Melisa
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4645
წევრი No.: 27039
რეგისტრ.: 16-December 06
|
#12898256 · 10 Mar 2009, 16:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტიკური თამაშები - ”საიდუმლო სერობა” ვენაში
პრეზიდენტმა სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რუსეთიდან ქართულ ოპოზიციაში არასასიკეთო მიზნებისთვის დიდი ფული მოდის. აშკარაა, სააკაშვილი რუსული ფულის ადრესატად, არც საკუთარ თავს მოიაზრებდა და არც საკუთარ გარემოცვას. თავის მხრივ, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სააკაშვილი კრიზისშია და შავ პიარს ამიტომ აგორებს. სახელისუფლებო კულუარებში კი ამბობენ, რომ პრეზიდენტი ”ჰაერზე არ ლაპარაკობს” და საჭირო მომენტში მამხილებელ ფაქტებსაც გამოააშკარავებს. ”უზურპატორს” გამოსააშკარავებელი არაფერი აქვს, - აცხადებენ ოპოზიციონერები და იმასაც დასძენენ, არაერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთში საეჭვო ძალებთან უხილავი ძაფები არ გვაკავშირებს. ამის დამამტკიცებლად კი, არც ისე დიდი ხნის წინ, მოსკოვში, ქართველთა კავშირის თავმჯდომარის მიხეილ ხუბუტიას მიერ ჩატარებული ყრილობა მოჰყავთ, რომელზე დასასწრებადაც საქართველოდან არავინ ჩასულა, ნესტან კირთაძის გარდა.
კირთაძესაც ხუბუტიასთან საერთო არაფერი აქვს, საპატრიარქოს დელეგაციას რუსეთში იმ პერიოდში ახლდა და ქართველებთან ჩახუტების შანსი ხელიდან არ გაუშვა, - ამბობენ ოპოზიციონერები. ”ლეიბორისტები” კი იმ ინფორმაციასაც უარყოფენ, რომლის თანახმად მოსკოვს, უახლოეს წარსულში მათი პარტიის თავიკაცი, ნათელაშვილიც სტუმრობდა.
ეჭვების გასაქარვებლად ”შრომისპარტიელებმა” ”ნიუსი” გაავრცელეს - საქართველოს ნათელი მომავლისთვის ”მკერდგადახერხილი” შალვა ნათელაშვილი რუსეთში კი არა, ამერიკაში გაემგზავრა. ისე, ქართული ფილმის ”უძინართა მზის” პერსონაჟისა არ იყოს, ძაან არ გავიგოთ ახლა ჩვენ, ნათელაშვილი ამერიკაშია თუ მოსკოვში.
თუმცა, ამჯერად ნათელაშვილის ვოიაჟებზე მეტად ”ვერსია” იმ 12-15 კაცის უახლოესი ერთი კვირის გეგმებით დაინტერესდა, რომლებიც ჩვენი წყაროს ცნობით, 12 მარტს, ვენას ესტუმრებიან და ”ხუბუტია 2”-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრებიან.
როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ქართულ ოპოზიციაზე ”გასვლას” ისევ ფიქრობენ. ხუბუტიას ”მატარებელმა” ჩაიარა თუ არა, პუტინის გარემოცვაში ისევ დაიწყეს ფიქრი, როგორ და სად დაელაპარაკონ სააკაშვილთან დაპირისპირებულ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს.
განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომლებიც 9 აპრილის აქციებს ემხრობიან და სააკაშვილის გადასაყენებლად ყველა პოლიტიკურ ილეთს გამოიყენებენ.
სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასასვლელად ყველა რესურსს მიმართავს და ამისთვის ფულსაც არ დაზოგავს პუტინის გარემოცვაც. ფული კი, ქართულ ოპოზიციას, ახლა ჰაერივით სჭირდება. ეს საერთო შტრიხები რუსეთის პრემიერის გარემოცვისა და ქართული ოპოზიციის ნაწილს სამომავლო ურთიერთობაში რამდენად დაეხმარება, 12 მარტს, ვენაში გამოჩნდება.
სხვათაშორის, ოპოზიციასთან შეხვედრის ადგილად ვენა შემთხვევით არ შერჩეულა. ავსტრია ნატო-ს წევრი ქვეყანა არ გახლავთ. თანაც, აქ, როგორც ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყანაში, თავს ხშირად აფარებენ შევარდნაძის ხელისუფლების საქართველოდან გაქცეული წარმომადგენლები.
”ვერსიისთვის” ცნობილი გახდა, რომ სწორედ ერთ-ერთი მათგანის ინიციატივა და იდეაა ოპოზიციის წარმომადგენლების შეკრების მოწყობა ვენაში. თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, ”გაქცეული ქართველებიდან” კონფერენციაზე ბევრი გამოჩნდეს. შევარდნაძის კარზე თავის დროზე მიღებული ლევან პირველიც, ამ შეხვედრაზე ყოფნის ლუსტრირებას არ მოახდენს, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი გამოსავალია კონსპირაციული შეხვედრებისა და ოპოზიციასთან გარკვეული გარიგებების დასადებად.
სამაგიეროდ, გარიგებების აფიშირება არ აწყობს ოპოზიციას. ამის მთავარი მიზეზი კი ლევან პირველის არცთუ სახარბიელო და დისკრედიტირებული პოლიტიკური წარსულია. ოპოზიციას ურჩევნია, ვენაში საქართველოს მომავალი ბედ-იღბლით გულდათუთქულის სტატუსით ჩავიდეს და არა ლევან პირველთან ასოცირებულის იარლიყით.
ეს კარგად არის ცნობილი კრემლისთვისაც, რომელმაც ”ხუბუტიას ყრილობით” ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ”კბილი მოუსინჯა” და მის პოლიტიკურ მსოფლმხედველობასაც საბოლოოდ ჩაწვდა. ამიტომ, კრემლის ტაქტიკამ სახე იცვალა და 12 მარტს, ვენაში, ქართული ოპოზიციის გარკვეულ ნაწილსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის ფორმატში ეპატიჟებიან.
”სააკაშვილის ხელით გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენა” - ეს ის სატყუარაა, რომლითაც კრემლი რამდენიმე ქართველს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიიტყუებს. ახლა ამ სატყუარას ”დაპურების იმედიც” დაუმატეთ და... აღარ გაგიკვირდებათ, ვენაში დაგეგმილ ფორუმზე დასასწრებად თბილისიდან თუ გაემგზავრებიან.
”ვერსიას” ხელთ იმ ადამიანების სიაც ჩაუვარდა, რომლებიც 12 მარტის კონფერენციაზე ”მიპატიჟებულნი” არიან: ლევან გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა, აკაკი ასათიანი, კონსტანტინე გამსახურდია, ელიზბარ ჯაველიძე, რამაზ კლიმიაშვილი, ნუკრი ქანთარია, გოგი ქავთარაძე, სოსო ჯაჭვლიანი და კიდევ რამდენიმე საზოგადოებრივი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.
12 მარტს დაგეგმილი კონფერენციის მთავარი ”ხიბლი”, ღონისძიების კურატორი გახლავთ. ბადრი მელაძე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია. ამბობენ, რომ იგი რუსეთის სპეცსამსახურებთან ზომაზე მეტადაა დაახლოებული. მელაძე ”ფონდ პომოშჩი ნაროდოვ გრუზიის” ხელმძღვანელია. ეს სახელი და გვარი, ალბათ ბევრ რამეს ეტყვის ბათუმელებს, რადგან ბადრი მელაძე წარმოშობით ბათუმელი გახლავთ. მისი კარიერა მჭიდროდ უკავშირდება აჭარის ყოფილ ლიდერ ასლან აბაშიძეს. თავის დროზე, იგი ბათუმის ფარმაცევტული ქარხნის დირექტორი იყო, ამჯერად კი, მოსკოვის სააფთიაქო სამმართველოს უფროსის მოადგილეა უსაფრთხოების დარგში.
ამბობენ, რომ სწორედ ასლან აბაშიძის დამსახურებით, მელაძე მოსკოვის მერ იური ლუჟკოვთან დაახლოებული პირია და პუტინის კარზე საკმაოდ დიდი გავლენითაც სარგებლობს. ამბობენ იმასაც, რომ მელაძე ზომაზე მეტად ახლოსაა რუსეთის ფსბ-ს ოფიციალურ მუშაკებთან.
აქვს მყარი ურთიერთობები ფსბ-ს მაღალჩინოსან პეტრე პერევერზიევთან და ფსბ-ს ოფიციალურ წარმომადგენელთან საქართველოში ილია ციმბალაისთან.
თუმცა, მის სამეგობროში ყველაზე გავლენიანი, ფსბ-ს გენერალი ვლადიმერ პრონიჩევია. სწორედ ამ მეგობრის დაბადების დღის სუფრას თამადობდა წელს ბატონი მელაძე და ამბობენ, ყანწებით სვამდა ძლევამოსილი რუსეთის სადღეგრძელოს და მათ გამარჯვებას ულოცავდაო.
საინტერესოა ისიც, რომ ბადრი მელაძის შვილი, ირაკლი მელაძე, რომელსაც უშიშროების აკადემია აქვს დამთავრებული, ფსბ-ში მუშაობს. მისი ერთ-ერთი ძმა რუსლან მელაძე რუსეთის ერთ-ერთ მხარეში სამხედრო კომისარი გახლავთ. მეორე ძმა იოსებ მელაძე კი, თავის დროზე ლევან მამალაძის მოადგილე და მარჯვენა ხელი გახლდათ. ამიტომ, გამორიცხული არ არის, ავსტრიაში ჩასულ ქართველებთან საუბარი მამალაძემაც მოისურვოს.
საინტერესოა, რამდენად უღირს ოპოზიციას ასეთ საეჭვო ბიოგრაფიის მქონე პიროვნებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ”ვერსია” შეეცადა, მოპოვებული ინფორმაცია ჩამოთვლილ პიროვნებებთან გადაემოწმებინა. აღმოჩნდა, რომ 12 მარტის კონფერენციის შესახებ ინფორმაცია ყველას აქვს. იციან, რომ ვენაში ფორუმი ეწყობა, მაგრამ არავინ ”იცის”, ღონისძიებას ვინ აწყობს, რა თემაზე და ისიც არავის აქვს ჯერჯერობით გადაწყვეტილი, ავსტრიაში გაემგზავრება თუ არა.
ელიზბარ ჯაველიძის თქმით, კონფერენციას ”თავისუფლების ინსტიტუტი აწყობს და მიწვეულნი არიან ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, როგორ ააშენონ მომავალი საქართველოსი”.
ჯაველიძეს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღონისძიებას ბადრი მელაძე კურატორობს. ”არა მგონია, მელაძე იქ იყოს, რადგან არაფერ შუაშია”, - ამბობს ჯაველიძე და იმასაც გვიმხელს, რომ ბადრი მელაძეს კარგად იცნობს იმ პერიოდიდან, როცა ეს უკანასკნელი ”ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი და ზვიად გამსახურდიას მიმდევარი იყო.
იგი ასლან აბაშიძის პერიოდში ბათუმში მოღვაწეობდა და შემდეგ მოსკოვში წავიდა. რაც შემეხება მე, ალბათ ვერ გავემგზავრები, რადგან თავს კარგად ვერ ვგრძნობ”, - აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.
არ იცის, რა კონფერენცია ტარდება, ვინ ატარებს და რა მიზნით გოგა ხაინდრავამ. მას მხოლოდ იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, რომ ვენაში კონფერენციაა დეგეგმილი. დეტალები არ გამოუკითხავს და არც წასვლაზე უფიქრია.
თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში არიან ქართული აკადემიის წარმომადგენელი, რეჟისორი ნუკრი ქანთარია და რეჟისორი გოგი ქავთარაძე. ბატონმა ნუკრიმ განგვიცხადა, რომ აქამდე დეტალების გარკვევისთვის ვერ მოიცალა, რადგან სპექტაკლები ჰქონდა. ”ორშაბათიდან გავარკვევ დეტალებს. თუ მოვახერხებ, წავალ. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ტარდება კონფერენცია ვენაში. სხვა არაფერი ვიცი”, - აცხადებს ქანთარია და დასძენს, რომ ბადრი მელაძეს არ იცნობს და არც იცის, რამე კავშირი აქვს თუ არა ამ პიროვნებას 12 მარტს დაგეგმილ ღონისძიებასთან.
თითქმის იდენტური კომენტარი გააკეთა გოგი ქავთარაძემაც. მისი თქმით, ჯერ არ უფიქრია, წავიდეს თუ არა, რადგან კონფერენციის შესახებ სათანადო ინფორმაციას არ ფლობს.
ლევან გაჩეჩილაძე ავსტრიაში ვერ მიდის, რადგან როგორც თავად ამბობს, არ სცალია. მას ძალიან გაუკვირდა, 12 მარტის კონფერენცია ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი რომ აღმოჩნდა. ბადრი მელაძის ხსენების შემდეგ კი, ბატონი ლევანი საკმაოდ გაღიზიანდა.
- ”არ ვიცი დეტალები, რა კონფერენცია ტარდება. პირველად მესმის ბადრი მელაძის სახელი და გვარი. არ ვიცნობ ამ ადამიანს. რომც ვიცნობდე და ეს კონფერენცია მისი მოწვეულიც იყოს, ჩემს იქ წასვლაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ნუთუ მართლა სერიოზულად ფიქრობთ, რომ პუტინს ქართულ ოპოზიციასთან დაკავშირება სჭირდება და ამისთვის ვინმე ქართველის გამოყენებას აპირებს? თვენი კითხვა, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ძალიან ყვითელია, თუ შავი არა. თავი დაანებეთ სახელისუფლო პიარ-კამპანიას ოპოზიციის პრორუსულობასთან დაკავშირებით. ამის აღარავის სჯერა. ახლა იცით, რას მეუბნებით, რომ პოლიტიკოსებმა, თქვენი ვერსიების შიშით, კონფერენციებზე სიარული უნდა შეწყვიტონ. თუ ვინმეა რუსებთან შეკრული, ეს მიხეილ სააკაშვილია. შედეგებით ჩანს, რომ პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც სააკაშვილია რუსეთთან შეკრული!” - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
”ვერსია” შეეცადა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსტანტინე გამსახურდიასაც გასაუბრებოდა, მაგრამ ბატონი კონსტანტინე შვეიცარიაში ბრძანდება და საქართველოში, სავარაუდოდ, 13-14-ისთვის დაბრუნდება. ასე რომ, გამორიცხული არ არის, გამსახურდიამ 12 მარტს შვეიცარიიდან ავსტრიაში გადაინაცვლოს და კონფერენციას დაესწროს.
აცილებით მეტი ინფორმაციის მიღებას ველოდით აკაკი ასათიანისგან. ამის ორი მიზეზი გვქონდა. ჯერ ერთი, იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებსაც ვესაუბრეთ, სწორედ კაკო ასათიანმა დაურეკა და ჰკითხა, 12 მარტს ვენაში კონფერენცია ტარდება და თუ წამოხვალთო. მეორეც, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხსენებულ ბადრი მელაძესთან ჩამოთვლილი პიროვნებებიდან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობები აკაკი ასათიანს აქვს.
ბატონმა აკაკიმ ”ვერსიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ კონფერენციაში მონაწილეობას ავსტრიის ნაციონალისტური პარტია, თავისუფლების ინსტიტუტი და სხვა ორგანიზაციები მიიღებენ. დაზუსტებული ინფორმაციის მოწოდებას კი მოგვიანებით შეგვპირდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან სასაუბროდ ვეღარ მოიცალა.
ასე რომ, ჯერ გაურკვეველია, ქართული ოპოზიციის ”ბომონდიდან” ვინ ესტუმრება 12 მარტს ვენას.
ნინო ლურსმანაშვილი. ”ვერსია”
www.georgiaweekly.net/
"ჯორჯია ვიქლი", 10 მარტი 2009 წელი
აბა, ჰე!
|