გამარჯობა,
მყავს მეგობარი, რომელიც ვერ კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას, დროის ფლანგვად მიაჩნია. მაგრამ კითხულობს ფილოსოფიას, სამეცნიერო ან სამეცნიერო-პოპულარულ წიგნებს. მოკლედ, ფიზიკოსია კაცი და ლირიკული მიდრეკილებები არ ახასიათებს. დიდხანს ვფიქრობდი, როგორ ჩამეთრია ლიტერატურის დიდ ხორცსაკეპში და ბოლოს შევთავაზე გაბრიელ გარსია მარკესის "ათი დღე ზვიგენებთან პირისპირ", ანუ საზღვაო კატასტროფაში მოყოლილი კაცის გამხატვრულებული, მაგრამ ძირითად ფორმებში მაინც დოკუმენტური ამბავი. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ვიპოვე მთელი ჟანრი მხატვრული ლიტერატურისა, რომლის წაკითხვა ტექნოკრატისთვის აღარანაირად აღიქმება დროის ფლანგვად, პირიქით, სახალისოც კი არის.
ცოტა ხანს დავფიქრდი, რა დაერქმეოდა ამ ჟანრს, ინტერნეტიც მოვიშველიე და პასუხი გამოვიდა ნატურალისტიკა ან ექსტრემალური რეალიზმი. კარგი მაგალითია მაინ რიდის ახალგაზრდული რომანები, სადაც აფრიკის და ამერიკის ფლორა-ფაუნას აღწერს, ჟიულ ვერნის სათავგადასავლო წიგნები, განსაკუთრებით, "საიდუმლო კუნძული", სადაც მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს აღწერებს დიდ ადგილს უთმობს (უნდა აღინიშნოს, რომ ჟიულ ვერნთან ნატურალიზმი სამეცნიერო ფანტასტიკასთანაც იკვეთება და მის ფონს წარმოადგენს). თუმცა, ამ წიგნებში მხოლოდ ნატურალისტური ნაწილია რეალიზმი, დანარჩენი, გმირთა თავგადასავალი თავიდან ბოლომდე ფიქციაა. მკაცრად ექსტრემალურ რეალიზმზე რომ ვისაუბროთ, გმირებიც ნამდვილი ადამიანები უნდა იყვნენ, ექსტრემალური რეალიზმი ერთი წახნაგით დოკუმენტალისტიკას ებჯინება.
ცოტა კიდევ დავფიქრდი და გამახსენდა რამდენიმე წიგნი, ჯიმ კორბეტის "კუმაონის კაციჭამიები" და ნადირობა, მოგზაურობა, თავგადასავალის თორმეტ-ტომეული. ამ წიგნების სიას (ბოდიშს ვიხდი, ძალიან დაუხვეწავია ჯერ, მაგრამ ეს ხომ პირველი მცდელობაა მსგავსი სიის შედგენისა) ბარემ ისევ ექსტრემალური რეალიზმის სახით დავურთავ ჩემს პოსტს, თემის მთავარი თხოვნა კი მექნება, დავამატოთ, რაც შეიძლება, ბევრი ამ ჟანრის წიგნი, თუნდაც ისეთები, რაც ჯერ ნათარგმნი არ ყოფილა ქართულად.
წინასწარ დიდი მადლობა ინტერესისა და თანამონაწილეობისათვის.
1. ჯონ ტენერი, „ოცდაათი წელი ინდიელთა შორის“: მოთხრობა (სო-სენტ-მარში, ამერიკის შეერთებული შტატების სამსახურში მყოფი თარჯიმნის, ჯონ ტენერის მოტაცებასა და თავგადასავალზე : ტენერმა ჩრდილო ამერიკის სიღრმეში ინდიელთა შორის 30 წელი გაატარა. (ნადირობა. მოგზაურობა. თავგადასავალი : 12 ტომად ; ტ. 1 / ჯონ ტენერი ; მთარგმელი : გ. იაშვილი.
2. ჰანს შომბრუკი, „კარვით აფრიკაში“; ჯემს შულცი, „მარტოხელა ბიზონის შეცდომა“; „კარვით აფრიკაში“ - ჰანს შომბრუკი / 1966 წ. -- შომბრუკი ბუნებისმეტყველი და პროფესიონალი მონადირეა. თავის წიგნში იგი აღწერს ფრიად საინტერესო ამბებს, რომლებიც თავს გადახდა აფრიკაში ცხოვრების სამოცი წლის მანძილზე. „მარტოხელა ბიზონის შეცდომა“ - ჯემს შულცი / 1966 წ. შულცი დიდხანს ცხოვრობდა ინდიელთა შორის და მიმზიდველად გადმოგვცემს მათი ყოფა-ცხოვრების წარუშლელ სურათებს. (ნადირობა. მოგზაურობა. თავგადასავალი : 12 ტომად ; ტ. 2.
3. კარლ ჰაგენბეკი. „მხეცებსა და ადამიანებზე“; ჩარლზ მაიერი „როგორ ვიჭერდი გარეულ მხეცებს“. / 1966 წ. ცირკისა და ზოოპარკისთვის მხეცების დამჭერი ჩარლზ მაიერი საინტერესო ამბებს მოგვითხრობს აზიაში თავის ცხოვრებასა და თავგადასავალზე. წიგნს დიდ შემეცნებით ღირებულებას აძლევს აგრეთვე ადგილობრივ მკვიდრთა ყოფა-ცხოვრების სურათები. ჩარლზ მაიერი ; [მთარგმნ.: გ. ქველაძე, ნ. ჟღენტი]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1966. - 479გვ. : ილ. 1ფ. პორტრ. ; 21სმ.. - (ნადირობა. მოგზაურობა. თავგადასავალი : 12 ტომად ; ტ. 3 / სარედ. კოლ.: გ. ზარდალიშვილი, ს. მაკალათია, არჩ. ჯანაშვილი). - 1მ.19კ., 20000 ც.
4. ჯონ ჰანთერი, „მონადირე“, ანტონიო არლეტი, „ტრამპეადორი“ -- მონადირე“ - ჯონ ჰანტერი / 1967 წ. გადაშლით ჯონ ჰანტერის წიგნს და ავტორთან ერთად იმოგზაურებთ აფრიკის უღრან ტყეებში, ინადირებთ გარეულ სპილოებზე, ღორებზე, ლომებზე, მარტორქაზე და ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ აფრიკის შესანიშნავ ბუნებასა და მცხოვრებთა ზნე-ჩვეულებებზე. „ტრაპმეადორი“ - ანტონიო არლეტი / 1967 წ. ათასობით კილომეტრი გაიარეს ავტომანქანით, კანოეთი გაცურეს რიო-ნეგროს სათავეები არგენტინელმა მონადირემ ფრანჩესკომ და ამ წიგნის ავტორმა ანტონიო არლეტიმ. იმ ადგილებში, სადაც იშვიათად გაუვლია ადამიანს, ისინი ნადირობენ ველურ კატაზე, ნუტრიაზე, პუმაზე, გუანაკოზე, იჭერენ წითელფორეჯებიან კალმახს. მრავალი ფათერაკი გადახდენიათ, ბევრჯერ სასაცილო მდგომარეობაშიც ჩავარდნილან...
5. იენს ბიერე, „გადაკარგული ქვეყანა კალაჰარი“, ფრანკო პროსპერი „მთვარის კუნძულებზე“ -- დანიელმა ეთნოგრაფმა იენს ბიერემ ორჯერ იმოგზაურა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში და აღწერა ექსპედიციის თავგადასავალი. წიგნის საკმაო ნაწილი დათმობილი აქვს მკაცრი მთებისა და უდაბნოების პეიზაჟების, მიწისქვეშა ტბების, დამშრალი მდინარეების, უმაღლესი წყალვარდნილების ლამაზ და ლირიკულ ჩანახატებს. „მთვარის კუნძულებზე“ - ფრანკო პროსპერი / 1967 წ. ყოველთვის გაკვირვებას იწვევდა იმ კუნძულების უჩვეულო ფაუნა, რომელიც მოზამბიკისა და მადაგასკარის სრუტეს ეკვრის. აქ ბინადრობენ ცხოველთა ისეთი ეგზემპლარები, რომლებსაც დედამიწის სხვა კუთხეში ვერ შეხვდებით. ზოოლოგებს ჯერ კიდევ ვერ დაუდგენიათ, რომელ ფაუნას მიაკუთვნონ მადაგასკარის ზონა, ან აქ დღემდე რატომ შემორჩნენ ეს ცხოველები.
6. დხან მუკერჯი „ჯუნგლებში“, ადრიან პაუელი „შუაგულ ტყეში“ -- წიგნი ეხება ინდოეთის ჯუნგლების ცხოვრებას მთელ მის გიგანტურ სივრცეზე, ბრაჰმაპურტის სათავეებიდან ქაშმირამდე და ახალგაზრდა მონადირის თვალით გვაცნობს მის მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს. „შუაგულ ტყეში“ - ადრიან კაუელი / 1967 წ. ინგლისელი მკვლევარი ადრიანი ბრაზილიის ჯუნგლების გამოუკვლევ მასივებში ექსპედიციის მუშაობის შედეგებზე მოგვითხრობს. ავტორმა გაიარა იმ რაიონებში, სადაც მანამდე არ დაუდგამს ფეხი მოგზაურს, მიაღწია ბრაზილიის გეოგრაფიულ ცენტრს, ერთ წლამდე იცხოვრა ამ ადგილებში და დაგვიწერა საინტერესო წიგნი, საიდანაც მკითხველი ბევრ რამეს გაიგებს ინდიელ ტომთა ზნე-ჩვეულებების შესახებ.
7. ჯერალდ დარელი „მთვრალ ტყეში“, მატო ნაჟინი „ჩემი ხალხი სიუ“ -- წიგნში აღწერილია საინტერესო მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში, არგენტინის პამპისა და პარაგვაის ნაკლებ-შესწავლილ რაიონებში. მოთხრობილია სამხრეთ ამერიკის კონტინენტის საოცარი ცხოველებისა და ფრინველების თვისებებსა და ჩვევებზე. „ჩემი ხალხი სიუ“ - მატო ნაჟინი / 1967 წ. ინდიელთა ტომების ბელადი მატო ნაჟინი თავის მემუარებში გადმოგცემს ერთ-ერთი ჩრდილოამერიკული ტომის ტრადიციას. მოვლენები ვითარდება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც დაიწყო სიუს ტომის კოლონიზაცია თეთრკანიანთა მიერ.
8. ერნესტ გლენვილი, „ოქროსფაფრიანი ნგონიამა“, ჯერალდ დარელი, „იდუმალი ხმების ქვეყანა“ -- სამხრეთ აფრიკა ინგლისელიმწერლის ე. გლენვილის მოთხრობების მთავარი გმირის - ნგონიამას(ლომის) - მოქმედების ადგილია. მკითხველის თვალწინ იშლება აფრიკის ბუნების წარმტაცი სურათები, იქაურ ბინადართა ცხოვრება. „იდუმალი ხმების ქვეყანა“ - ჯერალდ დარელი / 1968 წ. -- ჯერალდ დარელი სახელმოხვეჭილი მკვლევარი და მრავალი მოთხრობის ავტორია. ამჯერად იგი გვიამბობს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის მდუმარე მხარეში ბინადარ ცხოველთა შესახებ.
9. ჯენეტ ანდერსონი „შავი ავაზა შივანიპალიდან“, ჯიმ კორბეტი, „ტაძრის ვეფხვი“ -- ცნობილი მონადირე კენეტ ანდერსონი საინტერესოდ მოგვითხრობს პროფესიონალი მონადირის თავგადასავალზე, ის ცოცხლად აღწერს სამხრეთ ინდოეთის ჯუნგლების ცხოვრებას და ადამიანებზე კაციჭამია ავაზებისა და ვეფხვების თავდასხმის შემზარავ სურათებს. „ტაძრის ვეფხვი“ - ჯიმ კორბეტი / 1968 წ. ჯიმ კორბეტს, როგორც მონადირესა და ნატურალისტს ქართველი მკითხველი იცნობს წიგნებით „კუმაონის კაციჭამიები“ და „რუდრაპრაიაგის ავაზა“. „ტაძრის ვეფხვით“ იგი წარმოგვიდგება როგორც ჰუმანური, კეთილშობილი კაცი, რომელმაც არაერთხელ გასწირა სიცოცხლე მტაცებლებისგან ინდიელთა, შორეულ ჯუნგლებში გადაკარგულ სოფლის მცხოვრებთა გადასარჩენად. მთელი სიცოცხლე ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინდოეთის უბრალო ხალხთან და უანგაროდ ემსახურებოდა მას.
10. პერსი ჰარისონ ფოსეტი, „დაუმთავრებელი მოგზაურობა“ -- ინგლისელი ოფიცერი ფოსეტი მიემგზავრება სამხრეთ ამერიკის მიყრუებულ რაიონებში, სადაც მანამდე არცერთ ევროპელს არ დაედგა ფეხი. მოგზაურობის დროს ფოსეტს თავის თანამგზავრებთან ერთად შიშითა და ხიფათით აღსავსე ცხოვრების გადატანა მოუხდა. ლეგენდებით გატაცებული, თავის უფროს ვაჟთან ერთად იგი მეორედ მიდის ამ ქვეყანაში სიძველეთა ძეგლების საძიებლად, მაგრამ ფოსეტის უკანასკნელი ექსპედიცია უგზო-უკვლოდ იკარგება.
11. იშტვან დენეში, „წინ კილიმანჯაროა“. 1968 წ. 1960 წელს უნგრელ მონადირეთა ექსპედიციამ განახორციელა დიდად საინტერესო მოგზაურობა ტანგანიკისა და კენიაში აღმოსავლეთ აფრიკის ნადირის დასახოცად და ბუდაპეშტის ეროვნული მუზეუმის ახალი ექსპონატებით შესავსებად. ბევრი რამ ღირსშესანიშნავი ნახა ექსპედიციამ თავის გზაზე. აი, ამ ნანახსა და განცდილ-გამოვლილზე მოგვითხრობს ამ წიგნში ექსპედიციის ხელმძღვანელი იშტვან დენეში.
12. ანდრე დავი, „კაიაკებით ნილისზე“, ლ. ჟაკოლიო, „სპილოს ძვლისა და შავი ხის სანაპირო“. 1969 წ. ფრანგი მხაზველი ჟან ლაპორტი, ჟურნალისტი ანდრე დავი და ამერიკელი სტუდენტი ჯონ ჰოდარდი კაიაკებით დაჰყვნენ ნილოსს სათავიდან შესართავამდე. სწორედ ამ საინტერესო მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს ფრანგი ჟურნალისტის ა. დავის წიგნი „კაიაკებით ნილოსზე“. ავტორთან ერთად მკითხველიც იმოგზაურებს და გაეცნობა ნუბიის უძველესი კულტურის ცნობილ ძეგლებს, ეგვიპტის დიდებულ ტაძრებსა და პირამიდებს, იხილავს ნილოსის ნაირფერ ლანდშაფტს და გაოცებული დარჩება ბეჰემოტების, ნიანგების, სპილოების ზნე-ჩვეულებებით. „სპილოს ძვლისა და შავი ხის სანაპირო“ - ლუი ჟაკოლიო - 1969 წ. ცნობილი ფრანგი მოგზაურის ლუი ჟაკოლიოს წიგნში „სპილოს ძვლისა და შავი ხის სანაპირო“ მონობით მოვაჭრე გემის „კრაზანას“ სახიფათო მოგზაურობის ფონზე აღწერილია აფრიკის თვალწარმტაცი ბუნება, აფრიკული ტომების ყოფა და ადათ-ჩვევები. მასში ნაჩვენებია, თუ რა უბედურება, სიღატაკე, დაბეჩავება და მონური ცხოვრება მოუტანა ევროპელთა ბატონობამ აფრიკის მოსახლეობას.
13. კორბეტი, ჯიმ, „კუმაონის კაციჭამიები“ / „რუდრაპრაიაგის ავაზა“. [მთარგმ.: ს. აბულაძე]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1964. - 405გვ. : ილ. ; 20სმ.. - 1მ.9კ. ყდ., 30000 ც.
ფოტოსათვის მადლობა ფბ გვერდს "ნადირობა საქართველოში".
This post has been edited by ლაბარნა on 28 Jun 2022, 21:19
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)