#10436278 · 16 Jul 2008, 12:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართული დრაგი რუსთავის ეროვნულ ავტოდრომზე, 14 ივლისს გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი დრაგში და პირველ ეტაპზე, ხუთ სხვადასხვა კლასში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ტურნირის ორგანიზატორების - “პირველი ქართული ავტო-აუქციონის WWW.BUYAUTO.GE-ს” და GBR-ის წარმომადგენლები, მონაწილეები და უბრალო მაყურებლები, დრაგის ოფიციალური დებიუტით, რომელშიც 50-მდე მრბოლელი გამოვიდა, კმაყოფილნი დარჩნენ. რუსთავის ავტოდრომზე, დრაგის საყურებლად ავტომობილების და სისწრაფის 700-მდე მოყვარულმა მოიყარა თავი. ის ადამიანები, რომლებიც დრაგის პირველ ეტაპზე არ მონაწილეობდნენ, ტურნირის დასრულების შემდეგ, საკუთარი ავტომობილებით გზატკეცილზე ჩავიდნენ და ერთმანეთში სახელდახელო, უკონკურსო რბოლები მოაწყვეს. ზოგიერთმა საჭის ფლობის საკუთარი უნარი წარმოაჩინა და ავტომობილის ბზრიალით, დამწვარი საბურავებით ისედაც გაჟღენთილი ჰაერი კიდევ უფრო “არომატული” გახადეს. დრაგი 402 მეტრ დისტანციაზე, წყვილთა შორის რბოლაა. შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. კლასიფიკაცია შემდეგნაირი იყო - A: 1600cc-მდე; B: 2300cc-მდე; C: 2900cc-მდე; D: 3500cc-მდე და E: OVER კლასი. დღევანდელი ეტაპის შედეგად, სხვა პრიზებთან ერთად, თითოეულ კლასში პირველ ადგილზე გასულმა მრბოლელმა, 3 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა, ფინალის მონაწილეს კი 1 ქულა ერგო. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, დრაგში 20 ეტაპი ჩატარდება. აქ მოპოვებული ქულები დაჯამდება და ხუთივე კლასში ყველაზე მეტი ქულის მქონე მრბოლელი, მთავარი პრიზის სახით, “იაგუარის”, ან “ფერარის” მარკის “კაბრიოლეტს” მიიღებს. პირველად გზატკეცილი A კლასის, ყველაზე დაბალი კუბატურის მქონე ავტომობილებს დაეთმოთ. ფინალში HONDA Civic-ით გიორგი რუხაძე და Mitsubishi Colt-ით დათო მენთეშაშვილი გავიდნენ. გამარჯვება რუხაძემ მოიპოვა და მან საკუთარ აქტივში 3 ქულა ჩაიწერა, მენთეშაშვილს კი 1 ქულა ერგო. B კლასის ფინალში, Honda CRX VTEC-ით მრბოლელმა კახა ჩადუნელმა, Opel Astra-თი მონაწილე პაატა მახარაშვილს აჯობა. C კლასში BMW 328-ით, გამარჯვება მოიპოვა კოტე კოლიაშვილმა, რომელმაც ფინალში Honda S2000-ით მრბოლელ გიორგი სულავას აჯობა. D კლასის ფინალში, Nissan Turbo-თი მრბოლელმა რომან ასანიძე, ტურნირის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი, Porsche 911-ით მრბოლელი აკაკი ბერძენიშვილი დაამარცხა, OVER კლასში კი, 2007 წლის BMW M5-ით პირველობა არავის დაუთმო გიორგი კოდუამ, რომელმაც ფინალში Subaru Impreza WEX STI-თი მრბოლელი გიორგი მუმლაძე დაამარცხა. “ჩვენი მიზანია, რომ დრაგმა ქუჩიდან რუსთავის ავტოდრომზე გადაინაცვლოს და დღეს ამ კუთხით პირველი ნაბიჯი გადავდგით. მთელი დღის განმავლობაში, ადრენალინის მოზღვავება იგრძნობოდა. ვფიქრობ, მონაწილეები კმაყოფილი უნდა იყვნენ. მთელი რბოლა დაძაბულად მიმდინარეობდა და გამარჯვებები ღირსეულებმა მოიპოვეს” - განაცხადა რბოლის დასრულების შემდეგ აკაკი ბერძენიშვილმა.
--------------------
რა კარგი იქნებოდა, საქართველოს მარტო ზღვა რომ ესაზღვრებოდეს და ის ოთხნი - არა
|