მიგელ-ანხელ ხიმენესის ქართული ფილმი და წარმატება სან-სებასტიანის კინოფესტივალზე http://www.ambebi.ge/kultura/12153-migel-a...festivalze.htmlლუისი, პაბლო, მიგელ-ანხელი, კაკუნა, იმანოლი, გორკა - ენთუზიაზმით სავსე ეს ესპანელი ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები გასულ წელს თავიანთი მინიავტობუსით (რომლითაც სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობენ) საქართველოს ეწვივნენ. სურდათ, ომის შემდგომი საქართველოს ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი გადაეღოთ. მიგელ-ანხელ ხიმენესი ქართველ კინემატოგრაფისტებს დაუკავშირდა და მათი თანამშრომლობაც შედგა. საბოლოოდ, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყდა. შემოქმედებით ჯგუფს ხელთ მწირი თანხა ჰქონდა, თუმცა ახლახან, მიგელ-ანხელ ხიმენესის რეჟისორობითა და ქართველი მსახიობების მონაწილეობით გადაღებულმა ქართულმა ფილმმა - "ორი" - სადებიუტო კინოსურათებს შორის სან-სებასტიანის ცნობილ ფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა. ამასთან დაკავშირებით, "ორის" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს - პროფესიით მსახიობსა და რეჟისორს, ბექა ქავთარაძეს ვესაუბრე.
- სან-სებასტიანის კინოფესტივალზე ფილმის პრემიერის დღეს გავემგზავრეთ და "ზღაპარში" აღმოვჩნდით: უამრავი ხალხი ოვაციებით შეგვხვდა - ცოტა არ იყოს, დავიბენი... ფესტივალის გახსნაზე ბრედ პიტი და "ვიღაც-ვიღაცები" იყვნენ (იცინის). პრემიერამდე პრესკონფერენცია გავმართეთ.
- ქართული ფილმის ნახვის შემდეგ, უცხოელებს რა კითხვები გაუჩნდათ?- იცი, ყველაზე სასიამოვნო რა იყო? ალბათ, ფილმი ისე გადავიღეთ, რომ უცხოელებმა საქართველოს "დანახვა" შეძლეს, მართალია - ცოტა მუქ ფერებში (ესპანელებს გამძაფრებული ხედვა აქვთ!), მაგრამ ეს ფაქტი კი არ გვაკნინებს; პირიქით მაყურებელი თანაგვიგრძნობს. მიხარია, რომ მან ყველაფერი ისე გაიგო, როგორც რეჟისორს სურდა. სადებიუტო ფილმებს შორის, ჩვენმა ნამუშევარმა მეორე ადგილი დაიკავა - ეს დიდი მიღწევაა!
- ესპანელ რეჟისორს საქართველოს რეალობის ზუსტად აღქმა არ გაუჭირდა?- არა, ქართველებსა და ესპანელებს ბევრი საერთო გვაქვს: იუმორის გრძნობა, გულღიაობა, სტუმრის, ოჯახის პატივისცემა, სამზარეულო... ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ეს ყველამ იცის, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ესპანელები უფრო ყურადღებიანი ხალხია, ვიდრე - ქართველები, სამწუხაროდ. პრემიერაზე ჩასულებს ყოველდღე მადლობას გვიხდიდნენ - უკვე უხერხულობასაც კი ვგრძნობდით.
- როგორც ვიცი, მსახიობების გარდა, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ესპანელებით იყო დაკომპლექტებული. საინტერესოა, ფილმის გადაღების დროს რა ენაზე ლაპარაკობდით?- მართალია, ენის ბარიერი არსებობდა, მაგრამ ეტყობა, შემოქმედებითი პროცესისთვის ენა ნაკლებადაა საჭირო მაშინ, როცა ემოცია ჭარბობს და ადამიანები ერთმანეთს სულიერად ვუგებთ. მუშაობის პროცესში ძალიან დავახლოვდით, დავძმაკაცდით. ჩვენ ესპანურს ვსწავლობდით, ისინი ქართულ ფრაზებს იმახსოვრებდნენ. ერთ-ერთ სცენაში მსახიობს უნდა ეთქვა, - ბომბის მექანიზმის ტიკტიკი მესმისო, მან კი "ტიკტიკის" ნაცვლად, სხვა სიტყვა თქვა. ესპანელმა სცენარისტმა მაშინვე შეაჩერა: სტოპ, სტოპ! შენ უნდა გეთქვა - "ტიკიტიკი" მესმისო (იცინის)! მას შემდეგ "ტიკიტიკი მესმის" ჩვენი საყვარელი ფრაზაა. პრემიერაზე რომ ვიყავით, ჩვენმა ესპანელმა მეგობრებმა კიდევ ბევრი ნიუანსი გაიხსენეს, ქართულ სიტყვებს იმეორებდნენ.
- თქვენს პერსონაჟზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ?- ჩემი გმირის ძმისშვილს გორში სახლს დაუბომბავენ. უსახლკაროდ დარჩენილი სტეფანწმინდაში - ბიძასთან გაემგზავრება. ფილმში მათი ამბავია მოთხრობილი. პარალელურად, მოქმედება თბილისშიც ვითარდება - "ტაქსისტისა" და ახალგაზრდა გოგონას ცხოვრებაა აღწერილი. "ორი" გვიამბობს იმაზე, თუ როგორ იმოქმედა საქართველოზე ომმა და კრიზისმა. თავდაპირველად, ეპიზოდური როლი უნდა შემესრულებინა, ისიც - სავარაუდოდ. საბოლოოდ კი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი განვასახიერე. გადაღებები მონასტერში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მონასტერმა უარი თქვა. ამიტომ სცენარი შეცვალეს და მეც სტეფანწმინდაში გამგზავრება მოულოდნელად მომიხდა - ძველ სცენარში ჩემი გმირი საერთოდ არ არსებობდა.
- სცენარს გადაღებების პარალელურად წერდნენ?- ძალიან საინტერესოდ - ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობდნენ. მეორე დღისთვის გადასაღებ სიუჟეტს წინადღეს თხზავდნენ. თავდაპირველად, ზედმიწევნით მიხსნიდნენ, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, მერე კი მათი ნდობა მოვიპოვე და მეტ თავისუფლებას მანიჭებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ციოდა და "ყაზარმულ რეჟიმში" ვიყავით, მათთან თანამშრომლობა ძალიან "გემრიელად" მახსენდება.
- მოდი, სან-სებასტიანის კინოფესტივალზე საუბარს დავუბრუნდეთ. ალბათ, იქ ბევრ ცნობილ ადამიანს შეხვდით...- პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ "ერთ სიბრტყეზე" ვიყავით მე და ჯეიმს ჯარმუში. რაც მთავარია, პრემიერაზე იმ მანქანით მიმიყვანეს, რომლითაც ბრედ პიტს ემსახურებიან ხოლმე - ჩემთვის ესეც დიდი პატივია (იცინის)!
- საინტერესოა, სან-სებასტიანის კინოფესტივალზე ბრედ პიტს რა მარკის ავტომობილით ემსახურებიან?- ტექნიკასა და მანქანის მარკებში ცუდად ვერკვევი. "მოსკვიჩი" არ იყო, ყოველ შემთხვევაში - საკმაოდ "ფეშენ" მანქანა იყო (იცინის)!
- სან-სებასტიანში რამდენ ხანს დარჩით?- იქ 4 საოცარი დღე გავატარე. თუ პრესკონფერენცია ან "ფართი" არ იყო, ქალაქში ვსეირნობდით. ვიდრე სასტუმროს ნომერში არ დავბრუნდებოდი, დაღლას ვერ ვგრძნობდი. სან-სებასტიანში საოცარი გარემოა. შეიძლება, რეჟისორი რომ ვარ, ამიტომ დავაფიქსირე, რომ იქ ძალიან ბევრი ველოსიპედისტი, სერფინგისტი და მორბენალია, ასევე ძალიან ბევრი - ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული. წარმოიდგინეთ, დაძაბუნებულის იერი ხეიბრებსაც კი არ ჰქონდათ!.. ფესტივალის დახურვაზეც უამრავი ხალხი მოვიდა - ავტოგრაფებს გვთხოვდა, ფოტოებს გვიღებდა... იქაურობა კმაყოფილმა დავტოვე. ესპანელებს სურვილი აქვთ, რომ კიდევ ვითანამშრომლოთ.
- "ორს" ქართველი მაყურებელი როდის იხილავს?- დეკემბერში, შეიძლება, იანვარშიც. საქართველოში ჩვენი ესპანელი მეგობრები ისევ ჩამოვლენ. აბა, მათ გარეშე პრემიერას რა აზრი ექნება!
- ბექა, ესპანელ რეჟისორთან თანამშრომლობამ რა მოგცათ - როგორც მსახიობსა და როგორც რეჟისორს?- ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ბევრ ცნობილ ქართველ რეჟისორთან მიმუშავია (მერაბ კოკოჩაშვილთან, რეზო ესაძესთან), მაგრამ ამ ესპანელმა ახალგაზრდებმა თავიანთი ენთუზიაზმით, პროფესიონალიზმით, მსახიობებთან ურთიერთობით, ადამიანობით კიდევ ერთხელ მასწავლეს ის, რაც მეგონა, რომ მანამდეც კარგად ვიცოდი - მსახიობის ოსტატობა! "სასწავლო კურსი" რეჟისურაშიც გავიარე. მოკლედ, მათთან მუშაობა ძალზე სასიამოვნო იყო!