JustAMinute
un poco en broma
ჯგუფი: Members
წერილები: 2723
წევრი No.: 3350
რეგისტრ.: 31-October 03
|
#1026571 · 14 Feb 2005, 03:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
…და ალექსანდრო
- ეს ყველაფერი კარგი,-თქვა მაღალმა,-მაგრამ საღამომდე რა ვქნათ? დათრობა არ იქნება. - რატომ? - რატომ და, ისეთი სანახაობა გველის. - მერე, პატარა რომ დავურტყათ, რა იქნება? - არ შეიძლება,-თითი აიშვირა მაღალმა,-არაფერი არ უნდა გამოგვეპაროს. - ბოდიში, რა სანახაობაა?-იკითხა დომენიკომ.- შადრევანთან იდგა და ტულიოს უცდიდა. - არ იცი? მთელი ქალაქი ემზადება-ალექსანდრო გამოდის საჯაროდ. - რატომ გამოდის…. . . - სათაური აქვს. . . - რა სათაურია. . . - `ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობებისათვის!~ - აუფ!-სახე გაუბრწყინდა დაბალს,-მართლა არ შეიძლება დათრობა. - აბა რა. . . მაგრამ მანამდე რა ვქნათ? - კაცო,-არ იშლიდა დაბალი,-პატარა დაგვერტყა, თითო შუშა, რა იქნებოდა?
საუბრის დაწყებას ხუთიოდე წუთი აკლდა. ნორჩ ჯანჯაკამოს უფრო დაბრაწოდა ლოყები. რადგან რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაჰყვიროდა:-მხოლოდ ორი გროშიი! საუბარს ამაღელვებელ თემაზე-` ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობისათვის”-წაიკითხავს სენიორ ალექსანდრო. შეკითხვის დასმა შეუძლია ყველას, პასუხობს-მხოლოდ სენიორ ალექსანდრო!- ვიწრო, მაღალ შესასვლელში არტურო იდგა და საუბარზე დასწრების მსურველთ ორ-ორ გროშს ართმევდა. დომენიკოს გაუღიმა და უთხრა: `მოდი, მოდი, შენ უფასოდ. . . ~ მაგრამ დომენიკოს ტულიოსთვის ხურდა არ ჰქონდა, ტულიოს კი არტურომ უეცრად გაუხეშებული სახით გამოართვა ორი გროში.
გრძელი, დიდი ოთახი თითქმის სავსე იყო, არტურო დროდადრო დაფარული კმაყოფილებით თვალს შეავლებდა დარბაზს. - გასასვლელთან დავსხდეთ,-უთხრა ტულიომ,-რახან არ დაიშალე, იმიტომ შემოგყევი, თორემ. . . - რატომ? - რა ვიცი. . .მაგის საუბრებს ხანდახან ჩხუბი მოჰყვება, იცოდე, ჩხუბი თუ ატყდა, მაშინვე გავიდეთ, კარგი? - კარგი. მთელი დარბაზი შეივსო, ზოგიერთები ფეხზე იდგნენ. ახლა უკვე თითო გროშად უშვებდა ხალხს არტურო. აქა-იქ ქალებიც ჩანდნენ და ბიჭბუჭობასთან ერთად რამდენიმე დარბაისელი მოქალაქე მოსულიყო. ვიღაც ყმაწვილი წამოხტა, ხელი ხელს შემოჰკრა და ყურადღება რომ მიაქციეს, თქვა: - მოდით, ნუ გავაწყვეტინებთ ხოლმე. . . თავისით გაგიჟდება. - სწორია, სწორი. . . –მოეწონა ხალხს. ვიღაც მთვრალი წამდაუწუმ იძახდა: - სად არის, სადა, აღარ იწყებს? Mმაგის. . . - ძალიან სულელური შეკითხვები არ მისცეთ, თორემ მიხვდება. . . აი, ისეთი რამეები ჰკითხეთ, რომ დაიბნეს. . . - მაგას რა დააბნევს. . . - დარდი ნუ გაქვს, დაიბნევა. . . - მაინც რა უნდა ჰკითხო ეგეთი. . . - ეგ მე ვიცი. კაცო, სუზანას ფეხი მოუტეხია. - მართლა? - კი. აბა ალექსანდროს კი არ დაემართება რამე. . . - ეჰ,-ჩაიცინა მაღალმა,-ამაზე მეტი რა უნდა დაემართოს. . . - ეგ კი, ეგ კი. . . წინა რიგში ვიღაცამ შუბლზე იტკიცა ხელი: - აუჰ! Dდღეს ხუთშაბათია, არა? - ხუთშაბათია. - უჰ! - რა იყო? - არა, არაფერი. და უცებ ფარდა გაიხსნა და სცენაზე გაბედული, თამამი ნაბიჯით შემოვიდა თვით ალექსანდრო. ატყდა ტაში, შეძახილები, აქა-იქ ღონივრად დაუსტვინეს, ალექსანდრო ავანსცენაზე დადგა, ხალხს ხელისგული აჩვენა და ყველა ეშმაკურად გაინაბა. ალექსანდროს ეტყობოდა, ლაპარაკის დაწყება რომ უჭირდა, მაგრამ ხალხს რომ მოავლო თვალი, ყველა იცნო და რიხიანად თქვა: - გამარჯობათ, ადამიანებო! - ოო, ალექსანდროს გაუმარჯოს,-ატყდა მხიარული შეძახილები,-როგორა ხარ. ხომ კარგად, როგორ ბრძანდებით, ალექსანდრო ბიძია. . . ახალს რას გვეტყვი! - ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობისათვის! - მიდი, მიდი! დასცხე შენებურად! - სიჩუმეს ვითხოვ და ყურადღებას,-ისევ ხელისგული აჩვენა ხალხს ალექსანდრომ, პირველ რიგში ვიღაცამ ვერ მოითმინა, წამოდგა, ალექსანდროს ხელისგულზე დააკვირდა და უმკითხავა: - ამ ერთ თვეში დაბრმავდები. - აბა, რა მომივა თქვენს შემხედვარეს?!-ხელები გაშალა ალექსანდრომ და ჩაიცინა,-კმარა, დავიწყოთ, თქვენ ბოროტად იხუმრეთ, მე კეთილად, ახლა კი გვეყოფა, ვიწყებთ! ჩაფიქრებულმა გაიარ-გამოიარა. - სიმართლე რომ გითხრათ,-ასე დაიწყო ალესანდრომ, -ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ მელაპარაკა თქვენთან-ზოგადად, დაწვრილებით, უბრალოდ, მაღალფარდოვნად თუ როგორ. . . და მაინც მგონია, რომ შინაურული საუბარი აჯობებს- რაც არ უნდა იყოს, ერთმანეთს მშვენივრად ვიცნობთ! - მიდი, მიდი!-შეუძახა მთვრალმა. - ჩვენ, ადამიანები,-დაიწყო ალექსანდრომ, -თუმცა კი ვითომ კარგადა ვართ ერთმანეთთან, მაგრამ სრუუულიად ადვილი შესაძლებელია უფრო უკეთესად ვიყოთ. - სწორია!-დაიღრიალა მთვრალმა და მისკენ უნებურად შეტრიალებულ, შემკრთალ ქალს თვალი ჩაუკრა. - ადამიანთა ურთიერთობა უკეთესობისაკენ მიდის,-დამაჯერებლად განაგრძო ალექსანდრომ,-ჩვენი უძველესი წინაპრები თურმე ერთმანეთს ჭამდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ახლა კი, ამდაგვარი შემთხვევბი აღმოიფხვრა. ხოლო ეს,-კარგია. - ვაშაა!!-დასჭექა კუმეომ. - ადამიანის გზა, -ჩუმად თქვა ალექსანდრომ, -ეს უნდა იყოს გზა უკეთესობისაკენ. ხოლო მე გეკითხებით,-ხალხისკენ გაიშვირა ხელები,-რა მიგვიყვანს უკეთესობისკენ? - ჭეშმარიტება!-წამოიძახა ვიღაცამ და სიცილით კინაღამ გაიგუდა. - უფრო ზუსტად!- მოითხოვა ალექსანდრომ. - საპონი!-იოხუნჯა ვიღაცამ. - პირველი ასო სწორია!-გაეხარდა ალექსანდროს. - ს?. . . სკამი! - არა!- თქვა ეშხში შესულმა ალექსანდრომ და უცებ ძალიან გაუკვირდა,-რა შუაშია სკამი? - სათნოება? - უფრო ზუსტად!-იმედი მიეცა ალექსანდროს. - რაინდული კეთილშობილება!!! - სად არის მანდ ს? - აბა რა, რა, ალექსანდრო? - რა და. . . –ალექსანდროს რაღაც რბილმა და ნაზმა დაუარა სხეულში, ისე უცნაურად მოეშვა, ისე ჩამოყარა მხრები; თვალები კი ზემოთ, დარბაზის ჭერისაკენ აღაპყრო, ცალი ხელი ნელა, ნელა ასწია მაღლა და თქვა: - სიყვარული. . . დიდი მხიარულება ატყდა: - ოო, ო, შეყვარებული ყოფილა! მთვრალი წამოხტა, შუბლზე მიიდო თითი და ატინგიცდა: - სიყვარული რას არ შვრება, რას არ შვრება, რას არ შვრება!.. - არა, ყმაწვილო, ეს მხოლოდ ის სიყვარული არაა, შენ რომ გულისხმობ,- ნაღვლიანად შეაცქერდა ალექსანდრო, - მე უფრო დიდ, უფრო კარგ სიყვარულზე მოგახსენებთ. - რა იცი შენ სიყვარული რაა!- გაბრაზდა უცებ ვიღაც დარბაისელი კაცი,-ცოლი შენ არ გყავს და შვილი! - შენ თუ ცოლი გყავს და ნამდვილი სიყვარული იცი, იმიტომაც არ დაძვრები როზალიასთან!-არანაკლებ გაბრაზდა ალექსანდრო. კაცი გაშრა. ყველამ მისკენ მიიხედა, აჭარხლებული კაცი ერთხანს თითქოს სკამში ჩაიმალა, მაგრამ მერე წამოხტა და ალექსანდროს ფერდაკარგულმა დაუღრიალა: -შტერი ხარ, შტერი, ყეყეჩი. . . რა უნდა გელაპარაკო!!! - აი, სიძულვილი, -უთხრა ხალხს ალექსანდრომ,-განა ეს კარგია? - მოვკლავ, მაგ. . . მაგ. . . –სიტყვა გაუწყდა კაცს,- მაგ ღორს, მაგ ვირზე უარესს, მაგას! - იცი, ჯულიო, ახლა რას გეტყვი?- ღიმილით ჰკითხა ალექსანდრომ. ეს სწორედ ის ჯულიო იყო, დარბაისელი, მამიდა არიადნას სიყრმის მეგობარი. - რას მეტყვი! მითხარი, აბა, აბა, გაბედე რამე, მითხარი, აბა! - მე შენ მიყვარხარ, ჯულიო. . . - გადი აქედან, შენ და შენი სიყვარული, შე ძროხა, შე. . . –შეათვალიერა ჯულიომ,- შე მჭლე ძროხა, შენ! - როგორ მიყვარხარ რომ იცოდე! გაცოფებულმა ჯულიომ სხვა რომ ვერაფერი მოიხელთა, ფეხსაცმელი გაიძრო და ესროლა, მაგრამ ააცდინა. ალექსანდრო დაიხარა, თავისი ცხვირსახოცით გაწმინდა ფეხსაცმელი და პირველ რიგში მჯდარ ახალგაზრდას გაუწოდა: - აი, ესაა ნამდვილი სიყვარული, მიუტანე, გეთაყვა. . . - მაგას როგორ ჩავიცვამ, მაგის ხელში გამოვლილს, მაგ მუდრეგის ხელში, მაგ. . . - აი, ეგაა სიძულვილი, -ჯულიოსაკენ გაიშვირა ხელი ალექსანდრომ, მერე კი მკერდზე ჩამოისვა, -ხოლო ეს – სიყვარულია, ა, რომელი სჯობს? მაინც მიყვარხარ, ჯულიო... - ამდენი ხალხი იმიტომ მოვედით, თქვენს არშიყობას რომ ვუყუროთ?- წამოიძახა ვიღაცამ და მთელი დარბაზი ახორხოცდა. ჯულიოსაც ჩაეცინა. ხელი ჩაიქნია, თქვა: `ეჰ, რა ველაპარაკო, შტერია. . . ~ და დაჯდა. - რაც გინდა ვიყო,- დანაღვლიანდა ალექსანდრო,- გინდა შტერი, გინდა პირიქით, მე თქვენ მიყვარხართ. . . მე გული მტკივა, თქვენ რომ შეგცქერით, ოო, ისე მწყინს თქვენი ყოველი უმსგავსობა. მაგრამ მაინც მიყვარხართ, ეჰ, რა კააარგი, რა შესანიშნავი გრძნობაა, რომ იცოდეთ. . . მეც თქვენსავით ვიყავი ერთხანს, მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა. და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე- აბა, თუ მიხვდებით, რომელი? - ყაყაჩო! - არა,- ჩქარა ჭკნება. . . - ენძელა! - ნაზია ძალზე. . . - გეორგინი! - გაფოფრილია. . . - ვარდი!! - შაბლონურია. . . - აბა რა?! - და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე,- განაგრძო ალექსანდრომ, -სიყვარულის კაკტუსი- ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ. ახლაც, მჩხვლეტს. . . - ყურადღებას ნუ მიაქცევ, ალექსანდრო! - როგორ არ მივაქციო.-გაიკვირვა ალექსანდრომ,-მჩხვლეტს. . . - არ დაიჯერო ეგ! - და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ, როოოგორ- ვერ წარმოიდგენთ. . . –და უცებ შეიცვალა,- ამეებს რომ ვიძახი, არ გეგონოთ, თითქოს მომწონდეთ, აჰ, არა, არა, მშვენივრად ვიცი, რაცა ხართ, რასაც წარმოადგენთ, მაგრამ მაინც. . . აი, აქ, ამ დარბაზში, მეხუთე რიგის, -და გადათვალა- ორი, ოთხი, ექვსი- მეცხრე სკამზე რომ ზის, ყველამ ვიცით, რა კაციცაა, მაგრამ მე მაინც მიყვარს იგი. . . - ის კაცი გაიტრუნა და არ იცოდა, რაიმე ეთქვა თუ გაჩუმება სჯობდა. უკანა რიგებიდან წამოდგნენ, იმ რიგსა და სკამს ეძებდნენ, მაგრამ ალექსანდრომ ახლა სხვაგან გადაუტანა ყველას მზერა: - აიი, ხალხო, შეხედეთ, შეხეთ, აქ ერთად მოვიდა ორი კაცი. ორი ჭაბუკი-ვინსენტე და ანტონიო. დასამალავი არაფერია- ამ ორ ადამიანს ადრე ერთმანეთი ძალიან სძულდა. ვინსენტე დარწმუნებული იყო, რომ გაცილებით მაღლა იდგა ანტონიოზე, ანტონიო კი ვინსენტეს ქედმაღლობის გამო ვერ იტანდა. მოკლედ, ისე იყვნენ ერთმანეთთან, როგორც ცუდი ძაღლი და ცუდი კატა, მაგრამ ცხოვრებაში, -უცებ გაუხარდა ალექსანდროს.- რა არ ხდება და ახლა, ხომ ხედავთ, განუყრელნი შეიქმნენ- ვინსენტეს ანტონიოს და- მშვენიერი ჯულია შეუყვარდა და ცოლადაც შეირთო. ამრიგად, ისინი დანათესავდნენ, ვინსენტე შეიცვალა ანტონიოს მიმართ, უუუფრო თავაზიანი და მეგობრული გახდა, ბუნებით მოყვარული ანტონიო კი სულ დადნა მის ასეთ საქციელზე და ყველანი მოწმეები ვართ, რა მშვენივრად არიან ახლა ისინი, როგორ დაახლოვდნენ, ერთად სვამენ, ქეიფობენ, ქაღალდს მხოლოდ გასართობად თამაშობენ, გროშებზე კი არა. . . აი, რა შეუძლია უნებურ, მისჯილ ახლობლობასა და სიყვარულს, თუმცა ეს უნებური სიყვარული ვერ მივა, ვერა, საყოველთაო, გაბატონებულ სიყვარულთან, ვერ მივა, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, და მათ ერთმანეთს გაუღვივეს ყოველივე კარგი თვისება, სულ დათმობაზე მიდიან. . . –და ალექსანდრო ისევ შეიცვალა- ეს ყველაფერი, დავუშვათ, ძლიერ კარგია, მაგრამ ახლა მე გეკითხებით- ამ ჩვენს ვინსენტეს თავისი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად რომ არ ამოერჩია მშვენიერი ჯულია, ახლაც ხომ ისევ ძაღლი-კატასავით იქნებოდნენ? ხომ ვარ სწორი, ვინსენტე? - კბილებს ამოგამტვრევ. . . - დაწყნარდი, ვინსენტე, დაწყნარდი, ხომ იცი,-გიჟია,-დაამშვიდა ანტონიომ. - კბილებზე გამახსენდა,- გაახსენდა ალექსანდროს,- ნუ სჭამთ ერთმანეთს, ნუ, იყავით ისე, როგორც ახლა ეს ორი კაცია ერთმანეთის მიმართ. Gგუგულებივით. . . ხომ ხედავთ, როგორი სიყვარულით შეჰყურებს სათნო ანტონიო გულფიცხ ვინსენტეს? აი, მშვენიერი სანახაობა იქნებოდა, ვინსენტეც რომ ალერსით შესცქეროდეს კეთილ ანტონიოს, იგი კი ამის ნაცვლად მე მიბღვერს, მე კი-იგი მიყვარს, ისევე, როგორც ყოველი თქვენგანი. ნუ იჩხუბებთ, ნუ, ერთმა ბრძენმა თქვა, როცა ორი კაცი ჩხუბობს, ორივე დამნაშავეაო. ეს ჭეშმარიტებაა, ძვირფასებო, და ხანდახან უნდა აპატიოთ ხოლმე ერთმანეთს დანაშაული. თქვენ კი მაშინვე მუშტიკრივზე გადადიხართ, განა ეს კარგია? მოდით, დამპირდით, რომ აპატიებთ ერთმანეთს, ხომ აღმითქვამთ, ადამიანებო? - აღგითქვამთ, აღგითქვამთ,-იცინოდა ხალხი. - აჰაა, იცინით?-დაფიქრდა ალექსანდრო, და უცებ ვიღაცას მიაბჯინა თითი: - აი, შენ, მიქელე, შენც ხომ აღმითქვამ? - აბა, რა,- გაიკრიჭა ახოვანი ჯეელი. - შემომფიცე. - სულითა და გულით გეფიცები. - მე მჯერა შენი და ახლა ერთ პატარა საიდუმლოებას გაგიმჟღავნებ. ხომ აპატიებ დამნაშავეს? - კი, კი,- დაინტერესდა მიქელე,- ხომ შემოგფიცე. . . - კარგი, მიდი მაშინ ახლა კუმეოსთან და ხელი ჩამოართვი. - რატომ? - ჯერ ჩამოართვი ხელი და მერე გეტყვი. კუმეოს ფერმა გადაჰკრა და შეშინებული უყურებდა ახოვან მიქელეს, რომელმაც ხელი ჩამოართვა და ადგილზე დაბრუნდა,-აჰა, მითხარი. - რადგან შენ დიდსულოვნება გამოიჩინე, გეტყვი,- საზეიმოდ გამოაცხადა ალექსანდრომ, -ამ ორი დღის წინ, ქუჩაში მთვრალს რომ გეძინა, შენი ოქროს ძეწკვი სწორედ მაგ კოხტა კუმეომ ამოგაცალა. - რას მეუბნები, -უცნაურად გაიღიმა მიქელემ და კუმეოს გახედა,-ახლა, ხომ ვიქნები ჩემი ფიცის ერთგული, რომ მივიდე და ვაკოცო? - შენ ამით ამაღლდები, ძვირფასო ადამიანო, მიდი, მიდი, აკოცე. . . - არ მინდა, არა ნუ მაკოცებს!- შეშფოთდა კუმეო. - უნდა გემთხვიო საყვარელო. . . ხომაა კოცნის ღირსი?- ხალხს მიუბრუნდა მიქელე. - რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, აუცილებლად!- დაიძახა რამდენიმე ცნობისმოყვარემ. - არა, არა! – იყვირა ვინსენტემ (კუმეოს ბიძაშვილი იყო). - არა, არა და არა!-მიემხრო ანტონიო. - აკოცოს, აკოცოს!-ყვიროდა უმრავლესობა და მიქელე კუმეოსთან მივიდა, ყურებზე ხელისგულები ჯერ ისე ნაზად მიადო, ყველა განცვიფრდა- ეგონათ მართლა აკოცებდა, და რომ გაიკვირვეს, სწორედ მაშინ მიქელემ კუმეოს შიგ ცხვირ-პირში თავი სდრუზა. კუმეო რიგებს შუა ჩავარდა და მიქელემ ორი წიხლის მიყოლებაც მოასწრო, მესამეზეც არ იტყოდა უარს, მაგრამ ფიცხმა ვინსენტემ ვიღაც-ვიღაცეების თავ-მხარზე გადირბინა და ზემოდან დაახტა. ორივენი კუმეოს დაეცნენ, იმ სივიწროვეში ხელს ვერ გაარტყამდნენ ერთმანეთს, ამიტომ ვინსენტემ ლოყა ჩამოაფხაჭნა. - ფიცი, ფიცი,-იძახდა ალექსანდრო.- მიქელე, სადაა შენი ფიცი, მიქელე! ჯუზეპესაც სხვა რა უნდოდა- მოჩხუბრებთან მიიჭრა, პირველივეს დასწვდა, ასწია და ოთხი რიგის მიღმა ისროლა. ეს ვინსენტე იყო- ვიღაც ქალს შეენარცხა და სკამიანად ააყირავა, იმ ქალის გამწარებულმა ქმარმა კი ფართო ქამარი შეიხსნა და ვინსენტეს სახეზე გადაუჭირა. გაცოფებულმა ვინსენტემ სულ სხვა ადამიანს წიხლი ამოარტყა და იმ ადამიანს ანტონიოც ერთგულად მივარდა. ამ დროს ვიღაც ტანმომცრო ბიჭმა გზა გაიკვლია ჯუზეპესაკენ და ყბაში ისე კოხტად ამოჰკრა, გონდაკარგული ჯუზეპე იქვე ჩაიკეცა. ეს სასწაულს უდრიდა, მაგრამ ვის ეცალა გასაკვირვად- არეულობით მშვენივრად ისარგებლა როზალიას ქმრის ძმამ-დარბაისელ სენიორ ჯულიოს მიეპარა და უკნიდან მუშტი ხეთქა, მთვრალი ადამიანიც წამოდგა, მიმოიხედა, იქვე მდგარი კაცის ქუდი არ მოეწონა და თავში ჩააფარა. იმ კაცმა მეზობელს ყავარჯენი გამოსტაცა და მთვრალს მოუქნია, მაგრამ უცაბედად სხვას მოახვედრა, რომელმაც ჯერ გამწარებულმა დაიღრიალა, მერე კი ყბაში სილა სტკიცა. ქალები აკივლდნენ, შედარებით გონიერებმა გასასვლელს მიაშურეს, მთვრალმა ახლა სხვას ჩააფარა თავში. ` რატომ არ დავლიეთ დილით, რატომ არ დავურტყით პატარა~-იყვირა უცებ დაბალმა და მაღალს მუცელში ატაკა თავი. მაღალმა ცალი ხელი ქეჩოში ჩასჭიდა, მეორე ხელი კი მოუქნია და ლოყაში ხეთქა. მერე ისევ დაარტყა და ამ დროს ვიღაც გამწარებული დაეძგერა- ეს უკვე არტურო იყო,- `ვის ურტყამ, ვის ურტყამ, შე. . .~ ჩხუბის ეშხში შესულმა მაღალმა არტუროსაც გაულაწუნა და მაშინვე საშინელი ყვირილით-`მამი, მარჩენალო, მაამი!~- ნორჩი ჯანჯაკომო გამოქანდა. არეულობით ყველამ ისარგებლა და ვისაც ვისი ჯავრი ჰქონდა, ერთმანეთს დაერივნენ და დიდი, მასობრივი, გრანდიოზული ჩხუბი გაიმართა. - ადამიანებო!-სცენიდან ყვიროდა ალექსანდრო,- ნუთუ ასე იმოქმედა თქვენზე ჩემმა დამყვავებელმა საუბარმა, ადამიანებო! მერე ყველაფერი აირია, დიდი უცნაური ამბავი მოხდა-თითოეული მათგანი ყველა დანარჩენის წინააღმდეგ ჩხუბობდა. ვისზეც ხელი მიუწვდებოდათ, განურჩევლად ყველას სცემდნენ, ასე განსაჯეთ, დასისხლიანებულ ვინსენტეს თვით ანტონიო მოეგდო ფეხქვეშ და გამოზოგილი სიამოვნებით და გემოვნებით ურტყამდა. - რამ გაგაგიჟათ ადამიანებო, -ისევ ყვიროდა ალექსანდრო,-ბოლოსდაბოლოს, თქვენ ხომ გასართობად მოხვედით აქ, ადამიანებო!
--------------------
Using No Way As Way : )
|