გერმანიის კანცლერის, ოტო ბისმარკის ფრაზა: - "ადამიანები ყველაზე მეტს არჩევნების წინ და ნადირობის მერე ტყუიან", საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ამის გამო, ამომრჩეველი ნაკლებად მიამიტი სრულიადაც არ არის, მით უმეტეს, საქართველოში.
ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა მოახერხეს და ყველა და ყველაფერი 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების სამსახურში ჩააყენეს, მათ შორის, ისეთი აპოლიტიკური და საყოველთაო დღესასწაული, როგორიც ახალი წელია. თუმცა, 30 მაისი არჩევნების მხოლოდ სავარაუდო თარიღია და პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი, არჩევნები უფრო ადრე ჩატარდება, ანუ როგორც მერობის სახელისუფლებო კანდიდატი და ამჟამინდელი ქალაქისთავი გიგი უგულავა ამბობს: არჩევნები წარღვნასავით არის, ზუსტად არავინ იცის, როდის იქნება! არც ის არის შემთხვევითი, რომ მმართველი პარტიის მიერ ამ პოსტზე გიგი უგულავას კანდიდატურის წამოყენება ოფიციალურად პირველად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიშა მაჭავარიანმა დაადასტურა.
კულუარული ინფორმაციით, დღეს მაჭავარიანი გიორგი არველაძესთან ერთად პრეზიდენტ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია და ორივეს არჩევნების იდეოლოგიური ფრონტის გამაგრება შესთავაზეს.
იდეოლოგიური შტურმის ერთ-ერთი ქვაკუთხედი კი სანახაობაა, რომელიც მაყურებელს, ანუ ამომრჩეველს რეალობას აშორებს და ილუზიების ტყვეობაში ამყოფებს. ამ სფეროში ხელისუფლების მიღწევებით პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ამაყობს: ჩვენ ყველაზე მაგარი შოუების მოწყობა ვისწავლეთ და მალე მთელ მსოფლიოს ჯიბეში ჩავისვამთო. პომპეზური გასართობი პროგრამებისთვის, იაფფასიანი (მაგრამ ძვირად ღირებული) პოპდივებისა და საესტრადო ჯგუფების ჩამოსაყვანად ფული არავის ენანება, მით უმეტეს, რომ წლევანდელი ახალი წელი სწორედ რომ საარჩევნო შეფუთვის არის. ყველაზე უხეში ფინანსური გათვლებით, 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებზე უგულავას გამერება ქალაქის ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუჯდა, ამჟამად კი გართულებული პოლიტიკური სიტუაციის გამო, "სტავკები" ბუნებრივია, გაიზარდა.
წინასაახალწლოდ თბილისში იმდენი სხვადასხვა ფორმისა და ზომის განათება დამონტაჟდა, ასეთი ფუფუნების უფლებას თავს მხოლოდ პარიზი და ამსტერდამი თუ აძლევს... მანათობელი "ლუსტრებით" გაბდღვრიალებული განსაკუთრებით ქალაქის ცენტრი, რუსთაველის გამზირია. თბილისელების უმრავლესობა ამ "ნოუ-ჰაუს" უგემოვნოდ მიიჩნევს, მაგრამ მთავარი მედლის მეორე მხარეა: აქვს კი ქვეყანას, რომელმაც ტერიტორიების 20% დაკარგა, გაეროს მონაცემებით, რომლის მოსახლეობის 55% სიღატაკის ზღვარს ქვემოთაა, ანუ, ფაქტობრივად, შიმშილობს, ასეთი ფუფუნების უფლება? რამდენიმე წლის წინ, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი ლიდერები (თუმცა ზოგიერთი მათგანი მაშინაც ხელისუფლებაში იყო) რიტორიკულად კითხულობდნენ: "ჰგავს კი საქართველო ომში დამარცხებულ სახელმწიფოს?" ეს კითხვა დღესაც აქტუალურია: ცხოვრობს კი ქართული სახელმწიფო (ხელისუფლებაზე რომ არაფერი ვთქვათ) ომში დამარცხებული ქვეყნის ცხოვრებით?..
მოარული ხმების თანახმად, დედაქალაქის საახალწლო განათებაზე დღე-ღამეში 10 ათასი ლარი იხარჯება, მხოლოდ ანძის განათება კი ერთი თვის განმავლობაში 90 ათასი ლარი ჯდება. ამასთანავე, რუსთაველზე პომპეზური "ლუსტრების" დაკიდების შემდეგ, ქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგია ითიშება, რაც ცხადია, თბილისელთა უკმაყოფილებას იწვევს. როგორია რეალური ციფრები? რა თანხას გამოჰყოფს სახელმწიფო საახალწლო დღესასწაულის აღსანიშნავად? ამ საკითხზე კომენტარისთვის მერიის პრესსამსახურის უფროსს, თამუნა დვალს დავუკავშირდით: "დედაქალაქის სადღესასწაულო განათება დღე-ღამის განმავლობაში 2.300 ლარი ჯდება, ანძაზე კი ეკონომიკური ნათურებია დამონტაჟებული და დღეში მხოლოდ 48 ლარის ელექტროენერგიას წვავს. რაც შეეხება საზეიმო ღონისძიებებს, მეიდანზე მრავალი წარმოდგენა, საბავშვო პერფომანსები ჩატარდება, რამდენიმე ადგილი საახალწლო ბაზრობებს დაეთმობა, რუსთაველზე არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, 12 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ტრადიციული გალაკონცერტი ჩატარდება. სულ საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან, მილიონ-ნახევარი ლარია გამოყოფილი".
დედაქალაქის განათება დღე-ღამეში 2.300 ლარი ჯდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისი უკვე ნოემბრის ბოლო დღეებიდან განათებულია და ლამპიონების ნათება, სულ მცირე, 15 იანვრამდე გასტანს, მართლაც შთამბეჭდავი ციფრი გამოდის. ახლახან მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა - "6 დეკემბერს, პარლამენტის წინ მთავარი ნაძვის ხის ანთებისას ბავშვებს ისეთი გაცისკროვნებული თვალები ჰქონდათ, ეს სიხარული არანაირი თანხით არ განისაზღვრებაო. ნორმალურ და უზრუნველყოფილ ქვეყანაში ეს მართლაც ასეა, მაგრამ რა ქნას იმ ათასობით ბავშვმა, ვინც პრეზიდენტის მიერ საახალწლო ნაძვის ხის ანთებაზე ვერ მივიდა იმის გამო, რომ ამ დროს ლუკმაპურის ძიებით იყო დაკავებული? რა ქნან ჩვენში ესოდენ მომრავლებულმა უსახლკარო "ქვიშის კარიერის გენერლებმა"? რატომ მათთვის ვერ მოახერხა ქალაქის მერიამ დღემდე უფასო სასადილოსა თუ მუნიციპალური საავადმყოფოს აშენება?
წელს, თბილისობის დღესასწაულზე პრეზიდენტი დედაქალაქს განერიდა და ეს დღესასწაული გიგი უგულავას ბენეფისად იქცა. სავარაუდოდ, წლევანდელი ახალი წელიც ამ აღტყინებით წარიმართება - მთავარი თოვლის ბაბუაც გიგი უგულავა იქნება. წლევანდელი ნაძვის ხეც, პოლიტიკოსების წინასაარჩევნო სურვილებით აბდღვრიალდა. წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუასავით გიგი უგულავა ყველგან არის: ხან ტკბილეულს ურიგებს მოხუცებს, ხან - არქეოლოგის ფუნჯით ხელში, დაღლილი სახით თბილისის პრობლემებზე საუბრობს, თბილისელებს რძისა და შოკოლადის მდინარეებს ჰპირდება, ანუ უკვე გამოცხადებულია კონკურსი თემაზე: ვინ გახდება ქალაქის მთავარი მეზღაპრე?
ნინო კვიტაშვილი
”ყველა სიახლე”ოპონენტებს ვთხოვ, ასფალტისა და 24-საათიანი დენის ”არგუმენტები” არ მოიშველონ, თორემ გავბრაზდები და უარესებს ვიტყვი!
© პროვოკატორი [ჟურნალი ”გზა”]