რკინიგზის სავარაუდო შეფთა სია
" ხელისუფლება შემცვლელს ”ირაოს” ირგვლივ ეძებს "
რკინიგზის შეფის, დავით ონოფრიშვილის გადადგომის შესახებ ხელისუფლება ორაზროვან განცხადებებს აკეთებს და გადადგომის ნამდვილ მიზეზებზე არ საუბრობს.
სწორედ მაშინ, როდესაც ონოფრიშვილი ამერიკელებთან ერთად რკინიგზის პრივატიზაციაზე მუშაობდა და ამ მიზნით მივლინებით ამერიკაში მიემგზავრებოდა, მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, ინფორმაციამ გაჟონა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ონოფრიშვილის ადგილას შესაძლოა, ანტიმომოპოლიური სამსახურის ყოფილი უფროსი, ხოლო ამჟამად, სადაზღვევო კომპანია ”ირაოს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არმაზ თავაძე ან ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი ვასილ ახრახაძე დანიშნულიყო.
თავაძისა და ახრახაძის გვარების დასახელებამ ოპოზიციას კიდევ უფრო გაუმძაფრა ეჭვები, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ფრთა მაქსიმალურად ცდილობს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ობიექტზე - რკინიგზაზე ”თათის” დადებას. საქმე ისაა, რომ ”ირაო” პრეზიდენტის ძმას დავით სააკაშვილის ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ ჟვანიას სიკვდილიდან რამდენიმე დღეში თითქმის ჩრდილში მოექცა მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი გიორგი ბარამიძე. ზურაბ ნოღაიდელი კი ისეთი გავლენიანი პრემიერი ვეღარ არის, როგორც ჟვანის დროს ფინანსთა მინისტრი იყო. აშკარად შესამჩნევია ის ფაქტიც, რომ ჟვანია-ბენდუქიძისეული აგრესიული პრივატიზაციის პროცესმაც, ჟვანიას დაღუპვის შემდეგ, აგრესიულობა დაკარგა. რაც შეეხება ირაკლი ჩუბინიშვილს, რომელიც კანცელარიის კარზე ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო, ხელისუფლებამ, საერთოდ, საქართველოდან რუსეთში მიავლინა. ყოველივე აქედან გამომდინარე, ონოფრიშვილს, რომელიც ჩუბინიშვილის ცოლისძმაა, მოსალოდნელი იყო, რომ რკინიგზაში დიდი დღე არ ეწერა.
ამიტომ, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ის პოლიტიკური სარჩული, რაზეც ”ახლების” წარმომადგენელი კოკა გუნცაძე საუბრობს. ”ჩვენთვის ცნობილია, რომ რკინიგზაში დღემდე შეიმჩნევა შავი ფულის მოძრაობა და ამ ფულის უკან კონკრეტული ჯგუფი მოიაზრება. ეჭვი გვეპარება, რომ ამ ჯგუფთან ონოფრიშვილს რაიმე კავშირი ჰქონდეს”.
ჯერჯერობით, ვინ დაიკავებს რკინიგზის ხელმძღვანელის ვაკანტურ ადგილს, ეს საკითხი ღიად რჩება. სავარაუდო რკინიგზის შეფის სავარაუდო კანდიდატთა სია დღითი დღე იზრდება.
ონოფრიშვილი წასვლას არ აპირებს
"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ონოფრიშვილი დაკავებული თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. მეტიც: იგი მიმდინარე წელს გაწეულ მუშაობას აჯამებს, საბიუჯეტო შენატანებითა და გადაზიდული ტვირთების ოდენობით თავს იწონებს, ბათუმის მიმართულებით მოძრავი საფირმო მატარებლის 10-15 ვაგონის ახალ მარშრუტზე - თბილისი-ბაქოს მიმართულებით გაშვებას გეგმავს და რკინიგზის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გაცემის მიზნით ტენდერის გამოცხადებას აპირებს. 24 საათი
http://www.versia-online.com/cgi-bin/n_ver..._statia&id=5558