» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ნდობა თუ ?
ვფიქრობდი და გამიჭირდა იქამდე მისვლა, საიდან არის გზის დასაწყისი და სად გაგრძელება, ან გვაქვს კი-იმის გარანტია, რომ ეს გზა, აუცილებლად სწორ ნიშნულამდე მიგვიყვანს? ყოველდღე ვუმკლავდებით ცხოვრების თავისებურებებს, ზოგჯერ აუტანელ მოწყენილობას, ზოგჯერ ზედმეტად ქაოტურ სოციალიზაციას, ზოგჯერ მეზობელი სახლიდან გამომავალი,რემონტის ხმას, ვმუშაობთ, ვსაუბრობთ, გვიყვარს, სექსი გვაქვს, გვენატრება. რამდენ რამეს გავდივართ ადამიანები, რამდენ გზას ვუმკლავდებით და ერთი რამ ვერ გამიგია, გვაქვს კი იმის გარანტია რომ ერთხელაც, სრულიად გულწრფელად შევძლებთ, ერთმანეთის ნდობას?
იქნებ საწყისიც და გაგრძელებაც, ჩვენი წარსულიდან მოდის, როცა შოკოლადს შეგვპირდნენ და არ გვიყიდეს, როცა მასწავლებელი უმაღლეს ქულას დაგპირდა და არ დაგიწერა, როცა ოთხი წლის სწავლის შედეგად, მაინც ვერაფერი ისწავლე, როცა ერთგულებას შეგპირდნენ და გიღალატეს? ღირს კი იმაზე ფიქრი, იქნებ არასწორი ადამიანი ავარჩიეთ, იქნებ სხვა შოკოლადის მოთხოვნა ღირდა ან იქნებ უფრო მეტი უნდა გვესწავლა საიმისოდ რომ უმაღლესი ქულა დაგვემსახურებინა? ვდარდობთ და განვიცდით ადამიანები უარყოფას. ვის შეუძლია მაგის ატანა, მაგრამ ცხოვრებას კი ვაგრძელებთ, ბზარგაჩენილები და გვეშინია რომ ამ გზაზე, კიდევ გადავეყრებით ისეთ ადამიანებს,რომლებიც ბზარებს დაგვიმატებენ და საბოლოოდ დაგვამსხვრევენ.
ალბათ ამიტომაა ასეთი რთული, ადამიანს ენდო.
სულ მშურდა და ვფიქრობდი ხოლმე, როგორ მივიდა ეს ადამიანი იმ კონდიციამდე რომ უბრალოდ თვალები დახუჭა და მიენდო. იქნებ უღირდა, იქნებ ეშინოდა, იქნებ არც ქონია საბაბი, იქნებ მისმა ცხოვრებამ ისე ჩაიარა რომ ყოველთვის ერგებოდა ქინდერებით სავსე პარკი და ადამიანების გულწრფელი სიყვარული?
ღმერთო, რას არ გავცემდი, ოღონდ ჩემთანაც მომხდარიყო ეგ.
გული გვტკივა და ვეჭვობთ, ვფიქრობთ, უკვე მანიაკალურ ფიქრებში ვიძირებით, ვიკარგებით, რომ საკმარისები არ ვართ, რომ ეს სამყარო სხვა ადამიანების უფროა და იქნებ ასეც არის?
ახლა სრულიად გამოფიტული, ამ ეკრანს მივჩერებივარ და საკუთარი თავმოყვარეობის შეკოწიწებას ვცდილობ. ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ბევრად უფრო მარტივია როცა თვლი, They always fail. მერე უფრო მარტივიაო, მერე უფრო აღარ გიკვირს, აღარც გწამს და აღარც გეშინია. ნეტავ თუ არის ეს გამოსავალი და თუ მოაქვს ამ განწყობას, სიმშვიდე. ვერ ვიტყოდი.მაგრამ თუ ყველაფერი აქამდე დავიდა, მაშინ რაღა გვრჩება ჩვენ? გაქვავებული სული და უპრობლემო აწმყო? ვის უნდა ეგ?
სხვა გზა რა გვრჩება. დავიძინოთ იმ იმედით რომ ხვალ, უკეთესი დღე გათენდება...
,,სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ. ჯერ ნეპალში უნდა წავიდე და საკუთარი თავი ვიპოვო"
,,ამ დიდ სამყაროში ყოველთვის დაელოდები ვინმეს და ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც შენთან იქნება, დაიკეტება კარი, გაიღება ფანჯარა, ამ მცირე დროში სანამ ამ ფანჯრიდან შემოვა სხივი, ეცადე არ მოკვდე"