ზოგიერთ კენკროვან კულტურათა გაშენებისა და მოვლა-მოყვანის რეკომენდაციები
კენკროვანი კულტურების (მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი) სამრეწველო სორტიმენტი რომელიც წარმოდგენილია საქართველოს შიდა ბაზარზე, შედგება ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშებისაგან ,რომელთა უმეტესობა სრულად ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს, ამიტომ ბუნებრივია დგება საკითხი მათი მუდმივი განახლებისა და სრულყოფისათვის.
მარწყვი - ჯიშების შერჩევისათვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ნაყოფის სიმწიფეში ადრე შესვლა, უხვი მსხმოიარობა, ადგილობრივ პირობებთან შეგუება, ტრანსპორტაბელურობა, კარგი გემო, არომატი, სურნელება და სხვა.
გაშენება - მარწყვის ბაღების გაშენება შესაძლებელია სხვადასხვა სახის ნიადაგებზე, მაგრამ უმჯობესია პირველ რიგში შეირჩეს ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, მსუბუქი შედგენილობის წყალგამტარი ნიადაგები. მარწყვის ბაღების გაშენება შეიძლება როგორც გაზაფხულზე, ასევე ზაფხულში და შემოდგომაზე. გაშენების დროს ზოგიერთი ჯიშებისათვის საჭიროა დამამტვერიანებლების გათვალისწინება.
მარწყვის გაშენება შესაძლებელია; ერთზოლიანი, ორზოლიანი და სამზოლიანი მწკრივის სახით. .ჩვენი პირობებისათვის უმჯობესია მწკრივში 90X100X15-20 სმ კვების არეზე გაშენება. თანამედროვე ტექნოლოგიით რეკომენდებულია მწკვრივში ბაზოების გაკეთება, პოლიეთილენის გაფენა და მასზე გაშენება, რომელიც საგრძნობლად ამცირებს მოვლის ხარჯებს და აუმჯობესებს ხარისხსხობრივ მაჩვენებლებს.
გამრავლება სესაძლებელია, როგორც თესლით ისე ვეგეტატიურად; /ბუჩქების დაყოფით და პწკალებით/.
მოვლის –საკითხებიდან მნიშვნელოვანია ტენით უზრუნველყოფა, ძირითად მავნებელ-დაავადებათა საწინააღმდეგოდ რეკომენდებული საშუალებების გამოყენება, მაღალი და ხარისხოვანი მისავლის მისაღებად სეზონზე 3–4 ჯერ პწკალების მოშორება. ნიადაგის გაფხვიერება, სარეველებთან ბრძოლა,
ჟოლო. უძველესი, ნახევრადბუჩქისებური ფორმის ძვირფასი კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფი მეტად არომატული და მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავებითა და ნახშირწყლებით
სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ჟოლო მაღალშემოსავლიანი კულტურაა. რადგან მასზე ფასი სტაბილურად მაღალია და კარგი საბაზრო მოთხოვნითაც ხასიათდება იგი დარგვიდან მეორე წელს იწყებს მოსავლის მოცემას, ხოლო რემონტატული ჯიშები იმავე წელს ივითარებენ ყვავილს და იძლევა ნაყოფს.
ჟოლოს მოითხოვს კარგად განათებულ მზინ, მსუბუქ თიხნარ ნიადაგებს. სხვა კენკროვან კულტურებთან შედარებით ნაკლებად ყინვა და გვალვაგამძლეა, ვერ იტანს ჭარბ ტენს, ჟოლოს გამრავლება ძირითადად ხდება ვეგეტატიური წესით; ფესვის ამონაყრებით, /ფესვის ნაწილებით/, გასაშენებლად სასურველია ნერგის დიამეტრი იყოს 8 – 10 მმ, დარგვის შემდეგ საჭიროა გადაიჭრას 15- 25 სმ სიმაღლეზე.
ჟოლო უნდა დაირგას გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. ნერგის დარგვისას ფესვის ყელი სასურველია 2-სმ_ ით დაბლა იყოს მიწის ზედაპირიდან. გაშენების ოპტიმალური სქემაა 2,5-3მX0,5-0,6მ. გაშენების შემდეგ პლანტაციაში მნიშვნელოვანია ნიადაგის გაფხვიერება, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, მორწყვა და მავნებელ დაავადებებისაგან მცენარეთა დაცვა, რეკომენდებულია ჰერბიციდების გამოყენება.
ნიადაგის განოყიერების სისტემა შემდეგია: ადრე გაზაფხულზე რიგებში შეაქვთ კომპლექსური NPK სასუქები. აზოტიანი სასუქების შეტანა კი ნაწილ-ნაწილ უნდა განხორცილდეს: პირველი შეტანა ხდება ადრე გაზაფხულზე, როდესავ მცენარე ჯერ კიდევ მოსვენების მდგომარეობაშია. ამ ეტაპზე ნიადაგში შედის წლიური ნორმის 2/3. დარჩენილი ნაწილი შეტანილი უნდა იქნეს ივნისის დასაწყისში. თავი უნდა ავარიდოთ სასუქებისშეტანას გვიან გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზამთარგამძლეობის შემცირება.
ჟოლო მოსავალს იძლევა გასული წლის ტოტებზე, რომელიც მოსავლის მოცემის შემდეგ ხმება, იმავე წელს ამოდის ახალი ერთწლიანი ნაზარდი. ამიტომ აუცილებელია ყოველ წელს ჩატარდეს სხვლა, გასხვლა ტარდება ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით. ძველი ტოტი უნდა ამოიჭრას და ახალი ნაზარდები უნდა შეთხელდეს. აუცილებელია, რომ რიგის სიგანე არ აღემატებოდეს 40 სმ, რადგან ფართო რიგებში მატულობს დაავადებების გავრცელების ალბათობა. პლანტაციის ყოველ ერთ მეტრზე უნდა დარჩეს არაუმეტეს 16-20 ძლიერი ერთწლიანი ტოტი. დარჩენილ ტოტებს ამოკლებენ ერთი მეოთხედით. ასეთი ტიპის გასხვლა გამოყენებულია ზაფხულში მსხმოიარე ჯიშებზე, არც შეეხება შემოდგომით მსხმოიარე ჯიშებს, მათი გასხვლა უფრო მარტივია: ყოველ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ხდება პლანტაციის მთლიანი გადაჭრა ძირამდე.
ჟოლო ერთიდაიგივე ადგილას იზრდება და ვითარდება 15 – 20 წელი, ხოლო პროდუქტიულობის პერიოდი შეადგენს 12 – 14 წელს. რაც შეეხება საყრდენი სისტემის მოწყობას, ცნობილია რომ ჟოლოს ტოტები საკმაოდ სუსტია და ადვილად იზნიქება ნაყოფის სიმძიმით, ამიტომ აუცილებელია მოეწყოს ორმაგი ტესებური შპალერული საყრდენი სისტემა, რომელზეც კანაფის საშუალებით დამაგრდება ტოტები. კენკრა მოსაკრეფად მზად არის, როდესაც მას აქვს დამახასიათებელი ღია ალისფერი შეფერილობა და ადვილად სცილდება მცენარეს. ჟოლოს ნაყოფები არათანაბრად მწიფდება, ამიტომ მისი კრეფა უნდა განმეორდეს ყოველ მეორე-მესამე დღეს.
კარგი მოვლის პირობებში შესაძლებელია 1 ჰა-ზე მივიღოთ 8-10 ტ მოსავალი.
მოცხარი. მრავალწლიანი ბუჩქნარი მცენარეა.. იგი შედარებით ყინვაგამძლეა, მაღალ სიცხეებს ვერ ეგუება, სინათლის მოყვარულია, თუმცა კარგად ხარობს ნახევრად დაჩრდილულ, ტენით უზრუნველყოფილ კარგად დამუშავებულ ადგილებზე..
შავი მოცხარის ნარგავებთან ერთად ჩვენში საკმაოდ გავრცელებულია წითელი მოცხარის ჯიშები, გვხვდება აგრეთვე თეთრი მოცხარიც. ერთიდაიგივე ადგილზე შავი მოცხარი მსხმოიარობს და ცოცხლობს 12-15 წელს, ხოლო წითელი მოცხარი 20 – 25 წელს.
მოცხარი მრავლდება ვეგეტატიური წესით, გამერქნებული კალმით, მწვანე კალმით, გადაწვენით, ბუჩქის დაყოფით. კალმების აჭრა ხდება მოსავლიანი ბუჩქებიდან, 15-20 სმ სიგრძის და 6-7 მმ სისქის, გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. სანერგეში კალმები უნდა დაირგოს მწკრივთა შორის 80 სმ და მწკრივებში 20 სმ მანძილზე. რაც შეეხება მოცხარის სამრეწველო პლანტაციის გაშენების საკითხს ადგილმდებარეობის შერჩევისას უკეთესია გამოიყოს ვაკე ადგილი 5-60 დაქანებით. მოცხარის დარგვა წარმოებს შემოდგომაზე – ფოთლების ცვენიდან ყინვების დაწყებამდე და ადრე გაზაფხულზე სავეგეტაციო პერიოდის დაწყებამდე ე.ი. კვირტების გამოწევამდე, ვინაიდან მოცხარის კვირტი გაზაფხულზე ძალიან ადრე + 5 0 იწყებს ვეგეტაციას და ყვავილობს 11-140. მისი სრულყოფილი ბუჩქის მისაღებად საჭიროა დარგვისთანავე ტოტზე 3-4 კვირტის დატოვება, მეორე წელს შეარჩევენ 3-4 კარგად განვითარებულ ტოტს და დანარჩენს ამოჭრიან და ა.შ ყოველ წელს ითხოვს გასხვლა – ფორმირებას.
მოცხარის ნარგაობის გაშენებისას მცენარეთა და მწკრივთა შორის მანძილი უნდა განისაზღვროს ასეთი სქემით. წითელი მოცხარი 3X1,0-1,25მ შავი მოცხარი 3X-1,5 მ..
მოცხარის კულტურა საკვები ელემენტების მიმართ მომთხოვნია, ამიტომ ნიადაგში გარდა ორგანული სასუქისა, აუცილებელია მინერალური სასუქების ნორმირებული დოზებით შეტანა გამოკვების მიზნით.
მაყვალი. წარმოადგენს ძვირფას, საკმაოდ ფართოდ გავრცელებულ კენკროვან კულტურას. საკარმიდამო და სამრეწველო ნარგაობის სახით შენდება მისი უეკლო ფორმები. ხოლო ველურად ეკლიანი ფორმები - განსაკუთრებით ტყის პირებში. მაყვალი ნაყოფის მოცემას მეორე წლიდან იწყებს და 12-15 წლის მანძილზე მსხმოიარობს. მაყვალის ჯიშები უმთავრესად შავი ნაყოფის მომცემია. ერთი ჰექტარი უეკლო მაყვალი 5-6 ტონა მოსავალს იძლ;ევა.
მაყვალის გამრავლება უმთავრესად ფესვების ამონაყრებითა და კალმების დაფესვიანებით ხდება.
მაყვალის ამონაყრების ამოთხრა და გაშენება შეიძლება შემოდგომაზე (ნოემბერი) და ადრე გაზაფხულზე. ამონაყრების ამოღება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით, რათა მაყვალის დედა ბუჩქის ფესვთა სისტემა არ დაზიანდეს.
რაც შეეხება კალმით გამარვლებას ამ შემთხვევაში საჭიროა წინასწარ კარგად გაფხვიერებული და ზომიერად ტენიანი ნაკვეთი. Mმაღალხარისხოვანი და ნორმალური რაოდენობის სარგავი მასალის მიღების უზრუნველსაყოფად, საჭიროების მიხედვით უნდა ტარდებოდეს ნაკვეთის მორწყვა და სისტემატიური გაფხვიერება.
მაყვალი გარემოს დიდ მოთხოვნებს არ უყენებს და მისთვის შესაფერის ბუნებრივ პირობებში ერთობ მაღალ მოსავალს იძლევა. მაყვალის გაშენება ხდება ცალკე ნარგაობის სახით. ჩვენს პიროებებში საუკეთესოა ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის დაქანებები, რადგან სამხრეთის დაქანებებზე იგი სიცხისა და გვალვისაგან ზიანდება. ნიადაგის მომზადება გამოიხატება მის მოხვნასა და დარგვის წინ დაფარცხვაში. მოხვნა უნდა ტარდებოდეს დასავლეთ საქართველოს პირობებში 20-25 სმ სიღრმეზე, ხოლო აღმოავლეთ საქართველოს რაიონებში 25-30 სმ.
მაყვალის დარგვა წარმოებს შემოდგომაზე, სავეგეტაციო პერიოდის დამთავრების შემდეგ. დარგვის წინ ბუჩქებზე ტოტი უნდა დამოკლდეს 15-20 სმ დატოვებით. ამით მცირდება მცენარის მიერ წყლის აორთქლება.
მაყვლის გასაშენებლად ურჩევენ რიგთაშორის მანძილს - 2 მეტრს, მცენარეებს შორის კი - 1 მეტრს. დარგვისთანავე ნარგავი უნდა მოირწყას მიგდებით ან 2_3 ძირზე ერთი ვედრო წყლის დასხმით. მორწყვის შემდეგ ბუჩქს უნდა მიეყაროს მშრალი მიწა.
დარგვის პირველ წელს მაყვალის მოვლა ძირითადად მდგომარეობს შემდეგ ღონისძიებათა გატარებაში. 1) ნიადაგის გაფხვიერება და სარეველა ბალახების მოსპობა; 2) მავნებელ-ავადმყოფობების მიმართ ბრძოლა; 3) მორწყვა საჭიროების მიხედვით; 4) გასხვლა და ყლორტების აკვრა შპალერზე. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მაყვალი ძალიან არ უნდა დაიტვირთოს მრავალი ყლორტებით, რადგან ის იწვევს ბუჩქის დასუსტებას და ამით მოსავლის შემცირებას. ამიტომ საჭიროა 6-7 ყლორტის დატოვება. ამასთანავე ნაყოფების დამსხვილების მიზნით საჭიროა დატოვებული ყლორტების 1/4 ¼ სიგრძეზე გაზაფხულზე შეკვეცა.
ტოტები ნაყოფების სიმძიმის გამო ადვილად იზნიქება, ამიტომ ყველაზე უკეთეს შედეგს იძლევა მარაოსებური აკვრა მავთულზე. ამ შემთხვევაში რიგში ჩაისობა სარი ყოველ 5-6 მ და მათზე 2-3 რიგად გაიჭიმება მავთული. ამ მავთულზე მაყვალის ტოტები ცერად აიკვრება. ამ წესით აკრული მაყვალი შედარებით დიდ მოსავალს იძლევა, ვიდრე სარზე აკრული.
მავნებლებიდან მაყვალს აზიანებენ ტილები, ბაღლინჯოები, ფოთლის ცხვირგრძელები, ბუგრები. ავადმყოფობებიდან უმთავრესად აღსანიშნავია ანთრაქნოზი, ნაცარი, თეთრი ლაქიანობა და სხვა.
კოკრების გაშლის მომენტში საჭიროა პლანტაციის დამუშავება რეკომენდებული პრეპარატებით.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე; კენკროვანი კულტურები, როგორიცაა მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი და სხვა ხასიათდებიან განსაკუთრებული თავისებურებებით, რაც ამ კულტურების მოყვანას დიდ სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობას ანიჭებს. კენკროვანი კულტურების თავისებურებანი გამოიხატება:
1. კენკროვნები ადრე იწყებენ ნაყოფის მოსხმას: მაგ. მარწყვი მსხმოიარობაში შედის გაშენების პირველ-მეორე წელს. მოცხარი მეორე წელს და სხვა.
2. ადვილად ეგუებიან დაბალ ტემპერატურას და ამიტომ მათი განვითარება ჩვენში შესაძლებელია საქართველოს ყველა რაიონში.
3. კენკროვანი კულტურები საქართველოს უხვი მზის პირობებში კარგად ეგუებიან ნახევრად დაჩრდილულ მდგომარეობას. ამიტომ კენკროვნებისათვის მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იქნას ხეხილის ბაღების რიგთაშორის ფართობები.
4. კენკროვნების ნაყოფები ადრე მწიფდება, მაგ., მარწყვი ჩვეულებრივ მაისიდან იკრიფება, დანარჩენი კენკროვნები კი ივლისიდან რომელსაც ადრეული ხილეულით მოსახლეობის კვების საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
5. კენკროვნების სარგავი მასალის გამოყვანა ხდება ადვილად ვეგეტატიური წესით (ამონაყრებით, გადაწვენით, კალმით და სხვ.).
6. კენკროვანთა ნაყოფი სხვა ხილთან ერთად, მაღალხარისხოვან საკვებ პროდუქტად ითვლება. მარწყვი, შავი მოცხარი და სხვა კენკროვანები თავისი მდიდარი ქიმიური შედგენილობის გამო იხარება ნედლ ხილად, სამკურნალოდ და საშაქარლამო წარმოებაში (ამზადებენ მურაბებს, მარმელადებს, ლიქიორებს, წვენებს და სხვა).
http://sanerge.ge/