Maglev-ი, ანუ მაგნიტურ საკიდზე მოძრავი მატარებლი პირველად 1980 წელს ბერლინში ააშენეს. 4 წლის შემდეგ მაგნიტურ საკიდზე მოძრავი მატარებლებით ერთმანეთს ბირმინგემის პორტი და რკინიგზის სადგური დაუკავშირდა. გარკვეულ გარემოებათა გამო, ამ ნოვაციამ ევროპაში ფეხი ვერ მოიკიდა. საათში 500-600კმ/სთ-ით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში უფრო სიცოცხლისუნარიანი გამოდგა. შანხაიში Maglev-ის საშუალო სიჩქარე 300 კილომეტრს აღწევს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მატარებელს 581 კმ/სთ-ის განვითარებაც შეუძლია. 2015 წელს იაპონური კომპანია Central Japan Railway-ის მატარებელმა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა და საათში 603 კილომეტრი განავითარა. 2027 წლის ბოლოსათვის, ტოკიო და ნაგოია ერთმანეთს სწორედ Maglev-ით დაუკავშირდებიან. Maglev-თან დაკავშირებით, შორსმიმავალი გეგმები აქვთ სამხრეთ კორეაშიც. ამჟამად სამხრეთ კორეაში, კერძოდ, ინჩხოის აეროპორტსა და ქალაქის ტურისტულ ცენტრს შორის, Maglev-ის 6-კილომეტრიანი ხაზი ფუნქციონირებს. თუმცა, არსებობს გეგმა, რომ ახლო მომავალში Maglev-ი საქალაქთაშორისო მიმოსვლის მთავარი სატრანსპორტო საშუალება გახდეს.
საკმაოდ მაღალი თვითღირებულებისა და საექსპლუატაციო ხარჯებიდან გამომდინარე, ამ ტიპის ტრანსპორტის საქართველოში გამოჩენა საკმაოდ შორეული მომავლის პერსპექტივაა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ ოდესმე მოხდება, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა მაქსიმუმ 90 წუთში იქნებოდა შესაძლებელი.