ესე იგი, რახან მავანი ნაგიჟრებივით ათეულობით თემას არ ვხსნი მე ან სხვა ე.წ. ბრიგადნიკი, მავან არაადეკვატურ ხალხს ჰგონია, რომ თურმე ეს ქვეყანა არასწორი გზით მიდის, კარგი არაფერი ხდება და ა.შ. ამასთან, გამოგრიგოლიებული ხალხი კიდევ უფრო არაადეკვატურად იწყებს მსჯელობას, შესაბამისი გრიგო–პორციის მიღების შემდეგ.
ამიტომ მცირე ინფორმაცია განსჯისთვის, ციფრებით და ფაქტებით. (ხვალ შაბათია და არ დამეზარა.
)
საქართველოს მდგომარეობა 2003 წლის ბოლოსთვის.
არშემდგარი ქვეყანა მარაზმატიკი დაბერებული ლიდერით სათავეში. ცინიზმი, ნიჰილიზმი და აპათია გაბატონებულია ყველა სფეროში.
ტოტალური კორუფცია. ერგნეთის ბაზრობა ლამის გორამდე მოსული, ვაგზლის ბაზრობა წერეთლის მეტრომდე და ჩუღურეთამდე.
ჯარი ფაქტიურად არ არსებობს, გარდა 2–3 მცირე დანაყოფისა, რომელსაც ამერიკელები აფინანსებენ.
პოლიცია ქცეულა მსხვილ განგსტერულ დაჯგუფებად, რომელიც უშუალოდ მართავს კრიმინალს ე.წ. ქურდების საშუალებით, ყველგან წილში ზის. გაიშნიკები გზებზე.
უშიშროება არ მუშაობს სახელმწიფოზე, გავსებულია სხვა ქვეყნის აგენტებით, აკონტროლებს სპირტის ბიზნესს.
პოლიცია სიგარეტის ბიზნესს აკონტროლებს. კონტრაბანდამ წალეკა ქვეყანა არც ერთი სახელმწიფო უწყება ნორმალურთან მიახლოებულადაც კი არ ფუნქციონირებს. ყველგან გამოძალვა და ფულის აღებ–მიცემობაა.
გამგებლები, საგადასახადო, პროკურატურა, სხვა ორგანოები უსხდებიან წილში არათუ მსხვილ, საშუალო და წვრილ კომპანიებსაც კი.
ბიუჯეტი არ აღემატება 500–600 მილიონ დოლარს, ისიც ქაღალდზე, ე.წ. პრაკრუტკებით.
ენერგეტიკა ინგრევა, ყოველ წელს იზრდება დაგროვილი ვალები, ამერიკული კომპანია, რომელიც ჟვანია–სააკაშვილის და ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით შემოვიდა და დიდი ფული ჩადო, გააგდეს რუსების სასარგებლოდ. გარდუვალია ენერგეტიკული ობიექტების, მათ შორის სტრატეგიული გაზსადენის გადაცემა რუსეთისთვის ვალების სანაცვლოდ.
ქვეყანა დაყოფილია საფეოდალო მამულებად. აჭარას სრულად აკონტროლებს აბაშიძე, რუსეთის ბაზის მხარდაჭერით, რუსული აგენტურა და რუსი გენერლების მიერ გაწვრთნილი ბოევიკები ატერორებენ მოსახლეობას. ჩოლოქზე საკონტროლო–გამშვები პუნქტია მოწყობილი.
ქვემო ქართლს და მსხვილ საწარმოებს განაგებს ლევან–ფაშა და მისი ხალხი. ასევე შევარდნაძის ნათესაობა.
კახეთის პატრონია მეზვრიშვილის კლანი.
ფოთი და ნავსადგური ახვლედიანების ხელშია.
იმერეთს აკონტროლებენ ქურდები.
სვანეთს აფრასიძეები და სხვა უფრო მცირე ბანდები.
კოდორის ხეობას კვიციანი და მისი კლანი.
პანკისის ხეობას ჩეჩნები.
ჯავახეთს აკონტროლებდნენ რუსები და სომხები.
შევარდნაძის ნათესავები და ახლობლები ფლობენ თითქმის ყველა მსხვილ კომპანიას ქვეყანაში.
მას–მედია ვითომ თავისუფალია, სინამდვილეში სახელმწიფო არხი ასევე შევარდნაძის კლანის ხელშია და ამაზრზენად ტყუის ყოველდღე, შევარდნაძის მეგობრების და მოკავშირეების ხელშია "მზე" და "იმედი".
ქვეყანას არ აქვს არანაირი პერსპქეტივა. ნატო–ზე ლაპარაკი ზედმეტია. აფხაზეთზე და ცხინვალზე მითუმეტეს.
საგარეო ვალი 3,5–ჯერ აღემატება ბიუჯეტს. სავალუტო რეზერვები 10–ჯერ ნაკლებია საგარეო ვალზე.
სრული კრახი.
(თუ ვინმეს პრეტენზიები აქვს ამ შეფასებებთან და გამიქებულად ეჩვენება, მინდა ვუთხრა, რომ აქ ბევრი რამ გამოტოვებულია და მდგომარეობის ტრაგიზმი ბოლომდე არ არის ნაჩვენები.)
შეიცვალა ხელისუფლება.
მკვეთრად, საოცრად იცვლება განწყობა და კლიმატი ქვეყანაში. ხალხს უჩნდება იმედის და მომავლის განცდა. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოში ოპტიმისტური განწყობა ყველაზე მაღალია დსთ–ს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით. 2003 წელს ახალი წლის შესახვედრად რუსთაველის პროსპეტზე მიდის ნახევარ მილიონამდე ადამიანი, მთელი თბილისი. 2004 წლის ზაფხულში, ოლიმპიადას თან ახლავს პატრიოტიზმის უჩვეულო გამოვლინებები, ხალხი სამსახურებში, სახლებში შეგროვილი უყურებს ჩვენი სპორტსმენების გამოსვლებს. ბევრი ლამის ტირის სიხარულისგან, როცა ვინმე იმარჯვებს. ახმეტის რაიონში დაფიქსირდა ანომალური მოვლენა, როცა მთელი რაიონის ქუჩები თითქმის დაცარიელდა ერთ–ერთი ფინალის დროს.
რა გაკეთდა:
მკვეთრად, დრამატულად აილაგმა კორუფცია და საერთოდ, კორუფციული ცხოვრების სტილი. დამყარდა მეტ–ნაკლები წესრიგი სახელმწიფო ორგანოების მუშაობაში. დაიწყო ბიუჯეტის შესრულება.
მასობრივად შემცირდა ბიუროკრატია და გაიზარდა ხელფასები სახ. სამსახურებში.
პრაქტიკულად მოისპო რეკეტი ბიზნესის მიმართ პროკურატურის, პოლიციის, უშიშროების, გამგებლების, გუბერნატორების, და გავლენიანი ნათესაური კლანების მხრიდან.
გამარტივდა და შემცირდა გადასახადების რაოდენობა და განაკვეთები.
მკვეთრად შემცირდა ლიცენზიების და ბიუროკრატიული პროცედურების რაოდენობა.
შედეგად ბიუჯეტი გაიზარდა 2,5 მილიარდ დოლარამდე, ანუ 5–ჯერ.
დაიწყო ჯარის და პოლიციის ნორმალური დაფინანსება.
გზების, ენერგეტიკის, სკოლების, წყალსადენების, კომუნალური ქსელების აღდგენა და ახლის შექმნა.
ბანკების აქტივები 200 მილიონიდან გაიზარდა 2 მილიარდამდე და სწრაფად იზრდება. ყოველ წელს ორმაგდება ბანკების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა.
დაიწყო მსხვილი ინვესტიციების შემოსვლა ტურიზმში, საბანკო სფეროში, მშენებლობაში, ახლა უკვე წარმოებაშიც. იწყება სოფლის მეურნეობაში მსხვილი და საშუალო პროექტების განხორციელება.
პრივატიზაციის შედეგად ბიუჯეტმა მიიღო ასობით მილიონი დოლარი, რაც რამდენიმე ათეულჯერ მეტია წინა 10–12 წლის პრივატიზაციის შემოსავლებზე.
სავალუტო რეზერვები 190 მილიონიდან გაიზარდა 720 მილიონამდე და სწრაფად იზრდება.
საგარეო ვალი შემცირდა 60 მილიონი დოლარით, ლარებში კი 800 მილიონი ლარით.
ეს ყველაფერი მოხდა იმ პირობებში, რომ ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა 25 –დან 65–70 დოლარამდე. გაზის ფასი 60–დან 110 დოლარამდე. რეალურად გაზის ფასი ჩვენთვის გაიზარდა 30–დოლარიდან, რადგან საქართველო მხოლოდ სანახევროდ იხდიდა გაზის ფულს და აგროვებდა ვალებს. ახალი ხელისუფლება არა მარტო დროზე იხდის გაზრდილ საფასურს, არამედ ძველი ვალების დიდი ნაწილი დაფარა.
ქვეყანა აღარაა დამოკიდებული რუსეთის დენზე და პირიქით, თავად გააქვს დენი ექსპორტზე.
მიმდინარეობს განათლების რეფორმა. შემოიღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, რამაც ბევრად შეამცირა კორუფცია მისაღები გამოცდების დროს.
აილაგმა ფეოდალური და მოღალატური დაჯგუფებები. მშვიდობიანად მოცილდა აბაშიძის უსერიოზულესი კლანი, რაც სრულიად დაუჯერებელი იყო 3–4 წლის წინ.
აღდგა ცენტრ. ხელისუფლების კონტროლი ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, მათ შორის უმტკივნეულოდ და გართულებების გარეშე ხორციელდება რუსული ბაზის გაყვანა ჯავახეთიდან და ამ რეგიონის მოქცევა ერთიან სივრცეში. (თუ ვინმე კიდევ ვერ ხვდება, რა ნაღმები იყო აქ ჩადებული და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს, შემიძლია დაწვრილებით ავუხსნა).
2008 წელს დასრულდება ბათუმის და ახალქალაქის ბაზების გაყვანა. თბილისის გარნიზონი და ავადსახსენებელი ზაკვო ახალ წლამდე დატოვებს თბილისს, 200 წლიანი ოკუპაციის შემდეგ.
რეალურად კონტროლდება ცხინვალის რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, ზემო აფხაზეთი. იქმნება საფუძვლები სერიოზული გარღვევისთვის ამ კონფლიქტების მოგვარების პროცესში, რაც იწვევს რუსეთის და მისი მარიონეტების ისტერიულ რეაქციას. ეს ისტერია ნათლად ჩასნ შეუიარაღებელი თვალითაც.
საოცრად დაჩქარდა და წინ წავიდა ნატო–ში ინტეგრაციის პროცესი, რაც ასევე წარმოუდგენელი იყო 2–3 წლის წინ. თავად ეს პროცესი თავის თავში მოიცავს ათეულობით გადალახულ წინაღობას, შესრულებულ რეკომენდაციას, იმპლემენტირებულ სიახლეს. ყველაზე გვიან 2009–2010 წლებში (შესაძლოა 2008 წელს) საქართველო გახდება ნატო–ს სრულუფლებიანი წევრი.
ევროკავშირთან ფორმდება ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები, რაც თანდათან გზას გაუხსნის ქართულ საქონელს ევროპულ ბაზარზე და ქართულ სამუშაო ძალას ლეგალური დასაქმებისთვის.
აღარ ჩამოვთვლი ათეულობით და უკვე ასეულობით მსხვილ საინვესტიციო პროექტს, რომელსაც აფინანსებს უცხოური და ქართული კაპიტალი ან სახელმწიფო ბიუჯეტი. არცერთი ამგვარი პროექტის მეათედის განხორციელებაც კი შეუძლებელი იყო შევარდნაძის დროს.
რაც მთავარია, ქვეყანაში დაიწყო და შეუქცევადად გაგრძელდება ცნობიერების, კულტურის დაყოფა–ცხოვრების დაახლოების და ინტეგრაციის პროცესი ევროპულ სივრცესთან, ვინც რა უნდა იქირქილოს, იკაგებეშნიკოს და იცინიკოსოს.
ეს ყველაფერი და კიდევ უამრავი რამ გაკეთდა 2,5 წლის განმავლობაში ანუ 2004 წლის გაზაფხულიდან 2006 წლის დეკემბრამდე ქვეყანაში, რომელიც ზემოაღნიშნულ მდგომარეობაში იყო, ქვეყანაში, რომელსაც არ გააჩნია ნავთობის და გაზის საბადოები, რომლის ტერიტორიის 15 პროცენტი ოკუპირებულია მტრული ძალის მიერ.
და ამ ყველაფერს და კიდევ ათ ამდენს, რაც გაკეთდა (დამერწმუნეთ, მარტო ჩამოთვლა წაიღებდა 2–3 აქაურ გვერდს) მავანი და მავანი ადარებს რაღაც წვრილმან ყაყანს და ჩხუბებს, რაღაც აურზაურს ვიღაცის გადაყენების თუ გადმოყენების გამო, ვიღაც კერძო პირის მკვლელობას საყოფაცხოვრებო ვითარებაში და მსგავს აბსურდებს...
რამდენი მიწერია თან არაადეკვატური ხალხის გამო, კურიოზია რა.