ოქროს კვეთა (ოქროს პროპორცია, ოქროს შუალედი) — ჰარმონიული გაყოფა მთელისა ისეთ ორ არატოლ ნაწილად, როდესაც მცირე ნაწილი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მთელს და პირიქით, მთელი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მცირეს.
მონაკვეთი ოქროს კვეთით. მთელი სიგრძე a + b ისე შეფარდება დიდ a-ს, როგორც a მცირე b-ს.
მოაზროვნე ადამიანის თვალი სამყაროს, გარშემო მყოფ ნივთებს, ცოცხალ არსებებს, გამოარჩევს ფერით, ფორმით. ესა თუ ის ფორმა, რომელიც შექმნილია ოქროს კვეთის და სიმეტრიის ჩანაცვლების საფუძველზე გამოირჩევა ჰარმონიით და სილამაზით.
ოქროს კვეთა კი სამყაროს ჰარმონიის პროპორციაა, საერთოდ, ბუნების მოწყობისა და განვითარების ზოგად კანონზომიერებათა ფორმულაა. კაცობრიობისთვის იგი ცნობილია უძველესი დროიდან. უდიდესი მეცნიერი პითაგორა ოქროს კვეთის გამოვლინებებს, ცნებებს მოიპოვებდა ძველი ეგვიპტელებისა და ბაბილონელების ნამოქმედარ – ნააზრევში, ევკლიდე იყენებდა მას თავისი სახელგანთქმული გეომეტრიის შექმნის დროს. თვალნათლივ ჩანს ოქროს კვეთა ფიდიასის უკვდავ სკულპტურებში, დიდი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი გვაუწყებდა, რომ სამყარო მოწყობილია ოქროს კვეთის პროპორციით. არისტოტელემ კი ოქროს კვეთის ფარდობა ეთიკურ კანონებთან იპოვა.
`ოქროს კვეთის~ უფლისმიერ, უმაღლეს ჰარმონიაზე ქადაგებდნენ შუა საუკუნეებისა და შემდგომი დროის ევროპული რენესანსის უდიდესი წარმომადგენლები – ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, დიურერი...
საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერები პაჩოლიდან დაწყებული, აინშტაინით დამთავრებული იძიებდნენ `ოქროს კვეთის~ ზუსტ მათემატიკურ რიცხვით მნიშვნელობას.
ოქროს კვეთის ასეთ პროპორციას გვთავაზობს გეომეტრია ფორმულით -
a : b = b : c , მაშინ, როდესაც c = a + b .
როდესაც c = 100, მაშინ a = 38,2...... b = 61,8......
ოქროს კვეთის პროპორციები ხვლიკის ზომებში
ოქროს კვეთის პროპორციები კვერცხში
ოქროს კვეთის პროპორცია უხვად გვხვდება არა მარტო ცოცხალ ბუნებაში, არამედ იგი მაცოცხლებელი წყაროსთვალია ზოგადად, როგორც საკაცობრიო, ისე ქართული მხატვრული სააზროვნო სისტემისა – ხელოვნებისა, ლიტერატურისა და არქიტექტურისა, მუსიკისა და მხატვრობისა...
ქართველი ერის პოეტური ბიბლიის შოთა რუსთაველის `ვეფხისტყაოსანის~ ნახევარზე მეტი სტრიქონებისა, ასიმეტრიულად ახლოსაა ოქროს კვეთასთან. დანარჩენი, თითქმის ნახევარი კი სიმეტრიულ ნახევარსტრიქონებადაა წარმოდგენილი, რაც განაპირობებს პოემის განსაკუთრებულ `კეთილად სასმენელ~ ჰარმონიულობასა და მელოდიურობას.
ცნობილია, რომ წინარე ელინისტური საბერძნეთის ხელოვნებაში „გეომეტრიული სიმეტრიაა“ გაბატონებული (იგი– კვლავ აღორძინდა ადრეული საუკუნეების ქრისტიანულ ხელოვნებაში).
„არითეტიკული სიმეტრია“ (დაცემის ერთი უმთავრესი ნიშანი) ელინიზმის პერიოდში ჩამოყალიბდა და ბერძნულ–რომაულ ხელოვნებაში გავრცელდა, ხოლო შემდეგ ახლად აღორძინდა და განვითარდა რენესანსის ეპოქაში.
იმპროვიზაციის ტენდენცია, მისთვის დამახასიათებელი გაუთვალისწინებლობის, შემთხვევითობის ელემენტებითურთ, ბაროკოს ხელოვნებაში იჩენს თავს.
შემდგომ, მაგალითად, კლასიციზმის დროს, კომპოზიციაში იმპროვიზაციის გაბატონებას რამდენადმე შეენაცვლა თავისუფალი ინტერპრეტაციის მოდული სისტემის გამოყეება. სადავო არაა, რომ შემოქმედებითი ინტუიციია შედეგად შეიძლება მივიღოთ მეტ–ნაკლებად ჰარმონიული კომპოზიცია. ამის დასტურია ახალი დროის შედევრები, რომელთა შექმნისათვის არავითარი კომპოზიციური სისტემისათვის არ მიუმართავთ.
არსებითად ყოველი კომპოზიცია თანაზომადობისა და რიტმის პრინციპს ემორჩილება. მაგრამ ინტუიციის შესაძლებლობანი, ე.ი. „თვალით“ კომპოზიციის აგების შესაძლებლობა ფრიად შეზღუდულია; ხოლო გაცნობიერებული აგება, რომელიც „სიმეტრიის“ კანონებს ემორჩილება, ინტუიციას უქმნის უმდიდრეს სამოქმედო არეს, რადგანაც ეს სისტემა მოჩვენებით ესთეთიკრ ნორმებს კი არ ემყარება, არამედ მას საფუძვლად უდევს ზუსტი მეცნიერების ობიექტურად შეცნობადი კანონები.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ძველ დროში ზუსტ მეცნიერებათა ყველა სფერო ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. საქართველოში ყვლაზე მახლობელი კულტურის მქონე ქვეყანაში – კლასიკურ საბერძნეთში განხორციელდა ხელოვნებისა და მეცნიერების ჭეშმარიტი სინთეზი.
ნ. ბრუნოვი წიგნში „ანტიკური და შუა საუკუნის პროპორციები“ (მოსკოვი, 1935, გვ.17) აღნიშნავს, რომ, მესელის მიხედვითს, პროპორციის პრობლემა ესთეთიკურ პრობლემად მხოლოდ შემდეგ გადაიქცა, საბოლოოდ მხოლოდ რენესანსის ეპოქაში, და ეს მაშინ, როცა ძველ დროში, პროპორციის პრობლემა უმთავრესად იყო, ერთი მხრივ, ტექნიკური პრობლემა, ხოლო მეორე მხრივ, რელიგიურ-მაგიური პრობლემა, რამდენადაც არქაულ ეპოქებში არქიტექტურა რელიგიურ მიზნებს ემსახურებოდა და ქურუმთა კონტროლს ექვემდებარებოდა. ამ გარემოებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დამხმარე როლი შეასრულოს აწ დაკარგული ძველი მეთოდების ამოხსნაში.