Geronti
License to Drill
ჯგუფი: Members
წერილები: 24808
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05
|
#3029810 · 7 May 2006, 19:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
elpi
QUOTE | ჰო, ეს აუცილებლად წაიკითხეთ - ინტერვიუ გიორგი ანჩაბაძესთან: |
ტექსტს დავაგდებ, თორემ ხალხი ისე არ კითხულობს.
"ლიხნის მიმართვიდან" - 9 აპრილამდე შეცდომები, რომლებიც დღემდე არ შეგვიფასებია ლალი პაპასკირი
წლების შემდეგ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 9 აპრილის ტრაგედია კრემლის მიზანმიმართული თამაშის ნაწილი იყო. მაგრამ, მეორე მხრივ, ოფიციალური თბილისის თავგამოდებული მტკიცების მიუხედავად, ქართველებსა და აფხაზებში სიტუაცია მესამე მხარის ჩარევამდეც იყო დაძაბული. ამიტომაც, დღევანდელი გადასახედიდან, ყველაფრის მხოლოდ რუსეთისთვის დაბრალება ალბათ სიტუაციის გამარტივებული შეფასება იქნებოდა. თუმცა, ცხადია, მოსკოვის ლომის წილის უარყოფა ძნელია.
მავანთა ინტერესებისა თუ გარკვეულ გარემოებათა გამო ქართულ-აფხაზური ურთიერთობა დღემდე რუსული სცენარით მიმდინარეობს... როგორ ჩაისახა აფხაზური უკმაყოფილება, რომელიც მოსკოვის დიდი მხარდაჭერით მოგვიანებით შეირაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა; რატომ გაიგზავნა მოსკოვში "ლიხნის წერილი", სადაც აფხაზი ადრესატები მეურვეებს "აფხაზური თვალით დანახულ პრობლემებს" აცნობდნენ. ქართულ-აფხაზური უახლოესი წარსულის შესახებ "დღეს" პროფესორი გიორგი ანჩაბაძე ესაუბრა, რომელიც ცდილობდა, ამ ორი ხალხის წარმომადგენლებს შორის მომრიგებლის მისია შეესრულებინა.
- ბატონო გიორგი, "ლიხნის წერილამდე" როგორ ვითარდებოდა მოვლენები აფხაზეთში.
- 1989 წელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ღია ფაზის დასაწყისი იყო. ერთაშორისი ურთიერთობების დაძაბულობის ზრდა კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანდათანობით დაიწყო. ამ პროცესებში ძალიან ცუდი როლი ითამაშა აფხაზთა გაქართველების უხეშმა პოლიტიკამ (სასკოლო, საკადრო, დემოგრაფიული, პროპაგანდისტული და სხვ.), რომელსაც საქართველოს პარტიული ორგანოები კრემლის დასტურით თუ მითითებით 40-50-იანი წწ. დასაწყისში აწარმოებდნენ. 1953 წლის შემდეგ ეს პოლიტიკა შეწყდა, მაგრამ ჯინი ბოთლიდან უკვე ამოშვებული იყო.
- გამოდის, აფხაზები გარკვეულწილად შეზღუდულნი იყვნენ.
- დიახ, მაგრამ მალევე დაიწყო უკურეაქცია. 1956, 1967, 1978 წწ. აფხაზთა მასობრივი გამოსვლები სხვადასხვა მოთხოვნებით მიმდინარეობდა, რომელთა საერთო მიზანი XX ს-ის შუა ხანებში ჩამოყალიბებული ვითარების აფხაზური მხარის სასარგებლოდ შეცვლა იყო. ამ მხრივ აფხაზებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა, ეს არ აკმაყოფილებდათ. აფხაზთა ლიდერების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა ქართული მოსახლეობის ხვედრითი წილის განუხრელი ზრდა აფხაზეთში (1926 წ. 32,0%; 1959 წ. 39,1%; 1970 წ. 41,0%; 1979 წ. 43,9%; 1989 წ. 45,7%), მაშინ როცა აფხაზთა პროცენტული შემადგენლობა აფხაზეთის მოსახლეობაში ამავე პერიოდში 26,4-დან 17,8%-მდე შემცირდა. "პერესტროიკის" პერიოდში დაშვებულმა დემოკრატიულმა თავისუფლებებმა კი გარკვეული როლი ითამაშა.
- რას გულისხმობთ.
- იმგვარი მოთხოვნების გახმიანებას, რომელიც მანამდე საბჭოთა საზოგადოებისათვის "უცხო ხილი" იყო. ამან გამოიწვია ნაციონალური პროექტების რადიკალიზაცია მთელი საბჭოეთის მასშტაბით და სახალხო მოძრაობების ჩამოყალიბება, რომელნიც წინა წლებში მიჩუმათებულ პრობლემებს უკვე ღიად და საკმაოდ მწავედ აყენებდნენ. ამასთან, არავინ ფიქრობდა კორექტულობის ჩარჩოებზე. ყველაზე უფრო რადიკალური აზრები მეტ პოპულარობას უხვეჭავდნენ მათ ავტორებს. ეს მოვლენა არც საქართველოს აცდა. 1989 წლისთვის აქ ჩამოყალიბდა სამი ძირითადი ეროვნული მოძრაობა - ქართული, აფხაზური და ოსური. ეთნოპოლიტიკური წინააღმდეგობები, რომლებიც მანამდე ლატენტურ (ფარულ) მდგომარეობაში იმყოფებოდა, უკვე სააშკაროზე გამოვიდა. ამასთან, ქართული მოძრაობის საპირისპიროდ, რომელიც მკვეთრად ანტისაბჭოურ ხასიათს ატარებდა, აფხაზურ-ოსური ფრაზეოლოგია პროსაბჭოული ხასიათისა იყო.
- რისი ახსნაც, ალბათ, მოსკოვის მიზანმიმართულ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ...
- ცხადია, ეს იყო ტაქტიკური სვლა, რომლის მიზანი გახლდათ მოსკოვის მხარდაჭერის გარანტიის მიღება. ამ მხრივ აფხაზთა მხრიდან მნიშვნელოვანი აქტი იყო 1988 წლის შემოდგომაზე მოსკოვში ჩატარებული პარტიული კონფერენციის სახელზე კოლექტიური წერილის გაგზავნა, რომელსაც ხელს აწერდა აფხაზური ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი.
- წერილის შინაარსი თუ იყო ცნობილი.
- დიახ, წერილში საუბარი იყო "აფხაზური თვალით" დანახულ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე (წერილის ტექსტი მოგვიანებით გამოქვეყნდა გუდაუთის რაიონულ გაზეთში). ამ წერილმა, რომელსაც მაშინ "აფხაზური წერილი" შეარქვეს, ხოლო ეხლა შეცდომით "ლიხნის წერილსაც" უწოდებენ (აღრევაა 1989 წ. მარტის ლიხნის მიმართვასთან), კიდევ უფრო დაძაბა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები. ქართველთა მხრიდან რამე კარგად გააზრებულ საპასუხო ნაბიჯს ადგილი არ ჰქონია. მთავარი, რაც მოხერხდა, იყო აკადემიურ წრეებში შედგენილი ვრცელი პასუხი პო პოვოდუ ისკაჟენიჭ გრუზინო-აბხაზსკიხ ვზაიმოოტნოშენიღ (ოტვეტ ავტორამ "აბხაზსკოგო პიქსმა"). ის გაზეთ "ზარია ვოსტოკაში" გამოქვეყნდა 1989 წლის 28, 29 და 30 ივლისის ნომრებში, შემდეგ კი ცალკე წიგნად გამოიცა 1991 წ. მაგრამ შექმნილ ვითარებაში ეს პასუხი დაგვიანებული და სრულიად არაეფექტური იყო.
ქართველმა მეცნიერებმა აფხაზურ მხარეს შორეული ისტორიის თემებზე დაუწყეს დავა, მაშინ როცა საჭირო იყო აფხაზთა მოთხოვნების ყურადღებით შესწავლა, იმ საკითხების გამოყოფა, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ აფხაზთათვის საჭირბოროტო პრობლემებს და ვითარების ერთიანი ძალებით გამოსწორების შეთავაზება. ეროვნულმა მოძრაობამ აფხაზეთის თემა მიტინგებზე გამოიტანა. 1988 წლის ნოემბერში თბილისში იპოდრომზე ჩატარებულ დიდ მიტინგზე გაიჟღერა აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების მუქარამ, რაც სოხუმში ლამის მეორე დღესვე გახდა ცნობილი (ასეთი ოპერატიულობა შესაძლოა "სუკ"-ის დამსახურება იყო). იმავე წლის დეკემბერში (ზუსტი თარიღი არ მახსოვს) სოხუმში, სუბტროპიკული ინსტიტუტის ეზოში ჩატარდა მიტინგი, რომელსაც თბილისიდან ჩასული "არაფორმალებიც" ესწრებოდნენ.
- რომელსაც აფხაზებიც ესწრებოდნენ...
- ყყოველ შემთხვევაში, რამდენადაც მე ვიცი, ამ მიტინგს ანტიაფხაზური ელფერი არ ჰქონია, მაგრამ მიტინგი მიმდინარეობდა ქართულ ენაზე და მსმენელებიც ძირითადად ქართველები იყვნენ. არადა, იმ დროს აფხაზთაგან (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) ცოტამ თუ იცოდა ქართული. შემდეგ მე ვუთხარი მიტინგის ერთ-ერთ მონაწილეს, რატომ არ ილაპარაკეთ რუსულ ენაზე, რომელიც იქ ყველამ იცოდა. მან მიპასუხა, რომ ჩვენ და აფხაზებმა ერთმანეთში მხოლოდ ქართულად და აფხაზურად უნდა ვისაუბროთო. ჩემი აზრით კი, სანამ ქართველები აფხაზურს ისწავლიდნენ, ხოლო აფხაზები - ქართულს, საჭირო იყო ერთმანეთისთვის იმ ენაზე გვეთქვა სათქმელი, რომელიც ორივეს ესმოდა.
- ფაქტობრივად, ამ მიტინგს მოყვა აფხაზების გააქტიურება.
- პრინციპში, დაიკარგა ის დრო, როცა შედარებით ადვილად შეიძლებოდა ქართული და აფხაზური ინტერესების დამთხვევის მიღწევა. ამასობაში კი პროცესები ვითარდებოდა, როგორც მთლიანად სსრ კავშირში, ასევე საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიაში. 1989 წლის მარტში აფხაზურმა მოძრაობამ ეროვნული ყრილობა მოიწვია ლიხნის მინდორზე, სადაც X საუკუნის ქრისტიანული ტაძარი და აფხაზეთის მთავართა სასახლის ნანგრევებია. აფხაზები ისტორიულად აქ იწვევდნენ საერთო-სახალხო კრებებს. ამჯერად, აქ შეკრებილთ წარუდგინეს მოთხოვნის პროექტი: აღდგენილი ყოფილიყო აფხაზეთის, როგორც მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი, რომელიც მას 1931 წლამდე ჰქონდა.
- ბატონო გიორგი, აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება თუ ჰქონდა ვინმეს.
- იცით, ბევრი იქ მყოფი გრძნობდა, რომ ამ მოთხოვნის მიღება მკვეთრად დაძაბავდა ქართველებთან ურთიერთობას, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგების მოტანა შეეძლო, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რადიკალურმა აზრმა გაიმარჯვა. მოწინააღმდეგეებს ხმა არ ამოუღიათ, მათთვის სილაჩრე და არაპატრიოტობა რომ არ დაებრალებინათ. ამრიგად, 30.000 ადამიანის თანდასწრებით მიიღეს აფხაზეთის რესპუბლიკის აღდგენის მოთხოვნა, რაც ღიად ტოვებდა საკითხს, დარჩებოდა თუ არა მისი რეალიზაციის შემთხვევაში აფხაზეთი საქართველოს ფარგლებში.
ქართველებში ლიხნის ყრილობის ამბავი მეხივით გავარდა. არ ყოფილა განსჯა, რა იყო აფხაზთა ასეთი რადიკალიზმის მიზეზი; რა შეიძლებოდა შეგვეთავაზებინა მათთვის ისეთი, რომ პროცესი დიალოგსა და კომპრომისების ძებნაში გადაგვეყვანა; კომუნისტური რეჟიმი ხომ ინგრეოდა და საჭირო იყო მისი მავნე გადმონაშთების საერთო ძალით დაძლევა. ამასთან, ლიხნის მოთხოვნა არც ისეთი საშინელება იყო, როგორადაც მიიჩნიეს.
- ყოველ შემთხვევაში, ის საქართველოს ერთიანობას აშკარად ემუქრებოდა...
- კი, მაგრამ ამასთან ერთად, იგი წარმოადგენდა ისტორიულ მინდორზე გაკეთებულ დეკლარაციას, რომელსაც არავითარი იურიდიული ძალა არ ჰქონდა. დროისა და დიალოგის რეზერვი ჯერ კიდევ დიდი იყო. მაგრამ ქართულმა მხარემ დიალოგის შესაძლებლობა თავიდანვე გამორიცხა. საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ აფხაზთა არაკონსტიტუციურ სახალხო კრებას ვაკის პარკში ასეთივე სახის მიტინგი დაუპირისპირა. დაგეგმილი იყო მიტინგზე 1 მილიონამდე (.!) ადამიანის გამოყვანა. ალბათ იმიტომ, რომ "იქ" დაენახათ, ვის მხარეზე იყო ძალა. მანიფესტაციების სერია გამართა ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამაც. გარდა აფხაზეთში ჩატარებული მიტინგებისა, რომლებსაც თბილისიდან ჩასული ლიდერები მეთაურობდნენ, პერმანენტული მიტინგი და შიმშილობა დაიწყო რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სასახლის წინ.
ლოზუნგები ჯერ ანტიაფხაზური იყო, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლის მოთხოვნით. აქციების ორგანიზატორებმა მიიჩნიეს, რომ ბოროტების სათავე საბჭოთა კავშირია, საკმარისია, გავიდეთ მისი შემადგენლობიდან და აფხაზური პრობლემა თავისით მოგვარდება. განვლილმა პერიოდმა ნათლად აჩვენა, რომ ეს მოსაზრება ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო. ამის შემდეგ იყო 9 აპრილის ტრაგედია. თბილისში დაღვრილმა სისხლმა აფხაზეთში უფრო დაძაბა ვითარება.
- ქართველი ერის ტრაგედიამ აფხაზებს იმედი მისცა.
- დიახ, უკვე აფხაზებსაც გაუჩნდათ ილუზიები, რომ კრემლი ამის შემდეგ ყველაფერში მათ დაუჭერდა მხარს. დაპირისპირებულ მხარეთა შორის მცირდებოდა კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობა. ასეთ ვითარებაში ცეცხლზე ნავთს ასხამდა ქართული ინტელიგენციის ცალკეულ წარმომადგენელთა მკვეთრად ანტიაფხაზური, ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელი გამოსვლები პრესითა და ტელევიზიით, რაც ნებისმიერი აფხაზის აღშფოთებას იწვევდა, მიუხედავად მისი პოლიტიკური მრწამსისა.
- საქართველოს პირველი პრეზიდენტის გამოსვლებს გულისხმობთ.
- შეიძლება ითქვას, სიტუაცია სოხუმში თანდათანობით დიდი შეჯახებისაკენ მიდიოდა. კატალიზატორის როლი შეასრულა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სექტორის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაფიცვამ, რომელთა მოთხოვნა იყო ჯერ უნივერსიტეტის რექტორის გადაყენება, შემდეგ კი, როცა ამას ვერ მიაღწიეს, აფხაზეთის უნივერსიტეტიდან გამოყოფა და თბილისის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალად გადაკეთება. გაფიცულთა ამ ახალმა პოზიციამ აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. აფხაზებმა იცოდნენ, რომ ახალი ქართული უმაღლესის გახსნა ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართული მოსახლეობის შემდგომ ზრდას შეუწყობდა ხელს.
მაშინ სოხუმში ვიმყოფებოდი და მგონი ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც ქართულ მიტინგებსაც ესწრებოდა და აფხაზურსაც. იმ დროს კომუნისტურ ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ ჰქონდა რაღაც გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. დაპირისპირებული მხარეები მხარდაჭერას ზემდგომი ორგანოებისგან ელოდნენ. ქართველები ცენტრალური ხელისუფლებისგან, აფხაზები კი - ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან. მე გამაოცა, რომ საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის საოლქო კომიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც ჯერ კიდევ წარმოადგენდნენ ერთ პარტიასა და ხელისუფლებას, ხალხს განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიდნენ.
- რა კუთხით.
- საქართველოს მთავრობა ქართველებს პირდებოდა, რომ სოხუმში აუცილებლად გაიხსნებოდა თბილისის უნივერსიტეტის ფილიალი, აფხაზეთის პარტიული ხელმძღვანელობა კი აფხაზებს არწმუნებდა, სოხუმში ქართული ფილიალის გახსნა გამორიცხული იყო. ორივე მხარეს ეს სჯეროდა, მთავრობის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ და ამიტომ უფრო მტკიცედ იცავდნენ პოზიციებს. ბოლოს მოტყუებულნი აფხაზები აღმოჩნდნენ. 1989 წლის ზაფხულში სოხუმში დაფუძნდა ფილიალი, რამაც აფხაზთა უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. 15 ივლისს მათ დაარბიეს ფილიალის შენობა და მოკლეს სოხუმელი ქართველების ერთ-ერთი ლიდერი ვოვა ვეკუა. პირველ შეჯახებას ორი დღის განმავლობაში უფრო მასშტაბური შეტაკებები მოჰყყვა, რამაც საბოლოო ჯამში 14 ადამიანი იმსხვერპლა. მართალია, მალევე მოხერხდა მდგომარეობის ერთგვარი ნორმალიზაცია, მაგრამ ამ პირველმა სისხლმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქართულ-აფხაზურ ერთიერთობებს. ორივე მხარემ დაინახა, რომ პოლიტიკური კონფლიქტი ადვილად შეიძლება ომში გადაიზარდოს და ნებსით თუ უნებლიეთ, მოვლენების ასეთი განვითარებისთვის სამზადისი დაიწყო. ------------- ჰო. კიდევ ისა
QUOTE | P.S. ვინმემ თემის სათაური შეასწორეთ რა. |
შეასწორეთ რა.
|