ადამიანების სექსუალური ცხოვრების შესწავლა თანამედროვე მკვლევრებისთვის ერთ-ერთი აქტუალური მიმართულებაა. ასეთი კვლევების შედეგები მნიშვნელოვანი წყაროა ადამიანების ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და სოციალური ქცევის შესწავლისათვის. ისინი რიგით მკითხველებშიც პოპულარულია და მათ საერთაშორისო გამოცემები სისტემატურად აქვეყნებენ. უცნობია ვინ სწავლობს და საერთოდ სწავლობენ თუ არა ასეთ საკითხებს მეცნიერულად საქართველოში. ყოველ შემთხვევაში ქართულ გამოცემებს ამ ტიპის ადგილობრივ კვლევებზე ხელი არ მიუწვდებათ.
ამ ფონზე საინტერესო აღმოჩნდა, რომ მსგავსი თემმით საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1920-იან წლებში იყვნენ დაინტერესებულნი. 1927 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც „ტფილისის მუშა ახალგაზრდობის სქესობრივ ყოფა-ცხოვრებას“ აღწერს. ის 1926 წლის პერიოდს მოიცავს და იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ენით და პოლიტიკური სულისკვეთებით არის დაწერილი. კვლევის ავტორები ვ. ლორთქიფანიძე და ვ. ფანცხავა არიან. წიგნს, რომელიც 20 გვერდისაგან შედგება, ყდაზე წამძღვარებული აქვს ცნობილი ლოზუნგი: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“.
კვლევის მიზანია თბილისელი ახალგაზრდების შრომის პირობების, ყოფა-ცხოვრების და თანამედროვე (იმდროინდელი) თაობის სქესობრივი ცხოვრების შესწავლა. ამით მეცნიერები თბილისში ვენერიული დაავადებების გამოვლენის სიხშირეს ადგენენ. კვლევის დასაწყისში ავტორები აღნიშნავენ, რომ შედეგებში გასათვალისწინებელია ცდომილებაც, რადგან ყველა რესპონდენტი აუცილებლად სიმართლეს არ ლაპარაკობს.
კვლევა შეეხო 1049 მუშა-ახალგაზრდას (80,6%), ხოლო დანარჩენ ნაწილს წარმოადგენდნენ მოწაფეები, გლეხობა და საბჭოთა მოსამსახურეები. გამოკითხულთა უმრავლესობა კაცია (991), ხოლო ეროვნების მიხედვით რესპონდენტები ასე ნაწილდებიან: ქართველი - 336; სომეხი - 217; რუსი - 170; დანარჩენი ეროვნება - 65; გამოურკვეველი - 260; (გამოურკვეველთა კატეგორიაში უმრავლესობა საქართველოშია დაბადებული).
გამოკითხულ კაცებს შორის, მხოლოდ სამი რესპონდენტია 14 წლის, 157-მდე კი 15-17 წლისები. 18-19 წლის 383 ადამიანია, 20-24 წლის კი 448 კაცი.
გამოკითხულ ქალებს შორის, 15-17 წლის მხოლოდ 8 ადამიანია, 18-19 წლის 20 ქალი, 20-24 წლამდე კი 29.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა შორის 935 ადამიანი უცოლო ან გაუთხოვარია, ხოლო დაოჯახებული - 113.
მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ოჯახის ინსტიტუტის გადაფასება თანდათანობით ხდება, თუმცა ახალგაზრდობა დროს ფეხს ვერ უბამს და არ არიან გათვიცნობიერებულნი თავიანთი სქესობრივი ცხოვრების შესახებ“.
გამოკითხულთა 48%-მა ვერ გასცა პასუხი იმას, თუ როგორ უყურებს თანამედროვე ოჯახს ან როგორ აქვს წარმოდგენილი მომავალი ოჯახის სტრუქტურა. გამოკითხულთა მხოლოდ 0,5%-მა თქვა, რომ სქესობრივი ცხოვრებისთვის აუცილებელი არ არის ოჯახის შექმნა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული კაცების უმრავლესობა აცხადებს, რომ სქესობრივი ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩასაყენებლად და ასევე სხვადასხვა მიზეზების გამო, ოჯახის ყოლა აუცილებელია, ხოლო ქალებს შორის ეს აზრი ნაკლებადაა.
1049 გამოკითხულ ახალგაზრდას შორის, 361-მა თქვა, რომ მას სქესობრივი კავშირი ჰქონია, 688 ადამიანმა (კაცი - 650, ქალი - 38) კი განაცხადა, რომ - არა. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ისინი ვინც სქესობრივი ცხოვრება აღიარა, 18 წელზე ზემოთ არიან, თუმცა ხაზს უსვამენ იმასაც, რომ შესაძლოა მათი რიცხვი უფრო მეტიც იყოს და ახალგაზრდებმა "უბრალოდ სიმართლე არ გვითხრეს".
მკვლევარებს ისიც აინტერესებდათ გამოკითხულ ახალგაზრდებს შორის რამდენი იყო დაკავებული ონანიზმით და გერმანელი ექიმების ნაამბობი მოჰყავთ, რომლებსაც უთქვამთ, რომ „100-დან 99 კაცი ონანიზმით არის დაკავებული და ის ერთი, რომელიც „არა“-ს ამბობს, ტყუისო".
მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელ პასუხს არ მოელოდნენ, მკვლევრებმა რესპონდენტებს (ძირითადად კაცებს) ეს კითხვა მაინც დაუსვეს. გამოკითხულთა შორის 496 თქვა, რომ ონანიზმს არასდროს ეწეოდა; ნახევარზე მეტმა კი თქვა, რომ ეს მათი ავადმყოფობაა და სულ მცირე 1 წლის განმავლობაში მაინც საკუთარ თავს თავად აკმაყოფილებდნენ.
კვლევის დიდი ნაწილი ეთმობა ვენერიულ დაავადებებს, კერძოდ ათაშანგს (სიფილისი), რომლის შესახებაც საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია. მკვლევრები აღშნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ხშირი სანიტარიული შემოწმებები დაწესებულებებში და ასევე საგანმანათლებლო სახელმძღვანელოებში სქესობრივი აქტით გადამდები შესაძლო დაავადებების შესახებ ინფორმაციის დამატება.
გამოკითხული ახალგაზრდებიდან, სამედიცინო შემოწმების შემდეგ 980 ადამიანი დაავადებული არ აღმოჩნდა, ხოლო დანარჩენებს, მათ ვინც აღიარა, რომ სქესობრივი კავშირი ჰქონიათ, სხვადასხვა სახის ვენერიული დაავადება აღმოაჩნდათ.
https://imedinews.ge/ge/tabloidi/67127/ra-t...ovrebas-agtsersაბა შევუდგეთ განხილვას