Makulatura
________
ჯგუფი: Moderators
წერილები: 76118
წევრი No.: 9597
რეგისტრ.: 20-March 05
|
#30498950 · 1 Apr 2012, 03:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაფრენილ დრო-ჟამს ვედევნები კვლავ გაურჩებით, მაგრამ დახშულა რწმენის წყარო, ჭაც დაგმანულა, გასრულდა, სულო, უთავბოლო წლების მარულა, ჩამოჭკნა ჩვენი სიყვარულის ბოლო ფურცელი.
მაგრამ ნუ დარდობ, ოცნებაო, ისევ ისა ვართ და გულუბრყვილო სურვილების დასაისრავად ისევ ვდაობთ და საწუთროსთან ვწარამარაობთ.
ცხოვრების ხე კი სიჩუმეში ფეთქავს ოდნავად და ნაზამთრალი ღეროების შესაფოთლავად უხმობს გარდასულ სიჭაბუკეს, მაგრამ ამაოდ…
...
“მიქელანჯელოს გამოჩენა იტალიურ ხელოვნებაში შეიძლება შევადაროთ მძლავრ, სიცოცხლის მომტან და, ამავე დროს, გამანადგურებელ მთის ნიაღვარს, რომელიც იპყრობს და იმორჩილებს ყველაფერს თავის გზაზე.” (რომენ როლანი.) მოქანდაკე, ხუროთმოძღვარი, მხატვარი და პოეტი მიქელანჯელო ბუონაროტი დაიბადა 1475 წლის 6 მარტს, ფლორენციაში. ეს იყო კაზანტენის პირქუში მხარე სუფთა ჰაერით. მიქელანჯელო ხშირად იტყოდა ხოლმე: თუკი რამ არის ჩემში კარგი და კეთილი, არეცოს წმინდა ჰაერისაგან მაქვსო მომადლებული. მამამისი შფოთიანი, მძვინვარე და “ღვთის მოშიში” კაცი იყო. დედა ექვსი წლისას გარდაეცვალა. მამამ მეორე ცოლი შეირთო. ოთხი ძმა ჰყავდა: ლიონარდო, ბუონაროტო, ჯოვანი სიმონე და სიგიზმონდო. უფროსი ძმა, ლიონარდო, ბერად შედგა, ამიტომ ოჯახის უფროსი მიქელანჯელო გახდა. პატარა მიქელანჯელო აღსაზრდელად ქვის მთლელის ცოლს მიაბარეს. მოგვიანებით ხუმრობდა ხოლმე: ქანდაკების სიყვარული ამ ქალის რძესთან ერთად შევითვისეო. სკოლაში ხატვის მეტს არაფერს აკეთებდა. მამა და ბიძა მხატვრებს ვერ იტანდნენ და ამის გამო სასტიკად სცემდნენ ხოლმე მას. მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცამეტი წლისა ფლორენციის ყველაზე დიდ მხატვარს, დომენიკო გირლანდაიოსს მიებარა შეგირდად, მაგრამ ხატვა მალე მოიძულა და წლის ბოლოს თავი დაანება კიდეც მასწავლებელს. მალე ქანდაკების კლასში გადავიდა, რომელიც ლორენცო მედიჩის წმ. მარკოზის მონასტრის ეზოში ჰქონდა გამართული. ანტიკურმა ხელოვნებამ ძალიან გაიტაცა და ბერძენ მოქანდაკედ აქცია იგი. ამ დროს გამოაქანდაკა მან “კენტავრების და ლაფიტების ომი”, “მომცინარე ფავნის ნიღაბი” და “მადონა კიბეზე” _ ბუონაროტოს სახლის ბარელიეფი. ბავშობაში დაიწყო ფრესკის შესწავლაც. ამ ხელობის შესასწავლად კარმინის ეკლესიაში დადიოდა. თავისზე ნაკლებად განსწავლულ ამხანაგებს ხშირად დასცინოდა ხოლმე. ამის გამო ერთმა მოსწავლემ მუშტი ისე მაგრად ჩაარტყა ცხვირში, რომ სამუდამო დაღი დაასვა. 1490 წელს ბერმა სავონაროლამ დაიწყო წინასწარმეტყველება აპოკალიფსის თემაზე. ფლორენცია შეძრწუნებული და შეშინებული იყო. ამ დროს მიქელანჯელოს თხუთმეტი წელი შეუსრულდა. ლორენცო მედიჩისთან მუშაობდა. როდესაც ლორენცო გარდაიცვალა, 1492 წელს მიქელანჯელო კვლავ მამასთან გადავიდა საცხოვრებლად. შემდეგ მედიჩის მემკვიდრემ, პიეტრომ, ის კვლავ თავის სამსახურში ჩააყენა. იმხანად გამოაქანდაკა მიქელანჯელომ მარმარილოსაგან უზარმაზარი “ჰერკულესი”, რომელიც XVII საუკუნეში უკვალოდ გაქრა. ამავე პერიოდში შექმნა ხის “ჯვარცმაც”. ამ დროს ის ისე გამწარებული სწავლობდა გვამებზე ანატომიას, რომ 1494 წელს ავადაც გახდა. ამავე წლის ოქტომბერში გაიქცა ის ფლორენციიდან. ფლორენციაში არყოფნის დროს მუშაობდა სან პეტრონიოს ძეგლზე და სან დომენიკოს სანაწილეს ანგელოზზე. ამ წელს გამოაქანდაკა მან ანტიკურ თემაზე “მძინარე კუპიდონი”. მიქელანჯელო უკან დაბრუნდა. ფლორენციაში სამ თვეს დარჩა და შემდეგ რომში გადავიდა. ამ პერიოდში ის, ძირითადად, წარმართულ ქანდაკებებს ქმნიდა: “მთვრალი ბახუსი”, “მომაკვდავი ადონისი”, “კუპიდონი”. 1498 წელს ის “პიეტას” აქანდაკებს. ეს ქანდაკება მას ფრანგმა კარდინალმა ჟან დებილიერმა შეუკვეთა. მიქელანჯელო ამ ძეგლზე 1501 წლამდე მუშაობდა. მარად ყმაწვილ ღვთისმშობელს მუხლებზე მკვდარი ქრისტე უსვენია. მაცხოვარი მძინარეს ჰგავს. “ქალღმერთის ნაკვთებს ოლიმპიური სიმკაცრე ახლავს და ენით უთქმელი ნაღველიც დაჰფენია. ამ ნაღველში განბანილან ლამაზი სხეულები.” (რომენ როლანი). “პიეტაში” წარმოჩინდა სიკვდილის სილამაზე, დიდებულება და უკვდავება. ოცდახუთი წლის მიქელანჯელო “პიეტას” შექმნამდე ნაკლებად ცნობილი ხელოვანი იყო, ამიტომ მან ქანდაკებაზე წარწერა გააკეთა: ”გამოაქანდაკა ფლორენციელმა მიქელანჯელო ბუონაროტიმ.” ეს ერთადერთია მისი ნამუშევრებიდან, რომელსაც მან თავად გაუკეთა წარწერა. “პიეტა” მოთავსებულია რომის წმინდა პეტრეს ტაძარში. მთელი ოჯახი მძიმე ტვირთად მას ეწვა მხრებზე. მამა და ძმები გამუდმებით ფულს სთხოვდნენ და მის ხარჯზე ცხოვრობდნენ. ავადმყოფობამაც დარია ხელი. გამუდმებით სტკიოდა თავი. “ყველა სამუშაო, რაც მაკისრია, თქვენი სიყვარულის გამო ვიტვირთე”, _ სწერდა მიქელანჯელო მამას. 1501 წელს ფლორენციაში დაბრუნდა და “დავითის” გამოქანდაკება დაიწყო. ლოდზე, რომლისგანაც “დავითი” გამოკვეთა, ორმოცი წლით ადრე მოქანდაკე აგუსტინო დი დუჩოს დაეწყო მუშაობა, მაგრამ ვერ დაესრულებინა. ამის შემდეგ არავის ჰყოფნიდა გამბედაობა ამ ლოდზე ემუშავა. მხოლოდ მიქელანჯელომ გაბედა მისი დამუშავება. გმირული ლეგენდა დავითზე აღაფრთოვანებდა მიქელანჯელოს და მის წინამორბედ ფლორენციელ მოქანდაკეებსაც. ის, ასევე, გამოაქანდაკეს დონატელომ (1409 წელს) და ვეროკიომ (1470 წელს). მათი ქანდაკებები გამარჯვებულ ყრმას წარმოადგენენ, მიქელანჯელოს “დავითი” კი გიგანტი ჭაბუკია, რომელიც ბრძოლისთვის ემზადება. ეს არის ახალგაზრდა კაცის შიშველი სხეული, რომელსაც მხარზე შურდული აქვს გადადებული. “დავითი” ვაჟკაცობისა და ძლიერების სიმბოლოა. “ესაა შმაგი ძალა მოსვენების ჟამს. კაეშანსა და მწუხარებას მოუცავს გმირი. მუზეუმის კედლებში სული ეხუთება. მას სუფთა ჰაერი, “მოედნის შუქი” სწყურია, როგორც იტყოდა ხოლმე მიქელანჯელო”, _ წერს რომენ როლანი. 1504 წლის 25 იანვარს მხატვართა კომისია Fფილიპინო ლიპის, ბოტიჩელის, პერუჯინოსა და Lლეონარდო და ვინჩის შემადგენლობით, იხილავდა საკითხს, თუ სად უნდა დადგმულიყო “დავითი”. მიქელანჯელოს თხოვნით ის სენიპრიის სასახლის წინ დადგეს. ღამით უბირი ხალხი მიაწყდა ქანდაკებას და ქვების სროლა აუტეხა. ფლორენციელ ხალხს არ მოსწონდა ქანდაკების სიშიშვლე და მტრულად ეკიდებოდა მას, მაგრამ “დავითის” დადგმა მაინც ფლორენციის ჭეშმარიტ ზეიმად გადაიქცა. ოცდაცხრა წლის მიქელანჯელო იმ დროის უდიდეს მოქანდაკედ აღიარეს. ვაზარი წერს: ”როცა მიქელანჯელომ საფარველი გადახადა თავის “დავითს”, ხელოვნების ამ სასწაულმა დაჩრდილა ყველა ქანდაკება _ თანამედროვე და ანტიკური, ბერძენთა და რომაელთა. მიქელანჯელომ ჭეშმარიტი სასწაულით გააცოცხლა ის, რაც მკვდრად ითვლებოდა.” დღესდღეობით “დავითი” ფლორენციის ხელოვნებათა აკადემიის შენობაში დგას. 1504 წელს ფლორენციის სენიორიამ ერთმანეთს წაჰკიდა Lლეონარდო და ვინჩი და მიქელანჯელო. ორივეს სენიორიის სასახლის სათათბირო დარბაზის მოხატვა დაევალა. “ეს არნახული ბრძოლა იყო რენესანსის ორ უდიდეს ძალას შორის”. 1504 წლის მაისში ლეონარდომ “ანგიერის ბრძოლის” ხატვა დაიწყო. 1504 წლის აგვისტოში მიქელანჯელომაც მიიღო შეკვეთა “კაშინის ბრძოლის” შესაქმნელად. ფლორენცია ორ ბანაკად გაიყო. ერთი ერთს ემხრობოდა, მეორე _ მეორეს, მაგრამ მოკლე ხანში ორივე ნაწარმოები უკვალოდ გაქრა, “დრომ გაათანაბრა ყოველივე”. ამავე პერიოდს განეკუთვნება მიქელანჯელოს ორი მრგვალი ბარელიეფი _ ”მადონა: და “ყრმა იესო”, “ბრუჯის მადონა” და წყლის საღებავებით შესრულებული “წმინდა ოჯახი”, რომელიც მიქელანჯელოს ნახატთაგან ყველაზე უფრო დახვეწილად და სრულყოფილად გვევლინება. ამ ნახატის პურიტანული სიმკაცრე და გმირული სული აშკარად ეწინააღმდეგება ლეონარდოს მეტისმეტად ნაზ ხელოვნებას. 1505 წელს პაპმა იულიუს II-მ რომში მიიწვია მიქელანჯელო. “ორივე მძვინვარე და დიდებული, პაპიცა და ხელოვანიც, შობილნი იყვნენ იმისთვის, რომ შეხმატკბილებით ემოქმედნათ, თუკი მათი სურვილები ერთიმეორეს შმაგი ძალით არ ეხლებოდა. გონება გიგანტური პროექტებით ჰქონდათ სავსე”. იულიუს II-ს სურდა თავისთვის ძველ რომაელთა საკადრისი საფლავის ძეგლი აეგო. მიქელანჯელო ამ იდეამ ძალიან გაიტაცა და გენიალური პროექტი შექმნა. პაპი აღაფრთოვანა მისმა პროექტმა. მიქელანჯელო თავად წავიდა კარარაში ქვების წამოსაღებად, სადაც რვა თვეზე მეტ ხანს დარჩა. 1505 წლის დეკემბერში ის რომს დაბრუნდა და მუშაობას შეუდგა. პაპი ხშირ-ხშირად აკითხავდა მას და ღვიძლ ძმასავით ესაუბრებოდა. მაგრამ მათი ასეთი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. პაპი მუდამ იცვლიდა აზრს და საფლავის პროექტებს გამუდმებით ცვლიდა. ამას, ხშირად, მიქელანჯელოს მტრებიც ჩააგონებდნენ. მიქელანჯელოს განსაკუთრებით პაპის არქიტექტორი, ბრამტე ურბინოელი მტრობდა, რომელიც რაფაელის მეგობარი იყო, ამიტომ, ლეონარდოსი არ იყოს, მიქელანჯელოს არც რაფაელთან ჰქონია კარგი ურთიერთობა. 1506 წელს პაპმა საერთოდ დაანება თავი საფლავზე ფიქრს და წმინდა პეტრეს ტაძრის რეპროდუქციაზე ზრუნვა დაიწყო. მიქელანჯელო შეურაცხყოფილი და ვალებში ჩაფლული დარჩა, რადგან ძეგლებზე მუშაობისას თვითონაც გაიღო დიდძალი თანხა. მან, თავის ხელოსნებთან ერთად, რომი დატოვა და ფლორენციისაკენ გასწია. პაპმა მაშინვე დაადევნა ცხენოსნები, მაგრამ მიქელანჯელო უკან არ დაბრუნდა. ნაწყენმა პაპს სონეტიც კი მიუძღვნა: “შენ დაუჯერე Qღორებსა და ცილისწამებას, დააჯილდოვე უხვად მტერი ჭეშმარიტების”. მისი გამგზავრების მიზეზი მხოლოდ წყენა არ ყოფილა. სავარაუდოა, რომ ბრამტეს მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული. იულიუს II არ ჩერდებოდა და ბრძანებებს უგზავნიდა ფლორენციის სენიორიას. მიქელანჯელო კი ჯიუტობდა და პაპს თავის პირობებს კარნახობდა. უნდოდა იულიუს II-ის საფლავზე მუშაობა გაეგრძელებინა. მუქარებით შეწუხებულმა მიქელანჯელომ, ერთ ხანს, თურქეთში გადასვლაც კი დააპირა, რომლის სულთანიც პერას ხიდის ასაგებად იწვევდა, მაგრამ, ბოლოს, მაინც იძულებული გახდა დაეთმო და 1506 წელს ბოლონაში ჩავიდა, სადაც ლაშქრობის შემდეგ გამარჯვებული იულიუს II დროებით დამკვიდრებულიყო. პაპმა ახლა ბოლონაში ბრინჯაოს ქანდაკების დადგმა მოისურვა. მიქელანჯელო უარობდა, ამბობდა: ამ საქმის არაფერი გამეგებაო. იულიუს II-მ მაინც არ დაიშალა თავისი. თხუთმეტი თვე მუშაობდა მიქელანჯელო ამ ქანდაკებაზე. პირველად ქანდაკება ვერ ჩამოასხეს და მას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა. ძეგლი 1508 წელს აღმართეს სან პეტრონიოს ფასადის წინ, მაგრამ 1511 წელს ქანდაკება იულიუს II-ის მოქიშპეებმა დაანგრიეს. მიქელანჯელო კვლავ რომში დაბრუნდა. ამჯერად იულიუს II-მ სიქსტის კაპელის მოხატვა დაავალა. მიქელანჯელო ყველანაირად ცდილობდა ამ საქმისთვის თავი აერიდებინა, თავის მაგივრად რაფაელიც კი შესთავაზა. ამბობდა: ფრესკა ჩემი ხელობა არ არის და არაფერი გამომივაო. “იტყოდით პაპს შეუძლებლის მოთხოვნა სიამოვნებს, მიქელანჯელოს კი მისი აღსრულებაო”. ოსტატის დასახმარებლად ფლორენციიდან რამდენიმე მხატვარიც მოიწვიეს, ბრამტემ ხარაჩოები ააგო, მაგრამ მიქელანჯელო არავითარ დახმარებას არ იღებდა. ხარაჩოები უვარგისად სცნო და თვითონ აღმართა თავიდან. ფლორენციელი მხატვრებიც გაყარა და მათი ნახატებიც ჩამოაფხეკინა. მან პროექტი გაზარდა და თუ აქამდე მხოლოდ თაღის მოხატვა ჰქონდა განზრახული, ახლა კედლების მოხატვაც გადაწყვიტა. ეს სამუშაო 1508 წლის 10 მაისს დაიწყო. მიქელანჯელოს ძალიან უმძიმდა მისი შესრულება, რაც წერილებიდანაც ჩანს: ”სულიერად გატეხილი ვარ, სამუშაო წინ ნელა მიიწევს. ეს სიზანტე საქმის სიძნელით არის გამოწვეული და კიდევ იმით, რომ ფრესკის ხატვა ჩემი ხელობა არ ყოფილა. ამიტომ დროს უქმად ვკარგავ და შედეგს ვერ ვღებულობ. ღმერთი იყოს ჩემი შემწე!” მიქელანჯელომ რამდენჯერმე სცადა სამუშაოსთვის თავის დანებება, მაგრამ იულიუს II არ აძლევდა ამის საშუალებას. ის ალბათ გრძნობდა, რომ მიქელანჯელო უკვდავებას ეწეოდა და მასაც თან გაიყოლებდა. ოჯახი კიდევ უფრო ამძაფრებდა მის მწუხარებას. ფულის თხოვნით გულს უწყალებდნენ, ის კი უარს ვერ ეუბნებოდა, რადგან ოჯახი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი იყო. 1509 წელს მამისადმი მიწერილ წერილში მიქელანჯელო წერს: ”სანამ პირში სული მიდგას, მე თქვენ არაფერს მოგაკლებთ. მირჩევნია თავად ღატაკი ვიყო და ვიცოდე, რომ ცოცხალი მყავხართ, ვიდრე მთელი ქვეყნის ოქრო მქონდეს და თქვენ მკვდრად გიგულოთ. ყველაფერი გავაკეთე თქვენს დასახმარებლად, თქვენ კი არასოდეს მადლობაც არ გითქვამთ, არც კი გესმით ჩემი. ორივეს ღმერთმა შეგვინდოს. მზად ვარ კვლავაც შეგეწიოთ, სანამ პირში სული მიდგას, ოღონდ კი შევძლო”. იულიუს II დაჟინებით მოითხოვდა ფრესკების ნახვას, მიქელანჯელო კი უარზე იდგა. ბოლოს, 1512 წელს დანებდა, ხარაჩოები დააშლევინა და გამოაჩინა ნამუშევარი. ეს მოხდა ყველაწმინდას დღესასწაულზე. “ეს გარდაცვლილ სულთა ათინათით გაცოცხლებული ბრწყინვალე და პირქუში დღესასწაული ძალიან უხდებოდა ამ ზარდამცემი ნახატების გახსნას, რომელშიც მოჩანდა ღვთის მწყალობელი და მსახვრალი ხელი, ღვთისა, რომელიც ქარტეხილივით შთანთქავს ყოველს და ყველაფერს სასიცოცხლო სულს შთაბერავს ხოლმე”-წერს რომენ როლანი. მიქელანჯელოს ჯანმრთელობა ძალიან შეირყა, მხედველობა წაუხდა, ისე დაძაბუნდა, რომ თავის უნიათობას თვითონაც დასცინოდა და ლექსიც კი დაწერა. ლექსებს ბავშობიდან წერდა, მაგრამ 1518 წელს თავისი ყრმობისდროინდელი ლექსები დაწვა, ზოგიც სიკვდილის წინ გაანადგურა, ასე რომ, მისი ლექსებიდან მხოლოდ ცოტაღაა შემორჩენილი. მიქელანჯელოს ლექსების კრებული პირველად მისმა ძმისშვილის შვილმა გამოსცა 1623 წელს. იგი შეცდომებით იყო სავსე, ამიტომ ცეზარე გუასტიმ 1863 წელს გამოსცა მის ლექსთა პირველი სრული კრებული ფლორენციაში. ერთადერთი მეცნიერული გამოცემა ეკუთვნის კარლ ნაროტის. ეს წიგნი 1897 წელს გამოიცა. მიქელანჯელოს ლექსები მუსიკაზეც არის გადატანილი. იულიუს II გარდაიცვალა 1513 წელს, სიქსტის ფრესკების გახსნიდან სამი თვის შემდეგ. მიქელანჯელომ მართლაც უკვდავყო მისი სახელი. მიქელანჯელო ფლორენციაში დაბრუნდა და კვლავ მოაწერა ხელი კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც იულიუს II-ის ძეგლზე მუშაობა შვიდ წელიწადში უნდა დასრულებინა. თითქმის სამი წელი მხოლოდ ამ ძეგლზე მუშაობდა. ამ პერიოდში შექმნა “მოსე” და ლუვრის ”მონები”. “მოსე” რომ დაასრულა, მიქელანჯელოს მასთან საუბარი დაუწყია: ”მოსე, შენ ცოცხალი ხარ, ადექი და გაიარე”. როდესაც პასუხი ვერ მიიღო, მუხლის კვირისთავთან, იმავე ჩაქუჩით, რომლითაც გამოკვეთა, უძლიერესი დარტყმა მიაყენა. მოსეს ქანდაკებას ამ დარტყმის კვალი სამუდამოდ დარჩა. 1513_1516 წლებში მიქელანჯელომ შექმნა შვიდი მონის ქანდაკება. “შებოჭილი მონა” და “მომაკვდავი მონა” მან ფლორენციელ რესპუბლიკელს, ღობერტო სტროცის აჩუქა, რადგან ისინი აკლდამის ახალ პროექტში აღარ შედიოდა, ამ უკანასკნელმა კი ისინი საფრანგეთის მეფე ფრანსუაI-ს მიართვა მიქელანჯელოს სახელით. ამჟამად ორივე ფიგურა ლუვრში ინახება. შემდეგ მან შექმნა:”წვეროსანი მონა”, “წვეროსანი მონა”, “ახალგაზრდა მონა”, “ატლანტი” და “გამოღვიძებული მონა”. თითქმის ყველა მათგანი დაუსრულებელია. აკლდამის პროექტში არც ეს ფიგურები შევიდა. მიქელანჯელოსთან გაფორმდა მეექვსე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ჩვენამდე მოღწეული პაპის აკლდამა. მან ორი ახალი ფიგურაც შექმნა:”რახილი” და “ლია”. ბოლოსდაბოლოს იულიუს II-ის საფლავი დასრულდა, მაგრამ ეს მხოლოდ ნარჩენი იყო იმ გრანდიოზული პროექტისა, რომელიც მიქელანჯელოს უნდა განეხორციელებინა.
ახალმა პაპმა ლეონ X-მ განიზრახა იულიუს II-ის განდიდების საქმისთვის ჩამოეცილებინა მიქელანჯელო და თავისი სახელის სადიდებლად გამოეყენებინა. მან სან ლორენცოს, მედიჩთა ფლორენციული ეკლესიის ფასადის შექმნა შესთავაზა მას. მიქელანჯელოს ეგონა ორივე საქმეს გაართმევდა თავს, მაგრამ ისე გაიტაცა ფასადის შენებამ, რომ იულიუს II-ის საფლავისთვის დრო აღარ რჩებოდა. მიქელანჯელო, ამჯერადაც, თავად წავიდა ქვების ჩამოსატანად. ეს მოგზაურობა ისეთი რთული აღმოჩნდა, რომ ხელოვანი 1518 წელს ლოგინად ჩავარდა. 1520 წელს პაპმა გააუქმა მიქელანჯელოსთან 1518 წელს დადებული ხელშეკრულება ფასადის აგების თაობაზე. ხუთი წლის მანძილზე მიქელანჯელომ მხოლოდ “ქრისტე გამოაქანდაკა_ერთადერთი ნახელავი, სადაც არ მოჩანს მიქელანჯელოს სული”_ და მისი დასრულებაც ვერ შეძლო. 1520 წელს ტახტზე ახალი პაპი, კლიმენტ VII ავიდა. ის მიქელანჯელოსგან მოითხოვდა მედიჩთა საფლავების და იულიუს II-ის საფლავის ძეგლთა აგება დაესრულებინა. მიქელანჯელო ხელფასზე უარს ამბობოდა, სინდისი ქენჯნიდა იულიუს II-ისაგან ფული რომ ჰქონდა აღებული, ნამუშევრები კი არ დაესრულებინა. ისევ სულიერ კრიზისში ჩავარდა. იულიუს II-ის მემკვიდრეები სასამართლოთი ემუქრებოდნენ. საშინლად იყო შეშინებული. “მარტოკა დავრჩი ჩემს ჭირთა შორის, ჭირი კი იმდენი მაქვს, რომ იძულებული ვარ ხელოვნებაზე მეტი დრო მათ მოვანდომო”_წერდა იგი 1525 წელს. გარემოსა და საკუთარი თავისადმი ზიზიღმა რევოლუციაში ჩააბა იგი, ფლორენციაში 1527 წელს რომ იფეთქა. ქალაქში რევოლუცია და შავი ჭირი ერთად მძვინვარებდა. სენმა 1528 წელს მისი ყველაზე საყვარელი ძმა, ბუონაროტო შეიწირა. ამავე წელს ის ქალაქის დასაცავად გამართულ თათბირზე ცხრათა კოლეგიის წევრად აირჩიეს, რომელიც ქალაქის გასამაგრებელ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. მიქელანჯელო ისე იყო შეშინებული, რომ სამუშაოს თავი დაანება და ქალაქიდან გაიპარა, მაგრამ მალე შიში დაუცხრა და ფლორენციაში დაბრუნდა. მას მერე პირნათლად ასრულებდა თავის სამუშაოს. 1544 წელს მან ვაჩიო ვალორისთვის ისარმომარჯვებული აპოლონი გამოაქანდაკა. ლტოლვილ ფლორენციელებს მთლად განუდგა. “ეს სავალალო სისუსტე იყო დიდი ხელოვანისა, რომელიც იძულებულია საკუთარი სიმდაბლითა და პირფერობით დაიცვას თავის ხელოვნებისეულ ოცნებათა სიცოცხლე უხეში, ტლანქი ძალის მსახვრალი ხელისაგან, რომელსაც შეუძლია წამში, თავისდა გუნებისად დაახშოს იგი.”(რომენ როლანი). ამ დროს განადგურდა მისი 1529-1530 წლებში დახატული “გედთან მოალერსე ლედა”. 1543 წელს მან შექმნა “ამურთან მოალერსე ვენერას” ესკიზი, რომლის მიხედვითაც პონტორმომ ტილო შექმნა. 1520-1533 წლებში მედიჩთა კაპელაზე მუშაობდა. წინასწარ ჩაფიქრებული ექვსი სამარხიდან მხოლოდ ორის გაკეთება მოასწრო. “მედიჩები კი არ გამოაქანდაკა, ქვაში თავის სასოწარკვეთს შეასხა ხორცი.” ჟულიენისა და ლორენცო მედიჩების გარშემო მან გამოაქანდაკა დღისა და ღამის, დილისა და საღამოს ოთხი ალეგორიული ფიგურა. 1531 წელს მიქელანჯელო კვლავ ლოგინად ჩავარდა და კინაღამ სული განუტევა. კლიმენტ VII-მ ბრძანება გასცა მხოლოდ მედიჩებისა და იულიუს II-ის აკლდამებზე ემუშავა. 1534 წელს კლიმენტ VII გარდაიცვალა. მიქელანჯელო მფარველის გარეშე დარჩა დ აიმ დროს ფლორენციაში რომ ყოფილიყო სიკვდილსაც ვერ გადაურჩებოდა, რადგან ალექსანდრო მედიჩის სძულდა იგი და მისი მოკვლა უნდოდა. შიშით მას მერე აღარც დაბრუნებულა თავის საყვარელ სამშობლოში, სამუდამოდ რომში დარჩა. ამავე წელს მან დაკარგა მამა, რომელსაც აღმერთებდა. უკვე აღარაფერი აკავებდა დედამიწაზე: არც ხელოვნება, არც პატივმოყვარეობა, არც სოყვარული და არც იმედი. სამოცი წელი შეუსრულდა. სიკვდილი ენატრებოდა და ეს სასოწარკვეთით აღსავსე ლექსიც მაშინ დაწერა: “ვაგლახ, ჩემს წარსულს რომ ვუყურებ ახლა აქედან, ერთ დღეს ვერ ვხედავ, ერთ დღეს მაინც მე მეკუთვნოდეს. გაცრუებული იმედები და სურვილები.” (ნაწყვეტი) მის ცხოვრებაში სიყვარულიც ბევრი იყო. ბევრს გამიჯნურებია. “სიყვარულზე ისე ლაპარაკობდაო_ამბობს კონდივი_როგორც პლატონი”. ყველაზე დიდხანს მაინც ტომაზო დეი კავალიერი უყვარდა, რპმელიც 1532 წელს გაიცნო რომში. ამ გრძნობაშიც ის, პირველ რიგში, სილამაზის ტრფიალი იყო, ამჯერად ეს სილამაზე მამაკაცში იყო განსხეულებული. მისთვის უამრავი ნახატი და ლექსი აქვს მიძღვნილი. დიდხანს გაგრძელდა მისი ვიტორია კოლონასთან მეგობრობაც, რომელიც 1535 წელს დაიწყო. ვიტორია ქმრის გარდაცვალების შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა. ისინი ერთმანეთს ეკლესიაში ხვდებოდნენ ხოლმე და დიდხანს საუბრობდნენ. მიქელანჯელოს ეს სიტყვებიც მათი საუბრიდანაა აღებული:” კარგი მხატვრობა ღმერთს უახლოვდება და მას შეერწყმება. ის ოდენ ასლია ღვთის სრულქმნილების, მისი ყალმის ჩრდილი, ანარეკლი მისი მუსიკის, მისი მელოდიის, ამიტომ არ კმარა, რომ მხატვარი დიდი და დახელოვნებული ოსტატი იყოს, მთავარია თვითონაც, რაც შეიძლება, წმინდა ცხოვრებით იცხოვროს, რათა სულიწმინდამ წარმართოს მისი აზრები მუშაობის ჟამს.” 1547 წელს ვიტორია კოლონა გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა მიქელანჯელო სულით ხორცამდე შეძრა. ამის გამო ორი სონეტიც შეთხზა. ვიტორიასთან მეგობრობის დროს შექმნა მან “განკითხვის დღე”, პავლეს კაპელის ფრესკები და იულიუს II-ის საფლავის ძეგლი. ვიტორიას სიკვდილის შემდეგ არცერთ დიდ გრძნობას არ გაუნათებია მისი ცხოვრება. “ჩემს სულში ცეცხლი სიყვარულის აღარ გიზგიზებს, სხვა ჭირს აჯობა უფრო მეტმა ჭირმა_სიბერემ, მე დავიჭერი ჩემი სულის გაშლილი ფრთები.” (ნაწყვეტი, 1550 წელი) 1545 წელს იულიუს II-ის საფლავის ძეგლი გაიხსნა. მიქელანჯელომ თავიდან მოიშორა კოშმარი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე მძიმე ლოდად აწვა. 1547 წელს მიქელანჯელო, პავლე II-ის ბრძანებით, წმინდა პეტრეს ტაძრის პრეფექტად და მთავარ არქიტექტორად დაინიშნა. ამ დროს ის უკვე სამოცდაათიწლისა იყო. “მიქელანჯელომო_ამბობს ვაზარი_პეტრე მოციქულის ტაძარი ქურდებისა და ავაზაკებისგან იხსნა.” უზომო სიამაყე არასოდეს აძლევდა ნებას ვინმესთვის გაენდო თავისი გეგმები, ანგარიშს არავის აბარებდა. წმინდა პეტრეს უზარმაზარი ტაძრის გარდა, ცხოვრების მიწურულში სხვა არქიტექტურული სამუშაოებიც მრავლად ჰქონდა. 1559-1560 წლებში დაგეგმილი ჰქონდა ფლორენციელთა სადიდიდებლად რომში ტაძრის აგება. სამუშაოები დაიწყო, მაგრამ სხვადასხვა ნიზეზთა გამო ვეღარ დასრულდა და გეგმაც გაქრა. თავისი უკანასკნელი ქანდაკებაც ამ ტაძრისთვის გააკეთა. ეს იყო “ჯვრიდან გარდმოხსნა”. “მას თითქოს თავისი თავი ჰყავს გამოყვანილი იმ მწუხარესახიან მოხუცში, რომელსაც ქრისტეს სხეული უჭირავს.” ძმებიც და უახლოესი მეგობრებიც მის სიცოცხლეშივე გარდაიცვალნენ. მთელი სითბო და სიყვარული ბუონაროტოს შვილებზე გადაიტანა. მიქელანჯელო ძმისწულზე_ლეონარდოზე ძალიან ზრუნავდა, არაფერს აკლებდა, მას კი მხოლოდ ბიძამისის მემკვიდრეობა ადარდებდა. ამას თვითონ მიქელანჯელოც ხვდებოდა და ხშირად სასოწარკვეთაშიც ვარდებოდა. ცხოვრების მანძილზე იგი მხოლოდ ოჯახზე როდი ზრუნავდა. ძალიან უყვარდა თანაშემწეები და მუდამ ეხმარებოდა მათ. სულის საცხოვნებლად ქველმოქმედებასაც ეწეოდა და ეხმარებოდა ყველას, რამდენადაც ამის ძალი შესწევდა. თავად კი საჩუქრებს არასოდეს იღებდა. ეგონა, თუ ვინმესაგან ერთხელ საჩუქარს მიიღებდა, მერე მთელი ცხოვრება დავალებული იქნებოდა მისგან. შეგირდებს შორის განსაკუთრებით ურბინო უყვარდა. ურბინო უვლიდა მას, როდესაც ავადმყოფობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ისეთ სასოწარკვეთას მიეცა, რომ წერდა:”მისმა სიკვდილმა ისე დამწყვიტა გული, რომ სიმშვიდეს ვერსად ვპოვებ და მგონია, აღარც მე ვიცოცხლო დიდხანს.” მიქელანჯელოს სახელოვანი და რჩეული მეგობრებიც მრავლად ჰყავდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა დიდებულებთან, მთავრებთან, მწერლებთან, არტისტებთან. “სინამდვილეში მარტო იყო და ეს სიმარტოვე თანდათან უფრო იზრდებოდა.” “მუდამ მარტო ვარ_წერდა ის თავის ძმისწულს 1548 წელს_ხმის გამცემიც არავინ მყავს.” თანდათანობით ჩამოსცილდა ხალხს, მათ მისწრაფებებს, მათ დროსტარებას, მათ ინტერესებს. ფული ბევრი ჰქონდა, მაგრამ საკუთარ თავს არასოდეს ახარჯავდა. მხოლოდ ცოტაოდენი პურით და ღვინით იკვებებოდა და ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. ბუნება, რომელსაც აქამდე მისი მხურვალე ვნებები და ინტელექტუალური გენია უგულველყოფდა, ცხოვრების მიმწუხრის ჟამს მის ერთადერთ ნუგეშად იქცა. თუ აქამდე ბუნებას დიდ ყურადღებას არ აქცევდა და სძულდა იმხანად ძალიან მოდური ფლამანდიური პეიზაჟები, ახლა მუდამ ბუნების წიაღში ყოფნას ესწრაფოდა. მოხუცებულობაში ღამით მუშაობაც შეუყვარდა. სიმშვიდეს მაშინ ჰპოვებდა, რპდესაც ირგვლივ ყველას და ყველაფერს ეძინა. “ო,ბნელო ღამევ, მაგრამ მაინ ჟამო სიმშვიდის, შენს მკერდზე სული დაქანცული იშორებს ზრუნვას.” ძალიან ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იყო. ცხოვრების ბოლო წლებიც ღვთის სამსახურს მიუძღვნა. ბოლოხანს ძალიან ბევრს ფიქრობდა სიკვდილზე. სიკვდილის იდეა განსაკუთრებით ჩანს მის ბოლო, მოხუცებულობისდროინდელ ნამუშევრებში. “ერთი ფიქრიც კი არა მაქვს, სადაც სიკვდილი საჭრეთლით არ იყოს ამოკვეთილი”_ეუბნებოდა ვაზარს. “ნანატრი სიკვდილი, მოსვლას ასე რომ აგვიანებდა” ეწვია ბოლოს. ბოლო დღეები ისე ცუდად იყო, რომ თავს ძლივს იჭერდა. შეტევები ჰქონდა, მაგრამ მუშაობას მაინც არ წყვეტდა. 1564 წლის 12 თებერვალს მთელი დღე ფეხზე იდგა და “პიეტას” აქანდაკებდა. სიკვდილამდე მხოლოდ ორი დღით ადრე დათანხმდა საწოლში გადასულიყო. 18 თებერვალს გარდაიცვალა. დაიბარა: მშობლიურ ფლორენციას მკვდარი მაინც მიმაბარეთო. “როგორც იქნა განისვენა, გაექცა ჟამთასვლას, მიაღწია დიდი ხნის საწადელს.” “ნეტარ არს სული, რომლისთვისაც შეჩერდა ჟამი!” დაკრძალეს ფლორენციასი, სანტა კროჩეს ეკლესიაში. ასეთი იყო ღვთაებრივი სევდით აღბეჭდილი მისი სიცოცხლე. ფრანგი მოქანდაკე ემილ ანტუან ბერდელი წერდა:”მიქელანჯელო ღმერთია ჩემთვის, ცის ქუხილი.” მართლაც, ღმერთის შემდეგ, ალბათ, არავის შეუქმნია იმდენი რამ, რამდენიც მიქელანჯელომ შექმნა. “დიადი სულები მაღალ მწვერვალებს გვანან, ასეთი იყო ეს გოლიათი მთაც, აღორძინების ხანის იტალიას თავს რომ დაჰყურებს. ვისაც მოწოდებისა არ სჯერა და არ იცის რა არის ნიჭი, დაე მიქელანჯელო გაიხსენოს. კაცი თავის ნიჭს ეგზომ ძლიერ არასოდეს შეუპყრია. მისი გენია ისეთივე ბუნებისა არ იყო, როგორც თვითონ. მისი ნიჭი ბუმბერაზი იყო. ძლიერი, რომელიც დააცხრა მას და დაიმონა. ნებისყოფას აქ წილი არ ედო. შეიძლება ისიც ითქვას, რომ არც მის გულს და არც გონებას არ ედო წილი. ეს იყო შმაგზე შმაგი აღტყინება, ღვთიური ალი, საამისოდ ერთობ სუსტ სულსა და სხეულში რომ დაიბუდა.”
ესეც 6 წლის უკან დაპირებული ბიოგრაფია.
This post has been edited by Makulatura on 1 Apr 2012, 03:50
--------------------
Throw whatever you have at me, I'll keep coming! That old body will give out. But before I end this, I want you to know one thing: I can't feel any of this. -baldur
|