რადგან ბატონმა მოდერატორმა ჩემი წინა
თემა დახურა, და ჩემს შეტყობინებაზე, სადაც ავუხსენი, რომ თემა საღადაო კი არა, სერიოზული იყო, მომთხოვა "სადმე სხვაგან მეღლიცინა", თავი ვალდებულად ჩავთვალე ეს თემა გამეხსნა, იმიტომ რომ ვერ დავარწმუნე რომ არც ვღადაობდი, და თან ეს
არც ჩემი მოგონილი იდეაა. ასე რომ, ბატონო დათიკო, სანამ ამ თემასაც დახურავთ, ჯერ თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ და დაფიქრდით, მართლა არის ეს საკითხი საღადაო და საღლიცინო?
საუბარი ეხება 1987 წელს გამოცემულ რომანს სახელწოდებით "სურათი", დანიილ გრანინის ავტორობით, მთავარი მოქმედი პირი ტიპიური საბჭოთა ათეისტი, ქალაქის თავი გვარად ლოსევი. მისი ცხოვრებისეული დილემები ამ თემისთვის საინტერესო არ არის. საინტერესოა ერთი ეპიზოდი, სადა იგი მეორე მოქმედ პირთან ერთად სეირნობისას მოხვდება ეკლესიასთან, და თანამეგზურს ეკლესიაში შეჰყვება.
და აი მონაკვეთები (იმ შემთხვევისთვის, თუ მთლიანად წაკითხვა დაგეზარებათ, მნიშვნელოვანი მონაკვეთები შავად იქნება,
თუმცა გირჩევთ, თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ. ):
"ტანიამ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოიოხრა.
- რა კარგია. არა მწამს, და კარგი კია. იდუმალებაა. თანაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი...
წირვა დამთავრდა. ტანია არ მოდიოდა, აჩერებდა ლოსევს, უყურებდა, როგორ ცარიელდებოდა ტაძარი, ვიღაც შავოსანი დადიოდა, სანთლებს აქრობდა. რჩებოდა წითელი გაუგებარი შუქი.
- აკი მეც ვლოცულობდი მათთან ერთად. ოღონდ ვის ვევედრებოდი - არ ვიცი. თქვენ?
- მე? - ლოსევმა ჩაიცინა. - არა, მე არა მწამს. - მტკიცედ თქვა მან. - არც ამათი მჯერა, რომ სწამთ.
- რატომ?
სწორედ ამათ აქვთ წმინდა და უანგარო რწმენა. მათ ვებრალებით. უბედურ ადამიანებად მივაჩნივართ. იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიწამოთ აი ასე, უანგაროდ. ჩვენ უსათუთოდ რამე უნდა მივიღოთ სანაცვლოდ. თუ ირბენთ - ინფარქტს გადაურჩებით. თუ ფრიადოსანი იქნებით - ინსტიტუტში შეხვალთ. შენ მე გამიკეთებ საქმეს, მე კიდევ - შენ. ისე, უარაფროდ არაფერი არაა.
იქვე, სიბნელეში ვიღაცამ ჩაიხითხითა.
- ჰა, გგონიათ, ჩვენთან სხვაგვარადაა? - მხიარული ხმით იკითხა ვიღაცამ. - ეხ, ინტელიგენტებო! მოდაა ეკლესიაში სიარული! მწამს თუ არ მწამს, ოპოზიციაცაა დ არც საშიშია. საამოა აქ ნუგეშის პოვნა."
აქედან მოკლედ გეტყვით შინაარსს შემდეგ და უმნიშვნელოვანეს მომენტამდე.
ეს "ვიღაცა" აღმოჩნდა ერთერთი მღვდელი ამ ეკლესიაში, რომელიც დასჯილი იყო ერეტიკოსობისთვის და მწვალებლური იდეებისთვის. ტანია დაინტერესდება, რა იყო მისი მწვალებლური იდეები, საბოლოოდ მღვდელი დათანხმდება გაუზიაროს მოსაზრებები და თავის ოთხაში მიიწვევს, სადაც იმართება შემდეგი დიალოგი:
"- ტყუილად იმედოვნებთ, მე რჯულგანდგომილი არ გახლავართ. მე რწმენის განმტკიცების მომხრე ვარ. აი შედეგი ჩემი დაეჭვებებისა...
იმ დასკვნამდე მივედი, რომ აუცილებელია დანიშნულება გადავუნაცვლოთ ჯოჯოხეთსა და სამოთხეს. - იგი გაჩუმდა, ლუდიანი ჭიქა აიღო და ისე ფრთხილად მოსვა, თითქოს ქაფქაფა ჩაის სვამსო.
- როგორ თუ გადავუნაცვლოთ... რისთვის? - ჰკითხა ტანიამ, გაოგნებული ადევნებდა თვალს.
-
ნამდვილი უანგარობის მისაღწევად თქვენ ტაძარში თქვით, ალალი ლოცვა აქვთო. იხ, ნეტა შიგ ჩაგახედათ. მარტოოდენ შიში და გარიგებაა.
დაე განსაწმენდად იყოს, დაე მორალური იყოს, მაგრამ უზენაესი აზრით თუ განვსჯით, ეს ხომ იგივ ვაჭრობაა. მოდიან, რათა გაურიგდნენ. აჰა, შენ, ღმერთო. მომეც მე. მე შენ რწმენას, ხოტბას მოგიძღვნი, შენ მე მოტევება და სამარადისო ნეტარება მომაგე. გარიგება, რომ სამაგიერო მიაგოს ცათა შინა. ამქვეყნად შენს ყველა წესს დავიცავ და შევინახავ - მაშასადამე სამოთხეში მოვხვდები. დავიწყებ თქვლეფასა, ჩაჯიბვა-ჩაჩხრიალებას, მრუშობას - მაშინ ჯოჯოხეთის ცეცხლი და სატანჯველი მელის. მაშასადამე, ყველაფერი შიშზე ყოფილა დაფუძნებული... მათრახი და თაფლაკვერი? არა ვარ თანახმა. დამამცირებელია! - წელში გასწორდა, აიზიდა, ხელი აღმართა, გამაღლდა, მისი მჟღერი ხმა წამღერებით დაირხა. - პირიქით, ღვთაებრივად და სამართლიანად ის მიმაჩნია, მართალნი იგზავნებოდნენ ჯოჯოხეთში!
სატანჯველი უნდა აღუთქვა. არა ცეცხლითა და ქათქათა კუპრით - არამედ სატანჯველნი უსამართლობისა! სიკეთისათვის - ბრანწი! ესე იგი არა მოგეგების. შენ სიკეთეს იქმ, სამაგიეროდ კი... - და ლოსევს თვალწინ ბრანწი დაუტრიალა, აწ და მარადის არა მოგეგების! ჰა! რაო, არ გიამა? - დაკრიჭა განსაცვიფრებლად თეთრი კბილები, გეგონებოდათ, ხელოვნურიაო, და ახარხარდა, ზეიმობდა, ტკბებოდა მომხდარი შთაბეჭდილებით.
- ეგ ხომ უადამიანობაა!
ილია სამსონოვიჩი ტანიას წინ ჩაცუცქდა, თვალებში ჩახედა.
- კი მაგრამ, ათეისტი არა ხართ? და მაინც არ გესიამოვნათ, ხომ? მორწმუნეთათვის კი მთლად...
- რისთვის გჭირდებათ ეგ, რა აზრი აქვს? - მოუთმენლად შეაწყვეტინა ტანიამ.
- იმისთვის, რომ გამოვლინდეს. ნუთუ ვერ მიხვდით?
ადამიანი უნდა გამოვლინდეს ამ ორფეხა მტაცებელში, დედამიწას რომ მიაძღა. დროა შევიტყოთ, რანი ვართ. - ილია სამსონოვიჩი წამოხტა, მივარდა ლოსევს, ხელზე დასტაცა ხელი ექსტაზში შესულმა. -
რანი ვართ? ჩარჩები ვართ, თუ არის ჩვენში რაღაც, ღვთაებრივი? იქნებ მხოლოდ ანგარიშია, მაშ მანქანები ვყოფილვართ. მხოლოდ გონებას ვემორჩილებით... როგორ შევიტყოთ ეს? ავდგეთ და მოვაშოროთ ყოველგვარი ხეირი და გამორჩენა. ნუ დავუტოვებთ ნურავითარ იმედს. იმათაც, ვინც ამქვეყნად სცოდავს და ხარბობს, ნურც მათ ექნებათ იმედი მონანიებისა, რადგან ისინი იქაც სამუდამო სამოთხესა და ბარაქაში იქნებიან. აღარა იქნება განსაწმენდელი სატანჯველი. არავის აღარა მიეგება რა. აღარ იქნება არავითარი საზღაური. არავითარი პრემია. წმინდანი ნეტარებას ვერ ეღირსება, ცოდვილი მონანიებას ვერ მიიღებს. ჩემს უფროსებსაც ბარემაც ძალიან არ მოეწონათ.
ტანიას თვალები გაუფართოვდა, მუქი ალმური მოედო სახეზე:
- იმიტომ, რომ უსამართლობაა! თქვენ გინდათ ღმერთი მთლად უსამართლო გახადოთ.
- ჰო-ო! ეგ მაშინვე გამომიცხადეს. ნამდვილი ცხოვრებაც თავზე ხელს არ უსვამს სათნო და უმწიკვლო ადამიანებს. ეს რაღაა - სამართლიანია? არა, აქ სამართლიანობით ვერაფერს გაარკვევ.
მოდით შევამოწმოთ, წავართვათ ყველა ნუგეში და შიში სამაგიეროს მიზღვისა, და ვნახოთ, რა დაემართება ადამიანს? აი, მაშინ დააღებთ პირს. ბარემაც აწრიალდებით. მაგრამ სად წახვალთ!
საითაც არ უნდა მიაწყდეთ - სიკეთე დაგმობილი და განკიცხულია. და თავშესაფარი არა აქვს. ვინ გაბედავს სამართლიანი იყოს? - აღტაცებულმა ხელები ამართა და შეარხია. - ვინ გაბედავს სიკეთის ქმნას?"
აქ გამოვტოვებ ეპიზოდს სადაც სიტუაციის გარეგნული აღწერა მიდის და ვაგრძელებ ისევ მათ დიალოგს.
"- მაგრმ განა არ გაშინებთ, რომ ეგეთი იდეით ადამიანები გაუარესდებიან? - ჰკითხა ტანიამ.
- ახლანდელ ურწმუნოებზე უარესი რაღა იქნება. ნახეთ ერთი, რა ხდება. მაგას სჯობს იკითხოთ -
რწმენას რაღა ეშველება? აი რა არის საკითხავი! მართალთაგან რაღა დარჩება? ყველა ძველ წმინდანს გადახედვა მოუწევს. მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც მარტოოდენ თავისი მარადიული ნეტარება ადრდებდა. უარს ამბობდნენ ყველაფერზე, ოღონდ კი იქ ყველაფერი საუკეთესო ჰქონოდათ. ყველაზე საუკეთესო ადამიანებიც კი ნამალევად თავიანთთვის სამოთხის მოპოვებისათვის ირჯებოდნენ. ორს წერენ, ერთს ინახავენ. მაგრამ მათში როდია საქმე.
მთავარია - შევიტყოთ. გვაქვს თუ არა სული? ჰოდა მე მინდა ადამიანიდან გამოვდევნო, გამოვაძევო გამორჩენა და ვნახო, რაღა ნაშთი იქნება. თუ აღარაფერი დაგვრჩა - მაშინ დავრუპულვართ და ეგ არის. მაშინ ყოველგვარი სასოება და სათნოება გათავდება. აღარავითარი ზღაპრები. ძალა, ეშმაკობა და გამორჩენა! გათავდება წმინდა სიცრუე, და ვიხილავთ ადამიანს მისი დაუფარავი, შიშველი ანგარებით! და შევძრწუნდებით!"აი, ესა მონაკვეთი, საიდანაც წამოვიდა ის პოლი, რომელიც დათიკომ დამიხურა, და უწოდა მარაზმი.
რაც შეეხება ამ ნათქვამს: "არ მესმის რატომ გგონია რომ რელიგია-ფლიოსოფიის განყოფილება იმისთვის არსებობს რომ რელიგიურ ფასეულობებზე იღადაო?!"
პრობლემაც მაგაშია, რომ გარკვეული არაა თუ რა არის რელიგიური ფასეულობა. არც ისე ძნელი მისახვედრი იყო რომ სწორედ ეგ იყო თემის აზრი: "რა არის რელიგიური ფასეულობა?"
ახლა გინდა დამვორნე, გინდა შემაჩვენე და ანათემას გადაეცი ჩემი თავი.
"Mystery is important. To know everything, to know the whole truth is dull. There is no magic in that. Magic is not knowing, magic is wondering about what and how and where..." - - The Longest Journey