პირველყოფილი კულტურის ფსიქოლოგიური პრაქტიკა - შამანიზმი
1. შამანიზმის არსი
“შამანიზმი... წარმოადგენს ექსტაზის ერთერთ არქაულ ტექნიკას, ამასთანავე - მისტიკას, მაგიას და “რელიგიას” ამ სიტყვის ფართე მნიშვნელობით” (მ.ელიადე). შამანი მაგიც არის და ექიმბაშიც. იგი მკურნალობს, როგორც ექიმბაში, და, ამავ დროს, ფაკირისეულ სასწაულებსაც უჩვენებს. ფსიქოთერაპიის თვალით თუ შევხედავთ, სავარაუდოა, რომ შემთხვევითი არ უნდა იყოს სასწაულმოქმედის და მკურნალის ერთ პიროვნებაში გაერთიანება - სასწაული აჩენს რწმენას, რომელიც სჭირდება ფსიქოთერაპიულ მკურნალობას. ამავე დროს, შამანი ზებუნებრივ ძალებთან ურთიერთობის უნარის დემონსტრაციასაც ახდენს - “ათვინიერებს” სტიქიებს, წარმართავს მსხვერპლშეწირვას, მიცვალებულთა სულები “გადაჰყავს” სხვა სამყაროში და ა.შ. შამანიზმის ტერმინში ერთიანდება სხვადახვა რელიგიური რწმენა, რომელშიც ცენტრალურ ადგილს იკავებს შამანის ფიგურა. იგი ქარიზმატული პიროვნებაა, რომელსაც აქვს ტრანსში გადასვლის, ავადმყოფთა განკურნების, ბუნების ძალების მართვის, ცხოველებსა და ფრინველებთან ურთიერთობის, თუ მიცვალებულთა სამყაროსთან კონტაქტის უნარი. შამანს “ზურგს უმაგრებს” მის საზოგადოებაში გავრცელებული მითოლოგია, რომელიც, ძირითადად, ასახულია ზეპირ გადმოცემებში. ამ მითების ტრადიციული პერსონაჟია შამანი, რომელიც ადამიანთა და სულების მედიატორია - მათი ურთიერთობის გამშუალებელი. შამანის დამხმარე სულებიც არსებობენ, რომლებიც ჩიტების, თევზების და სხვა მიწიერი ცხოველების სახეს იღებენ (ეს ფრაგმენტი, ალბათ, ტოტემისტური აზროვნების თავისებური გავლენაა). მითებში შამანის ერთერთი ძირითადი ფუნქცია - მკურნალობა, წარმოდგენილია, როგორც შამანის ან მისი დამხმარე სულების ბრძოლა ავადმყოფობის სულთან. ავადმყოფობის სულს შამანი ედავება, ეჩხუბება, აშინებს, შეულოცავს და ა.შ. ითვლება, რომ ამ გზით შამანი ადამიანის სულს ართმევს ავადმყოფობას და უბრუნებს პატრონს, რაც ამ უკანასკნელის გამოჯანმრთელებას იწვევს. ასე თვლის შამანიც და პაციენტიც. ამ თვალსაზრისს ორივე მათგანში აყალიბებდა მითოლოგია. მითოლოგიის ერთიანობის მიუხედავად შამანსა და პაციენტს შორის არის განსხვავება - შამანის მონათხრობიდან გამომდინარე ავადმყოფი გულისხმობს, რომ შამანი იბრძვის მისი სულისთვის. ხოლო ტრანსში მყოფი შამანი უშუალოდ ხედავს და განიცდის ამ “ბრძოლას”. შამანიზმი, ვიწრო გაგებით, არის მოვლენა, რომელიც ამჟამად გავრცელებულია ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში. ტერმინიც ტუნგუსური “შამან”-იდან მოდის, რომელიც სხვა ენებში რუსულიდან გავრცელდა. ამავე დროს, ყველა ექიმბაში, ან ყველა მაგი შამანი არაა. შამანს თავის სპეციალიზაცია აქვს. “შამანი არის სპეციალისტი ტრანსისა, რომლის დროსაც მისი სული, როგორც ითვლება, ტოვებს სხეულს იმისთვის, რომ ავიდეს ზეცაში ან ჩაეშვას ჯოჯოხეთში” (ელიადე). შამანი არ ქმნის რელიგიურ იდეოლოგიას, იგი ყველა იდეოლოგიას ითავსებს. ამიტომ ელიადე თვლის, რომ შამანიზმი უფრო მისტიკური ფენომენია, ვიდრე რელიგიური, რომელიც ბევრ რელიგიაშია მოცემული ექსტატური კულტურის სახით. მეორეს მხრივ, საყურადღებოა, თუ რა ითვლება შამანის სულის სხეულიდან გამოსვლად და რა საშუალებებს იყენებს იგი ამისთვის. ამ საკითხებზე განსაკუთრებით თვალსაჩინო მასალას იძლევა შამანად გახდომის პრინციპები.
2. შამანად გახდომა
ციმბირსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში შამანად გახდომის გზები არის: 1) პროფესიის გადაცემა მემკვიდრეობით; 2) შერჩევა ბუნებრივი მიდრეკილების, სპონტანური მოწოდების მიხედვით. არის სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ექსტაზის ბუნებრივი გამოცდილება ყველგან აუცილებელია. ყაზახებთან და ყირგიზებთან შამანს სოფელი ირჩევს ყველა ახალგაზრდიდან, განსაკუთრებით - გარდამავალ ასაკში მყოფი ობოლი და ნევროტული ახალგაზრდებიდან. შამანისტურ საზოგადოებაში ეპილეფსიური ან ისტერიული შეტევა ღმერთებთან შეხვედრად არის მიჩნეული. ბევრგან ადამიანი შამანად ხდება მეხის დაცემის შემდეგ. ექსტატური გამოცდილების ქვეშ იგულისხმება შთამბეჭდავი სიზმრები, ტრანსი, ჰალიცუნაციები და ა.შ. შამანობის კანდიდატის ეს სპონტანური ექსტატური განცდები ძველი შამანის დიდაქტიკის (მითების, სიმბოლოების და სულთა გენეოლოგიის სწავლების) საშუალებით ხდება კონტროლირებადი. ყოველივე ეს გადააქცევს ნევროტიკს მისი საზოგადოების მიერ აღიარებულ შამანად.
3. შამანის ინიციაცია
შამანის ინიციაცია ისევე, როგორც ყველა ინიციაცია (ლათ. ინიტიარე - ზიარება საკულტო საიდუმლოებასთან; ინიციაცია გარკვეულ რიტუალს გულისხმობს და ხშირად უკავშირდება ახალი სოციალური სტატუსის მიღებას რელიგიურ იერარქიაში) ატარებს ინიციაციის პროცედურების საერთო სემანტიკას: ტანჯვა, სიკვდილი და აღდგომა ახალ არსებად. შამანის ავადმყოფობა ცხოვრებისეული ტანჯვის ანალოგიაა. ცნობიერების დაკარგვა - სიკვდილი. ამ ეტაპს ხანდახან სხეულის ნაწილებად სიმბოლური დაჭრის ცერემონია ახლავს თან. შამანობასთან ზიარების ყველაზე გავრცელებული რიტუალებია განმარტოება გაუდაბნოებულ ადგილას (იმქვეყნიური სამყაროს სიმბოლოა) და აკრძალვები, რომელიც კანდიდატს მიცვალებულთან აიგივებს - ყოფნა საჭმელის და წყლის გარეშე; სახეზე ფერფლის წასმა და მიცვალებულთა ნიღაბის ტარება მოჩვენებასთან მისამსგავსებლად; სიმბოლური დაკრძალვა ტაძარში; ჰიპნოტური ძილი და სასმელი, რომელიც ცნობიერებას აკარგვინებს ადამიანს; ტკივილის უგულვებელყოფა. ამ მდგომარეობიდან დაბრუნებული ნეოფიტები ხშირად იქცევიან ისე, როგორც მეხსიერება დაკარგული ადამიანი - თავიდან სწავლობენ სიარულს, ჭამას, ჩაცმას. ისინი იღებენ ახალ სახელს და სწავლობენ ახალ (შამანურ) “ენას”. გარემომცველებიც მას ხშირად ისე უყურებენ, როგორც იმ ქვეყნიდან მოსულ მოჩვენებას. ხანდახან, ინიციაციის ეტაპს ახლავს ანალოგიური შინაარსის სიზმრები, სადაც დამატებულია ზეცად ასვლის და ქვესკნელში ჩაშვების, ან გარდაცვლილ შამანებთან გასაუბრების სიუჟეტები. ეს ექსტატური განცდები შამანის მომზადების ერთერთი საფეხურია. ავსტრალიელ აბორიგენებში შამანად აღიარება ხდება მას შემდეგ, რაც მისი სული ორ-სამ დღეს “დაჰყოფს სულთა სამყაროში”. კონდების ქურუმი ამგვარ აღიარებას აღწევს თოთხმეტდღიანი ტრანსის შემდეგ. ითვლება, რომ ტრანსის მდგომარეობაში მისი ერთერთი სული უზენაეს ღვთაებასთან მიდის. თანამედროვე იაკუტელი შამანები ჰყვებიან, რომ შამანობის მსურველი 3-7 დღე “კვდება” - საკვების გარეშე, უწყლოდ და უძრავად წევს იურტაში. ტრანსში იგი ხედავს, რომ მისი სხეული რკინის ჩანგლით ან რკინის ფრინველის მიერ იგლიჯება ნაწილებად, თვალები ვარდება ბუდეებიდან, სხეული იცლება სითხისგან; სხეულის ნაგლეჯებს ჭამენ სხვადასხვა დაავადების ბოროტი სულები, რაც აძლევს მომავალ შამანს მათი მკურნალობის უნარს. ამის შემდეგ ფრინველი შამანის ძვლებს აგროვებს და კრავს რკინით. ეს უკვე ახალი ადამიანია. შამანობის კანდიდატი (ნეოფიტი) ამ ხილვების შემდეგ იღვიძებს. იაკუტიის სხვადასხვა ტომში ანალოგიურია ხილვების შინაარსი, სადაც რამოდენიმე ძირითადი თემა ფიგურირებს: სხეულის დაქუცმაცება და აღდგენა; რიტუალური სიკვდილი, რომელსაც აღდგომა მოჰყვება; მითოლოგიური ფრინველიც მნიშვნელოვანი ფიგურაა შამანურ წარმოდგენებში. ანალოგიური თემები (ავადმყოფობათა, ხეების და სტიქიების სულები, დაქუცმაცება და აღდგენა, სამკურნალო ცოდნის მიღება) გვხვდება ავამის სამოედების (ნენცების), ტუნგუსების, ბურიატების და სხვათა საინიციაციო ტრანსში. ციმბირის შამანების ამ ექსტატიური სიუჟეტების ანალოგიური თემები გვხვდება ავსტრალიელ შამანებთან. იქ ზებუნებრივი არსება ნეოფიტს ართმევს და უცვლის შიგნეულს უკეთესით, ამატებს მაგიურ კრისტალებს (ან/და გველს), მიცვალებულთა სულები მოდიან და ასწავლიან მას მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ მაგიურ კრისტალს (კვარცის კრისტალს) ავსტრალიელი აბორიგენები “გაყინულ შუქად” თვლიან, რომელიც სხეულში შამანის შინაგან სინათლედ გადაიქცევა. ეს წარმოდგენა საინტერესოა რამოდენიმე თვალსაზრისით. ჯერ ერთი, შინაგანი სინათლე მრავალ გვიანდელ მისტიკურ პრაქტიკაში გვხვდება - მისტიკასთან დაკავშირებულ პროცედურებს ხშირად ახლავს თან შინაგანი სინათლის რეალურად განცდა (ბევრ რელიგიურ სისტემაში მისტიური ძალის მქონე პირს “განათლებულს” ან “ნათელი სულის მატარებელს” უწოდებენ). შეიძლება, ამ ინტროსპექციული ფენომენის ახსნის აუცილებლობამ გააჩინა მაგიური კრისტალის მითი და შემდეგ - შესაბამისი ხილვა. მეორეც, მაგიური კრისტალი განვითარებულ რელიგიებში ხშირად არის ზებუნებრივი ძალით აღჭურვილი ადამიანის ატრიბუტი, რაც შამანური მოდელის გვაინდელ ვერსიად შეიძლება განვიხილოთ. სხეულის ინიციაციური დანაწილება ასევე გვხვდება ამერიკის ტომებში, აფრიკასა და ინდონეზიაში. ჩრდილოეთ ამერიკაში მაიას ტომის შამანობის კანდიდატი ხდება შემდეგი რიტუალის მონაწილე: მას “კლავენ” წამლების წვენით, მერე “ანაწილებენ”, რის შემდეგაც იგი აღდგება შამანად. როგორც ვნახეთ, ხშირად ეს პროცედურა არის არა რიტუალის, არამედ ხილვის სიუჟეტი. სხეულისგან ამგვარი გათავისუფლების ერთერთი ლოგიკური ფენომენოლოგიური შედეგია საკუთარი ჩონჩხის ხილვა - შამანი ტრანსში სხეულიდან ხორცის მოცილების შემდეგ ხედავს მხოლოდ საკუთარ ჩონჩხს, რომლის თითოეულ ძვალს ასახელებს იგი “შამანების ენაზე”. ამიტომ ხშირია, რომ ჩონჩხის სურათი გადაიქცევა შამანის სხეულის მოხატულობად. სიკვდილი, ანუ სხეულიდან სულის ამოღება და მერე მისი (სხეულის) “განახლება” არის ესკიმოს ნეოფიტის ხილვებშიც. ამ პროცედურის შემდეგ ხილვებში მასწავლებელი მას გადასცემს “ანგაგოკს” - საიდუმლო სინათლეს და ცეცხლს, რომელსაც მომავალი შამანი განიცდის მთელ სხეულში, განსაკუთრებით, თავში, მის ღრმა ცენტრში. ეს ლოკალიზაცია ძალიან საინტერესოა იმ ფონზე, რაც დღეს ვიცით - სითბოს (მით უმეტეს, სიმხურვალის) განცდა დაკავშირებულია სისხლძარღვების გაფართოებასა და სისხლის მიმოქცევის გაძლიერებასთან. სითბოს განცდის ტვინის სიღრმეში ლოკალიზაცია სავარაუდოს ხდის, რომ შამანური პროცედურების დროს ინტენსიური ხდებოდა ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურების კვება. შამანური კონცეფციის მიხედვით ითვლებოდა, რომ სითბოსა და სინათლის სხეულსა და თავში ლოკალიზაციის შემდეგ შამანს უჩნდებოდა სიბნელეში უხილავი საგნების, წარსულისა და მომავლის, მიცვალებულების და სულების ხილვის უნარი. საყურადღებოა, რომ ამ შინაგანი შუქის შესახებ ლაპარაკი არის გვიანდელ მისტიკურ მოძღვრებებშიც - უპანიშადებში, იოგას ტექნიკაში, “მიცვალებულთა ტიბეტურ წიგნში”, ქრისტიანულ თეოლოგიასა და მისტიკაში. ყოველივე ეს სავარაუდოს ხდის, რომ მისტიკური სინათლის და სიმხურვალის განცდა რელიგიური ექსტაზის აუცილებელი ფენომენებია შამანობიდან დაწყებული და რთული რელიგიური სისტემებით დამთავრებული. შამანური ხილვის ისეთი ელემენტი, როგორც არის პიროვნების გათავისუფლება ხორცისაგან, საინტერესოა როგორც რელიგიის ისტორიისთვის, ისე ფსიქოთერაპიისთვის, რამდენადაც ამგვარი ხილვების ფონზე იცვლება შამანის ჯანმრთელობა.
4. შამანის ჯანმრთელობა
შამანად ავადმყოფი პიროვნების არჩევა არ ნიშნავს, რომ შამანი ავადმყოფია. როგორც წესი, შამანური პრაქტიკა ხელს უწყობს თვით შამანის გამოჯანმრთელებას (ანუ - შამანის პაციენტი თვით შამანიცაა, რასაც ასე ხშირად ვხვდებით ფსიქოთერაპიის ისტორიაში). შამანები ჰყვებიან, რომ შამანობის დაწყების შემდეგ ისინი უკეთესად გრძნობენ თავს. როცა რაიმე მიზეზით მათ ამ პრაქტიკის საშუალება არა აქვთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა უუარესდებათ. შამანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ნიშნებია ის, რომ შამანი მის თანასოფლელებთან შედარებით უფრო მდგრადია დაავადებების მიმართ, უკეთესად მართავს საკუთარ მდგომარეობას, ეპილეფსიურ შეტევასაც კი - წინასწარგანზრახვით შეუძლია მისი დაწყებაც და დასრულებაც. შამანის ტრანსი განსხვავდება ჩვეულებრივი ისტერიული ან ეპილეფტოიდური გულყრისგან. ხალხით სავსე იურტაში იგი რიტუალურ ცეკვას ასრულებს საკმაოდ დიდი ტვირთით - მის ტანსაცმელზე დაკიდებული რკინის სამკაულები იწონიან, დაახლოებით, 15 კილოგრამს. მიუხედავად იმისა, რომ შამანი ამ ცეკვას ტრანსში ასრულებს და თვალები დახუჭული აქვს, იგი არასოდეს არაფერს და არავის არ ეჯახება და პოულობს ყველაფერს, რაც უნდა. ტრანსის პროცესის მართვის ეს უნარიც ავადმყოფობის ჩარჩოებში ვერ თავსდება. ჩვეულებრივ მდგომარეობაში შამანი თანასოფლელებისგან განსხვავდება ყურადღების ძლიერი კონცეტრაციის უნარით და მაღალი ამტანობით. იგი ენერგიული და “ინტელიგენტური” პერსონაა. ამავე დროს, მას აქვს ძლიერი და მოქნილი სხეული. მასში იგრძნობა უპირატესობის განცდა, ოღონდ იგი არასოდეს არაა ქედმაღალი. მეხსიერებაც მას გაცილებით უკეთესი აქვს ვიდრე სხვებს, რაც გამოიხატება ტომის ზეპირი ფოლკლორის ცოდნაში. იაკუტების შამანის ლექსიკონი 12 000 სიტყვას შეიცავს, როცა თანასოფლელების ლექსიკონი - 4 000 სიტყვას. ხოლო მაშინ, როცა შამანი იძულებულია დროებით შეწყვეტოს პრაქტიკა, მას უსუსტდება საკუთარი მდგომარეობის მართვის ჩვევა და ავადმყოფობის სიმპტომები მატულობს. ამდენად, აქტიური შამანის ფსიქოლოგიური ტიპი და სულით ავადმყოფი ერთმანეთისგან განსხვავდება. სუდანის ტომები არ სცემენ პატივს ადამიანს, რომელიც ავადმყოფურია ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ტრანსის გარეშე. შამანის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას ითხოვენ ავსტრალიელი ტომებიც. ფსიქოთერაპიის ისტორიისთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა როგორ ინკურნებოდა შამანის პაციენტი, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ის, თუ რის შედეგად უმჯობესდება თვით შამანის ჯანმრთელობა. შამანის პაციენტის განკურნება ადვილად შეიძლება აიხსნას იმით, რაც დღეს ვიცთ სუგესტიის, კერძოდ, პლაცებო-ეფექტის შესახებ. რაც შეეხება შამანის გამოჯანმრთელებას, ეს უფრო რთული ასახსნელია. სავარაუდოა, რომ ამ საიდუმლოს გასაღები ტრანსშია, რადგან ტრანსის გაიშვიათებისას, შამანი ისევ უბრუნდებოდა ავადმყოფურ მდგომარეობას. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იმსახურებს სხვადასხვა კულტურაში გამეორებული შამანის ინიციაციის ხილვა, რომ შამანი კარგავს ხორცს. ეს ფრაგმენტი საყურადღებოა, რადგან აჩენს ერთ ვარაუდს. შეიძლება ამ პროცედურით ამოქმედებულია ფსიქიკის ის ზოგადი კანონი, რომ ერთი განცდის შემდეგ ნაკლებად მოსალოდნელია პირველთან ლოგიკურ წინააღმდეგობაში მყოფი განცდების გაჩენა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთი განცდა აჩენს განაწყობას, რომელიც ზრდის მასთან ლოგიკურ შესაბამისობაში მყოფი განცდების ალბათობას და ამცირებს შეუსაბამო განცდებისას. აქედან გამომდინარე, თუ შამანმა “იხილა” როგორ დაკარგა სხეული, ამ ხილვით შექმნილმა განწყობამ უნდა უარჰყოს სხეულიდან (სომადან) მომდინარე სტიმულაცია, რადგან ფსიქიკისთვის ამ პიროვნებას “სხეული აღარ გააჩნია” და ამგვარი სტიმულაცია არ უნდა არსებობდეს. სომატური სტიმულაციიდან ამ გზით განთავისუფლება შესაძლებელია აღმოჩნდეს შამანის გამოჯანმრთელების ერთერთი ფაქტორი, როგორც ფსიქოსომატური კავშირების შესუსტების მექანიზმი. შამანური ინიციაციის ეს თავისებურება სავარაუდოს ხდის, რომ გვიანდელ კულტურებში წამოყენებული სულის ხორცისგან განთავისუფლების რელიგიურ-ფილოსოფიური იდეალი შეიძლება ამ ექსტატურ ტექნიკიდან იღებდეს დასაბამს. თუ ამ ვერსიით ვიხელმძღვანელებთ, უნდა დავუშვათ, რომ ეს რელიგიური იდეალი რეალურად გულისხმობს, რომ ფსიქიკა არ უნდა იღებდეს სხეულებრივ (ინტროცეფციულ) შეგრძნებებს, რომლებიც წარმართავენ სხვა განცდების, განსაკუთრებით - ემოციების მიმდინარეობას. ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ “სულის მდგომარეობის” შემოწმება ხდება სხეულის უგრძნობლობით ცეცხლის, ყინვისა თუ ხმლის მიმართ. სხეულებრივი განცდებისგან განთავისუფლება აჩენდა სულისა და პიროვნების თავისუფლების განცდას. შეიძლება ამითაა განპირობებული, რომ შორეული აღმოსავლეთისა თუ იუდაიზმზე დაფუძნებულ რელიგიებში იდეალად გვევლინება “განთავისუფლება” (ქრისტიანობაში ამ ცნებამ სოციალური მნიშვნელობაც მიიღო, რაც ვერ თავსდებოდა რელიგიის ლოგიკურ სისტემაში).
5. შამანის სწავლება
შამანის სწავლება მიმდინარეობს ჩვეულებრივ მდგომარეობასა და ტრანსში. ტრანსულ ხილვებში ღვთაება, მიცვალებულთა სულები ან ცხოველები უზიარებენ შამანს ცხოვრების წესის თუ მკურნალობის საიდუმლოებებს. ამავე დროს, ჩვეულებრივ მდგომარეობაში ნეოფიტს შამანობას ასწავლის ძველი შამანი. ნეოფიტს საკრალური ძალა “გადაეცემა” ტრანსში. მას მფარველობას ხშირად უცხადებს ტოტემური ცხოველი. ზოგჯერ შამანის ძალის წყარო ხდება ძილში მიცვალებულთა გამოცხადება. ჩრდილოეთ ამერიკის ტომებში შამანს ძალას გადასცემს ხილვებში მასთან მისული “მწვანე ქონდრისკაცი” - შამანების მფარველი სული (მაგიურ ძალას ქონდრისკაცთან გვიანი და უფრო განვითარებული კულტურებიც აკავშირებდნენ). ამ გამოცხადებებს შამანი ხანდახან რამოდენიმე წლის განმავლობაში ელოდება. “ჩვეულებრივი” სწავლების საინტერესო მაგალითს წარმოადგენს კარიბის ტომების ტრადიცია. მას შემდეგ რაც დადასტურდება, რომ ნეოფიტებს აქვთ ექსტატური ხილვების უნარი, იქმნება ჯგუფი, როგორც წესი, 6 ახალგაზრდისგან, რომლებიც საცხოვრებლად გადადიან იზოლირებულად მდგარ ქოხში. ისინი მუშაობენ შამანის თამბაქოს ნაკვეთზე, ასრულებენ სხვა სამუშაოებსაც. მათ ემსახურება 6 გოგონა “ქალი-ინსტრუქტორის” ხელმძღვანელობით. ქალები ამარაგებენ ახალგაზრდებს თამბაქოს წვენით, რომელსაც გამუდმებით სვამენ ნეოფიტები. სწავლება გრძელდება 24 დღე და ღამე. სწავლების 3 დღე-ღამის შემდეგ 3 - დასვენებაა. სწავლება ხდება ღამით: ნეოფიტები წრეში ცეკვავენ ცხოველთა მოძრაობის იმიტაციით, მღერიან, შემდეგ ისმენენ მასწავლებლის მონათხრობს ცხოველებზე, კეთილ და ბოროტ სულებზე, უმაღლეს არსებაზე - შემოქმედზე, რომლის ნებაზეც არის დამოკიდებული ნეოფიტების ცაში ასვლა. დღისით მოსწავლეები ჰამაკებში ისვენებენ, იხსენებენ მასწავლებლის ნაამბობს და თვალებს ისრესენ წითელი წიწაკის წვენით, რათა იხილონ სულები. სწავლების პერიოდში მოსწავლეები არაფერს არ ჭამენ, მუდმივად ეწევიან სიგარას, ღეჭავენ თამბაქოს ფოთლებს და სვამენ თამბაქოს წვენს. ცეკვით დაღლილობა, მარხვით დასუსტება და თამბაქოთი ინტოქსიკაცია ხდება იმის პირობა, რომ ნეოფიტს ეწყება ხილვები. სამდღიანი შესვენების შემდეგ ისინი სწავლობენ ღამურად გადაქცევას. შემდეგ მასწავლებელი სხვადასხვა სიმაღლეზე აბამს თოკებს და მოსწავლეები ბალანსირებენ მათზე. სწორედ ამ დროს იწყება პირველი ხილვები სამყაროთა (შამანები სხვადასხვა სამყაროს აღიარებენ) საზღვრების გადალახვით. ტრანსის ამ მდგომარეობიდან მოსწავლე მასწავლებელს გამოჰყავს შხამიანი ჭიანჭველების დადებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსწავლეები ჯდებიან მბრუნავ საქანელაზე და ტრიალში ციური სფეროების ხილვები უჩნდებათ. ამასთანავე გამოიყენება მცენარე, რომელიც ძლიერ ციებ-ცხელებას იწვევს. სხეულის კანკალი აჩენს ტანის დაშლის ადრე ნახსენებ გრძნობას, რაც ბოროტ სულებს მიეწერება. ამის შემდეგ მოსწავლე აღწევს მიზანს - ეწყება ცად ამაღლების ხილვა. ცად ამაღლების განცდა თითქმის ყველა შამანურ პრაქტიკის საბოლოო მიზანია. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ითვლება, რომ ნეოფიტი უკვე დაეუფლა შამანის ხელოვნებას.
6. შამანის ენა
თითქმის ყველგან აღინიშნება, რომ შამანი მასწავლებლისგან სწავლობს “შამანების ენას”. ამ ენის ფუნქციაა კომუნიკაცია ცხოველებთან, სულებთან, დემონებთან და მიცვალებულებთან. ამ ენას ცხოველების ენას ეძახიან, რადგან იგი... ცხოველთა და ჩიტების ხმების იმიტაციაა. საინტერესოა თარჯიმნის ინსტიტუტი - ზოგჯერ შამანს ახლავს თარჯიმანი, რომელიც ხმამაღლა წარმოთქვამს შამანის მიერ ჩურჩულით ან “ცხოველთა ენაზე” ნათქვამს. ეს კარგად მიუთითებს რა დიდი მნიშვნელობა აქვს შამანურ მკურნალობაში იმას, რომ ავადმყოფმა და მისმა ახლობლებმა კარგად გაიგონ შამანის სულის მოგზაურობის ყველა დეტალი. ეს ელემენტი გულისხმობს, რომ სამკურნალო ეფექტის მიღებაში მონაწილეობს სუგესტიის მექანიზმი. სხვადასხვა ტომების რიტუალებში შამანი გველის ან სხვა მაგიური ცხოველის შეჭმის შედეგად ეუფლება ჩიტების ენას (გავიხსენოთ ქართული ანალოგია - გველისმჭამელი მინდია, რომელსაც ესმის ცხოველთა ენა). ითვლება, რომ ცაში მფრინავი ჩიტი არის მიცვალებულის სულის ჭურჭელი. ჩიტის თემა ჭარბად არის წარმოდგენილი შამანის გააზრებაშიც და გარეგნობაშიც, რადგან იგი მიცვალებულთა სულებთან უნდა შევიდეს ურთიერთობაში. კარიბის კუნძულებზე შამანს წებოს უსვამენ და ჩიტის ფრთებს აწებებენ, რომ მან ცაში აფრენა შეძლოს; ანალოგიები იძებნება ციმბირის, ჩრდილოეთ ამერიკის და ინდონეზიის შამანიზმშიც. შამანის ძალა მის მფარველ სულებშია, რომლებიც, უმეტესწილად, ცხოველთა და მიცვალებულთა სულებს წარმოადგენენ. ამიტომაა, ცხოველთა ენის ცოდნა შამანისთვის აუცილებელი. ხშირია შამანის ცხოველად გარდაქმნის რიტუალიც, რასაც თან ახლავს შამანის გამოწყობა ცხოველის ტყავში (გავიხსენოთ საფრანგეთში ნაპოვნი 40 ათასი წლის წინანდელი გამოსახულება, სადაც ცხოველის ტყავში გამოწყობის გამო გაუიგივეს იგი შამანს). ცხოველის ტყავის მოსხმაში საკრალური აზრის ჩადება ახასიათებს როგორც ბევრ ანიმისტურ კულტურას, ასევე ბევრ განვითარებულ კულტურასაც. მაგალითად, სუფიებში გავრცელებული იყო საკრალური ძალის მქონე ადამიანის გამოწყობა ვეფხვის ტყავში (ამ ფაქტმა საქართველოში გარკვეული ინტერპრეტაციებისკენ უბიძგა “ვეფხვისტყაოსნით” დაინტერესებულ მკვლევარებს).
7. შამანის ადგილი ტომში
ჩრდილოეთ ამერიკაში საკრალურის სხვა მსახურებისგან (ქურუმი, მაგი, ჯადოქარი) შამანი განსხვავდება სწორედ იმით, რომ ფლობს ექსტატური “მოგზაურობის” ტექნიკას. ეს შამანს ანიჭებს უპირატესობას. იგი ჯადოქრის ავი თვალისგანაც იცავს ადამიანებს. შამანმა რომ თქვას ჯადოქარზე “დანაშაული ჩაიდინაო”, სოფელი ჯადოქარს მოკლავს. ჩრდილოეთ აზიის იუკაგირებს სწამთ, რომ ყოველი გვარი დასაბამს იღებს შამანისგან. წინა საუკუნეში ისინი პატივს სცემდნენ გარდაცვლილი შამანების თავის ქალებს - ათავსებდნენ ხის ჩარჩოში და ინახავდნენ სახლში. ყველაფერს წინ უძღოდა წინასწარმეტყველება შამანის თავის ქალაზე (მათი სიმძიმით ირკვეოდა “ჰო” თუ “არა” დასმულ კითხვებზე). დანარჩენი ძვლები ნაწილდებოდა ნათესავებში, სხეულს აშრობდნენ შესანახად. ამავე დროს კეთდებოდა ხის ფიგურები წინაპარი შამანის პატივსაცემად. ეს ფაქტები მიუთითებს, რომ ამ ტომებში შამანის ფუნქცია უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაა. საკაის და ჯაკუნების შამანებს სიკვდილის შემდეგ არ მარხავენ, პლატფორმაზე ტოვებენ. სემანგებთან შამანებს მარხავენ თავით საფლავის ზემოთ. ყოველივე ეს ეფუძნება რწმენას, რომ შამანი განსაკუთრებული ვინმეა და მისი სული მიდის ზეცაში მაშინ, როცა სხვა დანარჩენებისა - ქვესკნელში.
8. შამანის ურთიერთობა ღმერთებთან
შამანის ღმერთებთან ურთიერთობა თავისებურია. პრეზიდენტ რეიგანს აპაჩების ტომის შამანმა უთხრა “ჩემო თეთრო ძმავ, ალბათ არ დამიჯერებ, მაგრამ მე ყოვლისშემძლე ვარ. მე არასოდეს არ მოვკვდები. თუ თოფიდან მესვრი, ტყვია... არ მომაყენებს მცირე ზიანსაც კი... თუ მე მომინდება ვინმეს მოკვლა, საკმარისია ხელი გავიშვირო და შევეხო მას და ის მოკვდება. ჩემი ძლიერება ღმერთის ძლიერების ტოლია”. ეს სიტყვები მიანიშნებს, რომ დღევანდელი შამანიც კი საკუთარ თავს ღმერთის ტოლად განიცდის. ბურიატების ერთერთი გადმოცემის მიხედვით ღმერთმა ბოთლში მომაწყვდია გოგონას სული და თითით დაუცვა ბოთლს თავი. შამანი ჰარა გირგენი გადაიქცა ყვითელ ობობად და სახეზე უკბინა... ღმერთს. ღმერთმა ხელი აიქნია და გოგონა გათავისუფლდა. კარიბის ტომები ჰყვებიან პირველ შამანის შესახებ, რომელიც ავიდა ცაში და დაემუქრა ღმერთს. ღმერთმა ხმალს დაავლო ხელი და გადმოაგდო ის ციდან. ამის შემდეგია, რომ შამანები ცაში მხოლოდ ექსტაზის შედეგად ადიან. ანალოგიური ჯანყი შამანისა ღმერთის წინააღმდეგ ხშირად მეორდება სხვადასხვა ხალხებში და რელიგიების ადრეულ ვარიანტებში (ისეთი პერსონაჟები, როგორიცაა ღმერთთან მორკინალი იაკობი იუდაიზმში, ბერძნული პრომეთე თუ ქართული ამირანი, ალბათ ადრეული შამანისტური კულტურის გავლენით შეიძლება აიხსნას, რომლისთვისაც უცხო არ იყო იმის დაშვება, რომ ადამიანი შეიძლება შეებრძოლოს ღმერთს, რადგან ღმერთისა და შამანის სული არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, განსხვავდება მხოლოდ სიძლიერით). შამანის ამგვარი “სითამამე” ღმერთებთან, ალბათ, იმ იდეითაც არის გამოწვეული, რომ შამანურ მითოლოგიაში შამანიზმი ღმერთისგან იღებს სათავეს. ხშირ შემთხვევაში მზის ღმერთი განსხეულდება არწივში, რომელიც აფეხმძიმებს ქალს და ასე იბადება პირველი შამანი. ზოგჯერ შამანი ხდება თვით ქალი. არწივის სახის უმაღლესი ღვთაება ხშირად წარმოშობს შამანს. იაკუტებთან ეს ღვთაება წარმოდგება ორთავიანი არწივის სახით. ის, რომ შამანი საკუთარ თავს ღმერთის ტოლად განიცდის, არ უნდა განვიხილოთ შამანის სხვა თავისებურებებიდან იზოლირებულად. კერძოდ, ტრანსის პრაქტიკის გაიშვიათებისას უარესდება შამანის როგორც ჯანმრთელობა, ასევე თვითშეფასებაც. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ტრანსში მიმდინარე ფსიქო-ფიზიოლოგიური პროცესები გარკვეულ კავშირშია იმ განცდასთან, რომელიც შამანს ღმერთთან გატოლების საფუძველს აძლევს.
9. შამანის სულის მოგზაურობა
შამანის ხილვებისთვის სპეციფიკურია, რომ მისი სული მოგზაურობს იმქვეყნიურ სამყაროში, ქვეყნებში, რომლებიც მდებარეობს ზეცაში და მიწის ქვეშ. მიცვალებულთა ცხოვრება იქ ისეთივეა, როგორც მიწაზე, მხოლოდ ერთი განსხვავებით - შებრუნებულია დრო, როცა აქ ზამთარია იქ ზაფხულია და პირიქით (ისევე, როგორც სიზმარში - სიზმრის რეალური დრო ღამეა, ხოლო წარმოსახული - დღე). სულებთან ურთიერთობის აღწერილი გზების გარდა რიტუალებსა და ხილვებში გვხვდება ისეთი “საშუალებებიც”, როგორიც არის ქაღალდის გველით ან ცისარტყელით ასვლა ცაში (სავარაუდოა, რომ ამ საშუალებებით ზეცაში ასვლა შამანის ხილვის სიუჟეტია). ცისარტყელის ეს მითიური ფუნქცია გვხვდება პოლინეზიაში, ინდონეზიაში, იაპონიაში და სხვა მრავალ ქვეყანაში. ინდურ, მესოპოტამიურ და იუდაისტურ მითოლოგიაში ცისარტყელის შვიდი ფერი შვიდ ზეცასთან და კოსმოსის წვდომის შვიდ გზასთან არის გაიგივებული. ღვთისკენ მიმავლ გზად გააზრებული ბაბილონის გოდოლის შვიდი სართული ცისარტყელის შვიდ ფერად იყო შეღებილი. აპოკალიპსშიც ღვთის ტახტი ცისარტყელით არის გარემოცული. ცივილიზაციათა განსხვავების მიუხედავად ანალოგიური მოდელი ავსტრალიელ აბორიგენებთანაც გვხვდება. ამ თემასთან არის კავშირში შამანის მაგიურ ზინზილაკებზე ფერადი ბაფთების შებმის ტრადიცია. თურქები და უიგურები თვლიდნენ, რომ შამანი ამ ბაფთებიანი ზინზილაკით, რომელსაც “ზეცის ხიდს” ანუ “ცისარტყელას” ეძახიან, ადის ზეცაში. აღსანიშნავია, რომ ზინზილაკების ხმა ხშირად ახლავს ექსტაზის მდგომარეობაში შესვლის რიტუალს. ცისარტყელის თემა საინტერესოა კიდევ ერთ, კერძოდ, ნიმბის თემასთან დაკავშირებით. ბევრ განვითარებულ რელიგიურ კულტურაში ითვლება, რომ მას, ვისაც სხვადასხვა ზებუნებრივი უნარი აქვს, აქვს იმის უნარიც, რომ სხვის თავზე დაინახოს ნიმბი, რომელიც შედგება ცისარტყელის ფერებისგან. განსაკუთრებული ძალის მქონე პირების ნიმბს ჩველებრივი ადამიანებიც ხედავენ (გავიხსენოთ ქრისტიანული თუ ბუდისტური გამომსახველობითი ხელოვნების ძეგლები). ეს პარალელი სავარაუდოს ხდის, რომ ფერების სპექტრის ხილვა საერთოდ ახლავს მედიტაციურ ხილვებს მიუხედავად იმისა, ხილვის შინაარსს ცალკეული პიროვნება წარმოადგენს თუ “გზა” ზეცისკენ. ამდენად, განსაკუთრებულ მდგომარეობაში ფერების სპექტრის აღმოცენება ტიპიურია ყველა კულტურისთვის, არქაულიდან დაწყებული. ტრანსში მოგზაურობის საშუალება მხოლოდ ცისარტყელა არაა. შამანის ქვესკნელში, ან ზეცაში შესვლა ხშირად ხდება კარის გავლით, რომელსაც თუ შემთხვევით “შეეხო” შამანი, ის ძალას დაკარგავს და გაღვიძების შემდეგ მოკვდება.
გაგძელება
http://papiloni.blogspot.com/2013/02/3.ht
This post has been edited by Chamane on 6 Nov 2013, 15:56