<< საწყისი გვერდი
ქართულად:
ახალი ამბები
ანალგინის გაუქმებას სხვა პრეპარატების ნუსხაც მიემატა
საქართველოს ტერიტორიაზე სააფთიაქო ქსელებიდან ანალგინის
50%-იანი საინექციო ხსნარის ამოღების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. თუმცა ანალგინის სამედიცინო პრაქტიკიდან ამოღებას სხვა, ანალგინის შემცველი პრეპარატების ნუსხაც მიემატა. სააფთიაქო ქსელებში მიმოქცევიდან ამოიღება ანალგინის 50%-იანი ხსნარი და ანალგინის შემცველი პრეპარატები. მათ შორის, სააფთიაქო მიმოქცევიდან ამოიღება საქართველოს ტერიტორიაზე დღეის მდგომარეობით შესაძლო მიმოქცევაში რეგისტრაციის ვადით არსებული ბარალგინის, მაქსიგანის, ბრალის და რევალგინის საინექციო ხსნარები.
აღსანიშნავია, რომ არ უქმდება ანალგინი და მისი შემცველი პრეპარატები აბების სახით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა საფუძველზე, რომელიც ანალგინის საინექციო ხსნარის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებას ეხება, აღნიშნულია, რომ პრაქტიკაში ანალგინის ხსნარის გამოყენება ისეთ გვერდით მოვლენებს უკავშირდება, როგორიცაა ანაფილაქსური შოკი (ელვისებური ალერგიული რეაქცია, რაც ავადმყოფის სიკვდილით მთავრდება). სწორედ პაციენტთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" 15 მაისს სპეციალური ბრძანება გამოიცა, სადაც ანალგინის ხსნართან ერთად სხვა ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური საშუალებები უქმდება.
მოქმედი სააფთიაქო ქსელებიდან ანალგინის (მეთამიზოლის) 50%-იანი ხსნარის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი მიმოქცევის ამოღების თაობაზე წამლის სააგენტოს უფროსის, გიორგი ბარამიძის ბრძანება N324 მიმდინარე წლის 15 მაისს გამოიცა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ უქმდება საქართველოში რეგისტრირებული ანალგინის 50%-იანი საინექციო ხსნარი, ანალგინის შემცველი პრეპარატების რეგისტრაცია და მასზე გაცემული შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობები.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, რეგისტრაციის ვადა გასული აქვს პრეპარატ სპაზგანს და სპაზმალგონის 2-მლ და 5-მლ ხსნარებს. ასევე პრეპარატ ბარალგეტს, რომელიც მიმოქცევიდან ასევე ამოიღება.
"ეთხოვოთ საქართველოში არსებულ ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებს, მოახდინონ ანალგინის (მეთამიზოლის) 50%-იანი საინექციო ხსნარისა და ანალგინის შემცველი პრეპარატების მიმოქცევიდან ამოღება და სათანადო წესით განადგურება. ასევე დაევალოს ფარმაცევტულ საქმიანობის ინსპექტირების დეპარტამენტს განახორციელოს ამ ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღრული დავალების შესრულებაზე კონტროლი," - აღნიშნულია წამლის სააგენტოს უფროსის ბრძანებაში.
ნინო ფრანგიშვილი
http://www.opentext.org.ge/resonance2007.05.25
This post has been edited by duda-e on 4 Jun 2007, 21:43