silver_rangerერთ პატარა ამონარიდს მოგიყვან
ერთი ისტორიული ნარკვევიდან, რათა ნათელი გავხადო თუ რატომ არის მართლმადიდებლობა ქართველობასთან გაიგივებული:
" ე.ი. ზოგადი სურათი ასეთია: XVIII საუკუნის დასაწყისში, ვახუშტის დროისათვის, დვალებში შესუსტებულია ქრისტიანული სარწმუნოება და ისინი ოსდებიან, ხოლო ამავე საუკუნის ბოლოს, გიულდენშტედტის დროს, ამ ოსურ (ე.ი. დვალურ) გარემოში მცხოვრები ქართველები კარგავენ ქრისტიანულ სარწმუნოებას. ისინი, ცხადია, რელიგიის გარეშე არ რჩებიან, არამედ იღებენ მარტივ სარწმუნოებას, ე.ი. ოსურ წარმართობას.
გაოსების ერთ-ერთი მიზეზი ქართველთა მიერ ეროვნული სარწმუნოების (მართლმადიდებლური ქრისტიანობის) დაკარგვისა, ოსური სარწმუნოების შეთვისებაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სარწმუნოების დაკარგვის გამო ქართული მოსახლეობის ოსებად გამოცხადება მოხდა ხელისუფლებისა და რუსი სამღვდელოების მიერ XIX საუკუნის დასაწყისიდანვე.
ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე ქართველი სამღვდელოება გარკვეული იყო საქმის არსში და ქრისტიანობა დასუსტებულ ქართველ მთიელებს (თუშ-ფშავ-ხევსურებს, მოხევეებს თუ ქართლის მთიელებს) შესაბამისი მეთოდებით ეპყრობოდა.
ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ ეკლესიის ახალი, არაქართული, ხელმძღვანელობა ძალზე სწორხაზობრივად უდგებოდა საქართველოში არსებულ სარწმუნოებრივ მდგომარეობას. კერძოდ, თუ კი აქამდე ქართველი გრიგორიანების (იგულისხმება ფილიპე ყაითმაზაშვილი და სხვანი), ქართველი კათოლიკების (ვთქვათ სულხან-საბა), ქართველი მაჰმადიანების (ვთქვათ მეფე გიორგი XI), არისტოკრატიული ნაწილი ქართველად ან „საქართველოს შვილად“ თვლიდა თავის თავს და ასევე ითვლებოდნენ კიდეც სამღვდელოთა მიერაც, ვითარება შეიცვალა რუსთა შემოსვლის შემდეგ. რუსულმა ხელისუფლებამ ყველა არა მართლმადიდებელი ქართველი მათი სარწმუნოების შესაბამის ერებს მიაკუთვნა.
რუსულ ხელისუფლებას თან შემოჰყვა საქმის წარმოების ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც მოითხოვდა მოსახლეობისაგან სხვადასხვა ანკეტებისა და საბუთების შევსების დროს დაესახელებინათ თავიანთი ეროვნება.
მოსახლეობის დაბალი და საშუალო ფენები ეროვნებასა და სარწმუნოებას ერთმანეთთან აიგივებდა, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი გრიგორიანები ენით, ადათ-წესებით, ჩვეულებებით ქართველები იყვნენ, ხელისუფლებამ სხვადასხვა საბუთებში მათი რჯულით „სომხობა“ ეროვნების გრაფაში შეიტანა. რჯულით სომხები ეროვნებით სომხებად იქცნენ, მათ აუკრძალეს ქართულენოვანი განათლების მიღება და სომხურენოვანი დანერგეს. მაგალითად, ქართველი მაჰმადიანები ეროვნებით არაქართველებად აღრიცხეს. თუმცა, ქართული კულტურული წრეებისათვის კარგად იყო ცნობილი არამარტო მაჰმადიანების ნამდვილი ეროვნება, არამედ წარჩინებულთა მრავალი ოჯახის ქართული გენეალოგიაც კი. როგორც ვხედავთ, რუსული ხელისუფლება საქართველოში არსებულ სარწმუნოებრივ ვითარებას განიხილავდა არა დიფერენცირებულად, არამედ სწორხაზოვნად.
როგორც ვთქვით, რუსების ხელისუფლების დამყარების დროს საქართველოს მთიანეთში ქრისტიანობა შესუსტებული იყო და მთიელები ქრისტიანულ-წარმართულ წეს-ჩვეულებებს მისდევდნენ. ასევე იყო შიდა ქართლშიც, აქ ჯერ დვალებმა, ხოლო შემდეგ ქართლელმა მთიელებმა სარწმუნოება (ქრისტიანობა) დაკარგეს, როგორც გიულდენშტედტი და ვახუშტი წერენ. საქართველოს ეკლესიის გაუქმების საბაბის გამოძებნის დროს რუსული სამღვდელოება ქართველ სამღვდელოებას მრავალ სარწმუნოებრივ ცოდვა-უწესობას მიაწერდა. ასეთ სიტუაციაში ქართველი სამღვდელოება მუდამ აცხადებდა, რომ მან მძიმე პირობებში შეძლო შეენარჩუნებინა ქართველი ერისათვის ქრისტიანობა, რომ ყოველი ქართველი არის მტკიცე მართლმადიდებელი. ეს მტკიცება რუსეთის ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა. თუ კი ყველა ქართველი მტკიცე ქრისტიანია, მაშასადამე, წარმართები და არაქრისტიანები ქართველები არ არიან. მართლაც, მთიელები მოუნათლავები იყვნენ და ამიტომაც რუსების მიერ არაქრისტიანებად მიიჩნეოდნენ მოუნათლავობის გამო. არაქრისტიანები რუსებისათვის არაქართველები იყვნენ. ეს ძირითადად ქართლის იმ ქართველ მოსახლეობას შეეხო, რომელიც, გიულდენშტედტის თანახმად, ოსურ გარემოში ცხოვრობდა და ამის გამო ქრისტიანობა დაკარგული ჰქონდა.
ასეთი იყო რუსული მიდგომა მოუნათლავი ქართველებისადმი, რომელნიც, ცხადია, მრავლად ცხოვრობდნენ ოსთა (დვალთა) შორის, რუსებისათვის ისინიც „ოსები“ იყვნენ.
როგორია უნათლავი ქართველების დამოკიდებულება თავისი ეროვნების მიმართ? ამ ქართველებსაც სურთ, რომ „ოსებად“ ითვლებოდნენ. რატომ?
რუსულმა ხელისუფლებამ გაქრისტიანებისათვის ჯილდო დააწესა და ეს ჯილდო ძალზე დიდი იყო. ქრისტიანობის მიღების პირობად რუსული ხელისუფლება ოსური ეროვნების (და არა სხვა ეროვნების) გლეხებს მებატონისაგან განთავისუფლებას და მიწის მიცემას ჰპირდებოდა. ეს ისეთი პირობა იყო, რომ „ოსობაზე“, ანუ ხელახლა „გაქრისტიანება“, „განთავისუფლებასა“ და მიწა-წყალზე არა თუ ვინმე უარს იტყოდა, არამედ სანატრელიც იყო. "
...მაგალითად, ოსურ ენაზე უმაღლეს ღვთაებას „ხუცავი“ ეწოდება, ლეკურად − „ხუცრი“ (ღმერთია), ლეკებსა და დვალებში ქართული ქრისტიანობა თემურლენგამდე გავრცელებული იყო და ქართული „ხუცესი“ „ხუცური“-დანაა გადაღებული (იხ. დიდებულიძე, კულტურული ურთიერთკავშირი...“ გვ. 78). ოსური „კუირა“, „ბარასკა“, „ტარანჯელოს“, „ჯიორქომა“, „სანიბა“, „მიქალგაბირტა“, „მარიამ“ და სხვა ქართული საეკლესიო ტერმინოლოგიიდანაა გადაღებული − (შესაბამისად კვირა, პარასკევი, მთავარანგელოზი, გიორგობა, სამება, მიქელ-გაბრიელი, მარიამი)...
„ოსი გლეხების საბოლოო „დამორჩილების“ მიზნით მეფის ხელისუფლებამ დიდი ძალა მოახმარა მათ შორის ქრისტიანობის გავრცელებას. 1814 წლის 17 ოქტომბერს მან დაამტკიცა შემდეგი ბრძანება: „საქართველოში იყოს ერთი ეგზარხოსი და სამი ეპარქია − ქართლისა, ოსეთისა და სიღნაღისა. მოზდოკის ოსური კომისიის მეთაურობა დაეკისროს თელავის არქიეპისკოპოსს. ოსი მოხუცების წახალისებისათვის გაიცეს 1500 მანეთი“ (სამხრეთ. ოსეთის ისტორიის ნარკვ. გვ. 245).
როგორც ვხედავთ, საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ გააუქმეს ქართული ეპარქია, ეპარქიათა რიცხვი ორამდე დაიყვანეს საქართველოს ბარში, ხოლო მთისათვის შექმნეს ახალი ეპარქია და მას უწოდეს „ოსეთის ეპარქია“. მთაში არა მარტო ოსები, არამედ ქართველი მთიელები ცხოვრობდნენ. რუსეთის ხელისუფლება მზად იყო საქართველოს მთიანეთის ყველა მცხოვრები ოსად გამოეცხადებინა. ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ არა მარტო საეკლესიო, არამედ ადმინისტრაციული თვალსაზრისითაც ახლად შექმნილ „ოსეთის ოკრუგში“ მთიულები და მოხევეებიც შეიყვანეს 1842 წელს. „ოსეთის ოკრუგის შემადგენლობაში თავდაპირველად შეიყვანეს აგრეთვე საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ მცხოვრები მთიულ-მოხევეები და ამ ოკრუგის ცენტრად მთიულეთის სოფელი ქვეშეთი აირჩიეს“ (ჯ. გვასალია, ქართლში ოსთა ჩამოსახლების საკითხისათვის, ლიტ. საქ. 1989 წ. 29.IX).
როგორც ვთქვით, რუსმა სამღვდელოებამ ქრისტიანულ ღრმად მორწმუნე ქართველებს ეპარქიები შეუმცირა, ხოლო ნაკლებ ქრისტიანულს კი „ოსეთის ეპარქია“ შეუქმნა, სადაც ოსების გარდა მთიანეთის მცხოვრებნიც იყვნენ გაერთიანებულნი. ეს მხოლოდ ქართველთა გაოსების სურვილის გამო მოხდა.
პირველ ხანებში მართლაც ბევრი გაქრისტიანდა. მრავალი მონათლეს. ჩანს, ყველა მთიელ მონათლულს, ანუ „ოსეთის ეპარქიაში“ მცხოვრებს ეროვნებით ოსად აცხადებდნენ, ამას მონათლულთა კოლოსალური რიცხვი მიუთითებს.
„უკვე 1815 წელს მონათლული იყო 11445 ოსი, ხოლო 1820 წლის პირველი ივლისისათვის მონათლული ოსების რიცხვმა 31 997 კაცს“ (სამხ. ოსეთის ისტ. ნარკ. გვ. 245).
(მონათლულ „ოსთაგან“ ეროვნებით ყველა ოსი რომ არ იყო, ეს იქიდანაც ჩანს, რომ არა თუ 1820 წელს, არამედ 1865 წელსაც კი პ. გიუმუშვილის მონაცემებით ოსების საერთო რაოდენობა საქართველოში იყო 39 897 (პ. გუგუშვილი, საქართველოს სსრ მოსახლეობის აღწარმოების საკითხები, გვ. 16, გვ. 183) მთიელი მოსახლეობა 1.287 ათასი, მათგან ოსები არიან 3,1%25).
1820 წლისათვის რუს სამღვდელოებას შეუმჩნევია, რომ მთიელები, ანუ მათი სიტყვით „ოსები“ კვლავ უბრუნდებოდნენ წარმართობას, ამის აღმოფხვრის მიზნით საჭიროდ მიუჩნევიათ ოსურ ენაზე საეკლესიო წიგნების გადათარგმნა და გამოცემა. როგორც აღინიშნა, რუსები შიდა ქართლისა ყველა არაქრისტიანს, − ანუ მთიელს − ოსს უწოდებდნენ, თუმცა ქრისტიანობა ქართველებსაც დაკარგული ჰქონდათ.
რუსეთის ხელისუფლებისათვის მოუთმენელი იყო ის, რომ მთიელებსა და ოსებში ღვთისმსახურება ტრადიციულად ქართულ ენაზე აღესრულებოდა, რუსულ საეგზარხოსოს ამის დაშვება არ შეეძლო. ამიტომაც სურდა, რომ აქ ქართულის ნაცვლად ოსური საეკლესიო მწიგნობრობა დაარსებულიყო. ეგზარხოსი სინოდს წერდა: „ქრისტიანობის წარმატებით გავრცელების გამაძნელებელ მიზეზთა შორის ოს ხალხში, რომელიც მონათვლის შემდეგ არაიშვიათად დაუბრუნდა კერპთმსახურებს, უნდა მიეკუთვნოს: 1. ოსურ ენაზე არავითარი წიგნის არ არსებობა. 2. სამღვდელოების მიერ ოსური ენის უცოდინარობა და პირიქით ოსების მიერ ქართულისა, რომელზეც სრულდებოდა საღმრთო ლიტურგია და მათ შორის ქრისტიანობის წესების შესრულება“ (ო. თედეევი, დასახ. ნაშრომი, გვ. 73).
რუსმა ხელისუფლებამ მიზნად დაისახა, აღმოეფხვრა ქართლის მთიანეთში ქართული საეკლესიო მსახურება, ქართული წირვა-ლოცვა და წესების აღსრულება, საერთოდ ქართული ქრისტიანობა აღმოეფხვრა მთიანეთში. მართლაც, მალე XIX საუკუნის ბოლო ათწლეულებში ქართველ სამღვდელოებას აუკრძალეს ქართლის მთიანეთში სამსახური, ხოლო ქართული წმიდა წიგნები ოსურ ენაზე ათარგმნინეს და გაავრცელეს. ეს ხალხი ქართულენოვან მსახურებას იყო შეჩვეული. ქართლის მთიელ დვალებს, მართალია, ოსური ენა შეთვისებული ჰქონდათ, მაგრამ მათი დედა ენა არა ოსური, არამედ დვალური იყო ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დასაწყისში, შეუძლებელია, ერთ საუკუნეში მათ საბოლოოდ დავიწყებული ჰქონოდათ მშობლიური ენა. გარდა ამისა, ვახუშტი წერს, რომ საქართველოსთან კონტაქტის მქონე დვალებმა თავიანთ სამშობლოშივე დვალურ ენასთან ერთად იცოდნენ ქართული ენაც, „ვიეთთა მოთავეთა და ქართლსა და რაჭას მსვლელთა უწყიან ქართულნი“... (ქ. ც. IV, გვ. 639). მაშასადამე, ჯერ კიდევ შიდა ქართლში ჩასახლებამდე ქართლსა და რაჭას მოსიარულე დვალებმა ქართული ენა იცოდნენ. მით უმეტეს, ამ ენას ისინი შეითვისებდნენ ქართლში ჩასახლების შემდეგ, მაგრამ რუსული ხელისუფლება ყოველი ღონისძიებით ებრძოდა ამ მდგომარეობას. ქართლში ჩამოსახლებულ დვალებს მათ არ აღუდგინეს დვალური ენა, არამედ განუმტკიცეს ოსური ენის ცოდნა, რომელიც მათთვის დედა ენა არ იყო, დვალებს საკუთარი ენა ჰქონდათ და ეს იყო დვალური ენა. ხელისუფლებამ არავითარი ყურადღება არ მიაპყრო დვალურ ენას, ხოლო ქართულ ენას სასტიკად შეებრძოლა. დვალებს ოსურენოვანი ქრისტიანული მსახურება დაენერგათ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს წარმატებული არ ყოფილა. ხალხი ქართულენოვანს არ უარყოფდა და სიამოვნებით იღებდა მას, ამიტომაც აეკრძალათ შემდეგ ქართველ მღვდლებს ქართლის მთიანეთში სამსახური. აიდავით ბეგიზოვი ამბობს: „ქრთამით ამიღეს დოკუმენტი „ო ბლაგონადეჟნოსტი“, მიმიყვანეს საქართველოს ეგზარხოსთან, რომელსაც აეკრძალა სამხრეთ ოსეთში ქართველის მღვდლად ან მასწავლებლად გაგზავნა. ეგზარხოსმა სწრაფად მაკუთრხა, დამლოცა, ჩამიწყვეს წიგნებში ფურცლები, რა წამეკითხა ჯვრის წერაზე, რა პანაშვიდზე და რა რომელ დღესასწაულზე ... მქონდა ჯამაგირი, დრამის ფულს არ ვიღებდი, ეს გადასახადი ოსებმა არ იცოდნენ. ჯავის ზევით მე ვიყავი პირველი ოსი მღვდლად და კიდევ იყო შემდეგ ორი ოსი, თორემ უწინ სულ ქართველები იყვნენ ჩვენში ამ სამსახურში“ (ი. მეგრელიძე, სიძველეები ლიახვის ხეობაში, 1984, გვ. 289).
აქედან ჩანს, რომ მთა და მისი ხალხი, რომელიც ქართველი სამღვდელოების სამწყსო იყო ათასწლეულების მანძილზე, ხელისუფლებამ იძულების ძალით წაგლიჯა ქართულენოვან ეკლესიას და იძულებითი ხერხებით მეთოდურად გააოსა. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დვალები იბერიელი ხალხი იყო, ქართველებთან გაცილებით უფროა ახლო მდგარი, ვიდრე ოს-„ალანებთან“. დვალები იძულებით ჩამოაშორეს ქართულ ეკლესიას, რომელთანაც მას ათასწლოვანი ურთიერთობა აკავშირებდა და შეიყვანეს ხელისუფლების მიერ სახელდახელოდ შექმნილ ოსურენოვან საეკლესიო სამყაროში. უნდა ითქვას, რომ ამ ოსურენოვან „ეკლესიაში“ დვალებთან ერთად მრავალი ქართველი მოექცა ზემოთაღწერილი მიზეზების გამო თვით საქართველოს ეგზარხოსის უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, იმპერიის სასულიერო საქმეებისა და სახალხო განათლების მინისტრის გოლიცინისა და თვით იმპერატორის მფარველობით (იხ. ი. თედეევის დასახ. ნაშრომი, გვ. 86-87). ი. იაღლუზიძეს ქართულიდან ოსურ ენაზე ათარგმნინეს საეკლესიო წიგნები, რაც შემდეგ გაავრცელეს. ის თავის თავზე წერდა: „საქართველოს აზნაური იოანე გიორგის-ძე იაღლუზიძე ... შობილ ვარ ოსეთსა. წარმოშობა ჩემი არს ბუნებით ოსთა აზნაურთაგან“ (იქვე, გვ. 70). ეს „საქართველოს აზნაური“ ქართული ეკლესიის წევრი − ქართველი სამღვდელო იყო, მას მრავალჯერ ჰქონდა (4-ჯერ) გადაწერილი სულხან-საბას წიგნები, იგი ქართული სახელმწიფოსა (ერეკლე მეფის) და ქართული ეკლესიის (ნათლისმცემლის მონასტერში) მიერ იყო აღზრდილი. ის იყო ქართულენოვანი პოეტი. შეიძლება, ის თავის თავს „ოს-ჩერქეზთა“ მეფის „ალღუზონის“ შთამომავლად თვლიდა. მას მიუძღვნა თავისი პოემა (იქვე, გვ. 7).
1820-1824 წლებში მას ათარგმნინეს ქართულიდან საეკლესიო წიგნები. „ყველა ჩამოთვლილ წიგნში მოცემულია ქართულ-ოსური ტექსტი: ქართული მარცხნივ და ოსური მარჯვნივ. ყველა ეს წიგნი ძველი ქართული ასოებით (ხუცურით) არის დაბეჭდილი“ (გვ. 9). „თარგმანში არის ჩატოვებული ქართული სიტყვები: უმრავლესობა ამ სიტყვებისა მოხელეთა, მცენარეების, მწერების სახელწოდებაა. მთარგმნელმა ვერ დაუძებნა ამ ტერმინებს შესაფერისი ოსური სიტყვები, ვერც შეთხზა და ამიტომ ქართული სიტყვებივე ჩატოვა“ (გვ. 41).
ითარგმნა წმიდა სახარება, ეგზარხოსმა შალვა ქსნის ერისთავს სთხოვა, თავის მამულში შეეკრიბა ქართულისა და ოსურის მცოდნე, რათა შეესწორებინა ნათარგმნი სახარება. „შემოკრიბნა მუნ მცხოვრებნი ყმანი თავისნი უფროს უფროსნი კაცნი სმენად შემძლებულნი და სხვანიცა ხალხნი“ (გვ. 82): პირობის თანახმად, მათ ქართულიც უნდა სცოდნოდათ. პირველად ქართულად კითხულობდნენ, მერე კი ოსურად. აქედან ჩანს, რომ ხალხისათვის ქართული ენა არც ისე უცხო ენა იყო. ცხადია, წმიდა წერილის ყოველ ენაზე თარგმნა კურთხეული საქმეა, მაგრამ ერთა ერთმანეთზე გადაკიდებისა და ურთიერთშორის გაუცხოებისათვის, ერთი ერის მრავალ ტომებად დანაკუწებისათვის მისი გამოყენება არასწორია.
უნდა ითქვას, რომ ამას თვით ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების უაღრესად დაბალი დონე უწყობდა ხელს. თვით ხალხი თავისივე ქვეყნის სხვა კუთხის მცხოვრებს ვერ ითვისებდა თავის წიაღში, საქართველოში „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკის გატარებისათვის კარგი პირობები არსებობდა. ქართველების გაოსებას თვით ქართველი ხალხის დაბალმა თვითშემეცნებამ შეუწყო ხელი. ეს განსაკუთრებით ითქმის ბატონყმობის (ქართლის მთიანეთში „ოსთა შორის“ 1852 წელს) შემდეგ ქართლის ბარში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მთიელ ხიზანთა მასიური ჩასახლების მერე.
ქართველები ეთნოგრაფიულ ნიშნებს ხშირად აიგივებდნენ ეროვნულ ნიშნებთან, ე.ი. ქართლის მთიელებს ოსების მსგავსი ეთნოგრაფიული ნიშან-თვისებანი, წეს-ჩვეულებები რელიგიური წარმართულ-ქრისტიანული რიტუალები გააჩნდათ, რაც ბარელი მოსახლეობის თვალში ქართველ მთიელებს წარმოაჩენდა, როგორც - ოსს, ასეთ შეხედულებას საფუძვლად ედო ის, რომ ბარელი ქართველები მთიელთა განსხვავებულ ეთნოგრაფიულ ნიშნებს ოსურ ეროვნულ ნიშნებად მიიჩნევდნენ, ანუ ქართველ მთიელებს ოსებად მიიჩნევდნენ და ასე უწოდებდნენ კიდეც მთიდან ბარში ჩამოსახლებულ ეროვნებით ოსს, ქართველ მთიელს, მით უმეტეს, რომ განსხვავებული ნიშნების გარდა მათ ოსური ენაც გაეგებოდათ ან იცოდნენ, თუმცა კი ქართული ენა, როგორც დედა ენა იცოდნენ.
ეს არ არის გამონაკლისი, რადგანაც არა თუ უბრალო ადამიანები, არამედ აღმწერებიც კი მოსახლეობას საყოველთაო აღწერების დროს ადამიანის ეროვნულ კუთვნილებას განსაზღვრავდნენ სარწმუნოებრივი, ანდა ეთნოგრაფიული ნიშნებით. ქართლელი მთიელების ოსებად ჩაწერა რუსეთის ცარიზმის სურვილიც იყო:
„არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკა საგანგებოდ ითვალისწინებდა რუსეთის განაპირა მხარეების ეროვნულ-უფლებრივი ინტერესების შელახვას, ათანაბრებდა ეთნოგრაფიულ და ეროვნულ ნიშნებს და ამ გზით ცდილობდა დაენაწევრებინა ერთიანი ეროვნული სხეული, წინ აღდგომოდა ჩაგრული ხალხების თვითშეგნების გამოღვიძებას, ყოველმხრივ შეეფერხებინა ერის კონსოლიდაცია...“ − (ვ. ჯიოშვილი, საქ. მოსახლეობა გვ. 111).
ქართული ერი რუსეთისათვის იყო პოლიტიკური ერი, სომხები კომერციული ერი, ამიტომაც სომხების არ ეშინოდათ, ქართველებისა ეშინოდათ, ხოლო ოსებს საერთოდ არ განიხილავდნენ, როგორც ერს, არამედ როგორც იარაღს ჩრდილო-კავკასიელი მებრძოლ ხალხებისა და ქართველების წინააღმდეგ (პოლიტიკური ხალხის წინააღმდეგ).
ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკა ყოველი ღონით ცდილობდა დაენაწევრებინა ქართველი ერის ერთიანი სხეული, შეეფერხებინა ეროვნული კონსოლიდაცია. ამიტომაც, 1886 წელს ცალკე ეროვნებებად აღნუსხეს ქართველები, ხევსურები, იმერლები, გურულები, მეგრელები, სამურზაყანოელები და ქართული ხალხის სხვა ეთნოგრაფიული ჯგუფები (იხ. ვ. ჯიოშვილი, დასახ. ნაშრ. გვ. 111).
თუ XIX საუკუნემდე ბარელი ქართველები ბარში და მთიელი ქართველები მთაში ცხოვრობდნენ და ისინი იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ამ საუკუნეში სხვადასხვა კუთხის მთიელების ბარის სხვადასხვა კუთხეებში მიგრაციამ დაახლოვა ისინი, მაგრამ პირველ ეტაპზე მრავალ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. „ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ თიანეთის მაზრის საოჯახო სიებზე. არაერთგზის ერწო-თიანეთში ხევსურეთიდან მიგრირებული ცოლქმრული წყვილი არაკანონიერადაა მიჩნეული, შესაბამისად − მათი შვილებიც... ხევსურეთიდან ერწო-თიანეთში გადმოსახლებულნი ჯვარს არ იწერდნენ ქრისტიანულ ეკლესიაში და არც ბავშვებს ნათლავდნენ. ხევსურული წეს-ჩვეულების მიხედვით, ისინი კანონიერი ცოლ-ქმარი და კანონიერი შვილების მშობლები იყვნენ. აღნიშნულიდან აშკარად ჩანს, მთიელთა ქრისტიანული მიგრანტები ახალ გარემოში, გარკვეულ ხანს ინარჩუნებდნენ მთისათვის დამახასიათებელ ზოგიერთ ყოფით (ამ შემთხვევაში სოციალურ-რელიგიურ ელემენტებს... მიგრანტ ხევსურებში ფაქტიურად არ გვხვდება ქრისტიანული კანონიზებული სახელები...“ (რ. თოფჩიშვილი, XIX საუკუნის მოსახლეობის აღწერა საქართველოში, მნათობი, 1987, №12, გვ. 161).
უნდა ვთქვათ, ხევსურთა მსგავსად ბარში ჩამოსახლებულ ქართლის მთიელებსა და იმ ქართულენოვან დვალებს ჰქონდათ ბარელებისაგან განსხვავებული სოციალურ-რელიგიური ელემენტები, რაც ხევსურთა მსგავსად გაუცხოებას იწვევდა ბარის მცხოვრებთა შორის. როგორც ხევსურების განსხვავებულ საყოფაცხოვრებო და სარწმუნოებრივ ელემენტებს უძებნიდნენ ეროვნულ საფუძველს და მათ ამის გამო არაქართველებად („ჯვაროსნებად“ ანდა ვაინახებად) აცხადებდნენ, ასევე ბარში ჩასახლებულ ქართლის მთიელებს არაქართველებად მიიჩნევდნენ სოციალურ-რელიგიური ელემენტების, ანუ ეთნოგრაფიული ნიშნების სხვაობის გამო. მათ, ცხადია, ოსებად მიიჩნევდნენ, რადგანაც მათ იცოდნენ ოსური ენა და ოსური წეს-ჩვევების ერთი ნაწილი ჰქონდათ შეთვისებული. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ მათ ქრისტიანული წესები არ იცოდნენ, ანდა ოსების მსგავსად მათ სარწმუნოებას წარმოადგენდა ქრისტიანობის ელემენტებთან გაერთიანებული წარმართობა. "
This post has been edited by ჩეკო on 20 Jul 2018, 10:59