმანული: wîn. შდრ. გერმ. Wein
* ძვ.ფრიზული, ძვ.საქსონური, საშუალო ქვემო გერმანული, საშ.ჰოლანდიური: wîn. ჰოლანდ. Wijn
* ძვ. ინგლისური: wín. შდრ. ინგლ. Wine
* ძვ. ნორვეგიული: vín. შდრ. შვედ, დან. vin
* გოთური: wein
* ძვ. ტევტ.: *wnom
* რუსული, უკრაინული, ძვ.სლავ., ბულგარული, სერბულ-ხორვატული: вино [vino]
* ჩეხური, სლოვაკური: víno
* პოლონური: wino
* ლიტვური: výnas
* ლატვიური: vīns
* ირლანდიური: fín
* უელსური: gwîn
* ალბანური: venё
* არაბული: wainun
* ებრაული: yayin
* ასირიული: înu
რამდენიმე კავკასიურ ენაშიც ფიქსირდება:
* უდიური: ჶი
* აფხაზური: аҩы (aüi) - ღვინო. *аҩын > аҩы [aüi||aüin]: ҩ (ü) < γw. ҩ (ü) ბგერა წარმოშობილია ღვ- (γw) კომპლექსის ელემენტების შერწყმის შედეგად. аҩынаҳа [aüinaha] – მწდე, ღვინის დამსხმელი
* წოვა-თუშური: ვენ’
ჩვეულებრივ, მიიჩნევა ძველ ხმელთაშუაზღვისპირულ ტერმინად. ხმელთაშუაზღვისპირულ თეორიას მხარს უჭერს ის გარემოებები, რომ სიტყვა არ დასტურდება ინდო-ირანულ ენებში და მევენახეობა-მეღვინეობის სამშობლოდ კავკასია-მცირე აზია ითვლება.
ძველი ახლო აღმოსავლეთისა და ეგვიპტის რუკა:
ღია ისამნისფრად შეფერილია თანამედროვე ველური ვაზის გავრცელების არე:
ყურძნის მტევნით აღნიშნულია ნეოლითური და გვიანი ურუქის პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლები, სადაც აღმოჩენილია ყურძნის ნაშთები (უპირატესად წიბწები)
ქოთნით - ქიმიური შემოწმებით დადგენილი ღვინის ჭურჭლის აღმოჩენის შემთხვევები
ჩემი აზრით, ცნება უნდა წარმოშობილიყო ქართველურ სამყაროში და არქეტიპებად მესახება *ღვივნ- და *ღვივეჲნ- ფორმები [γwiwn-||γwiweyn-]. ძირი არის ღვივ-, რაც ზოგადად ღვივილის პროცესს აღნიშნავს.
ეს არის მედიოაქტივი ზმნის აწმყოს მესამე პირის მხოლობითი რიცხვის ფორმა, რომელიც შემდეგ სახელად იქცა. შდრ. ხერთვისი (ადგილი სადაც ორი წყალი ერთმანეთს ერთვის, ანუ ხერთვის [ხანმეტურად]), იქცევისი (მბრუნავი რამ, ანუ "ის რაც იქცევის, ბრუნავს), იძრვისი (მოძრავი, ანუ ის რაც იძრვის), ვარგისი (ის რაც ვარგა, ანუ ვარგის) და სხვ. ღვინის პირველსაწყისი მნიშვნელობა უნდა ყოფილიყო მღვინვარე, მღვივანი, ანუ ”ის რაც ღვივის”. შემდეგ უკვე ღვივილის პროდუქტის მნიშვნელობა უნდა დაემკვიდრებია.
*ღვივეჲნ- ფორმისაგან უნდა იყოს წარმოშობილი ხეთური ვიჲან- ძირიც. ღვივეჲნ- > ვივაჲნ- > ვიჲან- [γwiweyn- > wiwayn- > wiyan-]
ღვივ- ძირი, თავის მხრივ, აღდგება საერთო-ქართველური ენობრივი პერიოდისათვის:
*ღვივ-: ს.ქართვ.
* ღუიუ-||ღვივ-: ქართ. - გა-ღუიუ-ებ-ა||გა-ღვივ-ებ-ა, ღუიუ-ილ-ი||ღვივ-ილ-ი, გა-ღუღუ-ნ-ებ-ა, ღუიუ-ი-ს||ღვივ-ი-ს, მ-ღუი-ერ-ი, მ-ღუიუ-ან-ი||მ-ღვივ-ან-ი, მ-ღუინუ-არ-ე||მ-ღვინვ-არ-ე
* ღვივ-: მეგრ. - ღვიღვ-ინ-აფ-ა: გაფუება, ღვივება, გათბობა; გო-ღვიღვინ-აფ-ა: გაფუება, გაღვივება, გათბობა, გაღუღუნება; ღვიღვინ-აფ-ილ-ი: გაღვივებული, გამთბარი; ღვივ-ა||ღვიღვ-ალ-ი: აფუებული (მსუქანი)
* მღუ-: ლაზ. ო-მღ-უ: ნაკვერჩხლის ღვივილი, უალოდ წვა; მღუმს: ღვივის (უალოდ იწვის)
* ღვივ-||ღუუვ: სვან. -ლი-ღვივ-ე: ღვივილი; ღუუვ-ე: ღვივის; მე-ღუუვ-ე: მღვიერი, მღვინვარე
ამრიგად, ჩემი აზრით, ღვინის ეტიმოლოგია ასეთია:
არქეტიპები: *ღვივნ- და *ღვივეჲნ-
საწყისი მნიშვნელობა: მღვინვარე
შემდგომი მნიშვნელობა: ღვივილის პროდუქტი, ანუ ღვინო.
ჭკონი (ჭყონი)
წყაროები:
1. სულხან-საბა ორბელიანი: “სიტყვის კონა ანუ ლექსიკონი ქართული” – შეკრებილი 1685-1716 ქ.ა. – თბილისი 1966
2. არნ. ჩიქობავა: “ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი” - თბილისი 1938
3. ი. აბულაძე: “ძველი ქართული ენის ლექსიკონი” – თბილისი 1973
4. Г. Климов: «Этимологический словарь Картвельских языков» – Москва 1964
5. ვ. თოფურია, მ. ქალდანი: “სვანური ლექსიკონი” – თბილისი 2000
6. ზ. სარჯველაძე: “ძველი ქართული ენის სიტყვის კონა” - თბილისი 2000
7. ჰ. ფეინრიხი, ზ. სარჯველაძე: “ქართველურ ენათა შედარებითი ლექსიკონი” - თბილისი 2000
8. კ. ჭრელაშვილი: “წოვა-თუშური ენა” - თბილისი 2002
9. А. Вейсман: «Греческо-Русский Словарь» (репринт V-го издания 1899 г.) – Москва 1991
10. О. Петрученко: «Латинско-Русский Словарь» - Санкт-Петерсбург 2001
11. М. Фассмер: «Етимологический Словарь Русского Языка» – Москва 1986
12. H. CRAIG MELCHERT: “CUNEIFORM LUVIAN LEXICON” – Chapel Hill, N.C. 1993
13. ძველი აღთქმის ოშკური ხელნაწერი (987 წ.)
14. ოთხთავის წინაათონური ნუსხები (ხანმეტი ოთხთავი (VII ს.); ადიშის ოთხთავი (X ს.); ქსნის ოთხთავი (X ს.); ბერთის ოთხთავი (X ს.); ჯრუჭის ოთხთავი ( 936 წ.); პარხლის ოთხთავი (973 წ.); ურბნისის ოთხთავი (XI ს.); პალესტინური ოთხთავი (1048 წ.); სინური ხელნაწერები (X ს); წყაროსთავის ოთხთავი (X ს.)
15. Perseus Internet Resources
16. Thesaurus Indogermanischer Text- und Sprachmaterialien [TITUS]