ხოდა ამ ყველაფრის მერე რა სამართალზე უნდა ილაპარაკოს კაცმა
აქვე დავაკოპირებ 
დაპატიმრება
18 თებერვალს მესტიის რაიონის სოფ. ეცერიდან ლაშა ხორგუანი ზუგდიდის მიმიმართულებით მიემგზავრებოდა. ”ვილისის” მარკის სამარშუტო ტაქსში, სხვა მგზავრებთან ერთად გოჩა და ხვიჩა მილდიანებიც ისხდნენ. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, სოფ. ჯორკვალთან სოდ-ის თანამშრომლებმა მანქანა გააჩერეს, ლაშა ხორგუანი და მილდიანები ჩამოსვეს და მათი ჩხრეკა დაიწყეს. სოდ-ის თანამშრომლებმა მათი მობილურები მოიკითხეს. როგორც კი ლაშას ნომერი შეიტყვეს, მიხვდნენ, რომ სწორედ ის იყო, ვისაც ეძებდნენ.
პირველი ჩხრეკისას ვერაფერი აღმოუჩინეს, მაგრამ უკვე მეორე ჩხრეკის დროს ლაშა ხორგუანს შარვლის უკანა ჯიბეში სამი აბი სუბუტექსი, ხოლო ხვიჩა მილდიანს ზურგჩანთაში სამი ხელყუმბარა და 5 აბი სუბუტექსი უპოვნეს. არცერთმა მათგანმა არ იცის, საიდან აღმოჩნდა ზემოაღნიშნული მათ ჯიბეებსა და ზურგჩანთაში. ყველანი დააპატიმრეს. გამოძიება განსაკუთრებულ ინტერესს ლაშა ხორგუანის მიმართ იჩენდა. კერძოდ კი, სოდ-ის თანამშრომლებს აინტერესებდათ პასუხი ერთ კითხვაზე - ორიოდე დღის წინ ლაშას მობილურიდან ვინ დარეკა 899 53 53 41 ნომერზე.
სატელეფონო ზარი
ყველაფერი კი 15 თებერვალს გვიან ღამით დაუდევრად განხორციელებული სატელეფონო ზარით დაიწყო. იმ დღეს სოფ, ეცერში ვახტანგ ხორგუანის სიმამრის დასაფლავება იყო, ხოლო მეზობელ ოჯახში ორმოცი გადაიხადეს. ახალგაზრდები გვიან ღამემდე სვამდნენ. იმ საღამოს ბევრმა დარეკა ლაშას მობილურიდან. დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა, როცა ერთმა ნასვამმა ახალგაზრდამაც დარეკა ნომერზე, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ცნობილ ქალბატონს ეკუთვნოდა. არავინ უპასუხა, თუმცა რამდენიმე წუთში იმავე ნომრიდან ზარი შემოვიდა ლაშას მობილურზე.
ჩვენ შევიტყვეთ, რომ სოდ-ი ლაშას ტელეფონიდან დამრეკის ვინაობის დასახელებას სთხოვდა. მან არ გათქვა. თუმცა, ზარის ავტორმა ლაშას დაპატიმრება როცა შეიტყო, ობუდსმენს თავად მისწერა ამ შემთხვევის შესახებ: ”როცა სტუმრები ორმოციდან დაიშალნენ, ლაშას მობილურიდან დარეკვა ვთხოვე. პირველივე ზარისას მივხვდი, რომ ნომერი არასწორად ავკრიფე, ამიტომ მაშინვე გავთიშე.
ზუსტად 2 წუთში ზარი იმ ნომრიდან შემოვიდა, რომელიც მე ავკრიფე (899 53 53 41) და ქალი დამელაპარაკა. მან ვინაობა მკითხა და უკმაყოფილება გამოხატა გვიან განხორციელებული ზარის გამო. მე მას მოვუბოდიშე და ვცადე ამეხსნა, რომ სხვაგან ვრეკავდი და შემთხვევით ავკრიფე მისი ნომერი. ქალმა ტელეფონი მამაკაცს გადასცა, რომელმაც შემაგინა. თავიდან ვცადე მისთვისაც ამეხსნა, რომ შეცდომით ავკრიფე ქალბატონის ნომერი, მაგრამ ის გინებას აგრძელებდა. ძალიან გავბრაზდი და გინებას გინებით ვუპასუხე. ამის შემდეგ, მამაკაცმა კიდევ ერთხელ დამირეკა და მკითხა, თუ ვინ ვიყავი, თან კვლავ იგინებოდა. მე კითხვა შევუბრუნე - თავად ვინ იყო. მან მიპასუხა, რომ იყო ირაკლი და რომ ჩვენ ლაპარაკს ახალაიას ოფისში გავაგრძელებდით, თან გინებას აგრძელებდა. მეორე დღეს სტუმრები წავიდნენ, საღამოს ლაშას დაკავების ამბავი გავიგე. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ზარის გამო დააკავეს, რომელიც მისი მობილურიდან განხორციელდა”.
ჩვენ გადავამოწმეთ ზარების დეტალური ამონაწერი. აშკარა გახდა, რომ 2:43-სა და 2:44 საათზე ზარები მართლაც იყო შემოსული 899 53 53 41 ნომრიდან ლაშა ხორგუანის ტელეფონზე - ეს ნომერი ეკუთვნის ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს. მოგვიანებით კიდევ 2 ზარი, 5 წუთის ინტერვალით 877 58 63 63 ნომრიდან იყო. ნომერი ირაკლი კოდუას, სოდ-ის უფროსს ეკუთვნის.
პირადი შურისძიება
ჩვენ ირაკლი კოდუას დავუკავშირდით და სატელეფონო ზართან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ. თუმცა მან ვერ გაიხსენა ლაშა ხორგუანთან განხორციელებული ზარები.
სიფრთხილის გამო ზარის ავტორი ვერ ბედავს ბოლომდე სრული სიმართლის თქმას. როცა მან ნომერი აკრიფა, არ შეშლია. კერძო საუბრებიდან გამოვარკვიეთ, რომ სოფ. ეცერში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც აფრასიძეების ცნობილ ისტორიაზე მუშაობდა. უკან დაბრუნებისას მან თავისი ნომერი სოფლის მაცხოვრებლებს დაუტოვა - ”თუ რამე სიახლე იყოს, შემატყობინეთ”. ბიჭებმა ცნობილი ჟურნალისტის ნომერი დაიმახსოვრეს და ერთ დღეს ერთ-ერთმა მათგანმა დარეკა.
ლაშას ტელეფონიდან გასულ ზარებს სოფ. ეცერში დამონტაჟებული ”მაგთის” ანძა აფიქსირებს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში იქმნება დოკუმენტი, რომ მესტიაში მოქმედებს კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება.
მეორე დილით სოდ-ის თანამშრომელთა ჯგუფი სპეცსამსახურების 4 მანქანასთან ერთად მესტიის გზას დაადგა. ლაშა ხორგუანს, რომელსაც გამოცდების ჩასაბარებლად გრიგოლ ფერაძის უნივერსიტეტში მიეჩქარებოდა, მოდულის შენობაში მოუხდა კითხვებზე პასუხის გაცემა.
განაჩენი
დაკავებულები ჯერ ქუთაისში ჩაიყვანეს. ომბუდსმენისადმი მიწერილ წერილში ხვიჩა მილდიანი კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს: ”ქუთაისში, როგორც კი სხვა მანქანაში გადაგვსვეს, ვიგრძენი, რომ ნემსი გამიკეთეს. მე მაშინვე ვკითხე პოლიციელს, თუ რატომ გამიკეთეს ნემსი, რაზეც პოლიციელმა არ მიპასუხა და კარი ზურგს უკან გაიხურა. ნემსის გაკეთების მერე ცუდად გავხდი, თავი ამტკივდა, თბილისისკენ მომავალ გზაზე რამდენჯერმე გული ამერია. ცუდად ვგრძნობდი თავს ნარკოლოგიურშიც. იქ რამდენჯერმე ექიმს კიდევაც ვთხოვე, საპირფარეშოში შესვლის ნება მოეცა, რადგან გული მერეოდა. მოგვიანებით ტანზეც გამომაყარა”.
ნარკოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე სასამართლომ მილდიანებს 500-500 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
პროკურორმა ქეთი ჩომახაშვილმა მათ მეორე დღესვე საპროცესო გარიგება გაუფორმა.
სასამართლო განაჩენში მოსამართლე რეზო ნადოი წერს: ”სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულები აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი”.
სასამართლოზე საპროცესო გარიგების თანახმად, ძმებს სამ-სამი ათასი ლარის გადახდა დააკისრეს, ამას 500-500 ლარი ნარკოტიკების მოხმარების დაემატა და ორივეს ერთად გადასახდელი 7000 ლარი დაუგროვდა.
მოწმეები
ზურაბ ბეითრიშვილმა, სოდ-ის გამომძიებელმა, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობდა, მოწმეებად თავისი ოთხი თანამშრომელი და მძღოლი გამოიყვანა. არცერთი მგზავრი, ვინც ხორგუანის და მილდიანების ჩხრეკას და დაკავებას შეესწრო, მას არ დაუკითხავს. მათი ნაამბობი რამდენიმე პუნქტში ეწინააღმდეგება იმ დადგენილებას, რომელიც გამომძიებელმა ბეითრიშვილმა მოამზადა.
პირველი. დადგენილებაში წერია: ”ლაშა ხორგუანი 2007 წლის 18 თებერვალს გოჩა და ხვიჩა მილდიანებთან ერთად მიემგზავრებოდა სოფ. ცხუმურიდან ქ. ზუგდიდის მიმართულებით..”
როგორც მგზავრები და ავტომანაქანის მძღოლი იხსენებს, ლაშა მანქანაში ავიდა სოფ. ეცერში, მილდიანები კი ცხუმურიდან მოდიოდნენ.
გოჩა მილდიანი ამბობს, რომ ის და მისი ძმა საერთოდ არ იცნობენ ლაშას. გოჩა აპირებდა თბილისში წასვლას სამკურნალოდ და მისი ძმა ხვიჩა კი ვაზიანის ბატალიონში ბრუნდებოდა.
მეორე უზუსტობა, რაც დასკვნაშია, პირდაპირაა დაკავშირებული დაკავების ფაქტთან. ბეითრიშვილი ერთსა და იმავეს წერს სამივე ბრალდებულზე. ”ის არ დაემორჩილა და აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა სოდ-ის თანამშრომლებს, რომლებიც მოუწოდებდნენ მას წესრიგისკენ და ცდილობდნენ აღეკვეთათ მისი კანონსაწინააღმდეგო ქმედებანი”.
თუმცა, მოწმეები ყვებიან, რომ ხორგუანს და მილდიანებს სოდ-ის თანამშრომლებისთვის არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მათ ხელები თავზე ჰქონდათ შემოწყობილი, როგორც უბრძანეს.
შემდეგი ბრალდება, რომელიც ხორგუანს და გოჩა მილდიანს დასდეს: ”ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობის ნარკოტიული ნივთიერება - 0,0240 გრ. - იქნა ნაპოვნი შარვლის უკანა მარხცენა ჯიბეში.” (3 აბი სუბუქეტსი).
მგზავრები კი ერთხმად ამტკიცებენ, რომ პირველი ჩხრეკის დროს მათ ჯიბეებში არაფერი ჰქონდათ. ყველას ამოუტრიალეს ჯიბეები და ვერაფერი უპოვნეს. მაგრამ როცა დაკავებულები განზე გაიყვანეს, მეორე ჩხრეკის დროს ნარკოტიკული ნივთიერებები და ხელყუმბარა აღმოუჩინეს.
ომბდუსმენის რეაქცია
საქმის არსში გარკვევის შემდეგ, სოზარ სუბარმა პრეს-კონფერენცია გამართა.
”საქმის შესწავლის შედეგად იკვეთება დანაშაულის ნიშნები სოდ-ის უფროსის ირაკლი კოდუას, ასევე შსს-ს და საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა ქმედებაში. საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანების დაკავებას და მათ სისხლის სამართლებრივ დევნას პირადი შურისძიების მიზნით. ასევე დაკავებულთა წამებას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას, ნარკოტიკების და საბრძოლო მასალების ჩადებას და ნარკოტიკის იძულებით გაკეთებას.”
სახალხო დამცველმა ლაშა ხორგუანის წამების დეტალებიც გაახმოვანა. ”ჩვენ პირადი საუბრიდან გავარკვიეთ, რომ ხორგუანს წყლით სავსე პლასტმასის რამდენიმე ბოთლი გადაახეთქეს თავზე, თუმცა ისიც ვიცი, რომ ეს ადამიანი ამის დადასტურებას არ აპირებს, იმიტომ, რომ დაშინებულია”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სოზარ სუბარის პრესკონფერენციას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ისინი არც ინტერვიუს მოცემაზე დაგვთანხმდნენ.
წამების კვალი
№1 იზოლატორის ექიმი ლაშა ხორგუანზე ფიზიკური ზემოქმედების კვალს ასე აღწერს:
”შუბლზე, თმის საფარქვეშ აღენიშნება ნაფლეთი ჭრილობა. მარცხენა ყურის ნიჟარა შესიებული აქვს. ორივე თვალბუდის ქვ. მიდამოში გამოხატულია კანქვეშა წითელი ფერის სისხლნაჟღენთი.”
პოლიციის საგამოძიებო ჩანაწერში დაზიანებები ნახსენებია, მაგრამ როგორც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შედეგი. ხორგუანი კი ამბობს, რომ მან ეს დაზიანებები დაკავებამდე მიიღო და რომ არავითარი პრეტენზია პოლიციის მიმართ არ აქვს.
პრეტენზია მას ჰქონდა, ოღონდ თავიდან. როცა პირველად დააკავეს და გაჩხრიკეს, მან ოქმს ხელი არ მოაწერა უდანაშაულობის გამო. პრეტენზიის გამოთქმის ყოველგვარი სურვილი სოდ-ში მისვლის შემდეგ დაკარგა. დღეს ხორგუანს ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს. მან შემოგვითვალა, რომ სათქმელი აღიარებით ჩვენებაში თქვა.
ნაწყვეტი: ”მინდა მოგახსენოთ, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს მთლიანად ვგრძნობ დამნაშავედ და მინდა ვაღიარო ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაული. 13 თებერვალს წავედი ნათესავის დაკრძალვაზე. დაკრძალვის შემდეგ 2007 წლის 18 თებერვალს დილით ადრე გადავწყვიტე წამოვსულიყავი თბილისში. რა დროსაც გამოვედი გზაზე, რათა გამეჩერებინა ზუგდიდის მიმართულებით მიმავალი ტაქსი. ამ დროს ძირს დავინახე მიწაზე დაგდებული პარკში გახვეული რაღაც ნივთი, ავიღე, გავხსენი და ვნახე, რომ შიგნით იყო მოთავსებული სამი თეთრი აბი და კიდევ აბის პატარა ნატეხი. ენის წვერის ამ პატარა ნატეხზე დადებით მივხვდი, რომ ის უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება სუბუტექსი, რომელიც იქვე მოვიხმარე, კერძოდ, გადავყლაპე, ხოლო დანარჩენი სამი აბი შევინახე შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბეში. როცა ჩვენი ტაქსი სოფ. ჯორკვალს მიუახლოვდა, ის გააჩერეს შემხვედრმა ავტომანაქანებმა, საიდანაც გადმოვიდნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმული პიროვნებები, მოვიდნენ და აპირებდნენ ჩემს გაჩხრეკას. მე შემეშინდა მათი და დავაპირე გაქცევა, რა დროსაც ხელების და ფეხების მოქნევით მათი მიმართულებით ვუწევდი წინააღმდეგობას. მაგრამ პოლიციელებმა აღკვეთეს ჩემი წინააღმდეგობა. აქვე მოგახსენებთ, რომ წარსულში ნასამართლევი არ ვარ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, მაპატიოთ ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაული, რასაც გულწრფელად ვინანიებ და ვითხოვ, პატიებას. ლაშა ხორგუანი”.
This post has been edited by PAPA_KARLA on 21 May 2008, 12:28